ნათია თურნავა: FDI იზრდება და ადრე არსებული ნეგატიური დინამიკა შეცვლილია

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ნათია თურნავას განცხადება არის ტყუილი.

რეზიუმე:

2021 წლის პირველ 3 კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ჯამურად 728.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიური პერიოდის - პანდემიურ მაჩვენებელზე, მხოლოდ 3.2%-ით მეტია და ზრდა, საბაზო ეფექტით არის გამოწვეული. აბსოლუტურ მონაცემებში, ინვესტიციები მხოლოდ 22 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულ კონტექსტში, კატასტროფულია ფაქტი, რომ 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 2021 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 25%-ით არის შემცირებული, როდესაც 2019 წელს, წინა წლებთან შედარებით, ნეგატიური დინამიკა ისედაც გამოკვეთილი იყო.

2021 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, სააქციო კაპიტალის სახით, ქვეყანაში მხოლოდ 84 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 70% კლებაზე მიუთითებს, რაც კიდევ ერთი კატასტროფული მონაცემია, იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წლის მონაცემი დამოუკიდებელი საქართველოს ბოლო 26 წლიანი მინიმუმი გახლდათ. პუი-ს მონაცემის ზრდა, ძირითადად რეინვესტირების მოცულობის გაორმაგებას უკავშირდება. გარდა იმისა, რომ ინვესტიციების მთლიანი დინამიკის მხრივ, სახეზეა კატასტროფული ვითარება, 2021 წელს, წინა წელთან შემცირებით, ახალი ინვესტიციების შემოსვლის მაჩვენებელი დაახლოებით 3-ჯერ არის შემცირებული. შესაბამისად, ნათია თურნავას განცხადება არის ტყუილი.

ანალიზი:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით განაცხადა: „პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა იზრდება და ადრე არსებული ნეგატიური დინამიკა შეცვლილია“.

„ფაქტ-მეტრმა“აღნიშნული განცხადების გადამოწმება გადაწყვიტა.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (პუი) ერთი ქვეყნის რეზიდენტის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში არანაკლებ 10%-ის ან მისი ეკვივალენტის წილის ფლობასა და საწარმოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა ეკონომიკური ხასიათის ოპერაციების წარმოებას გულისხმობს. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 3 ძირითადი კომპონენტისგან შედგება, ესენია: ინვესტორების სააქციო კაპიტალი, განხორციელებული რეინვესტიციები და სავალო ვალდებულებები.

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წლის III კვარტალში 299.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის III კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებს 1.4 პროცენტით აღემატება. საქსტატის ინფორმაციით, ზრდა ძირითადად რეინვესტიციის მაჩვენებლის გაზრდით არის განპირობებული. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის პირველ 3 კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ჯამურად 728.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში, პანდემიურ მაჩვენებელზე მხოლოდ 3.2%-ით მეტია.

სამართლიანობისთვის, ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ 2020 წელს, პანდემიური ვითარება საინვესტიციო სფეროსთვის კატასტროფული არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის აღმოჩნდა. ამ თვალსაზრისით, საქართველოს მთავრობას პასუხისმგებლობა შეიძლება მხოლოდ ნაწილობრივ დაეკისროს. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი 2021 წლის მაჩვენებელს 2020 წლის პანდემიურ დაბალ საბაზო ნიშნულს მქონე მაჩვენებელს ადარებს, რაც ბუნებრივია, მანიპულაციურია. მით უმეტეს, ინვესტიციების დინამიკა საქართველოში პანდემიამდელ პერიოდშიც პრობლემური იყო. 2018-2019 წლებში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდა. 2017 წელს, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 1.98 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2019 წელს 1.3 მლრდ აშშ დოლარი, რაც 2017 წელთან შედარებით 645 მლნ აშშ დოლარით (32.5%-ით) კლებას წარმოადგენდა. აღნიშნულ კონტექსტში, კატასტროფულია ფაქტი, რომ 2019 წლის 3 კვარტალთან შედარებით, 2021 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 24.5%-ით არის შემცირებული.

ცხრილი 1: ინვესტიციები 2013-2021

წყარო: ფაქტ-მეტრი

ზოგადად, ბოლო წლებში, პუი-ს სტატისტიკა სახარბიელო ნამდვილად არ არის. უფრო მეტიც, 2018-2020 წლების განმავლობაში, ფულადი გზავნილები უცხოეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობას აღემატებოდა, ანუ ემიგრანტებს ქვეყნისთვის უფრო მეტი ფული შემოჰქონდათ, ვიდრე უცხოელ ინვესტორებს. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის სამი კვარტლის განმავლობაში, ფულადი გზავნილების მოცულობამ 1.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემს დაახლოებით 2.3-ჯერ აღემატება.

მნიშვნელოვანია უშუალოდ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტრუქტურის განხილვაც. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 3 კომპონენტისგან შედგება, ესენია: ინვესტორების სააქციო კაპიტალი, განხორციელებული რეინვესტიციები [1] და სავალო ვალდებულებები. [2]

ცხრილი 2: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტრუქტურა 2017-2021 წლებში, პირველი სამი კვარტლის მიხედვით

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2021 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამურად 728.4 მილიონი აშშ დოლარი შემოვიდა, ხოლო თუ გავითვალისწინებთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კომპონენტებს, რეინვესტირების სახით ქვეყანაში 613 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, სააქციო კაპიტალის სახით, ქვეყანაში მხოლოდ 84 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა, ხოლო სავალო ვალდებულებებმა კი 32 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. პუი-ს მონაცემის ზრდა, ძირითადად რეინვესტირების მოცულობის გაორმაგებას უკავშირდება. რეინვესტირების მაღალი წილი პუი-ს სტრუქტურაში ახალი ინვესტიციების შემოსვლის დაბალ მაჩვენებელზე მიანიშნებს, რაც საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის უარყოფით მოვლენას წარმოადგენს.

[1] რეინვესტიცია - სხვაობა მოგება-ზარალსა და დივიდენდებს შორის.

[2] სავალო ვალდებულებებში აისახება სავაჭრო კრედიტები და სესხები.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი