ნათია თურნავა: ეკონომიკური ზრდის პოზიტიური დინამიკა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება და ამ მაჩვენებლით ქვეყანა როგორც რეგიონის, ასევე ევროპის ქვეყნებს შორის ლიდერი იქნება

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ნათია თურნავას განცხადება არის ნახევრად სიმართლე

რეზიუმე:

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.9% შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 11.3%-ია. თუმცა, 2021 წლის ზრდის მაღალი მაჩვენებელი, დიდწილად საბაზო ეფექტით არის განპირობებული, რასაც ქართულ პოლიტიკურ თუ საექსპერტო წრეებში, ზამბარის ეფექტად მოიხსენიებენ. შესაბამისად, მომავალი საპროგნოზო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, მნიშვნელოვანია შინაარსობრივადაც მაღალ ზრდას წარმოადგენდეს და არ იყოს 2021 წლის მსგავსად ტექნიკური/მათემატიკური მიზეზებით გამოწვეული.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზებით, 2021-2026 წლებში, საშუალო ეკონომიკური ზრდის 5.8%-იანი პროგნოზით, საქართველო როგორც რეგიონში, ასევე ზოგადად, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის აღდგენის პროგნოზით - პირველ ადგილს იკავებს, რაც ბუნებრივია გარკვეულწილად, დამაიმედებელ დინამიკაზე მიუთითებს. კერძოდ კი, საქართველოს აქვს უკეთესი პროგნოზები როგორც შედარებით მსგავსი, ასევე შედარებით მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან მიმართებით, რაც გარკვეულწილად, საბაზო ეფექტით გამოწვეულ უპირატესობას გამორიცხავს. მაგრამ მეორე მხრივ, პანდემიურ და პოსტპანდემიურ ვითარებაში, გაურკვევლობის ხარისხი მაღალია და პროგნოზები ძალიან მოკლე დროში არსებითად იცვლება. ხშირად ფაქტობრივი მონაცემები პროგნოზებს არ ემთხვევა. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, სსფ-ს შეფასებით საქართველოს შემთხვევაში კეთილსაიმედო საპროგნოზო ვითარება იკვეთება, პროგნოზებზე დაყრდნობით წარმატებაზე ან წარუმატებლობაზე გადაჭრით მსჯელობა ნაადრევია. ასევე, მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ საშუალოდ 5.8%-იანი ზრდა, საქართველოს მსგავსი განვითარებადი ქვეყნისთვის მცირეა და აღნიშნული ტემპით სიღარიბის შემცირების და სწრაფი განვითარების მიზნების მიღწევა გართულდება.

ანალიზი:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, 2021 წლის ეკონომიკური ზრდის დინამიკასთან დაკავშირებით განაცხადა: „ეკონომიკური ზრდის პოზიტიური დინამიკა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება და ამ მაჩვენებლით ქვეყანა როგორც რეგიონის, ასევე ევროპის ქვეყნებს შორის ლიდერი იქნება“.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.9% შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 11.3%-ია. თუმცა, 2021 წლის ზრდის მაჩვენებელი, ნაწილობრივ, საბაზო ეფექტით არის გამოწვეული, რადგან 2020 წლის მარტი-ივნისის განმავლობაში, ძალაში იყო პანდემიასთან დაკავშირებული უპრეცედენტოდ მკაცრი შემზღუდავი ზომები, რამაც, პრაქტიკულად ეკონომიკის დარგების დიდი ნაწილის პარალიზება გამოიწვია. 2020 წელს, რეალური ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა, რამაც 2021 წელს, შეზღუდვების შემსუბუქების და შენელებული ერთობლივი მოთხოვნის აღდგენის ფონზე, ნაწილობრივ, ზრდის უფრო მაღალი მაჩვენებლის დაფიქსირება გამოიწვია. მიმდინარე წელს დაფიქსირებულ მსგავს ეფექტს, ქართულ პოლიტიკურ თუ საექსპერტო წრეებში, ზამბარის ეფექტად მოიხსენიებენ. შესაბამისად, მომავალი საპროგნოზო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, განხორციელების შემთხვევაში უფრო „სასურველი“ ხასიათის მატარებელი უნდა იყოს და არა ნაწილობრივ ტექნიკური მიზეზებით გამოწვეული.

მომავალი ზრდის დინამიკაზე საუბრისას, სავარაუდოა, რომ ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზებს ეყრდნობა. საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ; International Monetary Fund) გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელსაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზებული დაწესებულების სტატუსი აქვს მინიჭებული. სსფ მიზნად ისახავს გლობალური ფინანსური სისტემის უზრუნველყოფას უცხოური გადაცვლის კურსების და საგადამხდელო ბალანსის მონიტორინგის მეშვეობით. ის ასევე განვითარებად ქვეყნებს საჭიროებისამებრ ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას სთავაზობს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსოფლიო ეკონომიკური პერსპექტივის (WEO) მონაცემთა ბაზა წელიწადში ორჯერ - გაზაფხულზე და შემოდგომაზე, ქვეყნდება. 12 ოქტომბრის მონაცემებით, ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 7.7%-ით გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ სსფ-ს ეკონომიკური ზრდის თავდაპირველი პროგნოზი 3.5% იყო, თუმცა 2020 წელთან შედარებით, მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური აღდგენის დინამიკა, ეკონომიკური ზრდის პროგნოზების მკვეთრი გაუმჯობესების საფუძველი გახდა.

2020 წელს, საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა, რაც მეზობელ ქვეყნებში სომხეთის შემდგომ ყველაზე დიდი კლება იყო. თუ 2021 წელს სსფ-ს პროგნოზირებული ზრდა დაფიქსირდა, 2019 წელთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 1%-ით აღდგება, რაც მეზობელ ქვეყნებს შორის, აღდგენის კუთხით საქართველოს - თურქეთისა და რუსეთის შემდეგ, მესამე ადგილზე მოაქცევს. თუმცა, მეორე მხრივ, 2021-2026 წლებში, საშუალო ეკონომიკური ზრდის 5.8%-იანი პროგნოზით, საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა.

ცხრილი 1: ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო დინამიკა სსფ-ის მიხედვით, საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, საქართველო 195 ქვეყანას შორის - მე-18, 2019 წელთან შედარებით ეკონომიკის აღდგენის კუთხით კი 69-ე ადგილს იკავებს. თუმცა, მეორე მხრივ, 2021-2026 წლებში, საშუალო ეკონომიკური ზრდის პროგნოზით საქართველო 24-ე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ როგორც რეგიონში [1], ასევე ზოგადად, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის აღდგენის პროგნოზით საქართველო პირველ ადგილს იკავებს, რაც ბუნებრივია გარკვეულწილად, დამაიმედებელ დინამიკაზე მიუთითებს, კერძოდ კი, საქართველო აქვს უკეთესი პროგნოზები როგორც შედარებით მსგავსი, ასევე შედარებით მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან მიმართებით, რაც გარკვეულწილად, საბაზო ეფექტით გამოწვეულ უპირატესობას გამორიცხავს. მაგრამ მეორე მხრივ, პანდემიურ და პოსტპანდემიურ ვითარებაში, გაურკვევლობის ხარისხი მაღალია და პროგნოზები ძალიან მოკლე დროში არსებითად იცვლება. ხშირად ფაქტობრივი მონაცემები პროგნოზებს არ ემთხვევა. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, სსფ-ს შეფასებით საქართველოს შემთხვევაში კეთილსაიმედო საპროგნოზო ვითარება იკვეთება, პროგნოზებზე დაყრდნობით წარმატებაზე ან წარუმატებლობაზე მსჯელობა ნაადრევია.

[1] მათ შორის მსოფლიო ბანკის მიერ განსაზღვრულ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური ევროპის რეგიონში, რომელშიც 24 ქვეყანა შედის


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი