იტვირთება

მიუხედავად იმისა, რომ არსებული პრაქტიკით, მომავალი წლის ბიუჯეტს, ოთხწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, ყოველთვის ახალი მოწვევის საკრებულო ამტკიცებდა, ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტს კენჭი 2017 წლის მოწვევის საკრებულოს წევრებმა უყარეს. ბიუჯეტის პროექტი ბათუმის მუნიციპალიტეტის თოთხმეტმა წევრმა, ოპოზიციის ხმაურისა და პროტესტის მიუხედავად, 26 ნოემბერს დაამტკიცა.

ოპოზიციის წევრებთან ერთად, აღნიშნული ფაქტი მოქალაქეების ნაწილმაც გააპროტესტა. შენობის მიმდებარედ და შენობაში მობილიზებული მრავალრიცხოვანი სამართალდამცავების ძალისხმევით, ახალი მოწვევის საკრებულოს წევრებს სხდომათა დარბაზში შესვლის საშუალება არ მიეცათ. უფრო მეტიც, დარბაზში აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი წევრებიც არ შეუშვეს. კითხვაზე, თუ რატომ შეეზღუდათ მათ სხდომაზე დასწრების უფლება, პასუხი იყო, რომ დარბაზში ადგილი არ არის და კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, ყველა მსურველი ვერ შევა.

სანამ ბიუჯეტს დაამტკიცებდნენ

ის, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტი ყოველთვის წინა წლის დეკემბერში მტკიცდებოდა, მარტივი დასადგენია. „ფაქტ-მეტრმა“ ამ პრაქტიკას თვალი გადაავლო და აღმოჩნდა, რომ 2009 წლიდან 2020 წლის ჩათვლით, ბიუჯეტების დამტკიცების თარიღი დეკემბრის მეორე ნახევარს ემთხვევა.

ცხრილი 1. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ბიუჯეტის დამტკიცების თარიღი, 2010-2021 წლების მიხედვით

ბიუჯეტი დამტკიცების თარიღი წყარო
2010 წლის 30. 12. 2009 https://matsne.gov.ge/ka/document/view/1142560?publication=0
2011 წლის 31. 12. 2010 https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/1168914?publication=0
2012 წლის 30. 12. 2011 https://matsne.gov.ge/ka/document/view/1562813?publication=0
2013 წლის 31. 12. 2012 https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/2166822?publication=0
2014 წლის 27. 12. 2013 https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/2166822?publication=0
2015 წლის 29. 12. 2014 https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/3025777?publication=0
2016 წლის 25. 12. 2015 https://matsne.gov.ge/ka/document/view/3132499?publication=0
2017 წლის 29. 12. 2016 https://matsne.gov.ge/ka/document/view/3526946?publication=0
2018 წლის 26. 12. 2017 https://matsne.gov.ge/ka/document/view/3959795?publication=0
2019 წლის 27. 12. 2018 https://matsne.gov.ge/ka/document/view/4434878?publication=0
2020 წლის 25. 12. 2019 https://matsne.gov.ge/ka/document/view/4749146?publication=0
2021 წლის 21. 12. 2020 https://matsne.gov.ge/ka/document/view/5059025?publication=0

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობაში ყოფნის მეშვიდე წელს „ქართული ოცნების“ წევრებმა გადაწყვიტეს, რომ ბიუჯეტის დამტკიცების ვადებისთვის გადაეხედათ და ეს „ქალაქის კეთილდღეობაზე ზრუნვით“ ახსნეს. საქმე ისაა, რომ 2021 წლის მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნების შემდეგ, წარმომადგენლობით ორგანოში მათ სრული უმრავლესობა ვერ მოიპოვეს. თუმცა ღიად აცხადებდნენ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში უმრავლესობა ეყოლებოდათ. აქედან გამომდინარე, იმის საჭიროება, რომ საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრებს საკრებულოს რეგლამენტში ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების ვადები შეეცვალათ, აქამდე არ დამდგარა. ამის საჭიროება მაშინ დაინახეს, როცა გაირკვა, რომ, არჩევნების შედეგების მიხედვით, მათ უმრავლესობა არ ეყოლებოდათ. ამიტომ 9 ნოემბერს ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა 2014 წლის 23 სექტემბრის №34 დადგენილების 64-ე მუხლში ცვლილება შეიტანეს. ამის შესახებ „ფაქტ-მეტრმა“ უკვე დაწერა. რეგლამენტში შეტანილი ცვლილებით, ბიუჯეტის განხილვის ვადები თვის კონკრეტულ რიცხვებზე დამოკიდებული აღარ არის და 2017 წლის მოწვევის საკრებულოს საშუალება მიეცა, ბიუჯეტი მანამდე დაემტკიცებინა, სანამ ცესკო ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომას ჩანიშნავდა.

ეს პოლიტიკურად „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯი იყო და გამორიცხული არაა, მთავრობა და ცესკო კოორდინირებულად მოქმედებდნენ - მიიჩნევს ოპოზიცია. თავიანთი მოსაზრების გასამყარებლად მას, ძირითადად, ორი არგუმენტი მოჰყავს: ბათუმის 2021 წლის საკრებულოში გახარიას პარტიიდან „საქართველოსთვის“ მოხვედრილმა ერთმა დეპუტატმა, ერთი თვის წინ, პარტია დატოვა და განაცხადა, რომ ის დამოუკიდებელი წევრი იქნება. ოპოზიცია, მათ შორის, გახარიას პარტიის წევრებიც ღიად საუბრობდნენ, რომ ირაკლი თავდგირიძე „ქართულმა ოცნებამ“ მოისყიდა.

18 ნოემბერს გარდაიცვალა 2021 წლის მოწვევის ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი ნუგზარ ფუტკარაძე. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ ფუტკარაძეზე, „ქართული ოცნების“ დავალებით, ზეწოლა ხორციელდებოდა. მათი თქმით, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მამის, დავით რიჟვაძის სახელით, ორი პირი საკრებულოს ახალარჩეული წევრის მოსყიდვას ცდილობდა და მას გარკვეულ თანხას სთავაზობდა, საიდანაც 20% შუამავლებს უნდა დარჩენოდათ. ოპოზიციამ აღნიშნულის დამადასტურებელი ჩანაწერიც გაავრცელა. ჩანაწერში ისმის, რომ ფუტკარაძე მოსაუბრეებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ამცნობს, თუმცა ისინი მისგან ჯიუტად მოითხოვენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ განუდგეს. რამდენიმე დღეში ის გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება 18 ნოემბერს დაიწყო. ინფორმაციისთვის, დავით რიჟვაძე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსის მოადგილეა. ჩანაწერში მონაწილე ორი პირი კი, ოპოზიციის მტკიცებით, ყოფილი პოლიციელები არიან, რომლებიც სისტემაში ასლან აბაშიძის დროს მუშაობდნენ.

ამის შემდეგ ბათუმის 35-წევრიან საკრებულოში „ნაციონალურ მოძრაობას“ თოთხმეტი წევრი ჰყავს, „ქართულ ოცნებას“ - თექვსმეტი, პარტია „საქართველოსთვის“ წარმოდგენილია ორი წევრით, ლელო - ერთით და ერთიც დამოუკიდებელი კანდიდატია. ეს ნიშნავს, რომ, თუ საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები შეთანხმებას მიაღწევენ, „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა კვლავ არ აქვს და მის მიერ წარდგენილი ბიუჯეტი, შესაძლოა, საკრებულოს არ დაემტკიცებინა.

კანონი არ დარღვეულა, მაგრამ...

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პირველი სხდომა მაქსიმალურად გვიან ჩანიშნა, ამასობაში ბათუმის საკრებულოს ძველმა წევრებმა რეგლამენტი შეცვალეს და 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. თუ სამართლებრივად მივუდგებით, კანონი არც საკრებულოს და არც ცესკოს არ დაურღვევია, მაგრამ ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოქალაქეების ნაწილს იმთავითვე გაუჩნდა კითხვა, რატომ გააჭიანურა ცესკომ პირველის სხდომის ჩანიშვნა. კანონის თანახმად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საკრებულოების პირველი სხდომა არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 30 დღეში უნდა ჩანიშნოს. ის ასეც მოიქცა, დრო მაქსიმალურად გამოიყენა, 25 ნოემბერს შეიკრიბა და პირველი სხდომა 3 დეკემბრისთვის ჩანიშნა.

თუ კარგად გავაანალიზებთ, რაში დასჭირდა „ქართულ ოცნებას“ მთელი ეს ხმაური, დავინახავთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების მიმართ მისი დამოკიდებულება საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია. საკრებულოებში, რომლებშიც მათ უმრავლესობა დაკარგეს, მოვლენები ბათუმის მსგავსად განვითარდა. სწრაფად და ხმაურის ფონზე დაამტკიცეს 2022 წლის ბიუჯეტი ზუგდიდსა და მარტვილშიც. მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცა რუსთავის საკრებულომაც, სადაც, ასევე, „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა არ ჰყავს.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აპელირებენ, რომ თუ ახალი მოწვევის საკრებულო ბიუჯეტს არ დაამტკიცებს, პროექტები ვერ განხორციელდება, რაც მუნიციპალიტეტსა და მის მოსახლეობას დააზარალებს. ეს არის პოლიტიკური მიზნით გავრცელებული ტყუილი, მიიჩნევენ ოპოზიციის წევრები. საკრებულო არის საკანონმდებლო ორგანო და მისმა დეპუტატებმა კარგად იციან, რომ თუ ბიუჯეტს არ დაამტკიცებენ, ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან სამი თვის განმავლობაში, საქართველოს მთავრობა მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერს უფლებამოსილებას ვადამდე შეუწყვეტს. ამას „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 91-ე მუხლი განსაზღვრავს. იმავე მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დასაგეგმი წლის დაწყებამდე დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია, თითოეულ პრიორიტეტზე ყოველთვიურად გასცეს თანხა, არა უმეტეს გასული საბიუჯეტო წლის ასიგნებების ერთი მეთორმეტედისა.

ეს ნიშნავს, რომ ქალაქი ფუნქციონირებას არ შეწყვეტს. თუმცა ამასთანავე ნიშნავს იმასაც, რომ შესაძლოა არჩევნების ჩატარების აუცილებლობა დადგეს. ეს კი, როგორც ოპოზიცია მიიჩნევს, „ქართული ოცნებისთვის“ მარცხის ტოლფასია და ამიტომ, ყველა საშუალებით, ცდილობს საქმე აქამდე არ მიიყვანოს.

ამიტომ, ვერც ოპოზიციისა და მოქალაქეების ნაწილის დარბაზში და დარბაზს გარეთ მიმდინარე ხმაურიანმა აქციამ, ვერც სხდომის მიმდინარეობისას 2017 წლის მოწვევის ოპოზიციონერი წევრის, მირდატ ქამადაძის მიერ შპრიცით შეტანილმა და დაღვრილმა მძაფრსუნიანმა სითხემ, ვერც არგუმენტებმა, რომ, სულ მცირე, სირცხვილი იყო, ახალი მოწვევის საკრებულოსთვის ამ მნიშვნელოვანი უფლებამოსილების შეზღუდვა, რასაც ბიუჯეტის დამტკიცება ჰქვია, ვერც მოწოდებამ, რომ ამომრჩევლისთვის ეცათ პატივი და ეს „სამარცხვინო სხდომა“ შეეწყვიტათ, შედეგი ვერ გამოიღო. სანამ სამართალდამცავებს დარბაზიდან ოპოზიციონერები გაჰყავდათ, რომლებსაც, მოგვიანებით, შენობაში შესვლის შესაძლებლობაც შეუზღუდეს, ხოლო ქუჩაში აქციის მონაწილეებს აკავებდნენ, დარბაზში მარტო დარჩენილმა „ქართული ოცნების“ წევრებმა სხდომა გააგრძელეს და 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. ახლა ბათუმში პოლიტიკური ფონი კიდევ უფრო დაძაბულია და ოპოზიცია აქციებს აანონსებს.


მსგავსი სიახლეები

3580 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
20%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი