იტვირთება

სოციალურ ქსელში კვლავ აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, COVID-19-ის წინააღმდეგ ვირუსის გადატანის შემდეგ შეძენილი იმუნიტეტი უფრო ძლიერია, ვიდრე კორონავირუსის ვაქცინის შედეგად გამომუშავებული. ამასთან ერთად, მასალაში აღნიშნულია, რომ არ არსებობს კვლევა, რომელიც დაადასტურებს, რომ აცრა კორონავირუსის გადატანაში ეხმარება ადამიანს.

ბუნებრივი იმუნიტეტის უპირატესობის შესახებ 17 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმაც განაცხადა. თუმცა, აღნიშნული განცხადება ლევან რატიანმა ისრაელის კვლევაზე დაყრდნობით გააკეთა, მაშინ, როდესაც ახალი კვლევის მონაცემები ჯერ კიდევ არ იყო გამოქვეყნებული. Facebook-მომხმარებლები კი რატიანის სიტყვებს ახალი კველვის შედეგების გამოქვეყნების შემდეგაც აქტიურად აზიარებენ.

ბუნებრივი და ვაქცინით გამომუშავებული იმუნიტეტის შესახებ მსჯელობა აქტიურად მას შემდეგ დაიწყო, რაც 25 აგვისტოს MedRxiv.com-ზე ისრაელში Maccabi Healthcare Services-ის მიერ ჩატარებული კვლევის პირველადი, არარეცენზირებული (pre-print) შედეგები გამოქვეყნდა. ისრაელში ჩატარებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ COVID-19-ის წინააღმდეგ ბუნებრივი იმუნიტეტი უფრო ხანგრძლივ და ძლიერ დაცვას უზრუნველყოფს, ვიდრე ფაიზერის ვაქცინით გამომუშავებული იმუნიტეტი.

მოგვიანებით, 5 ნოემბერს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც ასევე ერთმანეთთანაა შედარებული ბუნებრივი იმუნიტეტი და ვაქცინაციის შედეგად გამომუშავებული იმუნიტეტი. კვლევაში აშშ-ს 9 შტატში კორონავირუსით დაინფიცირებული და ჰოსპიტალიზებული ზრდასრული ასაკის მოსახლეობის მონაცემებია გამოყენებული, რომლებიც ი-რნმ კოვიდვაქცინით, ჰოსპიტალიზაციამდე 90–179 დღით ადრე, სრულად იყვნენ ვაქცინირებულნი და მეორე მხრივ, იმ ზრდასრულთა მონაცემები, რომლებმაც ჰოსპიტალიზაციამდე 90-179 დღით ადრე კორონავირუსი გადაიტანეს და ვაქცინირებულები არ იყვნენ. CDC-ის კვლევა ეყრდნობა VISION Network [1]-დან მოპოვებულ აშშ-ის 187 საავადმყოფოს 2021 წლის იანვარი-სექტემბრის მონაცემებს. CDC-ის კვლევამ აჩვენა, რომ ჰოსპიტალიზაციისას ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი არავაქცინირებულ და ადრე ინფიცირებულ პაციენტებში უფრო მაღალი იყო, ვიდრე სრულად ვაქცინირებულ პაციენტებში.

როგორც ვხედავთ, ისრაელში და აშშ-ში ჩატარებული კვლევების შედეგები ერთმანეთისგან განსხვავდება. საქმე იმაშია, რომ ისრაელის კვლევაში გაანალიზებული იყო ნებისმიერი კოვიდდადებითი პაციენტის მონაცემები, მაშინ, როდესაც CDC-ის კვლევა მხოლოდ ლაბორატორიულად დადასტურებულ და ჰოსპიტალიზებულ მოქალაქეთა მონაცემებს ეყრდნობოდა. ამასთან ერთად, ისრაელში ჩატარებული კვლევის ფარგლებში მხოლოდ 6 თვით ადრე ვაქცინირებული ან დაავადებაგადატანილი პირები შეისწავლეს, რის გამოც ვაქცინის სარგებლის სრული სურათი არ იყო წარმოდგენილი. აშშ-ში ჩატარებული კვლევა კი ფოკუსირებულია ჰოსპიტალიზაციამდე 90-დან 179 დღით ადრე ერთი მხრივ, სრულად ვაქცინირებულ და მეორე მხრივ, მანამდე ინფიცირებულ პაციენტებზე. შედეგად, CDC-ის მიერ წარმოდგენილი კვლევის თანახმად, ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსის რიცხვი 5,49-ჯერ მაღალი იყო არავაქცინირებულ და კორონავირუსგადატანილ ზრდასრულ მოსახლეობაში, ვიდრე ი-რნმ ვაქცინით სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებში, რომელთან მანამდე კორონავირუსი არ გადაუტანიათ. შესაბამისად, აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჰოსპიტალიზებული პაციენტების შემთხვევაში ვაქცინაციით გამომუშავებული იმუნიტეტს, ვირუსის შედეგად გამომუშავებულ იმუნიტეტთან შედარებით - უფრო მაღალი სარგებელი აქვს.

რაც შეეხება მტკიცებას, რომ აცრა კორონავირუსის გადატანაში არ ეხმარება ინფიცირებულს, სიმართლეს არ შეესაბამება. კორონავირუსის ვაქცინები ეფექტურია COVID-19-ით გამოწვეული მძიმე ავადობისა და სიკვდილიანობის თავიდან ასაცილებლად. იქიდან გამომდინარე, რომ COVID-19-ის ვაქცინებს 100%-იანი დაცვა არ გააჩნიათ, შესაძლოა, ვაქცინირებული მაინც დაინფიცირდეს. ამას „ვაქცინის გარღვევის ინფექცია“ (vaccine breakthrough infection) ეწოდება. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) თანახმად, სრულად ვაქცინირებულ ინდივიდებს, რომლებსაც შესაძლოა, „ვაქცინის გარღვევის ინფექცია“ დაემართოთ, უფრო მსუბუქ ფორმებში გადააქვთ კორონავირუსი, ვიდრე მათ, ვინც არ არიან ვაქცინირებულები. სრულად ვაქცინირებულ ადამიანებში განვითარებული კორონავირუსის სიმპტომები არ არის მძიმე, შესაბამისად, სრულადვაქცინირებულ პაციენტებს არავაქცინირებულებთან შედარებით ჰოსპიტალიზაცია უფრო იშვიათ შემთხვევაში სჭირდებათ და გარდაცვალებისგანაც უფრო მეტად არიან დაცულები.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მიერ გამოქვეყნებული ეპიდსიტუაციის ანალიზის ანგარიში ასევე ცხადყოფს, რომ ვაქცინირებული და შემდეგ ინფიცირებული პირები უფრო მეტად არიან დაცული ვირუსის გართულებებისგან, ვიდრე არავაქცინირებულები. NCDC ინფიცირებულ ვაქცინირებულ შემთხვევად განიხილავს ყველა პირს, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა ორი დოზით ვაქცინაციიდან 14 დღის გასვლის შემდეგ. ანგარიშის მიხედვით, სრულად ვაქცინირებულ პირებში ჰოსპიტალიზაციისაგან დაცვის ზოგადი ეფექტურობა 93.35%-ია. ინტენსიური და კრიტიკული მოვლის საჭიროებისგან, სრული ვაქცინაციით განპირობებული დაცვა შეადგენს 97.81%-ს. რაც შეეხება ლეტალური გამოსავლისგან დაცვის ეფექტურობას, 18-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში სრულად ვაქცინირებულთა შორის სიკვდილისაგან დაცვა 99.34%-ია, ხოლო 60 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში სრულად ვაქცინაცია 97.24%-ით იცავს სიკვდილისაგან.

2021 წლის 15 მარტი-30 სექტემბრის პერიოდში, ქვეყანაში ვაქცინაციის დაწყებიდან მოყოლებული, 18 წელს ზევით პოპულაციაში რეგისტრირებულია COVID19-ით გარდაცვალების 5 469 შემთხვევა. საგულისხმოა, რომ ამ შემთხვევების 98.96% (5 412) არავაქცინირებული იყო, ხოლო 1.04% (57 ადამიანი) - ვაქცინირებული.

ვაქცინაცია პანდემიასთან ბრძოლაში კვლავ მნიშვნელოვან როლს თამაშობს. აქედან გამომდინარე, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრიც (CDC) მოსახლეობას ურჩევს, რომ ადამიანებმა კვლავ ჩაიტარონ ვაქცინაცია იმისდა მიუხედავად, მათ COVID-19 უკვე გადაიტანეს, თუ - არა, რადგან ჯერჯერობით უცნობია, COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების შემდეგ ადამიანს ბუნებრივი იმუნიტეტი რამდენ ხანს უნარჩუნდება. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ადამიანების გარკვეულ ჯგუფს, რომელთაც დაავადება გადაიტანეს, შესაძლოა, იმუნიტეტი საერთოდ არ გამოუმუშავდეთ.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

[1]VISION Network - CDC-ის მიერ დაფინანსებული სამედიცინო ჩანაწერების პლათფორმა, რომელიც კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის, რეგენსტრიფის ინსტიტუტის (ინდოეთი), კოლორადოს უნივერსიტეტის და სხვა ინსტიტუტების კოლაბორაციით მუშაობს.


მსგავსი სიახლეები

3580 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
20%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი