იტვირთება

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: [ამ ხელისუფლების პირობებში], ფასები არის საშუალოდ 50%-ით გაზრდილი, რაც ირიბი გადასახადია

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრი“ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადება ვერდიქტის გარეშე ტოვებს.

რეზიუმე:

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2012 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის სექტემბრამდე, ინფლაციამ 47.2% შეადგინა, რაც პოლიტიკოსის მიერ დასახელებულ 50%-იან ზრდასთან მეტ-ნაკლებად თანხვედრაშია. 2021 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ჯამურმა ინფლაციამ 49.1% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ზოგადად ინფლაცია, ანუ ფასების დონის მატება ბუნებრივი პროცესია და ხშირ შემთხვევაში, ეკონომიკურ ზრდის თანმდევი მოვლენაა. ამავდროულად, წლების განმავლობაში მომატებული ფასების ჯამური მაჩვენებლის დასახელება, შესაძლოა, ერთგვარად დრამატულ შთაბეჭდილებას ქმნიდეს. შესაბამისად, სრული სურათის დასანახად, წლიური დინამიკის განხილვაა საჭირო.

საქართველოში ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი მოქმედებს, რომელიც მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა. 2014 წლამდე, მიზნობრივი ინფლაცია 6%-ის ნიშნულზე იყო, ეტაპობრივად შემცირების შემდგომ კი - 2018 წლიდან, 3%-ის ნიშნულზეა. 2012-2021 წლებში, წლიური ინფლაცია, მიზნობრივს 2017, 2019 და 2021 წლებში აჭარბებს, დანარჩენ პერიოდში კი არსებითად ჩამოუვარდებოდა და 1.5%-2.4%-ის ფარგლებში იყო [1]. 2017 წელს ინფლაციის გამომწვევი მიზეზების დიდი ნაწილი ერთჯერადი იყო. მაგალითად, აქციზის გაზრდა თამბაქოზე, ნავთობპროდუქტებზე და ა.შ. რამაც ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივიდან გადახარა.

სინამდვილეში, 2013-2020 წლებში ფასების დონის ზრდას იმ ნიშნულისათვის არ მიუღწევია, რომ მისი პრობლემად იდენტიფიცირება იყოს შესაძლებელი. აღნიშნული შეფასება რეალობას აცდენილია. გამონაკლისი 2019 წელია, როდესაც გაცვლითი კურსის ეფექტისა და თამბაქოზე ფასების ზრდის ფონზე ინფლაციამ საყურადღებო ნიშნულს პირველად მიაღწია. შეუძლებელია იმის მტკიცება 2020 წელს რა ტენდენცია შენარჩუნდებოდა, რომ არა პანდემიური კრიზისი, მაგრამ საქსტატის მონაცემებით, ფასების დონის ზრდა 2020 წელსაც მაღალი არ ყოფილა.

რეალურად, ფასების დონის ზრდამ როგორც პრობლემამ, 2021 წელს იჩინა თავი და მისი მთლიან პერიოდზე განზოგადება არასწორია. 2013-2021 წლებში, ყოველწლიურად მიზნობრივი ინფლაციის შენარჩუნების შემთხვევაში, ფასების დონე დაახლოებით 45%-ით გაიზრდებოდა, რაც ფაქტობრივად დაფიქსირებულ ინფლაციას მცირედით ჩამოუვარდება. 2021 წლის გამოკლებით, 2013-2020 წლებში წლიურად ფასები საშუალოდ 3.6%-ით იზრდებოდა, 2021 წლის ჩათვლით კი 4.5%-ით.

დღეისთვის შექმნილი რთული მდგომარეობის გათვალისწინებით, განცხადების რეალური კონტექსტი სწორია, თუმცა ანალიზისთვის გამოყენებული რიცხვები მანიპულაციურადაა გაანგარიშებული. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ მეთოდოლოგიით, მოცემული განცხადების ვერდიქტით შეფასება შეუძლებელია.

ანალიზი:

2021 წლის 20 ოქტომბერს გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დასახელებულმა ვიცე-მერობის კანდიდატმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა: (28წთ) „[ამ ხელისუფლების პირობებში], ფასები არის საშუალოდ 50%-ით გაზრდილი, რაც ირიბი გადასახადია, ჯიბიდან გვაცლიან ფულს, ვითომ არაფერი არ ხდება“.

დროთა განმავლობაში, ინფლაციის შედეგად ფულის მსყიდველუნარიანობა მცირდება და მოცემულ ეტაპზე ერთი ლარით უფრო ნაკლები საქონლისა და მომსახურების შეძენაა შესაძლებელი, ვიდრე ადრე იყო. სამომხმარებლო ინფლაცია „სამომხმარებლო ფასების ინდექსით“ იზომება, რომელიც 12 მსხვილი ჯგუფის ფასებს მოიცავს, ესენია: 1) სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, 2) ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო, 3) ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, 4) საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები 5) ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება 6) ჯანმრთელობის დაცვა, 7) ტრანსპორტი, 8) კავშირგაბმულობა, 9) დასვენება, გართობა და კულტურა, 10) განათლება, 11) სასტუმროები, კაფეები და რესტორნები, 12) სხვადასხვა საქონელი და მომსახურება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2012 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის სექტემბრამდე, ინფლაციამ 47.2% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ზოგადად ინფლაცია, ანუ ფასების დონის მატება ბუნებრივი პროცესია და ხშირ შემთხვევაში, ეკონომიკურ ზრდის თანმდევი მოვლენაა. მნიშვნელოვანია, რომ ინფლაციის ზრდას ეკონომიკური და სხვადასხვა შემოსავლის ზრდა აღემატებოდეს, რასაც საბოლოო ჯამში, რეალურ ზრდამდე მივყავართ. 2009 წლიდან საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის რეჟიმი ინფლაციის თარგეთირებაა. აღნიშნული რეჟიმის დროს ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი წინასწარ განისაზღვრება, რომელიც საშუალოვადიან პერიოდში შენარჩუნებული უნდა იქნას. ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს ეროვნული ბანკი განსაზღვრავს და პარლამენტის მიერ მტკიცდება. შესაბამისად, ინფლაციური პროცესების შესაფასებლად მნიშვნელოვანია ის, თუ ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში რამდენად იყო. წლების განმავლობაში მომატებული ფასების ჯამური მონაცემის დასახელება, შესაძლოა, ერთგვარად დრამატულ შთაბეჭდილებას ტოვებდეს, თუმცა საბოლოო სურათის დასანახად წლიური დინამიკის განხილვაა საჭირო.

ცხრილი 1: წლიური და მიზნობრივი ინფლაცია საქართველოში, 2013-2021(სექ) წლებში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2012-2021 წლებში, წლიური ინფლაცია, მიზნობრივს 2017, 2019 და 2021 წლების შემთხვევაში აჭარბებდა. აღნიშნულ პერიოდებშიც, ხშირად, ინფლაციის გამომწვევი მიზეზების ნაწილი ერთჯერადი იყო, მაგალითად აქციზის გაზრდა თამბაქოზე, ნავთობპროდუქტებზე და ა.შ, ხოლო აქციზის ზრდის მიზანშეწონილობაზე მსჯელობა გარკვეულწილად პოლიტიკურ საკითხს წარმოადგენს. მაგალითისთვის, 2017 წელს ნავთობპროდუქტებზე აქციზის ზრდა, ე.წ მოგების გადასახადის ესტონური რეფორმის შემოღების შედეგად გამოწვეული საბიუჯეტო შემოსავლების დასაბალანსებლად იქნა მიღებული, ხოლო თამბაქოს პროდუქტებზე ფასების ზრდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა. 2021 წელი პრაქტიკულად ერთადერთი გამონაკლისია, როდესაც ინფლაცია რეალურად წარმოადგენს გამოწვევას, 2020 წლის ჩათვლით, ფასების დონის ზრდის პრობლემატურ საკითხად შეფასება - მანიპულაციურია.

2013-2021 წლებში, ყოველ წელს მიზნობრივი ინფლაციის შენარჩუნების შემთხვევაში, აღნიშნულ პერიოდში ფასების დონე დაახლოებით 45%-ით გაიზრდებოდა, რაც ფაქტობრივად დაფიქსირებულ ინფლაციას შედარებით მცირედ ჩამოუვარდება.

დღევანდელი რთული მდგომარეობის გათვალისწინებით, განცხადების რეალური კონტექსტი სწორია, თუმცა ანალიზისთვის გამოყენებული რიცხვები მანიპულაციურადაა გაანგარიშებული. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ მეთოდოლოგიით, მოცემული განცხადების ვერდიქტით შეფასება შეუძლებელია.

რედაქტორის შენიშვნა:

3 ნოემბერს ინფლაციის ახალი მაჩვენებლები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვით წლიური ინფლაცია არის 12.8%, თუმცა განცხადება სექტემბრის მონაცემით გადამოწმდა, რომელიც განცხადების გაკეთების და ანალიზის შესრულების დროს იყო ცნობილი.

[1] გარდა 2015 წლისა, როცა მიზნობრივი ინლაცია 5%-ს, ფაქტიური კი 4.9%-ს შეადგენდა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4167 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
25%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
მეტწილად მცდარი
6%

ყველაზე კითხვადი