იტვირთება

Facecbook მომხმარებელი დავით ნანობაშვილი სოციალურ ქსელში მანიპულაციურ ინფორმაციას ავრცელებს, თითქოს აცრილი ადამიანები უფრო მეტად არიან ვირუსის გამავრცელებელნი, ვიდრე აუცრელები, რადგან აცრილებში სიმპტომები უფრო გვიან ვლინდება და ინფიცირების შემთხვევაში ისინი ვირუსს უფრო მეტ ხალხს გადასდებენ. მისი მტკიცებით, აცრის მთავარი დანიშნულება საკუთარი თავის გადარჩენაა და არა სხვისი დაცვა.

არსებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ამჟამად დამტკიცებული და ავტორიზებული COVID-19-ის ვაქცინები ყველა შტამის წინააღმდეგ ძალზედ ეფექტურია ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის წინააღმდეგ. ამასთან, სრულად ვაქცინირებულ პირებს დაინფიცირების ნაკლები რისკი აქვთ, ვიდრე აუცრელებს. ინფიცირებულ ვაქცინირებულ პირს ინფექციის გადაცემა სხვებზე შეუძლია, თუმცა მტკიცება, რომ ვაქცინირებული პირები უფრო მეტად არიან ვირუსის გამავრცელებელნი, ვიდრე არავაქცინირებულები - სიმართლეს არ შეესაბამება.

CDC-ის მონაცემებით, ვაქცინირებული ადამიანები დელტა ვარიანტით მაინც დაინფიცირდნენ და ჰქონდათ ვირუსის სხვებზე გავრცელების პოტენციალი, თუმცა გაცილებით დაბალი სიხშირით, ვიდრე არავაქცინირებულ ადამიანებს. დელტა ვარიანტის გაჩენამდე სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულმა მრავალი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით იყვნენ აცრილები და შემდგომ დაინფიცირდნენ, არავაქცინირებულებთან შედარებით უფრო ნაკლები ვირუსული დატვირთვა ჰქონდათ, ანუ ნაკლებად გადამდებები იყვნენ. რაც შეეხება დელტა ვარიანტს, ადრეული მონაცემების თანახმად, როგორც ვაქცინირებულ, ისე არავაქცინირებულ ადამიანებს დელტა ვარიანტით დაინფიცირების შემთხვევაში ვირუსული რნმ-ის და კულტივირებად ვირუსის რაოდენობის მსგავსი დონე აქვთ. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ დელტა ვარიანტით ინფიცირებული, ვაქცინირებული ადამიანებიც კი შესაძლოა ისევე გადამდებები აღმოჩნდნენ, როგორც არავაქცინირებულები. თუმცა ვაქცინირებულები ნაკლები დროით არიან გადამდებები, რადგან კვლევებმა სრულად ვაქცინირებულ ადამიანებში ვირუსული რნმ-ის რაოდენობის და კულტივირებაი ვირუსის დონის სწრაფი კლება აჩვენა. არაერთი კვლევით, დელტა ვარიანტით ინფიცირებული სრულად ვაქცინირებული ადამიანები ნაკლებად გადამდებები აღმოჩნდნენ იმ ადამიანებთან შედარებით, რომელნიც საერთოდ არ იყვნენ, ან ერთი დოზით იყვნენ აცრილები.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული უახლესი კვლევა აჩვენებს, რომ COVID-19-ის ვაქცინებს შეუძლიათ ვირუსის გადაცემა შეამცირონ, მათ შორის - დელტა ვარიანტის შემთხვევაშიც. სრულად ვაქცინირებული პირები ნაკლებად გადამდები აღმოჩნდნენ, ვიდრე არავაქცინირებულები ან ერთი დოზით აცრილი პირები.

ექიმი არჩილ მარშანია „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში განმარტავს: „ვაქცინაციას აქვს რამდენიმე ეფექტი - ჰოსპიტალიზაციისგან დაცვა, სიკვდილისგან დაცვა, ინფიცირებისგან დაცვა. სხვადასხვა კვლევებით დადასტურებულია, რომ ორჯერადი ვაქცინაციის შემდეგ ინფიცირებისგან დაცვა დაახლოებით 40%-ია, ხოლო მძიმე გართულებებისგან დაცვა - დაახლოებით 90%. თუ კი აცრილს დაემართება ვირუსი, ის უფრო ნაკლები დროის განმავლობაში ავადობს, ვიდრე აუცრელი, ანუ ნაკლები ხანგრძლივობით ავრცელებს ამ ვირუსს. საერთო ჯამში, აცრილს კი შეიძლება შეხვდეს ეს ვირუსი და გაავრცელოს, მაგრამ აუცრელთან შედარებით ნაკლებად ავადობს და ნაკლებად ავრცელებს ის ვირუსს“.

იმუნიზაციის მთავარი დანიშნულება დაავადების გართულებისგან და სიკვდილისგან თავის დაცვაა. მიუხედავად იმისა, რომ დელტა ვარიანტის წინააღმდეგ კოვიდვაქცინების ეფექტურობა შემცირებულია, ის გარკვეულწილად ამცირებს ინფიცირებისა და დაავადების გავრცელების რისკებსაც. შესაბამისად, ვაქცინირებული ადამიანები არამხოლოდ საკუთარ თავს, არამედ გარშემომყოფებსაც იცავენ.

იმისთვის, რომ დაავადების გავრცელება შემცირდეს, ვაქცინაციასთან ერთად მნიშვნელოვანია სხვა ზომების დაცვაც, როგორიცაა პირბადის ტარება და სოციალური დისტანცია, რადგან ვაქცინა სრულად ვერ უზრუნველყოფს ინფიცირებისგან თავის დაცვას, ასევე მისი გავრცელების შეჩერებას. დავით ნანობაშვილი განცხადებისას ყურადღებას პირბადის ტარების აუცილებლობაზე ამახვილებს, რაც სწორი მოწოდებაა. თუმცა, მისი მტკიცება, რომ აცრილები ვირუსის მეტად გამავრცელებლები არიან, მცდარია.

------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3468 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
19%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი