ცოტნე კობერიძე: ამერიკული ფონდი heritage-ის კვლევაში, რომელიც ზომავს ქვეყნების ეკონომიკურ თავისუფლებას, საქართველოს პოზიციები სუსტდება

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ცოტნე კობერიძის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: პოლიტიკოსი ორგანიზაცია „Heritage Foundation“-ის ეკონომიკური თავისუფლების კვლევაზე საუბრობს. ორგანიზაცია ყოველწლიურად 180-ზე მეტი ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების ხარისხს ზომავს (ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი), რომელიც დღეისათვის 12 კომპონენტის შეფასებით დგინდება. საქართველოს საერთო ქულა, 2012-2021 წლებში, მეტ-ნაკლებად მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა. 2022 წელს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, საქართველოს საერთო სარეიტინგო ქულა 77.2-დან 71.8-მდე შემცირდა. შესაბამისად, საქართველო მე-12 ადგილიდან 26-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა. გაუარესდა შედეგები ისეთ კომპონენტებში, როგორიცაა საკუთრების უფლება, სასამართლოს ეფექტიანობა, მთავრობის კეთილსინდისიერება, ბიზნესის თავისუფლება, შრომის თავისუფლება, მონეტარული თავისუფლება, სახელმწიფო ხარჯები და ფისკალური სიჯანსაღე. საინვესტიციო თავისუფლების, საფინანსო თავისუფლების და საგადასახადო ტვირთის მაჩვენებლები იგივე ნიშნულზე დარჩა, ხოლო გაუმჯობესების კუთხით, კი მხოლოდ თავისუფალი ვაჭრობის ნაწილში დაწინაურდა საქართველო.

ანალიზი

2022 წლის 16 თებერვალს „გირჩი მეტი-თავისუფლების“ ერთ-ერთი ლიდერი და თბილისის საკრებულოს წევრი - ცოტნე კობერიძე, 2022 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის გამოქვეყნებას გამოეხმაურა და განცხადება გააკეთა: „სამწუხაროა, რომ ამერიკული ფონდი heritage-ის კვლევაში რომელიც ზომავს ქვეყნების ეკონომიკურ თავისუფლებას, საქართველოს პოზიციები სუსტდება, ასეთ კვლევებს უყურებენ ბიზნესები, ინვესტორები და ზოგადად ადამიანები. თუ დაინახეს, რომ ბიზნესის კეთება რთულია, ბაზარზე შესვლა რთული, საკუთრების უფლება დაუცველი, სასამართლო სუსტი - ცხადია, ჩვენთან ბიზნესის კეთებას და თანამშრომლობას არ მოინდომებენ.“

„ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.

Heritage Foundation, რომელიც 1973 წელს დაარსდა, ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული კვლევითი და საგანმანათლებლო ინსტიტუტია. მისი ძირითადი მისია მთავარ ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებზე კვალიფიციური კვლევების ჩატარება და მათი მიზნობრივი მომხმარებლისთვის მიწოდებაა. 1995 წლიდან მოყოლებული აღნიშნული ორგანიზაცია ყოველწლიურად 180-მდე მეტი ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების ხარისხს ზომავს (ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი), რომელიც დღეისათვის 12 კომპონენტის შეფასებით დგინდება. აღნიშნული კომპონენტები 4 ძირითად ჯგუფშია გაერთიანებული:

• კანონის უზენაესობა (საკუთრების უფლება, სასამართლოს ეფექტიანობა, მთავრობის კეთილსინდისიერება);

• მთავრობის ზომა (ფისკალური სიჯანსაღე, საბიუჯეტო დანახარჯები, საგადასახადო ტვირთი);

• რეგულირების ეფექტიანობა (ბიზნესის თავისუფლება, შრომის თავისუფლება, მონეტარული თავისუფლება);

• ბაზრის ღიაობა (ვაჭრობის თავისუფლება, ინვესტირების თავისუფლება, ფინანსური თავისუფლება).

თითოეული პარამეტრი 100-ქულიან შკალაზე ფასდება (0 - ეკონომიკური თავისუფლების ყველაზე დაბალი დონე, 100 - ეკონომიკური თავისუფლების ყველაზე მაღალი დონე) და შედეგები პროცენტებში გამოისახება. საერთო ქულის მისაღებად თითოეულ კომპონენტს, თუ ქვე-კომპონენტს, თანაბარი წონა გააჩნია და არცერთი მათგანი უპირატესი არ არის. აღსანიშნავია, რომ Heritage Foundation-ის წლიური შედეგები 1-1.5 წლით ადრინდელ ინფორმაციას ეყრდნობა. შესაბამისად, 2022 წლის ინდექსისთვის, მონაცემები 2020 წლის მეორე ნახევრიდან 2021 წლის პირველ ნახევრამდე პერიოდს მოიცავს.

2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2019 წლამდე საქართველო მაღალ ეკონომიკურ ზრდას ინარჩუნებდა, ხოლო 2020 წელს კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, მშპ-ს კლება დაფიქსირდა, რაც თავის მხრივ 2021 წელსვე აღმოიფხვრა. საერთო ჯამში ქვეყნისთვის პრობლემურ საკითხად რჩება სასამართლოს ეფექტურობა და შრომის თავისუფლება, მეორე მხრივ კი ქვეყანა სტაბილურად ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს ვაჭრობის თავისუფლების და საგადასახადო ტვირთის ნაწილში.

გრაფიკი 1: 2012-2022 წლებში საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის ჯამური ქულა.

წყარო: Heritage

როგორც გრაფიკ 1-დან ჩანს, 2022 წელს საქართველომ 71.8 ქულა მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 5.4 ქულით ნაკლებია. ამასთან, 2022 წელს საქართველომ ქვეყნების რეიტინგში მე-12-დან 26-ე ადგილზე გადაინაცვლა. შედეგები გაუარესდა ისეთ კომპონენტებში, როგორიცაა: საკუთრების უფლება, სასამართლოს ეფექტიანობა, მთავრობის კეთილსინდისიერება, ამ სამ კომპონენტში გაუარესების ძირითადი მიზეზი, როგორც კვლევიდან იკითხება მთავრობის სასამართლო გადაწყვეტილებებში ჩარევა და საქმეების განხილვის ძალიან ნელი ტემპი გახლავთ, ამავდროულად კვლავ პრობლემატურ საკითხად რჩება ელიტური კორუფცია (რაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ანგარიშებშიც მოხვდა) და ასევე კონკრეტული მთავრობასთან დაახლოებული პირებისთვის კანონის არ აღსრულება. ეს ყველაფერი თავის მხრივ აფერხებს ინვესტიციების შემოდინებას ქვეყანაში. საინტერესოა ასევე ბიზნესის თავისუფლება, შრომის თავისუფლება, მონეტარული თავისუფლება, სახელმწიფო ხარჯები და ფისკალური სიჯანსაღე, ამ მიმართულებითაც საქართველოს მაჩვენებლები მკვეთრად გაუარესდა, რაც უმუშევრობის დათვლის მეთოდოლოგიის ცვლილებამ გამოიწვია. შეცვლილმა მეთოდოლოგიამ გაზარდა უმუშევრობის მაჩვენებელი. კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ადგილობრივი მოთხოვნის სწრაფმა აღდგენამ და ნავთობის მაღალმა ფასმა გამოიწვია სამომხმარებლო ფასების მკვეთრი მატება. იგივე ნიშნულზე დარჩა საინვესტიციო თავისუფლების, საფინანსო თავისუფლების და საგადასახადო ტვირთის კომპონენტები. გაუმჯობესების ნაწილში საქართველო თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით დაწინაურდა.

ცხრილი 2: 2012-2021 წლებში საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მაჩვენებლები

წყარო: Heritage

საბოლოო ჯამში, Heritage ინდექსის 12 მაჩვენებლიდან საქართველოს 8 მაჩვენებელი გაუარესდა, 3 მაჩვენებელი იგივე ნიშნულზე დარჩა, ხოლო 1 კი გაუმჯობესდა, საერთო რეიტინგში კი მე-12 ადგილიდან 26-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა. შესაბამისად, ცოტნე კობერიძის განცხადება არის სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია