იტვირთება

2013 წლის 17 მაისის საქმეზე („ქალთა ინიციატივის მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

გადაწყვეტილების თანახმად, 2013 წლის 17 მაისს აპლიკანტთა მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი მე-14-თან ერთად, რაც გულისხმობს დისკრიმინაციულად არაადამიანურ მოპყრობას და რაზეც ხელისუფლებაა პასუხისმგებელი, ერთი მხრივ, მშვიდობიანი დემონსტრანტების მოძალადეთა აგრესიისგან დაუცველობის, ხოლო მეორე მხრივ, არასათანადო გამოძიების (პროცედურული ნაწილი) გამო.

ასევე, დაირღვა მე-11 მუხლი მე-14-თან ერთად, რაც გულისხმობს შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლების დარღვევას დისკრიმინაციულად.

სასამართლომ, კონვენციის 41-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფოს დაზარალებულებისთვის ჯამურად €193 500-ის გადახდა დააკისრა.

გადაწყვეტილების მიხედვით, 17 მაისს სახელმწიფომ პრევენციული ზომების მიღება, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიების ძალადობრივი დემონსტრანტებისგან დასაცავად, ვერ უზრუნველყო.

„მიუხედავად იმისა, რომ რეალობა და რისკის მასშტაბი სრულად იყო გაცნობიერებული, პოლიცია უფრო ეფექტიანი ზომების მიღების ნაცვლად, რაც აპლიკანტებს საშუალებას მისცემდა, გაეგრძელებინათ მშვიდობიანი ღონისძიება, შემოიფარგლა [დემონსტრანტების] ადგილიდან გაყვანის გეგმის, როგორც ერთადერთი ალტერნატივის, შემუშავებით. ასეთი დამოკიდებულება მიანიშნებს, რომ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის ღონისძიების ჩატარების უზრუნველყოფისთვის მიღებული ზომები არასოდეს ყოფილა ადგილობრივი მთავრობის პრიორიტეტი“, - ვკითხულობთ გადაწყვეტილებაში.

2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, თბილისში შეკრებილ ლგბტ თემის წევრებს, მართლმადიდებელი სასულიერო პირების თანხლებით, ათასობით მონაწილე დაუპირისპირდა. ისინი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ აქციის მონაწილეებს. შეხლა-შემოხლის დროს, რაზეც პოლიცია ვერ ახდენდა რეაგირებას, აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა. კონტრაქციის მონაწილეებმა, ასევე, დალეწეს ავტობუსები და მიკროავტობუსები.

2013 წლის შემდეგ საპატრიარქომ 17 მაისი ოჯახების სიწმინდის დღედ გამოაცხადა. მრევლის ნაწილი ოჯახის სიწმინდის დღეს ყოველ წელს აღნიშნავს და ქუჩაში სამების ეკლესიისკენ მსვლელობა იმართება.


მოკლედ ლგბტ+ თემის წევრთა მიმართ არსებული დისკრიმინაციის შესახებ

„ფაქტ-მეტრი“ ლგბტ+ პირთა მიმართ არსებულ დისკრიმინაციას წარსულშიც არაერთხელ გამოეხმაურა. 2013 წლის 17 მაისის მოვლენების შემდეგ, ნაცვლად იმისა, რომ მიღებულიყო ქმედითი ზომები დამნაშავეთა დასასჯელად და მომავალში ლგბტ+ პირების შეკრებისა და გამოხატვის უფლების უზრუნველსაყოფად, ხელისუფლება საკითხისადმი უფრო მეტ გულგრილობას იჩენს და თვითონ გვევლინება ძალადობის წამახალისებლად. მმართველი გუნდის წარმომადგენლებისგან ხშირად გვესმის განცხადებები, რომ საქართველოში ლგბტ+ თემის წარმომადგენლებს არავინ დევნის. მაგალითად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, ლგბტ+ ადამიანებს საქართველოში არავითარი საფრთხე არ ექმნებათ და არც ერთი ფაქტი არ არსებობს მათ მიმართ დისკრიმინაციის.

რეალურად, 2013 წლის 17 მაისის ძალადობრივი მოვლენების შემდეგაც, თითქმის, ყოველ წელს „თბილისი პრაიდის“ გამართვასთან დაკავშირებით პრობლემები იქმნება.

გარდა იმისა, რომ ბოლო წლებში განსაკუთრებით იგრძნობა ულტრამემარჯვენე, ჰომოფობიური ჯგუფების გააქტიურება ლგბტ+ თემის წინააღმდეგ, რომელთა წამქეზებლადაც ხშირად მართლმადიდებელი სასულიერო პირები გვევლინებიან, პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ ასეთი ჯგუფებიდან წამოსული საფრთხის აღსაკვეთად სახელმწიფო, ძირითადად, უმოქმედოა ან არასათანადოდ მოქმედებს. მაგალითად, 2019 წელს, გიორგი გახარიას შს მინისტრობის პერიოდში, ღირსების მარშის მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, სამინისტრომ უარი განაცხადა.

ხელისუფლებამ მიმდინარე წლის 5 ივლისს ჩასატარებელ „ღირსების მარშთან“ დაკავშირებითაც გულგრილობა გამოიჩინა. მიუხედავად იმისა, რომ ჰომოფობიური ჯგუფები წინასწარ აანონსებდნენ მარშის ჩაშლას, ძალადობრივი ქმედებების აღსაკვეთად სახელმწიფომ ქმედითი ზომები არ მიიღო. შედეგად, ჰომოფობიურმა ჯგუფებმა 5 ივლისს პარლამენტის წინ გაშლილი კარვები დაშალეს, დაარბიეს მოძრაობა „სირცხვილიას“ და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციების ოფისები, თავს დაესხნენ ან/და ფიზიკურად გაუსწორდნენ, სულ მცირე, 50 ჟურნალისტს.

მიუხედავად ბოლო წლებში საკანონმდებლო დონეზე განხორციელებული რიგი პოზიტიური ცვლილებებისა, საქართველოში ლგბტ+ ადამიანები დღემდე ვერ ახერხებენ უფლებების სრულფასოვნად რეალიზებას და სიძულვილის ჯგუფების რაოდენობისა და გავლენის ზრდის გამო, კვლავ ხდებიან ძალადობის, ზეწოლისა და დისკრიმინაციის მსხვერპლნი. ყოველდღიურ ცხოვრებაში ისინი, შრომითი, ჯანდაცვის, განათლებისა და სხვა უფლებების სრულფასოვანი სარგებლობის კუთხით, დაბრკოლებებს განიცდიან.


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
3916 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
24%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი