კახა კალაძე: არასდროს ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, კახა კალაძის განცხადება არის მანიპულირება.

რეზიუმე: მიუხედავად იმისა, რომ უცხოელი პარტნიორების მიმართ გაკეთებულ განცხადებებში კალაძე უხამს სიტყვებს არ იყენებს და პირდაპირ არ ილანძღება, მას შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი დამოკიდებულება და ირონია არაერთხელ გამოუვლენია.

ზოგადად, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების სხვადასხვა ფორმით შეურაცხყოფას „ქართული ოცნების“ ლიდერები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ხშირად მიმართავენ.

ანალიზი

9 დეკემბერს თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის მიერ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეზე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ერიკა ოლსონზე დასმულ კითხვას შემდეგნაირად უპასუხა: „არის? ვისზე საუბრობთ? რა თანამდებობა აქვს? თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა? თანაშემწე და იმის მოადგილე კიდევ? არ ვიცოდი ეგეთი თანამდებობა თუ იყო“. შეგახსენებთ, რომ ოლსონის თქმით, საქართველოს „მთავრობის ქმედებებმა ზოგ დემოკრატიულ პროცესს ძირი გამოუთხარა“.

კალაძის აღნიშნულ განცხადებას საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საგარეო პოლიტიკის კეთებას შეურაცხყოფით კისინჯერიც ვერ მოიფიქრებდა.

იან კელის შეფასებას კახა კალაძემ გაუგებარი უწოდა და აღნიშნა, რომ უცხოელი პარტნიორებისთვის შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებია: „არასდროს ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, მათ შორის, არც გუშინ. არ არსებობს ამის დამადასტურებელი არცერთი ფაქტი. გაუგებარია იან კელის განცხადება. მე შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია და თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ ჩემს განცხადებას, სადაც მე სტრატეგიულ პარტნიორებს, რომელიმე უცხოელ მეგობარს მივაყენე შეურაცხყოფა“.

„ფაქტ-მეტრმა“ თბილისის მერის განცხადება გადაამოწმა.

კრიტიკაზე, განურჩევლად იმისა, თუ ვისგან და საიდან მოდის ის, შეურაცხმყოფელი რეაგირებით, კახა კალაძე „ქართული ოცნებიდან“ ერთ-ერთი გამორჩეულია. განსაკუთრებულად შეურაცხმყოფელი - აგრესიული თუ დამამცირებელი დამოკიდებულებით თბილისის მერი მედიის წარმომადგენლების, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მიმართ გამოირჩევა, თუმცა, სხვადასხვა ფორმით ის უცხოელი პარტნიორების დამცირებასაც არ ერიდება.

მაგალითისთვის, მიმდინარე წლის აგვისტოში ესტონეთის პრეზიდენტის, კერსტი კალიულაიდის განცხადების შეფასებისას, კალაძემ ყველას თავისი ქვეყნის მიხედვა ურჩია. „ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს. ჩვენ როგორმე შევძლებთ რეფორმების განხორციელებას და იმის გაკეთებას, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება მალე გახდეს ევროკავშირის წევრი“, - აღნიშნა მან.

კალიულაიდმა თქვა, რომ ევროკავშირის გაფართოების მომხრეა, თუმცა, შესაძლოა, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას 20 წელი დასჭირდეთ, რომ ევროკავშირში შესასვლელად იყვნენ მზად.

სექტემბერში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების, ირაკლი კობახიძის და ნიკა მელიას სიტყვიერი დაპირისპირების შეფასებისას ირიბი, თუმცა უხეში ფორმით გააკრიტიკა კონკრეტული ელჩები და თქვა, რომ მათი ჩართულობით გათავისუფლდა სულით კრიმინალი მელია: „ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალი, სულით კრიმინალია და სამწუხაროა ის, რომ კონკრეტული ელჩების ჩართულობით კრიმინალი დღეს გარეთ არის“.

სასაცილო და რეალობას აცდენილი უწოდა კალაძემ გასული წლის იანვარში სენატორების, ჯეიმს რიშისა და ჯინ შაჰინის წერილში გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას მიემართებოდა. „აუცილებელია მუშაობა, შინაარსობრივად განცხადებები, რეალობას არ შეესაბამება. როცა არის საუბარი რომ ჩვენ მივისწრაფვით რუსეთისკენ, სასაცილოა ნამდვილად“, - აღნიშნა კალაძემ.

მიუხედავად იმისა, რომ უცხოელი პარტნიორების მიმართ გაკეთებულ განცხადებებში კალაძე უხამს სიტყვებს არ იყენებს და პირდაპირ არ ილანძღება, მისი დამამცირებელი დამოკიდებულება და ირონია აშკარად იგრძნობა.

ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების კრიტიკაში უფრო უხეშ ფორმებს მიმართავენ „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები.

მაგალითად, ირაკლი კობახიძე ხშირად აკრიტიკებს ევროპარლამენტარების ნაწილს და მათ კონკრეტული კრიმინალების ლობისტებს უწოდებს. ასევე, საერთაშორისო მოკავშირეებს მართლმსაჯულების პოლიტიზებაში ადანაშაულებს: „მათ აღარ მივცემთ, კონკრეტულ ლობისტებს - საქართველოში მართლმსაჯულების პოლიტიზების შესაძლებლობას. ლობისტებს აქვთ თავიანთი საქმე, ისინი ამაში იღებენ ფულს და ვერ გავამტყუნებთ, ფული აქვთ აღებული და ლობირება უნდა გაუწიონ მიხეილ სააკაშვილს და სხვა კრიმინალებს, მაგრამ რაც შეეხება მართლმსაჯულების პოლიტიზებას, ამას წერტილი დაესვა“.

უცხოელი პარტნიორების კრიტიკის მხრივ ერთ-ერთი „გამორჩეულია“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც. მიმდინარე წლის სექტემბერში მან ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი გააკრიტიკა საკმაოდ უხეში და დამცინავი ფორმით და აღნიშნა, რომ ევროპარლამენტარი მის უფროსი არ არის: „ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი, ჩვენი უფროსი არის ქართველი ხალხი. თუ მათ აინტერესებთ საქმის ვითარებაში და არსში გარკვევა, უნდა გაარკვიონ და არა ზედაპირული განცხადებები აკეთონ... არ მაინტერესებს, ვინ რა თქვა, მე ვეუბნები ჩვენს ხალხს, რომ ეს იყო სესხი და ჩვენ დამატებითი სესხის აღებაზე ვთქვით უარი".

ვიოლა ფონ კრამონი ამბობდა, რომ საქართველომ ვერ შეასრულა ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობები.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი