როგორც ვიცით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი ერთადერთია, სადაც თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება ოპოზიციურმა კანდიდატმა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა - გიორგი ხარჩილავამ, მოიპოვა. აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე, წალენჯიხა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა.

„ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ წალენჯიხაში გადასვლა და იქ სახლის ყიდვა დააანონსა. გარდა ამისა, ხაზარაძემ ბიზნესს ლოკაციის შეცვლისკენ მოუწოდა, რათა ბიზნესანგარიშები წალენჯიხაში გადაიტანონ და მოგების გადასახადი წალენჯიხაში დატოვონ.

იდეა თავისთავად, რა თქმა უნდა, კარგია. თუმცა რამდენად იძლევა „ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის ბიუჯეტი“ და „თვითმმართველობის კოდექსი“ ამის შესაძლებლობას, ქვემოთ განვიხილოთ.

„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის“ შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობები საანგარიშო პერიოდში მიღებული ფულადი სახსრების ერთობლიობაა, რომელიც შემოსავლების (გადასახადები, გრანტები, სხვა შემოსავლები), არაფინანსური აქტივების (არაფინანსური აქტივებით ოპერაციიდან მიღებული სახსრები), ფინანსური აქტივების (ფინანსური აქტივებით ოპერაციიდან მიღებული სახსრები, ნაშთის გამოყენების გარდა) და ვალდებულებებისგან (ვალდებულებების აღების შედეგად მიღებული სახსრები) შედგება.

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობები საკუთარი და არასაკუთარი შემოსულობებისგან შედგება. საკუთარ შემოსულობებს განეკუთვნება ადგილობრივი გადასახადები და მოსაკრებელი, გათანაბრებითი ტრანსფერი და საქართველოს კანონმდებლობით თვითმმართველი ერთეულისთვის განკუთვნილის სხვა შემოსულობები. ხოლო არასაკუთარ შემოსულობებს განეკუთვნება სპეციალური და მიზნობრივი ტრანსფერები და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსულობები.

ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს საკუთარი შემოსულობების ხარჯვა შეუძლიათ დამოუკიდებლად, საკუთარი შეხედულებისამებრ განახორციელონ (თავი II, მუხლი 9).

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსავლების ძირითადი წყარო სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული გათანაბრებითი ტრანსფერი იყო. გარდა ტრანსფერისა, მუნიციპალიტეტის შემოსავლების სხვა წყაროები ადგილობრივი გადასახადები და მოსაკრებლებია.

საქართველოში ჯამში ექვსი გადასახადი მოქმედებს, რომელთაგან ადგილობრივი მხოლოდ ერთი - ქონების გადასახადია, დანარჩენი ხუთი: მოგების, საშემოსავლო, დღგ, აქციზი და იმპორტის, საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადია.

შესაბამისად, როგორც აღვნიშნეთ, ადგილობრივ გადასახადს მხოლოდ ქონების გადასახადი განეკუთვნება, რომლის 100% მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მიემართება. თუმცა, 2016 წლიდან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში რჩებოდა საშემოსავლო გადასახადის ნაწილიც, კონკრეტულად, მეწარმე ფიზიკური პირების საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებიდან გადასახადი. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტების შემოსავლის ძირითად წყაროდ კვლავ გათანაბრებითი ტრანსფერის სახით მიღებული დახმარება რჩებოდა. ამასთან, საშემოსავლო გადასახადის ნაწილის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში დატოვებით, მათი საბიუჯეტო შემოსავლების ჯამური მოცულობის ზრდა არ მომხდარა, რადგან თითოეულ მუნიციპალიტეტისთვის გათანაბრებითი ტრანსფერის მოცულობა მათი საკუთარი შემოსავლების მიხედვით დგინდებოდა და საკუთარი შემოსავლის ზრდის პროპორციულად, გათანაბრებითი ტრანსფერის მოცულობა მცირდებოდა.

სურათი 2019 წლიდან იცვლება, როცა გათანაბრებითი ტრანსფერი გაუქმდა და თვითმმართველი ერთეულები, ნაცვლად გათანაბრებითი ტრანსფერისა, დამატებითი ღირებულების გადასახადიდან (დღგ) გენერირებული შემოსავლების 19%-ს გადაინაწილებენ, რომლის განაწილება კანონით დადგენილი კრიტერიუმებით ხდება. აღნიშნული კრიტერიუმები მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობას, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 6 წლამდე ბავშვთა რაოდენობას, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 6-დან 18 წლამდე მოზარდთა რაოდენობას, მუნიციპალიტეტის ფართობს და მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირთა რაოდენობას მოიცავს.

თუ მუნიციპალიტეტის შემოსავლები ადგილობრივი გადასახადებიდან, მოსაკრებლებიდან და სხვა შემოსავლებიდან გაიზრდება, მაშინ მუნიციპალიტეტს დღგ-დან მისაღები შემოსავალი არ შეუმცირდება, რაც გათანაბრებითი ტრანსფერის შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები ფინანსური დახმარების მოცულობას ამცირებდა. აღნიშნული კი იმას ნიშნავს, თუ თვითმმართველობის შემოსავლები გაიზრდება, ეს თვითმმართველობის ბიუჯეტის გაზრდასაც განაპირობებს, თუმცა როგორც აღვნიშნეთ, ადგილობრივ ბიუჯეტში მხოლოდ ქონების გადასახადი რჩება, სახვა ტიპს გადასახადები - როგორიცაა მოგების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი, ცენტრალურ ბიუჯეტში აკუმულირდება.

აქედან გამომდინარე, მამუკა ხაზარაძის მოწოდების შესაბამისად, ბიზნესმენებმა საკუთარი ბიზნესი წალენჯიხაში რომ დაარეგისტრირონ, ეს ადგილობრივი ბიუჯეტის გაზრდას ვერ განაპირობებს, რადგან მოგების გადასახადი ადგილობრივ ბიუჯეტში არ აისახება, ასევე სამუშაო ადგილების გაზრდა და დასაქმებულების მიერ საშემოსავლოს გადახდა, სამწუხაროდ ადგილობრივ ბიუჯეტს ასევე ვერ წაადგება. ბიუჯეტს მხოლოდ ქონების გადასახადი გაზრდის, რისთვისაც ბიზნესმა ქონება წალენჯიხაში უნდა გადაიტანოს. აქაც უნდა აღინიშნოს, რომ ქონების გადასახადი, რომელიც ადგილობრივი გადასახადია და რომელსაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტი თავისი დღის წესრიგის მიხედვით ადგენს, თუმცა ამ ნაწილშიც საქართველოს თავისუფლების აქტის მიხედვით 1%-იანი ზედა ზღვარია დადგენილი, რის ზემოთაც ისინი გადასახადს ვერ გაზრდიან, ხოლო 1%-ის ფარგლებში საგადასახადო განაკვეთის განსაზღვრა საკრებულოს შეუძლია.

ჩვენ ზემოთ ადგილობრივი ბიუჯეტის გაზრდის სამართლებრივი გზები განვიხილეთ. თუმცა, რა თქმა უნდა, წალენჯიხაში ნებისმიერ აქტივობის სოლიდარულები ვართ და თუნდაც ერთი შექმნილი სამუშაო ადგილი ადგილობრივების დუხჭირ ყოფას რომ წაადგება, ამაზეც არავინ დავობს. მით უმეტეს, ოქტომბრის მონაცემებით, წალენჯიხის მოსახლეობის 33.3% (7 766 ადამიანი - 2 098 ოჯახი) საარსებო შემწეობას იღებს, სოციალურად დაუცველთა ბაზაში კი 12 235 ადამიანია რეგისტრირებული.

მიმდინარე წელს წალენჯიხის ბიუჯეტი 16 346 300 ლარია, საიდანაც 8 904 800 ლარი საკუთარი შემოსავლებია, დანარჩენი კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერები და გრანტებია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე არჩეულ მერებს, მათ შორის, წალენჯიხის მერსაც, გამარჯვება მიულოცა და განაცხადა: „მინდა წარმატება ვუსურვო წალენჯიხის მერს - ერთადერთი ოპოზიციური კანდიდატია, რომელმაც გაიმარჯვა დამსახურებულად არჩევნებში და მინდა განვუცხადო მას, რომ მთელი ცენტრალური მთავრობა ვიქნებით მზად, რომ ვითანამშრომლოთ მასთან კონსტრუქციულ რეჟიმში“. არჩევნების მეორე ტურამდე პრემიერი აცხადებდა, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციის წარმომადგენელ მერს საქმიანობაში ხელს შეუშლიდა.

როგორც განხილული მასალიდან ჩანს, წალენჯიხის მიმართ გარკვეული გეგმები ოპოზიციას და მთავრობასაც აქვს. ოპოზიციისთვის, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, წალენჯიხა მათი წარმატებული მმართველობის საილუსტრაციო მაგალითი იქნება. რა პოზიციას დაიჭერს მთავრობა, სამომავლოდ გამოჩნდება. თუმცა ყურადღების კონცენტრაცია - წალენჯიხის მუნიციპალიტეტს, სავარაუდოდ, დადებითად წაადგება.

ფოტო: Georgian Travel Guide


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი