იტვირთება

2021 წლის დეკემბერში სოციალურ ქსელში კომუნალურ გადასახდელებზე დაფიქსირებულ მაღალ ინფლაციასთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის მტკიცება გავრცელდა. პოსტების ნაწილი, აღნიშნულ ინფლაციას როგორც ტარიფების ზრდას ისე წარმოაჩენდა, ხოლო ნაწილი მხოლოდ დაფიქსირებულ მაღალ ინფლაციას უსვამდა ხაზს. თუმცა, რეალურად, ინფლაციის დრამატული მაჩვენებლები ძირითადად კომუნალური გადასახდელების სუბსიდირებასთან დაკავშირებული ტექნიკური მიზეზებით იყო გამოწვეული.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის დეკემბერში, წლიური ინფლაციის დონემ 13.9 პროცენტი შეადგინა. მათ შორის, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასების 43.5- პროცენტიანი მატება დაფიქსირდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.64 პროცენტული პუნქტით აისახა. კონკრეტულად, წყლის, ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიის და ნაგვის გატანის გადასახდელების ფასების დინამიკა, თვეების მიხედვით, გრაფიკ 1-ზეა წარმოდგენილი.

გრაფიკი 1: წყლის, ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიის და ნაგვის გატანის სამომხმარებლო ფასების დინამიკა (ინფლაცია).

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2021 წლის დეკემბერში, ელექტროენერგიის გადასახდელის ინფლაციამ 65.6% შეადგინა, წყლის გადასახდელის 77.4%, ხოლო ბუნებრივი გადასახდელის ინფლაციამ კი 76.6%. შესაბამისად, რჩება შთაბეჭდილება რომ კომუნალური ტარიფები 1 წლის განმავლობაში დაახლოებით 1.6-1.8-ჯერ, ანუ უხეშად, 60-80%-ით გაიზარდა. თუმცა, აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება. ფაქტია, რომ ინფლაციის მაჩვენებლები, კომუნალურ ტარიფებზე მეტად იზრდებოდა. სტატიაში განვიხილავთ, კომუნალური გადასახდელები რეალურად რამდენით გაიზარდა და ინფლაციის მაჩვენებლების ზრდა ტარიფების ზრდას რატომ აღემატებოდა.


როგორ იზრდებოდა კომუნალური გადასახდელების ტარიფები გასული წლის განმავლობაში?

სემეკის 2020 წლის დეკემბრის გადაწყვეტილებით, „თელმიკოს“ შემთხვევაში (თბილისში), იმ აბონენტებისთვის, ვინც თვეში 101 კვტ.სთ-ს ელექტროენერგიას მოიხმარს, ელექტროენერგიის ტარიფი დღგ-ს ჩათვლით 14.544 თეთრიდან 18.041 თეთრამდე გაიზარდა, 101-301 კვტ.სთ მომხმარებლისთვის - 18.556 თეთრიდან 22.053-თეთრამდე, 301 კვტ.სთ-ზე მეტი ელექტროენერგიის მოხმარებისთვის ტარიფი 23.040 თეთრიდან 26.537 თეთრამდე გაიზარდა. ზრდამ თითოეულ შემთხვევაში 3.5 თეთრი შეადგინა. შესაბამისად, ელ ენერგიის ტარიფები ბოლოს 2021 წლის იანვარში, საშუალოდ 19%-ით გაიზარდა. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შემთხვევაში (რეგიონებში), 101 კვტ.სთ-მდე მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის ტარიფი დღგ-ს ჩათვლით 14.237 თეთრიდან 17.731 თეთრამდე გაიზარდა, 101-301 კვტ.სთ-ს შემთხვევაში - 18.213 თეთრიდან 21.707 თეთრამდე, 301 კვტ.სთ-ზე მეტი ელექტროენერგიის მოხმარების შემთხვევაში კი 22.733 თეთრიდან 26.227 თეთრამდე გაიზარდა. „ენერგო-პროს“ შემთხვევაში, თითოეული ტიპის აბონენტისთვის ზრდამ 3.494 თეთრი შეადგინა. აღნიშნულ შემთხვევაშიც, საშუალო ზრდა დაახლოებით 19%-ს შეადგენს.

ცხრილი 1: ელ. ენერგიის სამომხმარებლო ტარიფის ზრდა 2021 წლის იანვრის მონაცემებით, დღგ-ს ჩათვლით

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე

2021 წლის პირველი იანვრიდან, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გამრიცხველიანებული აბონენტთათვის, 1 მ3 საყოფაცხოვრებო მოხმარების წყლის საფასური 0.171 ლარით - 0.329 ლარიდან 0.50 ლარამდე გაიზარდა, გაუმრიცხველიანებელი აბონენტებისთვის კი - სულზე 0.626 ლარით - 3.892 ლარიდან 4.518 ლარამდე. ტარიფი გაიზარდა კომპანია „რუსთავის წყლის“ მომხმარებლებისთვისაც. კერძოდ, გამრიცხველიანებული აბონენტთათვის, 1 მ3 საყოფაცხოვრებო მოხმარების წყლის საფასური 0.095 ლარით - 0.405 ლარიდან 0.50 ლარამდე გაიზარდა, გაუმრიცხველიანებელი აბონენტებისთვის კი - სულზე 0.723 ლარით - 2.281 ლარიდან 3.004 ლარამდე.

ცხრილი 2: წყლის საფასურის ზრდა 2021 წლის პირველი იანვრიდან, ლარი (1 კუბური მეტრი)

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე

დედაქალაქის მაცხოვრებლებისთვის, ბუნებრივი აირის გადასახადი 2021 წლის ივნისიდან, 17%-ით გაძვირდა და 39.1 თეთრის ნაცვლად 45.7 თეთრი შეადგინა.

აშკარაა რომ ინფლაციის მაჩვენებლები, კომუნალური საქონლის/მომსახურების ტარიფების ზრდაზე ბევრად უფრო მაღალია, შესაბამისად, თუ მოქალაქე ინფლაციის მაჩვენებლებს კონტექსტის გარეშე გაეცნობა, შესაძლოა მას მცდარი შთაბეჭდილება შეექმნას და ჩათვალოს, რომ ტარიფები ინფლაციის მაჩვენებლების შესაბამისად გაიზარდა. თუმცა, კონკრეტულად ელ. ენერგიის ტარიფის საშუალო ზრდა, ინფლაციის მაჩვენებელს, უხეშად რომ ვთქვათ 3.3-ჯერ, წყალმომარაგების ტარიფების ზრდა 2.5-ჯერ, ხოლო გაზის გადასახდელის ზრდა კი 4.5-ჯერ ჩამოუვარდება. აღსანიშნავია რომ საქონლის/მომსახურების სხვადასხვა ჯგუფების შემთხვევაში, ფასების ზრდა ინფლაციაზე განსხვავებულად აისახება, წონების მიხედვით.


რატომ გაიზარდა ინფლაცია ტარიფებზე მეტად?

სამომხმარებლო ინფლაციას, სამომხმარებლო ფასების ინდექსი ზომავს, რომელიც 350 საქონლისგან შედგება. თავის მხრივ, აღნიშნული 350 პროდუქტი 12 სასაქონლო ჯგუფშია განაწილებული, რომლებიც საქსტატის განმარტებით, ქვეყანაში ყველაზე ხშირად მოხმარებადი საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალს წარმოადგენს და ქვეყნის საშუალო მომხმარებლის ხარჯების სტრუქტურას ასახავს.

ხშირად, მომხმარებლები საქონლის/მომსახურების „რეალურ“ ფასს არ იხდიან, რაც შესაძლოა სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული. მათ შორის, გადასახადები, სუბსიდიები, სხვადასხვა სოციალური დახმარება და ა.შ. სამომხმარებლო ფასების ინდექსი, ძირითადად, სწორედ მომხმარებლის მიერ გადახდილი ფასების ცვლილებას ზომავს და არა ფასის „რეალურ“ ცვლილებას. 2021 წლის დეკემბრის შემთხვევაში, ინფლაციის მაჩვენებლების ზრდა, ძირითადად, კომუნალურ გადასახდელების სუბსიდირების ეფექტებით არის გამოწვეული. ერთია, თუ როგორ იზრდება კომუნალური გადასახდელების ტარიფები, მეორეა, თუ რეალურად, რამდენის გადახდა უწევს მოსახლეობას. ინფლაციის გათვლისას, საქართველოს სტატისტიკის სამსახური სწორედ ამ უკანასკნელს ითვლის. მაგალითისთვის, თუ მთავრობა გადაწყვეტს, რომ კომუნალური გადასახდელები მთელ მოსახლეობას სრულად დაუფაროს, მოსახლეობისთვის გადასახდელი ფასი ნულოვანი იქნება და შესაბამისად, ტექნიკურად 100% დეფლაცია, ანუ 100% გაიაფება დაფიქსირდება, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ კომუნალური გადასახდელების ტარიფები 100%-ით შემცირდება. რეალურად, საგადასახდელო ტვირთი მოსახლეობის ჯიბიდან ბიუჯეტზე გადავა.

2020 წლის დეკემბერში და 2021 წლის იანვარ-თებერვალში, მთავრობამ კომუნალური გადასახდელების სუბსიდირება მოახდინა მომხმარებლებისთვის, რომლებიც საანგარიშო თვეში 200 კილოვატ/საათს ან ნაკლები მოცულობის ელექტროენერგიას ან 200 კუბურ მეტრ ან ნაკლები მოცულობის ბუნებრივ გაზს მოიხმარდნენ. ამ ღონისძიებამ, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის, კომუნალური გადასახდელების ფასი 3 თვით „გაანულა“, რამაც საშუალო ინფლაციაში, დაახლოებით 36-37%-ით პოვა ასახვა. შედეგად, ბუნებრივია 2021 წლის დეკემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინფლაციის დრამატული ზრდა საბაზო ეფექტის გამო დაფიქსირდა. პირობითად, თუ საქონელი 100 ლარი ღირს და მთავრობა აღნიშნულ საქონელს 36%-ით დაასუბსიდირებს, მომხმარებლისთვის საქონლის ფასი 64 ლარი გახდება, თუმცა სუბსიდირების ეფექტის ამოწურვის შემდეგ, 64 ლარიდან 100 ლარამდე 56% ზრდა დაფიქსირდება, საბაზო ეფექტიდან გამომდინარე. შესაბამისად, სუბსიდირების შედეგად, ერთ შემთხვევაში დაფიქსირდა 36% გაიაფება, ხოლო მეორე შემთხვევაში 56% ზრდა, როცა საქონლის „რეალური“ ფასი არ შეცვლილა.

აგრეთვე, აღსანიშნავია ელექტროენერგიის ტარიფების სუბსიდირების ეფექტიც. როგორც აღვნიშნეთ, ელექტროენერგიის ტარიფი ბოლოს სემეკის 2020 წლის დეკემბრის გადაწყვეტილებით გაიზარდა და გადაწყვეტილება ძალაში 2021 წლის 1 იანვრიდან შევიდა. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობამ ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო, აღნიშნული ზრდა 2021 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო მომხმარებლების უმრავლესობას (გარდა 300 კვტ/სთ-ზე მეტის მომხმარებლისა) არ შეხებიათ. შესაბამისად, 2021 წლის დეკემბრის ინფლაციაში, 2021 წლის იანვრიდან გაზრდილი ელექტრო ენერგიის ტარიფები, მხოლოდ 300 კვტ/სთ-ზე მეტი მომხმარებლების შემთხვევაში აისახა.

სუბსიდირების ეფექტის დასრულებიდან გამომდინარე, 2021 წლის დეკემბერში, წყლის და ბუნებრივი აირის გაძვირება, ინფლაციაში გარკვეულწილად აისახა, თუმცა ბევრად ნაკლებად, ვიდრე ინფლაციის მაჩვენებელია. ბუნებრივია, რომ სტატიაში დასახელებული საბაზო ეფექტი, 2021 წლის დეკემბერთან ერთად, 2022 წლის იანვარსა და თებერვალშიც დაფიქსირდება, რადგან 2020-2021 წლებში, კომუნალური გადასახდელების სუბსიდირების პროგრამა დეკემბერში, იანვარში და თებერვალში გაგრძელდა.

----------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
3916 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
24%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი