იტვირთება

მამუკა წოწერია: ენმ-ის აქტივისტი გიორგი მუმლაძე ზუგდიდს სეპარატისტულ განწყობებში ადანაშაულებს

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მამუკა წოწერიას განცხადება არის მანიპულირება.

რეზიუმე: მედიით გავრცელებული ვიდეოდან ირკვევა, გარკვეული პირებმა აქტივისტ მუმლაძის ზუგდიდში ყოფნა გააპროტესტეს, რასაც მისი გაღიზიანება და საპასუხო პროტესტი მოჰყვა.

სრული კონტექსტის გაუთვალისწინებლად, დაპირისპირების რეალური მიზეზზე მითითების გარეშე, ზუგდიდის მერობის კანდიდატის, მამუკა წოწერიას მხრიდან განცხადება, რომ აქტივისტი გიორგი მუმლაძე ზუგდიდს სეპარატისტულ განწყობებში ადანაშაულებს, მანიპულირებაა.

ანალიზი

ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბანთან მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრებსა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა.

მოძრაობის ლიდერის, გიორგი მუმლაძის თქმით, მათი ორგანიზაციის წევრმა, დამკვირვებლის სტატუსით მყოფმა პირმა, ბექა პაპაშვილმა დაინახა, რომ საარჩევნო უბნის მიმდებარედ, სავარაუდოდ, ამომრჩევლის მოსყიდვას ჰქონდა ადგილი, ხოლო როცა პაპაშვილმა სიტუაციაში გარკვევა სცადა, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ადგილზე იმყოფებოდა მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“, მამუკა წოწერიაც, რომლის თქმითაც, ენმ-ს აქტივისტი გიორგი მუმლაძე ზუგდიდს სეპარატისტულ განწყობებში ადანაშაულებს და სწორედ მუმლაძის ამ განცხადებას მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება.

სინამდვილეში, როგორც „მთავარი“ არხის მიერ გავრცელებული ვიდეოდან ირკვევა, მუმლაძის გაღიზიანება გარკვეული პირების მხრიდან მის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს მოჰყვა, რომლებმაც, სავარაუდოდ, მუმლაძის ზუგდიდში ყოფნა გააპროტესტეს.

„არ დამიძახეს ზუგდიდში რა გინდაო? რატომ დამიძახეს? რას ნიშნავს ზუგდიდში რა გინდაო?... მე საქართველოს მოქალაქე ვარ და არ უნდა მითხრა, ზუგდიდში რა გინდაო“ - აცხადებს მუმლაძე მამუკა წოწერიასა და მის მხარდამჭერებთან კამათისას, რაზეც წოწერია პასუხობს - „სეპარატიზმი რას ნიშნავს?“.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სრული კონტექსტის გაუთვალისწინებლად, დაპირისპირების რეალურ მიზეზზე მითითების გარეშე, მერობის კანდიდატის მხრიდან განცხადება, რომ აქტივისტი გიორგი მუმლაძე ზუგდიდს სეპარატისტულ განწყობებში ადანაშაულებს, მანიპულირებაა.

როგორც ამ დროისთვისაა ცნობილი, დაპირისპირების შემდეგ „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი მუმლაძე დააკავეს. ასევე, დაკავებულები არიან ბექა პაპაშვილი და ის პირი, ვინც მას ფიზიკურად დაუპირისპირდა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3571 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
20%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი