ნათია თურნავა: ჩვენი ხელისუფლების პერიოდში უკიდურეს სიღარიბეს 400 000-ზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი

ვერდიქტი: მანიპულირება

რეზიუმე: ეკონომიკის მინისტრი განცხადებაში პანდემიამდე არსებულ პერიოდზე საუბრობს. 2019 წლის მონაცემებით, 2012 წელთან შედარებით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 30%-დან 19.5%-მდე შემცირდა, რაც მოსახლეობის რაოდენობაზე გადაანგარიშებით, 390.7 ათასი ადამიანით ნაკლებია. სტატისტიკურად აბსოლუტური სიღარიბის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2019 წელს დაფიქსირდა.

მიუხედავად იმისა, რომ ნათია თურნავას მიერ განცხადებაში გაჟღერებული მონაცემები მეტ-ნაკლებად სწორია, ის სიღარიბის მხრივ ქვეყანაში არსებულ ტენდენციას უგულებელყოფს. საქართველოში სიღარიბის შემცირების ტენდენცია, წინა ხელისუფლების პერიოდში, 2011 წელს დაიწყო და დადებითი დინამიკა 2015 წლის ჩათვლით შენარჩუნდა. 2011-2012 წლებში აბსოლუტურ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 7.3 პროცენტული პუნქტით, 2013-2015 წლებში კი 8.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა. 2016 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი მცირედით, 0.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, 2017 წელს კი სიღარიბის დონე თითქმის იგივე ნიშნულზე დარჩა. 2018-2019 წლებში კი სიღარიბის მაჩვენებელი 2.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა, რაც 2011-2015 წლების დინამიკას მკვეთრად ჩამორჩება.

ამასთან, 2020 წელს აბსოლუტური სიღარიბის დონე 1.8 პროცენტული პუნქტით, 21.3%-მდე გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ დამატებით 69 ათასზე მეტი ადამიანი აბსოლუტურ სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდა. აღნიშნული პირდაპირ კავშირშია როგორც პანდემიასთან, ასევე მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკასთან და მკაცრ შეზღუდვებთან.

ამასთან, ნათია თურნავა სიღარიბის მხრივ არსებულ პროგრესზე გვესაუბრება იმ ფონზე, როდესაც სიღარიბე ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება და მოსახლეობის მეხუთედზე მეტი აბსოლუტურ სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. მინისტრი გრძელვადიანი პერიოდის ჯამურ მაჩვენებელზე ამახვილებს ყურადღებას, რითაც ფარავს იმ რეალობას, რომ მიღწეული შედეგი ძირითადად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის საწყის წლებზე მოდის, შემდგომ წლებში კი აღნიშნული დადებითი ტენდენცია არ შენარჩუნებულა. მეტიც, 2016-2017 წლებში ქვეყანაში სიღარიბის დონე გაიზარდა, შემდგომ პერიოდში კი ცხოვრების დონის გაუმჯობესების ტემპი არსებითად შენელდა.

ანალიზი

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა: „ჩვენს დროს, ჩვენი ხელისუფლების პერიოდში, სტატისტიკურადაც სიღარიბე აღწევს ისტორიულ მინიმუმს - 400,000-ზე მეტმა ადამიანმა მოახერხა და ჩვენი დახმარებით, ჩვენი პოლიტიკის შედეგად დააღწია თავი უკიდურეს სიღარიბეს”.

აბსოლუტური სიღარიბე აჩვენებს, მოსახლეობის რა ნაწილი ცხოვრობს საარსებო მინიმუმს ქვემოთ. საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის მონაცემებით, 2012 წელთან შედარებით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 30%-დან 19.5%-მდე შემცირდა. მოსახლეობის რაოდენობაზე გადაანგარიშებით, 390.7 ათასი ადამიანით ნაკლებია. გასულ წელს პანდემია და მასთან დაკავშირებული მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები პირდაპირ აისახა შინამეურნეობების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. 2020 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მცხოვრები მოსახლეობის წილი 1.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 21.3% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ დამატებით 69 ათასზე მეტი ადამიანი აბსოლუტურ სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდა. მიუხედავად პანდემიის პერიოდში გაცემული სოციალური ტრანსფერებისა, რომელმაც გარკვეულწილად სიღარიბის ზრდის ტემპი შეანელა, ერთ წელიწადში სიღარიბის დონე მაინც მკვეთრად გაიზარდა. რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი რომელიც მოცემულ მომენტში არ არის უკიდურეს სიღარიბეში, გაღარიბების რისკის ქვეშ დგას.

ნათია თურნავა განცხადებისას პანდემიამდე პერიოდზე საუბრობს და ამასთან მოსახლეობის ცხოვრების დონის მხრივ არსებულ ტენდენციას უგულებელყოფს. საქართველოში სიღარიბის შემცირების ტენდენცია, წინა ხელისუფლების პერიოდში, 2011 წელს დაიწყო და დადებითი დინამიკა 2015 წლის ჩათვლით შენარჩუნდა. 2011-2012 წლებში აბსოლუტურ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 7.3 პროცენტული პუნქტით [292 ათასი ადამიანით], 2013-2015 წლებში კი 8.4 პროცენტული პუნქტით [310 ათასი ადამიანით] შემცირდა. ამასთან 2013 წელი შესაძლოა,შუალედურ წლად განვიხილოთ, იმდენად, რამდენადაც ამ პერიოდში შემცირებულ სიღარიბეზე გავლენა უნდა ჰქონოდა, როგორც „ქართული ოცნების“, ისე წინა ხელისუფლების მმართველობის შედეგებს. 2016 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი მცირედით, 0.4 პროცენტული პუნქტით [14.4 ათასი ადამიანით] გაიზარდა, 2017 წელს კი სიღარიბის დონე თითქმის იგივე ნიშნულზე დარჩა. 2018-2019 წლებში კი სიღარიბის მაჩვენებელს შემცირება 2016 წლამდე პერიოდთან შედარებით დაბალი ტემპით გაგრძელდა, ამ პერიოდში აბსოლუტური სიღარიბე 2.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა [92 ათასი ადამიანით]. (იხილეთ გრაფიკი 1).

გრაფიკი 1: სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა და მათი წილი მთლიან მოსახლეობასთან

წყარო: საქსტატი; ავტორის გამოთვლები

უკიდურესი სიღარიბის შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს სოციალურ ტრანსფერებს (ფულადი დახმარებები, სხვა შეღავათები), მოსახლეობის ის ნაწილი ვინც სიღარიბეს ამ გზით აღწევს თავს, მოწყვლად ჯგუფად რჩება და ისევ გაღარიბების რისკის ქვეშაა, ეს ნათლად გამოჩნდა პანდემიურ წელს.

სიღარიბის შემცირების ბუნებრივი გზა არის ეკონომიკის სწრაფი განვითარება და მისი თანმხლები სამუშაო ადგილების და დასაქმების ზრდა, რასაც თავის მხრივ, მოსახლეობის შემოსავლების ზრდა მოჰყვება. „ქართულ ოცნებას“ მმართველობის მეორე ვადის განმავლობაში, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესების მხრივ არათუ მნიშვნელოვანი პროგრესი არ ყოფილა, არამედ მოსახლეობის კეთილდღეობის განმსაზღვრელი ინდიკატორები უმეტესად გაუარესდა (იხილეთ, ამ თემაზე „ფაქტ-მეტრის“ მიმოხილვა).


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი