იტვირთება

2021 წლის 20 ნოემბერს, Facebook-მომხმარებელმა Naira Rukhaia-Adamia-მ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეისუსი საუბრობს. ვიდეოში გებრეისუსი აცხადებს, რომ „COVID-19-ის შემთხვევები იზრდება აღმოსავლეთ ევროპის დაბალი ვაქცინაციის მაჩვენებლის მქონე ქვეყნებში და ასევე, დასავლეთ ევროპაშიც, სადაც ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება. ეს კი იმის შემახსენებელია, რომ ვაქცინები არ ანაცვლებს სხვა სიფრთხილის ზომების გამოყენების საჭიროებას“. ამ სიტყვებზე დაყრდნობით, Naira Rukhaia-Adamia ამტკიცებს, რომ ჯანმომ აღიარა ვაქცინების არაეფექტურობა და ის ფაქტი, რომ ისინი ვირუსის წინააღმდეგ არ მუშაობს. რეალურად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ ამბობს, რომ ვაქცინები ვირუსის წინააღმდეგ არაეფექტურია. Facebook-პოსტი მანიპულაციურია და მიზნად მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას ისახავს.

Facebook-ზე გამოქვეყნებული ვიდეო 12 ნოემბერს COVID-19-ის შესახებ გამართული მედია ბრიფინგიდანაა ამოჭრილი. ბრიფინგზე გებრეისუსმა მსოფლიოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასა და ვაქცინაციაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ „ევროპაში წინა კვირის განმავლობაში COVID-19-ის თითქმის 2 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეგიონისთვის ყველაზე დიდი მაჩვენებელია პანდემიის დაწყების შემდეგ. თითქმის 27 ათასი გარდაცვალება დაფიქსირდა ევროპაში, რაც მსოფლიოში გასულ კვირას COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევების ნახევარზე მეტს წარმოადგენს. COVID-19-ის შემთხვევები იზრდება ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის მქონე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ასევე დასავლეთ ევროპაშიც, სადაც ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებლებია. ეს კიდევ ერთი შეხსენებაა, რასაც ჩვენ არაერთხელ ვამბობდით, რომ ვაქცინები არ ანაცვლებს სხვა სიფრთხილის ზომების საჭიროებებს. ვაქცინები ამცირებს ჰოსპიტალიზაციის, მძიმე დაავადებისა და გარდაცვალების რისკს, მაგრამ ისინი ვირუსის გადაცემას სრულად ვერ აფერხებენ. ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად და ჯანდაცვის სისტემებზე ზეწოლის შესამსუბუქებლად შეზღუდვები აღადგინა. ჩვენ კვლავ გავცემთ რეკომენდაციას ტესტირების მორგებული და პროპორციულ გამოყენების თაობაზე, პირბადის ტარებაზე, ფიზიკურ დისტანციის დაცვაზე, ხალხმრავლობის კონტროლის პრევენციის ღონისძიებებზე, განიავების სისტემის გაუმჯობესებასა და სხვათა შესახებ. და გაიკეთეთ აცრა, როცა თქვენი ჯერი დადგება“.

ამდენად, ვიდეო Facebook-ზე მანიპულაციურად არის გავრცელებული, რადგან მასში ჯანმოს გენერალური დირექტორის სიტყვები სულ სხვა კონტექსტით არის წარმოჩენილი. რეალურად, გებრეისუსმა გამოსვლაში აღნიშნა, რომ მხოლოდ ვაქცინაცია ვირუსის გავრცელების შესაფერხებლად არ არის საკმარისი, ამიტომ ადამიანებმა ვაქცინაციასთან ერთად ყველა სხვა სიფრთხილის ზომაც უნდა დაიცვან. ამასთანავე, ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული სიფრთხილის ზომების ჩამოთვლის შემდეგ, რომელიც მოსახლეობამ უნდა დაიცვას, გებრეისუსმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ყველა ადამიანი უნდა აიცრას.

შესაბამისად, მტკიცება, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვაქცინების არაეფექტურობა აღიარა, სიმართლეს არ შეესაბამება. უფრო ვრცლად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტურობაზე შეგიძლიათ გაეცნოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიას.

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4167 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
25%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
მეტწილად მცდარი
6%

ყველაზე კითხვადი