იტვირთება

სოციალურ ქსელში სხვადასხვა მომხმარებლის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 30 ნოემბერს მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეის სესია გაიმართა, რომელზეც დაჩქარებული წესით ახალი დოკუმენტის შექმნა განიხილეს, რომელსაც მსოფლიოს ყველა ქვეყნის მთავრობა ხელს მოაწერდა (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4, ბმული 5, ბმული 6, ბმული 7, ბმული 8, ბმული 9). პოსტების მტკიცებით, ეს დოკუმენტი, პირველ რიგში, პანდემიის ოფიციალურ გამოცხადებას ითვალისწინებს და აქვე პოსტების ავტორების მხრიდან კომენტარის სახით ჩართულია წინადადება, რომ „პანდემია (კორონავირუსის) ამ დრომდე ოფიციალურად არ არის გამოცხადებული“. ახალი დოკუმენტი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას პანდემიის ერთპიროვნული მართვის უფლებას მისცემს და ამის პარალელურად „ქვეყნებში შეჩერებული იქნება ძირითადი კანონები: კონსტიტუცია; სამოქალაქო სასამართლო; პოლიცია; ყველა ის უფლება, რომელიც მინიჭებული აქვს ადამიანს კონსტიტუციით...; ყველაფერზე კონტროლს და საჭირო გადაწყვეტილებებს მიიღებს ჯ.მ.ო.“. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის სესია 30 ნოემბერს ნამდვილად გაიმართა და სესიაზე გარკვეული დოკუმენტის შექმნაზეც იყო საუბარი, რეალურად პოსტში გავრცელებული მტკიცებები, სიმართლეს არ შეესაბამება.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ მტკიცება თითქოს ჯანმომ მსოფლიო მოსახლეობა მოატყუა და სინამდვილეში ამ დრომდე პანდემია არ ყოფილა გამოცხადებული, სიცრუეა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ COVID-19 პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა, მას შემდეგ რაც მსოფლიო მასშტაბით 114 ქვეყანაში, 118000-ზე მეტი დაინფიცირებისა და 4291 გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. ვირუსის ფაქტები 11 მარტის მონაცემებით დაფიქსირებული იყო დედამიწის ყველა კონტინენტზე (ანტარქტიდის გარდა). ამასთან, ზემოთაღნიშნულ 4 ლოკაციაზე (ჩინეთი, იტალია, ირანი, სამხრეთ კორეა) მთელი შემთხვევების რაოდენობის 90% მოდიოდა. უფრო ვრცლად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

რაც შეეხება თავად ასამბლეას, სინამდვილეში მიმდინარე წლის 29 ნოემბერ - 1 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის (The World Health Assembly -WHA) სესია გაიმართა. ასამბლეა, როგორც წესი, ყოველი წლის მაისში იკრიბება, თუმცა სპეციალური სესია (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის არსებობის პერიოდში ეს მეორედ მოხდა) წევრი სახელმწიფოების მიერ 74-ე ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე იქნა მოწვეული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადანოს გებრეისუსის თქმით, ასამბლეის მიღებული გადაწყვეტილება ისტორიულია თავისი ბუნებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მის მისიაში და არის ერთი თაობის უნიკალური შესაძლებლობა გააძლიეროს გლობალური ჯანდაცვის არქიტექტურა, რაც ხელს შეუწყობს ადამიანთა კეთილდღეობას. მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სწორედ COVID-19-ის პანდემიამ წარმოაჩინა გლობალურ სისტემაში არსებული ნაკლოვანებები ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვის კუთხით.

ასამბლეის სპეციალურ სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ასამბლეა შექმნის სამთავრობათაშორისო მოლაპარაკების ორგანოს (INB), რომელიც შეიმუშავებს პირველად მონახაზს და გამართავს მოლაპარაკებებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონვენციის, შეთანხმების ან სხვა საერთაშორისო ინსტრუმენტის შესახებ, რომელიც პანდემიის პრევენციას, მზადყოფნასა და რეაგირებას მოახდენს. ყოველივე თანხვედრაში იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსტიტუციის მე-19 მუხლის ან სხვა დებულებებთან, რომელსაც თავად ორგანო მიიჩნევს შესაბამისად.

კონსტიტუციის მე-19 მუხლით გათვალისწინებულია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეას აქვს უფლებამოსილება მიიღოს კონვენციები და შეთანხმებები მსოფლიო ჯანდაცვის კომპეტენციაში შემავალ ნებისმიერ საკითხზე. ამ მუხლის თანახმად, ამ დრომდე შექმნილ ერთადერთ ინსტრუმენტს ჯანმოს ჩარჩო კონვენცია - თამბაქოს კონტროლის შესახებ, წარმოადგენს, რომელმაც 2005 წელს მისი ძალაში შესვლის შემდეგ თამბაქოსგან მოსახლეობის დაცვაში მნიშვნელოვანი და სწრაფი წვლილი შეიტანა.

პირველ დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სამთავრობოთაშორისი მოლაპარაკების ორგანო პირველ შეხვედრას - მუშაობის გზებისა და ვადების შესათანხმებლად, 2022 წლის 1 მარტისთვის გამართავს, ხოლო მეორეს - სამუშაო მონახაზის განსახილველად, 2022 წლის 1 აგვისტოსთვის. ორგანო ასევე საჯარო განხილვებსა და მოსმენებს გამართავს, რათა საზოგადოებას თავიანთი მიზნები გააცნოს. 2023 წლისთვის ასამბლეაზე დოკუმენტის საწყისი ვერსიის, ხოლო 2024 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის 77-ე სესიაზე მისი საბოლოო ვარიანტის წარდგენაა დაგეგმილი.

ამდენად, პოსტებში გავრცელებული მტკიცებები, რომ თითქოს ახალი დოკუმენტი შეიქმნა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას განსაკუთრებულ უფლებებს მიანიჭებს და მისი ამოქმედების შემდეგ პანდემიის პერიოდში ცალკეულ სახელმწიფოებს კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილებები გაუუქმდებათ, სიმართლეს არ შეესაბამება. ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეამ სპეციალურ სესიაზე ნამდვილად გადაწყვიტა შეიქმნას დოკუმენტი, რომელშიც მომავალში პანდემიების პრევენციის და მასთან გამკლავების ეფექტური გზები იქნება განხილული. თუმცა, დღეისათვის ეს დოკუმენტი არაა შექმნილი. სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტები იმ შეთქმულების თეორიების ნაწილია, რომლის თანახმადაც, მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია არ არსებობს და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, მსოფლიო მთავრობებთან ერთად, ადამიანებს სიყალბეში აცხოვრებს.

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3580 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
20%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი