იტვირთება

რატი ბრეგაძე: სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და მოსთხოვა შიმშილობის შეწყვეტა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, რატი ბრეგაძის განცხადება არის მანიპულირება

რეზიუმე: 10 ნოემბერს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით დროებითი ზომის მიღებაზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

გადაწყვეტილებაში სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და ამ ეტაპისთვის მხარეებისგან, 24 ნოემბრის ჩათვლით, ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით შემოიფარგლა. აქედან გამომდინარე, იმის თქმა რომ სტრასბურგის სასამართლომ კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, არის მანიპულირება. მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო ჯერჯერობით ინფორმაციის მიღების და შესწავლის ეტაპზეა და გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში - მოთხოვნილი ინფორმაციის მიღების შემდეგ, მიიღებს.

ანალიზი

10 ნოემბერს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით დროებითი ზომის მიღებაზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

დროებითი ღონისძიების მექანიზმის ფარგლებში, სასამართლომ საქართველოს მთავრობას პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის ინფორმაციის მიწოდება და პენიტენციურ დაწესებულებაში მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაავალა, სააკაშვილს კი შიმშილობის შეწყვეტისკენ დაჟინებით მოუწოდა.

გარდა ამისა, ევროპულმა სასამართლომ საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა.

„2021 წლის 10 ნოემბერს სასამართლომ გადაწყვიტა, მხარეების ინტერესების შესაბამისად და მათ წინაშე სამართალწარმოების სათანადოდ წასამართად, დაჟინებით მოუწოდოს განმცხადებელს (მიხეილ სააკაშვილს) შიმშილობის შეწყვეტისკენ.

სასამართლომ, ასევე გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა მიაწოდოს ინფორმაცია განმცხადებლის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ (ასევე, რა სახის სამედიცინო მკურნალობა გაეწია მას ციხის საავადმყოფოში), რომ, ზოგადად, მათ უნდა უზრუნველყონ ციხეში მისი უსაფრთხოება და უნდა უზრუნველყონ ის სათანადო სამედიცინო დახმარებით შიმშილობის დასრულების შემდგომ გამოჯანმრთელების პერიოდში“, - ვკითხულობთ გადაწყვეტილებაში.

სტრასბურგის სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ფეისბუქ-სტატუსით გამოეხმაურა. მისი განმარტებით, სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და მოსთხოვა შიმშილობის შეწყვეტა.

აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილებაში სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და ამ ეტაპისთვის მხარეებისგან, 24 ნოემბრის ჩათვლით, ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით შემოიფარგლა. აქედან გამომდინარე, იმის თქმა, რომ სტრასბურგის სასამართლომ კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, არის მანიპულირება. მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო ჯერჯერობით ინფორმაციის მიღების და შესწავლის ეტაპზეა და გადაწყვეტილებას მხოლოდ ამ ინფორმაციის შესწავლის შემდეგ მიიღებს.

გარდა ამისა, არასწორია შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მოწოდების ინტერპრეტირება ისე, თითქოს გადაწყვეტილებით მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა მოეთხოვა/დაევალა. ამგვარი ინტერპრეტაცია, პირველ რიგში, სამართლებრივად აბსურდულია და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ შიმშილობით განმცხადებელი არღვევს რაიმე კანონს. ამასთან, ბუნებრივია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მოშიმშილე პატიმარს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, (მიუხედავად იმისა, რომ შიმშილობა ადამიანის უფლებაა) მისივე სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად. მსგავსი პრეცედენტები სასამართლოს პრაქტიკაში არსებობს და განმცხადებლის მიმართ შიმშილობის შეწყვეტისკენ მოწოდება სტრასბურგის სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში გვინახავს (ბმული 1; ბმული 2).

და ბოლოს, აუცილებელია ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ, იუსტიციის მინისტრი აღნიშნავდა, რომ სააკაშვილი არასამედიცინო დანიშნულების საკვებს იღებდა, 10 ნოემბერს კი განმარტა, რომ სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა. რატი ბრეგაძის გარდა, ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი ამტკიცებდა, რომ სააკაშვილი არ შიმშილობს და შიმშილობა „ფეიკი“ [ყალბი] იყო. ამის გათვალისწინებით, მმართველი გუნდის წარმომადგენლებისთვის საინტერესო უნდა იყოს, რატომ მოუწოდებს სტრასბურგის სასამართლო ექსპრეზიდენტს შიმშილობის შეწყვეტისკენ, თუ ის არ შიმშილობს.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას დროებით ღონისძიებაზე საზოგადოებაში განსხვავებული ინტერპრეტაციები მოჰყვა. მთავარი ახრის დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, დაცვის მხარე კმაყოფილია ამ გადაწყვეტილებით და ახლა ჯერი სახელმწიფოზეა, რომელმაც ეს პროცესი სამართლებრივ ჭრილში უნდა დატოვოს და აღასრულოს ის: „სააკაშვილის სარჩელი არ ეხებოდა მხოლოდ კერძო კლინიკაში გადაყვანას. ჩვენი მოსაზრება იყო, რომ კერძო კლინიკაში იყო შესაძლებელი ამის უზრუნველყოფა და გლდანის ციხეში არ არის უზრუნველყოფილი. სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვიტა ისე, როგორც მაღალი ალბათობით გადაწყვეტდა. მან არ დაასახელა კლინიკა, მაგრამ დაასახელა სტანდარტი, რომელიც უნდა იყოს უზრუნველყოფილი“, - აღნიშნა მან.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ასოცირებული პროფესორი თამთა მიქელაძე მიიჩნევს, რომ ამ პროცესზე ევროპული სასამართლოს ზედამხედველობა მნიშვნელოვანი პროცესია სააკაშვილის უფლებების და უსაფრთხოების დაცვის მიზნით და ამ თემით პოლიტიკური სპეკულირების შეკავებისთვის: „პატიმრობის პირობებთან დაკავშირებულ დავებზე ეს არის დროებითი ღონისძიების გამოყენების სტანდარტული პირობა, როცა საკითხის შესწავლას სასამართლო ინფორმაციის მიღებით იწყებს და ეს ეტაპი უკვე არის ზედამხედველობის ფორმა. ეს ნიშნავს, რომ პატიმრობისა და იქ მოპყრობის (მათ შორის, სამედიცინო მოპყრობის) შემდგომი პროცესები ევროპული სასამართლოს ზედამხედველობის ქვეშ მოხვდა და ცხადია, თუ ამის საფუძველი იარსებებს, სასამართლომ მთავრობას შეიძლება ახალი ტიპის დავალებები მისცეს, მათ შორის, სათანადო სამედიცინო მკურნალობის უზრუნველყოფა და სხვა კლინიკაში გადაყვანაც.თუმცა ეს შემოწმდება დოკუმენტების და მტკიცებულებების საფუძველზე“ - წერს მიქელაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საია-ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი და აღნიშნა, რომ არ ესმის იუსტიციის მინისტრის სიხარული მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რადგან ეს შუალედური გადაწყვეტილებაა. მისი თქმით, მართალია, ეს ის არაა, რაც სააკაშვილის ადვოკატებმა მოითხოვეს, თუმცა არ ნიშნავს, რომ მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა, რადგან სასამართლო ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას დამატებითი ინფორმაციის მიღების შემდეგ გამოიტანს.

„ამდენად, ვერ მესმის იუსტიციის მინისტრის სიხარული, რადგან ეს წერილი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარად არ შეგვიძლია განვიხილოთ, ეს არის შუალედური გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიების საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტამდე“, - წერს სიმონიშვილი.


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4167 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
25%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
მეტწილად მცდარი
6%

ყველაზე კითხვადი