იტვირთება

პანდემიის პერიოდში სამუშაო ადგილებისა დაკარგვა განსაკუთრებით მწვავე პრობლემა აღმოჩნდა, რაც პანდემიასთან დაკავშირებული მკაცრი და ხანგრძლივი ეკონომიკური შეზღუდვებით იყო განპირობებული. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს უმუშევრობის დონემ 20.6% შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 2.1 პროცენტული პუნქტით აღემატება. პანდემიის პერიოდში 2020-2021 წლებში კი უმუშევრობის დონე ჯამში 3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

საქსტატის მეთოდოლოგიით, უმუშევრობის დონე უმუშევარ ადამიანთა და ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის [სამუშაო ძალის] შეფარდების შედეგად გამოითვლება. სამუშაო ძალა არის დასაქმებული და სამსახურის მაძიებელი უმუშევარი ადამიანების ერთობლიობა [1]. პანდემიურ წლებში [2020-2021] ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა [დასაქმებული და სამუშაოს მაძიებელთა საერთო რაოდენობა] ჯამში 39.2 ათასით შემცირდა. 2021 წელს წინა წელთან შედარებით სამუშაო ძალა გაიზარდა, რაც სამუშაოს მაძიებელ უმუშევართა რაოდენობის ზრდით იყო განპირობებული.

რაც შეეხება დასაქმების მაჩვენებელს, 2021 წელს წინა წელთან შედარებით დასაქმებულთა რაოდენობა 2%-ით, ანუ 24.4 ათასით შემცირდა. პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, ჯამში 78.5 ათასი ადამიანით ნაკლებია დასაქმებული.

მკაცრი და ხანგრძლივი ეკონომიკური შეზღუდვების ფონზე 2020 წელს დასაქმებულთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, უარყოფითი ტენდენცია 2021 წლის I და II კვარტალშიც გაგრძელდა. ეკონომიკურ შეზღუდვების შემსუბუქებას ლოგიკურად მოჰყვა სხვადასხვა ეკონომიკური პარამეტრის, მათ შორის, დასაქმების მაჩვენებლების აღდგენა. 2021 წლის III და IV კვარტალში დასაქმების მაჩვენებელი გაიზარდა, თუმცა პანდემიამდე არსებულ მონაცემებს თუ შევადარებთ დასაქმებულთა რაოდენობა შემცირებულია.

გრაფიკი 1: დასაქმება/უმუშევრობის მაჩვენებლები 2013-2021 წლებში

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საქსტატის მეთოდოლოგიით დასაქმებულები ორ კატეგორიად იყოფიან: დაქირავებით დასაქმებულები და თვითდასაქმებულები. აღსანიშნავია, რომ დასაქმებულთა მთლიან ოდენობაში დაქირავებით დასაქმება უფრო ეფექტიანია. თვითდასაქმებულების შემთხვევაში, დასაქმების ეფექტიანობა გაცილებით ნაკლებია, მათი საქმიანობა დიდწილად დაბალშემოსავლიანი ან/და არასტაბილურია. 2020-2021 წლებში დასაქმების მაჩვენებლის კლება უმეტესწილად დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებით იყო გამოწვეული. პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 68.1 ათასით შემცირდა. ამავე პერიოდში თვითდასაქმებულთა რაოდენობა 10.8 ათასით შემცირდა.

გრაფიკი 2: დასაქმებულთა განაწილება სტატუსის მიხედვით, 2013-2021 წლებში

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

პანდემიის პერიოდში დასაქმების პარამეტრების მკვეთრად გაუარესება არ იყო მხოლოდ პანდემიის თანმხლები პროცესი და ის დიდწილად მთავრობის არაგონივრული პოლიტიკის - მკაცრი და ხანგრძლივი ეკონომიკური შეზღუდვებით იყო განპირობებული. 2021 წლის მეორე ნახევარში, ეკონომიკური შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე, დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესება დაიწყო, თუმცა პანდემიის პერიოდში დაკარგული სამუშაო ადგილების აღდგენა ვერ მოხერხდა.

[1] საქსტატის მეთოდოლოგიით, პირი, რომელიც უმუშევარია, მაგრამ არ არის სამუშაოს მაძიებელი (გამოკითხვის მომენტის წინა 4 კვირის განმავლობაში არ ეძებდა სამუშაოს), სამუშაო ძალის მიღმა გადადის და უმუშევრად არ მიიჩნევა. ხშირ შემთხვევაში ეს არის ე.წ. „იმედდაკარგული მუშახელი“, რომლებიც უმუშევართა რიგებს აკლდებიან, თუმცა არ არიან დასაქმებულები.


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4024 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
25%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი