რომან გოცირიძე: მხოლოდ ბოლო ათი წლის განმავლობაში იმდენი ფული იყო ემიგრანტების მიერ გადმორიცხული, რაც ჩვენი ერთი წლის მთლიანი შიდა პროდუქტის ტოლია

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: 2021 წელს უცხოეთიდან გზავნილებმა 2.35 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის მაჩვენებელს 25%-ით აღემატებოდა. ამავდროულად, ბოლო 10 წლის უცხოეთიდან გზავნილების ჯამი, 15.3 მილიარდი აშშ დოლარს უტოლდება, ხოლო 2020 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 15.8 მლრდ აშშ დოლარი იყო.

ზოგადად, 10 წლის კუმულატიური მაჩვენებლის შედარება 1 წლის მთლიან შიდა პროდუქტთან უტრირების ელემენტებს შეიცავს, რადგან წლების განმავლობაში ინფლაცია და გაცვლითი კურსი იცვლება. თუმცა პოლიტიკოსი მხოლოდ ზოგადი ანალიზით შემოიფარგლება და მონაცემებს პოსტის მკითხველისთვის ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად ასახელებს. 2015-2020 წლებში, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი (გამოსახული აშშ დოლარში), 14.9-17.7 მლრდ აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

ანალიზი

საქართველოს პარლამენტის და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, პირად ფეისბუქ გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა „მხოლოდ ბოლო ათი წლის განმავლობაში იმდენი ფული იყო ემიგრანტების მიერ გადმორიცხული, რაც ჩვენი ერთი წლის მთლიანი შიდა პროდუქტის ტოლია. ათი წლიდან ერთი წელიწადი ქვეყანა ემიგრანტებმა შეინახეს. ეს იმდენად მტკივნეული და რთული მორალურ-ეკონომიკური საკითხია, რომ ამაზე აგდებულად და აქ დარჩენილებზე დაყვედრებით საუბარი ძალიან ცუდია’’.

უცხოეთიდან ფულადი გზავნილები არის თანხა, რომელსაც ძირითადად ემიგრანტები საქართველოში აგზავნიან. ეროვნული ბანკის მონაცემი საქართველოს საბანკო სისტემაში მოქმედი ელექტრონული ანგარიშსწორების საშუალებებით (Western Union, Money Gram, Anelik, Unistream და სხვა), საზღვარგარეთიდან საქართველოში და პირიქით ფულადი გზავნილების მოცულობას ასახავს.

გრაფიკი 1: საერთაშორისო გადმორიცხვები 2012-2021, მლრდ აშშ დოლარი

წყარო: ეროვნული ბანკი

გრაფიკ 1-ის მიხედვით ბოლო 10 წელში საქართველოში უცხოეთიდან გადმორიცხვების ჯამი 15.3 მლრდ აშშ დოლარია, ხოლო ამავდროულად საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2020 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 15.8 მლრდ აშშ დოლარია. შესაბამისად, რომან გოცირიძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ უცხოეთიდან გადმორიცხვების ბოლო 10 წლის ჯამი 1 წლის საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ტოლია, არის სიმართლე.

გრაფიკი 2: საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 2015-2020, მლრდ აშშ დოლარი

წყარო: საქსტატი


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია