იტვირთება

2021 წლის 25 ნოემბერს, Facebook-მომხმარებელმა Qardava Jana-მ ჯგუფში „❣სიყვარული და ბედნიერება❣“ ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც სიკვდილმისჯილი მამაკაცია გამოსახული. ფოტოს თან შემდეგი წარწერაა ერთვის - „მან გატეხა 217 ბანკის ანგარიში, შეაგროვა 400 მილიონი და დაურიგა გაჭირვებულ ხალხს...სიკვდილსაც ასე, ღიმილით შეხვდა, მისი სახელი იყო ჰამზა, ალჟირელი ჰაკერი...“. აღსანიშნავია, რომ იდენტური პოსტი Facebook-სივრცეში წლების განმავლობაში ვრცელდება (პოსტი 1, პოსტი 2, პოსტი 3, პოსტი 4, პოსტი 5, პოსტი 6, პოსტი 7, პოსტი 8) . რეალურად, პოსტი ორი სხვადასხვა ადამიანის ისტორიით მანიპულირებას წარმოადგენს.

სინამდვილეში, ფოტოზე გამოსახული პიროვნება არა ჰაკერი ჰამზა ბენდელაჯი, არამედ მაჯიდ კავუსიფარია, რომელიც 2007 წელს ირანში მოსამართლის მკვლელობისთვის დასაჯეს. რაც შეეხება ალჟირელ ჰაკერს, ჰამზა ბენდელაჯის, მას აშშ-ის სასამართლომ კომპიუტერული ვირუსის გავრცელებით ამერიკული ბანკების გაქურდვისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა 2016 წელს მიუსაჯა.

რეალურად Facebook-ზე გავრცელებული ფოტო, 2007 წლის 2 აგვისტოთი თარიღდება და მასზე ირანელი მამაკაცი მაჯიდ კავუსაფარია გამოსახული. მაჯიდ კავუსაფარი მისი ოჯახის წევრთან, ჰოსეინ კავუსაფარისთან ერთად 2007 წელს ირანის დედაქალაქ თეირანში სიკვდილით საჯაროდ დასაჯეს. კავუსაფარებს სიკვდილით დასჯის განაჩენი 2005 წელს ჩადენილი დანაშაულისთვის, მოსამართლე ჰასან მოგადასის მკვლელობისთვის, გამოუტანეს (ფოტო 1, ფოტო 2, ფოტო 3).

ხოლო რაც შეეხება ჰამზა ბენდელაჯის, ის ალჟირელი ჰაკერია, რომელიც ამერიკის ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ ამერიკული ბანკების გატეხისთვის და მილიონობით დოლარის მოპარვისთვის იძებნებოდა. ალჟირელი ჰაკერი 2013 წლის 5 იანვარს ტაილანდის პოლიციამ დააკავა და მისი ექსტრადირება აშშ-ში 2013 წლის 2 მაისს მოხდა. ჰამზას ბრალად კომპიუტერული ვირუსის სახელწოდებით „SpyEye“-ის შექმნა-გაყიდვა-გავრცელება ედებოდა. ვირუსი მას კომპიუტერებთან წვდომისა და პერსონალური თუ ფინანსური ინფორმაციის მოპარვის შესაძლებლობას აძლევდა. ჰაკერი დამნაშავედ 2015 წელს ცნეს და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, ბენდელაჯმა „ასობით ათასი საკრედიტო ბარათი და საბანკო ანგარიშის ნომერი მოიპარა, რამაც მილიონობით დოლარის ზარალი მიაყენა ფიზიკურ პირებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს მთელ მსოფლიოში“.

ბენდელაჯი ტაილანდში დაკავების დროს

წყარო: AFP Fact Check

როგორც ქართულ, ისე სხვა ქვეყნების სოციალურ ქსელში ბენდელაჯი გმირად შერაცხეს, რომელიც მოპარულ ფულით პალესტინელებისთვის ქველმოქმედებას ეწეოდა. თუმცა, სასამართლო დოკუმენტებში საერთოდ არ არის მითითებული, თუ რა გააკეთა ჰამზა ბედელაჯმა მოპარული ფულით. ტაილანდის პოლიციამ 2013 წელს განაცხადა, რომ ჰამზამ დაკავებისას მათ უთხრა, რომ „ფული მოგზაურობასა და ისეთ მდიდრულ ცხოვრებაზე დახარჯა, როგორიცაა: პირველი კლასით ფრენა და მდიდრულ ადგილებში ყოფნა“.

წყარო: Al Jazeera

ასევე, ჰაკერთან დაკავშირებით არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის სიკვდილით დასაჯეს, თუმცა ეს ხმები ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა არაერთგზის უარყვეს. უფრო მეტიც, ამ მითქმა-მოთქმას twitter-ის პოსტით გამოეხმაურა აშშ-ის ელჩი ალჟირში და დაწერა, რომ კომპიუტერული დანაშაულები სასიკვდილო განაჩენით არ ისჯება.

ჰამზას მეტსახელად „ბედნიერი ჰაკერი“ შეარქვეს, რადგან, როდესაც მას ბორკილები დაადეს და დააპატიმრეს, ის იღიმოდა.

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3580 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
20%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი