ნათია თურნავა: სტაბილური საინვესტიციო გარემო არის ფაქტი, რომელიც დადასტურებულია სარეიტინგო სააგენტოების მიერ.

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ნათია თურნავას განცხადება არის მანიპულირება

რეზიუმე:

იმის მიუხედავად, რომ პანდემიური პერიოდის განმავლობაში, საკრედიტო სარეიტინგო კომპანიებს საქართველოს სარეიტინგო შეფასება არ გაუუარესებიათ და ბოლო 10 წლის განმავლობაში, საინვესტიციო გარემოს შეფასების მხრივ დადებითი დინამიკა აღინიშნება, საქართველო არა-საინვესტიციო დონეში რჩება. სარეიტინგო კომპანიების შეფასებით, საქართველოში არსებობს მნიშვნელოვანი სპეკულაციური რისკები, რაც ბუნებრივია, ინვესტორებისთვის უარყოფით სიგნალს წარმოადგენს. საინვესტიციო დონის მისაღწევად, საკრედიტო-სარეიტინგო კომპანიების შეფასებით, საქართველოს ორი საფეხურით დაწინაურება ესაჭიროება. პანდემიურ პერიოდში, უხეშად რომ ვთქვათ, საქართველოს სარეიტინგო გარემო შეიძლება შეფასდეს როგორც „სტაბილურად მძიმე“. შესაბამისად, ეკონომიკის მინისტრის განცხადება მანიპულაციურია.

ანალიზი:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, საინვესტიციო გარემოს შეფასებასთან დაკავშირებით განაცხადა: „სტაბილური საინვესტიციო გარემო არის ფაქტი, რომელიც დადასტურებულია სარეიტინგო სააგენტოების მიერ“.

საინვესტიციო გარემო, ან საინვესტიციო კლიმატი, ეხება ეკონომიკურ, ფინანსურ და სოციალურ-პოლიტიკურ პირობებს ქვეყანაში ან რეგიონში, რომლებიც გავლენას ახდენენ ცალკეული პირების, ბანკების და ინსტიტუტების მზადყოფნაზე, კონკრეტულ ქვეყანაში გასცენ სესხი და შეიძინონ წილი (ინვესტირება). ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი ინვესტორს ცალკეულ ქვეყანაში ინვესტირების რისკფაქტორების და ამ ქვეყნის სანდოობის შესახებ ინფორმაციას აწვდის. საკრედიტო რეიტინგებს ათეულობით სააგენტო აქვეყნებს, თუმცა მათ შორის ყველაზე გავლენიანი და საყოველთაოდ ცნობილი სამეულია: Standard & Poor’s (S&P), Moody’s და Fitch. ყოველი საკრედიტო სააგენტო საკუთარი მეთოდოლოგიის შესაბამისად მუშაობს, თუმცა ძირითადი მაჩვენებლები, რასაც ყურადღება ექცევა, საერთოა და როგორც ეკონომიკურ ინდიკატორებს, ასევე ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და გარემოს, მოიცავს.

Standard &Poor’s და Fitch ის შეფასების სისტემები მსგავსია: უმაღლესი შეფასება მათ სისტემაში არის AAA, შემდგომ AA+, AA, AA-, საშუალოზე მაღალი A+, A, A-, საშუალოზე დაბალი BBB+,BBB, BBB-, არასაინვესტიციო სპეკულაციური BB+, BB, BB-, სპეკულაციური B+, B, B-, მნიშვნელოვნად რისკიანი CCC, დეფოლტი გაუმჯობესების პერსპექტივით CC, დეფოლტი D. მსგავსია Moody’s შეფასებაც მსგავსია, მაგრამ +/--ის ნაცვლად ციფრებს იყენებს: Aaa, Aa1, Aa2, Aa3, A1,A2,A3, Baa1, Baa2, Baa4, Ba1, Ba2, Ba3, B1, B2, B3, Caa1, Caa2, Caa3, Ca, C. შეფასების საფეხურები, თავის მხრივ, საინვესტიციო და არასაინვესტიციო ჯგუფებად იყოფა. აღნიშნული შეფასებების ეკონომიკური ინტერპრეტაცია შეგიძლიათ, იხილოთ ცხრილ 1-ში.

ცხრილი 1: „Moody’s, „S&P”, და „Fitch”-ის შეფასებები და შეფასებების ინტერპრეტაცია

წყარო: https://www.bankersalmanac.com/addcon/infobank/credit_ratings/standardandpoors.aspx

ასევე, ჩამოთვლილი ორგანიზაციები რეიტინგის პერსპექტივასაც აფასებენ, რაც მათ შეფასებებს ასახავს, თუ რა მოლოდინები აქვთ ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს და შესაბამისად, შეფასების სამომავლო დინამიკასთან დაკავშირებით. პერსპექტივა შეიძლება იყოს დადებითი, ნეგატიური ან ნეიტრალური.

Fitch-მა საქართველოს BB-სტაბილური შეფასება 2021 წლის აგვისტოში მიანიჭა, ხოლო S&P-მ, BB ნეგატიური შეფასება 2021 წლის თებერვალში. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის აპრილში, Fitch-მა საქართველოს BB შეფასების პერსპექტივა ნეგატიურად შეაფასა, თუმცა მოგვიანებით, პერსპექტივა კვლავ გაუმჯობესდა. Moody’s შემთხვევაში, საქართველოს Ba2 სტაბილური შეფასება 2017 წლიდან აქვს მინიჭებული. შესაბამისად, საკრედიტო სარეიტინგო შეფასებით საქართველოს ეკონომიკაში სპეკულაციური რისკები არსებობს და საქართველოს საინვესტიციო გარემო, არა-საინვესტიციო კატეგორიაში ექცევა. საქართველოს პანდემიამდელ პერიოდში, BB და Ba სტაბილური შეფასებები ჰქონდა მინიჭებული, შესაბამისად, პანდემიურ ვითარებას საქართველოს სარეიტინგო შეფასებებზე არსებითი გავლენა არ მოუხდენია, თუმცა, ქვეყანა როგორც პანდემიამდელ, ასევე პანდემიის პერიოდში, არასაინვესტიციო დონეში ექცევა, შესაბამისად, იმის მიუხედავად რომ გრძელვადიან პერიოდში გარკვეული დადებითი დინამიკა ფიქსირდება, ეკონომიკის მინისტრის შეფასება რომ საქართველოს საინვესტიციო გარემო სტაბილურია, ცალსახად მანიპულაციურია.

ცხრილი 2: საქართველოს შეფასების დინამიკა 2005-2021 წლებში

წყარო:https://tradingeconomics.com/georgia/rating


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5364 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი