ნინო წილოსანი: სახელმწიფო სისტემა, კონკრეტულად, პენიტენციური სამსახური, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ყველა კანონის და უფლების დაცვით ექცევა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ნინო წილოსანის განცხადება არის ტყუილი

რეზიუმე: იმის გათვალისწინებით, რომ მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო დახმარებისთვის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე თანხმობა არ გაუცია და მეტიც, ამაზე ფიზიკურად და სიტყვიერად გამოხატავდა უარს, სამკურნალო დაწესებულებაში მისი მოტყუებით და შემდეგ იძულებით გადაყვანით, პატიმრის უფლება აშკარად დაირღვა. მესამე პრეზიდენტის ციხის საავადმყოფოში ძალადობით გადაყვანა ცენტრმა „ემპათიამ“ წამებად და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევად შეაფასა.

ამასთან, ომბუდსმენის შეფასებით, გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის მოთავსება ცალსახად არღვევს სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულებას, ვინაიდან N8 დაწესებულებიდან პატიმართა მხრიდან შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეძახილების ხმა სააკაშვილის საკანშიც აღწევს.

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევად შეიძლება შეფასდეს პენიტენციური სამსახურის მიერ მისი ციხის საავადმყოფოში იძულებით გადაყვანის ამსახველი ვიდეოკადრების გასაჯაროებაც. სახალხო დამცველის შეფასებით, ამით იუსტიციის სამინისტრომ/სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრის პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება დაარღვია. ვიდეოკადრების გასაჯაროებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიც კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნინო წილოსანის განცხადება უნდა შეფასდეს, როგორც ტყუილი.

ანალიზი

11 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა კადრები გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ.

თავდაპირველად, ვიდეოში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი ბადრაგებმა სასწრაფო დახმარების მანქანიდან იძულებით, მისი სურვილის წინააღმდეგ გადმოიყვანეს. შემდეგ შენობაში, ლიფტში, ასევე, ძალის გამოყენებით, ხელში აყვანილი შეიყვანეს, რა დროსაც მას ტანსაცმელი თითქმის გახდილი აქვს.

ექსპრეზიდენტი ციხის საავადმყოფოს პალატაში წელზევით შიშველი შეჰყავთ და პირდაპირ იატაკზე სვამენ. ვიდეოს არ აქვს ხმა, თუმცა ჩანს, რომ უკვე პალატაში სააკაშვილი ჩხუბობს და სამედიცინო დანიშნულების ხელსაწყოს იატაკზე აგდებს. სიტყვიერი დაპირისპირების დროს, კადრებში ჩანს, რომ სააკაშვილი პალატაში მყოფი პირისკენ იწევს, თუმცა მისთვის ხელი არ დაურტყამს.

გავრცელებულ კადრებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ნინო წილოსანი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო სისტემა და კონკრეტულად, პენიტენციური სამსახური ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს „ყველა კანონის და უფლების დაცვით“ ექცევა.

„ფაქტ-მეტრმა“ წილოსანის განცხადება გადაამოწმა.

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. იმავე დღეს მას დაწესებულებაში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შეხვდა, რომლის ინფორმაციითაც, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა.

შიმშილობის 24-ე დღეს სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე საუბარი დაიწყეს როგორც მისმა პირადმა ექიმმა, ისე ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტებისგან შემდგარმა კონსილიუმის წევრებმა. ასევე, ექსპრეზიდენტის ადვოკატებმა საგანგებო ბრიფინგზე მოითხოვეს, სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, არა ციხის საავადმყოფოში, არამედ მრავალპროფილიან სამედიცინო დაწესებულებაში გადაეყვანათ.

8 ნოემბერს სააკაშვილი, მისი და მისი ადვოკატების სურვილის საწინააღმდეგოდ, არა სამოქალაქო კლინიკაში, არამედ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეს ინფორმაცია პენიტენციურმა სამსახურმა ერთი საათის შემდეგ დაადასტურა - მას შემდეგ, რაც რუსთავის ციხიდან აფრენილი ვერტმფრენი გლდანის ციხის თავზე გამოჩნდა. მოგვიანებით, სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ როგორც სააკაშვილს უთხრეს, ის სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ და მხოლოდ ამიტომ დათანხმდა შეთავაზებას.

გარდა იმისა, რომ არ არსებობს რაიმე წერილობითი დოკუმენტი, რაც სააკაშვილის მხრიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე თანხმობას ადასტურებს, 11 ნოემბერს პენიტენციური დაწესებულების მიერ გავრცელებულმა ვიდეოკადრებმაც ცხადყო, რომ პატიმარი სამკურნალო დაწესებულებაში მოტყუებით გადაიყვანეს. გარდა იმისა, რომ სააკაშვილი ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევს ბადრაგებს მისი გადაყვანისას, ერთ-ერთ ხმოვან ვიდეოში ისმის, რომ ის რუსთავის ციხეში დაბრუნებას ითხოვს. შეგახსენებთ, რომ მანამდე პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ სააკაშვილი ნივთებს ალაგებს, რაზე დაყრდნობით უწყება ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ არ დაუტოვებია.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის ბრძანების თანახმად, შიმშილობის დროს სამედიცინო დახმარების გაწევა, მათ შორის, ხელოვნური კვება, დასაშვებია მხოლოდ მოშიმშილის ინფორმირებული თანხმობით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სამედიცინო დახმარების განხორციელების გარეშე გარდაუვალია მოშიმშილის სიკვდილი, რის თაობაზეც გადაწყვეტილება უნდა იქნეს დადასტურებული მინიმუმ 2 ექიმის მიერ. განსახილველ შემთხვევაში, როდესაც აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო დახმარებისთვის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე თანხმობა არ მიუცია და მეტიც, ამაზე ფიზიკურად და სიტყვიერად გამოხატავდა უარს, სამკურნალო დაწესებულებაში მოტყუებით და შემდეგ იძულებით გადაყვანით, მისი უფლება აშკარად დაირღვა.

სააკაშვილის იძულებით გადაყვანას გამოეხმაურა საია-ს თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი. მისი თქმით, ის რომ ადამიანი თავისი ნებით ტოვებს პენიტენციურ სამსახურს, არ ნიშნავს, რომ ის თანხმობას აცხადებს იქ მიყვანაზე, სადაც მიჰყავთ. „როდესაც ნებისმიერი პაციენტი აცხადებს თანხმობას, რომ უნდა ჩაუტარდეს მკურნალობა, აუცილებელია მისი ინფორმირებული თანხმობა. ინფორმირებული თანხმობა უნდა ვნახოთ, რა თქმა უნდა, წერილობით დოკუმენტში. წერილობითი დოკუმენტი არ არსებობს. ამიტომ გვქონდა ეჭვები, რომ მიხეილ სააკაშვილს თანხმობა არ განუცხადებია და მოტყუებით გადაიყვანეს ამ დაწესებულებაში“, - განმარტა მან.

ცენტრი „ემპათიის“ შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში ძალადობით შეყვანის ამსახველი ვიდეოკადრები მისი წამების ფაქტს ადასტურებს. „ვიდეოკადრები, რომელსაც ავრცელებს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური, მიხეილ სააკაშვილის ძალადობით ციხის საავადმყოფოში შეყვანას მხოლოდ ადასტურებს, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე - 3 მუხლის დარღვევაა“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში შესახლებას N8 დაწესებულებიდან პატიმართა მხრიდან შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეძახილები მოჰყვა. სახალხო დამცველის თანახმად, აღნიშნული შეძახილების ხმა, რომელიც სააკაშვილის საკანშიც აღწევს, ცალსახად ფსიქოლოგიურ ზეწოლას წარმოადგენს და უხეშად არღვევს ადამიანის ღირსების უფლებას. ომბუდსმენის შეფასებით, დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოთავსება ცალსახად არღვევს სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულებას, შესაბამისად, ის მოუწოდებს იუსტიციის მინისტრს/პენიტენციურ სამსახურს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნეს გადაყვანილი ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში.

რაც შეეხება უშუალოდ ვიდეოკადრების გავრცელების ფაქტს, რომლებშიც სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში იძულებით გადაყვანაა ასახული, სახალხო დამცველის შეფასებით, ამით იუსტიციის სამინისტრომ/სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრის პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება დაარღვია.

„სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ აბსტრაქტულ ლეგიტიმურ მიზანზე მითითებით და სრულიად არაპროპორციული და შეურაცხმყოფელი ფორმით პატიმარ მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებით ირღვევა მისი პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ვიდეოკადრების გასაჯაროებას კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიც. „იმ პირობებში, როცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მიმდინარეობს მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების არაერთი ფაქტის კანონიერების შესწავლა, რომლებზეც ამ ეტაპზე არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, კატეგორიულად მიუღებელია სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ამგვარი პრაქტიკის გაგრძელება და მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება,“ - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ იმასაც, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, გამოძიება მიმდინარეობს.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის და ასოცირებული პროფესორის, თამთა მიქელაძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის მთლიანი პროცესი მთლიანობაში შეიძლება შეფასდეს ღირსების შემლახავ მოპყრობად მის მიმართ: „სააკაშვილის დაწესებულებაში შეყვანის ეს მანერა, იმ გარემოებებთან ერთად, რომ სააკაშვილი, მისი ადვოკატები და ოჯახის წევრები არ იყვნენ ინფორმირებულები მე-18 დაწესებულებაში მისი გადაყვანის თაობაზე და პატიმარი მოატყუეს, მე-18 დაწესებულება ნამდვილად არ შეიძლება ჩაითვალოს უსაფრთხო გარემოდ სააკაშვილისთვის და სახალხო დამცველის ინფორმაციით, იქ მისთვის სათანადო მკურნალობის პირობებიც კი არ არის, როცა მე-18 დაწესებულებაში სააკაშვილის შეყვანა შეურაცხყოფისა და შეძახილების ფონზე მოხდა და ეს პროცესი წინასწარ დაგეგმილი ჩანდა, ნამდვილად შეიძლება მთლიანობაში შეფასდეს ღირსების შემლახავ მოპყრობად მის მიმართ“.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი