იტვირთება

სოციალურ ქსელში ირლანდიის მთავრობისა და ჯანდაცვის მარეგულირებელი ორგანოს სახელით გამოქვეყნებული პოსტერები გავრცელდა (ბმული 1, ბმული 2,) პოსტერი COVID-19-ის ვაქცინის მიმღებთათვის არის განკუთვნილი და წერია: „მადლობა ყველას, ვინც COVID-19-ის ვაქცინა მიიღო და დიდი წვლილი შეიტანა საზოგადოების უსაფრთხოების დაცვაში“. პოსტერზე ასევე ვაქცინის გვერდითი მოვლენებია დატანილი, მათ შორის, ერთ-ერთი „უეცარი გარდაცვალებაა“. პოსტერის ბოლოში მიწერილია, რომ ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შემთხვევაში ვაქცინირებულმა პირებმა ირლანდიის ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელ ორგანოს მიმართონ (www.hpra.ie). ასევე, პოსტერის ქვედა მარჯვენა კუთხეში ირლანდიის მთავრობის ლოგოა გამოსახული სიტყვებით - „Muintir na hEireann“ (ირლანდიის ხალხი). სინამდვილეში, ირლანდიის მთავრობასა და მის ჯანდაცვის ორგანოებს ვაქცინასთან დაკავშირებით მსგავსი პოსტერები არ გაუვრცელებიათ.

საინფორმაციო პოსტერი სოციალურ ქსელებში ინგლისურ, მალაიზიურ, არაბულ, პორტუგალიურ და ტაილანდურ ენებზეც გავრცელდა. ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო პლატფორმებმა AFP Fact Check-მა და Africa Check-მა კონკრეტული შემთხვევა ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ, როგორც ყალბი ამბავი, ისე შეაფასეს.

AFP Fact Check-ი ირლანდიის ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტო პრესსპიკერს დაუკავშირდა. შივონ მალოის თქმით, სააგენტო კოვიდვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო პოსტერებს არ აქვეყნებს და შესაბამისად, ნებისმიერი ბეჭდურ თუ ონლაინ სივრცეში გავრცელებული პოსტერი, თუ ირლანდიის ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელ სააგენტოს არ ეკუთვნის, გაყალბებულია და ცრუ ან შეცდომაში შემყვან ინფორმაციას შეიცავს.

უწყების პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ COVID-19-თან დაკავშირებულ ოფიციალურ ინფორმაციას, მათ შორის პოსტერებს, ჯანდაცვის აღმასრულებელი ორგანო (HSE) ქმნის. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტერის მგავსი რაიმე პლაკატი არც ამ უწყებას გამოუქვეყნებია.

წყარო: HSE

რაც შეეხება უშუალოდ კოვიდვაქცინების გვერდით მოვლენებს, ირლანდიის ჯანდაცვის აღმასრულებელი ორგანოს (HSE) ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ ბუკლეტში წერია, რომ „როგორც ნებისმიერ მედიკამენტს, ისე ვაქცინასაც შეიძლება თან გვერდითი მოვლენები ახლდეს. მათი უმრავლესობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა, მოკლევადიანი და ამასთან, ყველა ადამიანს არ უვლინდება“. ვაქცინების გვერდით მოვლენებთან დაკავშირებულ ინფორმაციას უფრო დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

ხაზგასასმელია, რომ სოციალურ სივრცეში გავრცელებულ პოსტერის მარჯვენა ქვედა კუთხეში ირლანდიის მთავრობის ლოგო და წარწერაა - „ირლანდიის ხალხი“ - გამოსახული. თუმცა, ირლანდიის მთავრობის ოფიციალური სახელი „ირლანდიის მთავრობაა“ და არა „ირლანდიის ხალხი“. შესაბამისად, ირლანდიის მთავრობის მიერ გავრცელებულ დოკუმენტებზე და პოსტერებზე, ირლანდიის მთავრობის ლოგოს გვერდით დატანილია სიტყვები „ირლანდიის მთავრობა“.

ირლანდიის ხალხი ( People of Ireland - ყალბი პოსტერიდან)

ირლანდიის მთავრობა (Government of Ireland)

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3573 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
20%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი