იტვირთება

გორის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა უფლებამოსილების პირველივე დღეებში საკადრო წმენდა დაიწყო. მან მუნიციპალიტეტის 3 ადმინისტრაციულ ცენტრში მერის წარმომადგენლები შეცვალა და ხელშეკრულებები ახალ კადრებს გაუფორმა.

გორის მუნიციპალიტეტის 33 ადმინისტრაციული ცენტრია. აქედან 11 ქალაქში, 22 - სოფლად. რატომ მაინცდამაინც სოფელ ატენში, წმინდაწყალსა და სადგურის დასახლებებში დაინიშნნენ ახალი კადრები, მერი ვერ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ მისი ეს გადაწყვეტილება კანონის ფარგლებს არ სცდება.

„არავინ გამითავისუფლებია, ამ ადამიანებს ამოეწურათ ხელშეკრულების ვადა და უმრავლესობას გაუგრძელდა, რამდენიმეს არ გაუგრძელდა. მოხდა ცვლილებები და გადახალისება ეფექტური მუშაობის მიზნით. სადაც დავინახე, რომ უფრო ეფექტური მუშაობა იყო საჭირო და ამის მიხედვით მივიღე გადაწყვეტილება“,-აღნიშნა გორის მერმა.

ოპოზიციის ინფორმაციით, გათავისუფლებული საჯარო მოხელეები წინასაარჩევნოდ გახარიას მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებაში იყვნენ შემჩნეულები და აღნიშნული გადაწყვეტილებაც ამ ფაქტს უკავშირდება.

სადგურის უბანზე კი, სადაც მერმა ახალი წარმომადგენელი დანიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები წააგო. გორის მერი პოლიტიკური ნიშნით დევნას უარყოფს, თუმცა არ მალავს, რომ ახლადდანიშნული წარმომადგენლები მისი ახლობლები არიან.

სოფელ ატენში მერის წარმომადგენლად წლების განმავლობაში ნუგზარ მძინარაშვილი მუშაობდა. ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მერობის პირველი კვირიდან კი ის მერის ასევე მოჭიდავე მეგობარმა, სანდრო ხუციშვილმა ჩაანაცვლა.

გორში წმინდაწყლის დასახლებაში მერის წარმომადგენელი კულტურის სააგენტოს სპეციალისტი ნონა ჩერქეზიშვილი გახდა, რომელიც ამბობს, რომ წინამორბედს, თამარ კილაძეს ადგილი გაუცვალა. ჩერქეზიშვილი წინასაარჩევნოდ აქტიურობით გამოირჩეოდა და როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, თავის დროზე ისიც პარტ-აქტივთან ერთად დაასაქმეს მუნიციპალურ ა(ა)იპ-ში. რაც შეეხება სადგურის დასახლებას, აქ მერის წარმომადგენლად ტურიზმის განყოფილების ყოფილი სპეციალისტი, მაია მუჯარიძე დაინიშნა, როგორც მისი წინამორბედი ამბობს, ის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მეგობრის დედაა.

საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გორის მერმა ახალი წარმომადგენლის დანიშვნა დროებით გადადო. ამ დროისთვის გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ადმინისტრაციულ ცენტრში წარმომადგენლის პოზიცია ვაკანტურია (წინა მერის მუშაობის ბოლო პერიოდიდან). ვიდრე გორის მერი აღნიშნულ თანამდებობაზე შესაბამის კადრებს შეარჩევს, მანამდე მრჩეველი დანიშნა. საქმიანობის განხორციელებაში 2 მოადგილესთან ერთად ხინჩეგაშვილს, მრჩეველი - სტუდენტობის პერიოდის მეგობარი, დავით კვერნაძეც დაეხმარება.

იურიდიული გამოცდილების მქონე მრჩეველთან ერთად, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი იურიდიული საკითხების მოგვარებას შეუდგა. ვიდრე მერის რანგში ქონებრივ დეკლარაციას შეავსებს, ბიზნესის წილები და უძრავი ქონება სხვა პირებს გადაუფორმა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ხინჩეგაშვილი ბიზნეს სექტორში 2017 წლიდან ჩაერთო. ის ჯერ შპს „ფლოლეს ქონსთრაქშენის“, შემდეგ კი, „გგ ჰოუმის“ მეწილე გახდა. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე შპს „ლეგასის“ დირექტორი და „საქართველოს მოქმედ სპორტსმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტი იყო. ამჟამად, ამ გაერთიანებებში მხოლოდ დამფუძნებლად და მეწილედ ფიქსირდება.

2020 წელს დაფუძნებული კომპანიაში, რომელიც ძირითადად დეველოპერულ და ბინათმშენებლობის საქმიანობას ეწევა, ხინჩეგაშვილის პარტნიორები გიორგი იანტბელიძე და მამუკა არევაძე არიან. დირექტორის პოზიცია ხინჩეგაშვილმა სწორედ ამ უკანასკნელს გადააბარა. სხვა პირებზე გადააფორმა ასევე არჩევნებამდე და გამარჯვების შემდეგ უძრავი ქონების ნაწილი, მათ შორის - ატენის თემში მდებარე სახნავ-სათესი მიწის ნაკვეთი.

მერის უფლებამოსილების ოფიციალურად გადაცემის შემდეგ კი ხინჩეგაშვილმა საჯარო რეესტრს ერთ დღეში 4 განცხადებით მიმართა.

ერთი განცხადებით მან საკუთრების უფლების რეგისტრაცია გარიგების საფუძველზე მოითხოვა. გორში, ცხინვალის გზატკეცილზე მდებარე უძრავი ქონება ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ვინმე ზურაბ გაბოძეს გადაუფორმა.

მეორე განცხადება გორში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე ფართს ეხება, რომელზეც მერმა იჯარის უფლების შეწყვეტის რეგისტრაცია მოითხოვა, ამ შემთხვევაში დაინტერესებული პირი შპს „სერვის პლუსის“ წარმომადგენელი, მერაბ გიორგაძეა.

მესამე განცხადებით გიორგაძის ნაცვლად, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი იჯარის უფლების გადაცემას ისევ ზურაბ გაბოძისთვის ითხოვს. გორში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე ფართთან დაკავშირებით, ხინჩეგაშვილი სწორედ მასთან აფორმებს იჯარის ხელშეკრულებას, რაზეც ხინჩეგაშვილის მიერ რეესტრში დაფიქსირებულ მე-4 განცხადებაშია საუბარი.

უძრავ ქონებას გორის ახალი მერი დედაქალაქსა და გორის სხვადასხვა სოფელსა თუ დასახლებაში ფლობს, თუმცა რამდენად სრულყოფილად ასახავს ის ამ ყველაფერს პირველ დეკლარაციაში, უცნობია. ვლადიმერ ხინჩეგაშვილს, როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირს, ქონების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი ჯერ არ გამოუქვეყნებია.


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
3916 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
24%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი