იტვირთება

უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრისთანავე კრემლმა საინფორმაციო ომიც გააქტიურა და დეზინფორმაციის სამიზნე უკრაინაში არსებული კვლევითი ლაბორატორიები გახდა.

2022 წლის 6 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც უკრაინაში არსებულ, ამერიკის თავდაცვის სამინისტროს მიერ დაფინანსებულ, „სამხედრო-ბიოლოგიურ“ ლაბორატორიებზეა საუბარი. როგორც რუსეთი ირწმუნება, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დროს აღმოაჩინეს სამხილები, რომ უკრაინამ აღნიშნულ ლაბორატორიებში მიმდინარე პროგრამების კვალი საგანგებო რეჟიმში გააქრო.

მალევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, განაცხადა, რომ განსაკუთრებით საშიში პათოგენების სასწრაფო განადგურება საჭირო იყო, რათა უკრაინისა და აშშ-ის მიერ ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციის პირველი მუხლის დარღვევის ფაქტები არ გამჟღავნებულიყო.

15 მარტს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ამერიკული ბიოლოგიური ლაბორატორიების მომაკვდინებელ საფრთხეზე ისაუბრა. მისი თქმით, აღმოჩენილმა ფაქტებმა აშშ-ის არალეგიტიმური ქმედებების კოლოსალური ფარგლები აჩვენა, რომლის მიზანიც მთელ მსოფლიოში ამერიკული სამხედრო ბიოლოგიური ლაბორატორიების გავრცელებაა.

17 მარტს, რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურმა, გენერალმა იგორ კირილოვმა, განაცხადა, რომ მათ ხელთ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებში გარკვევით ჩანს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ბიოლოგიური იარაღის კომპონენტები ნამდვილად შეიქმნა. რამდენიმე დღით ადრე მან საქართველოში არსებულ ლუგარის ლაბორატორიაზეც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, 2007 წელს მასშტაბურად გავრცელებული ღორის გრიპი სწორედ ლუგარის ლაბორატორიაში იყო გამოყვანილი.

23 მარტს, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ არსებობს მყარი მტკიცებულებები იმისა, რომ აშშ რუსეთის ირგვლივ, სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, უკრაინაში ბიოლაბორატორიებს ქმნის. მან ასევე აღნიშნა, რომ 2017 წლიდან რუსეთს ქიმიური და ბიოლოგიური აღარ აქვს, ხოლო აშშ-ის მიერ საიდუმლოდ მართული ბიოლაბორატორიები საკმაოდ საშიშია.

24 მარტს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უახლოს მომავალში რუსეთი წარმოადგენს ორიგინალ დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებენ, პენტაგონში დამტკიცდა პროექტი - Ю-Пи-2 - რომელიც მიზნად ისახავდა უკრაინის ენდემურ, განსაკუთრებით საშიშ ინფექციებზე ანალიზის ჩატარებას. აღნიშნული სამუშაო მოიცავდა ციმბირის წყლულის ახალი შტამების მიღებას. კონაშენკოვმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პენტაგონის ექსპერიმენტები არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ საშიში ინფექციების გამოყვანით. ფარმაცევტული კომპანია, რომელსაც კონტრაქტი აქვს აშშ-ის სამხედრო დეპარტამენტთან, მუშაობდა უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთან დაურეგისტრირებელი მედიკამენტების უკრაინელ სამხედროებზე გამოცდაზე.

უკრაინაში აშშ-ის ბიოლაბორატორიების შესახებ კრემლის ოფიციალურ განცხადებებს წინ სოციალურ ქსელში არაიდენტიფიცირებადი პროფილების მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია უძღოდა. 24 თებერვალს, ომის დაწყების დღესვე, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რუსეთი უკრაინაში საიდუმლო ამერიკული ბიოლაბორატორიების გამო შეიჭრა (ბმული 1, ბმული 2). აღნიშნულმა დეზინფორმაციამ ნიადაგი მოუმზადა კრემლის ერთ-ერთ მთავარ ყალბ ნარატივს: უკრაინაში განხორციელებული „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ ლეგიტიმურია, რადგან რუსეთის მეზობლად აშშ-ის დახმარებით ქიმიური და ბიოლოგიური იარაღი იქმნება.

გერმანიის მარშალის ფონდის პროექტის, დემოკრატიის დაცვის ალიანსის ინფორმაციით, რომელიც Twitter-ის მონაცემებს აანალიზებს, 24 თებერვლიდან 24 მარტის ჩათვლით, რუსმა და ჩინელმა დიპლომატებმა, ასევე სახელმწიფო მედიამ სიტყვები „ბიოლოგიური ლაბორატორია“ 500-ჯერ გამოიყენეს. თუმცა, ამერიკული ბიოლოგიური ლაბორატორიების შესახებ დეზინფორმაციული კამპანია ახალი არაა. რუსეთმა წლების წინ დაიწყო საუბარი იმ ქიმიური და ბიოლოგიური პათოგენების საშიშროებაზე, რომლებიც თითქოსდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არსებულ ლაბორატორიებში იქმნებოდა. აღნიშნული საკითხი პერიოდულად, სხვადასხვა კრიზისის დროს, აქტიურდებოდა.

ბრალდებების პირველწყაროები უკრაინასა და საქართველოში

პირველი დეზინფორმაციული ნარატივები უკრაინის ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამის და კვლევითი დაწესებულებების შესახებ 2015 წელს გაჩნდა. აღსანიშნავია, რომ პროგრამის შემუშავების საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც საბჭოთა კავშრის მიერ განვითარებული არალეგალური ბიოლოგიური იარაღის პროექტები მემკვიდრეობით უკრაინას ერგო. საშიში პათოგენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით 2014 წლამდე უკრაინასთან რუსეთიც მჭიდროდ თანამშრომლობდა. პროგრამაში ჩართული იყო რუსეთის კუთვნილი ლაბორატორიებიც. თუმცა ხელისუფლების შეცვლისა და რუსეთ-უკრაინის 2014 წლის ომის შემდეგ, თანამშრომლობა შეწყდა, რუსული დეზინფორმაცია კი გააქტიურდა. ფაქტი, რომ რუსეთი აღნიშნულ პროგრამის შესახებ ბრალდებებს 2015 წლამდე არ აჟღერებდა, ცალსახად მიუთითებს, რომ რუსეთის ბრალდებები გამოგონილია, რასაც არანაირი მიზანი, გარდა საკითხის მანიპულაციად გამოყენებისა, არ აქვს. არალოგიკურია იმ პროგრამის და კვლევითი ცენტრების დადანაშაულება ბიოლოგიური იარაღის წარმოებაში, რომლის პარტნიორი რუსეთი ომამდე თავადაც იყო.

ერთ-ერთი პირველი, ვინც საქართველოსა და უკრაინაში ბიოლაბორატორიების შესახებ ბრალდებები წამოაყენა რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატი და ყოფილი მთავარი სანიტარი, გენადი ონიშჩენკო, იყო. 2015 წელს, ონიშჩენკომ განაცხადა, რომ ოდესაში არსებული ლაბორატორია იმ სისტემის ნაწილია, რომელსაც აშშ რუსეთის ირგვლივ აშენებს. მისი თქმით, უკრაინაში განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების გავრცელებისა და ცირკულაციის ზედამხედველობა დიდი ხანია აშშ-ის კონტროლის ქვეშაა.

გარდა რუსი ოფიციალური პირებისა, ლაბორატორიების შესახებ დეზინფორმაციას პრორუსული უკრაინელი პოლიტიკოსებიც ავრცელებდნენ. 2020 წელს, პარტიის - Український вибір - პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ვიქტორ მედვედჩუკმა და ამავე პარტიის წევრმა, რენატ კუზმინმა პარტიის ვებგვერდზე გამოაქვეყნეს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ უკრაინაში არსებული ლაბორატორიები უკანონო აქტივობებს ახორციელებენ, რომლებიც ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. მათი თქმით, სამეცნიერო ცენტრები ჩართული არიან მასობრივი განადგურების იარაღის შექმნაში. განცხადებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ ლაბორატორიების საქმიანობის შედეგად ქვეყანაში რამდენიმე სერიოზული ინფექციის აფეთქება უკვე მოხდა და საფრთხეა, რომ შემდეგშიც განმეორდება.

საქართველოში არსებული ბიოლაბორატორიის შესახებ პირველი ბრალდებების ავტორიც რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატს, გენადი ონიშჩენკოს, აღმოჩნდა. ჯერ კიდევ 2011 წელს, ონიშჩენკო ამტკიცებდა, რომ საქართველო რუსეთის სამხრეთ რეგიონებს ღორის გრიპის განზრახ გავრცელებით ეკონომიკურ საბოტაჟს უცხადებდა. ვირუსის გავრცელება კი საქართველოში არსებულ, ამერიკის მიერ დაფინანსებულ, ლუგარის ლაბორატორიას დაუკავშირა.

მოგვიანებით აფხაზეთის ე.წ. „უშიშროების საბჭოს მდივანმა“, მუჰამედ კილბამ, ლაბორატორია აფხაზეთის საზღვრის სიახლოვეს ბიოლოგიური იარაღის წარმოებაში დაადანაშაულა. მისივე ვარაუდით, 2013 წელს ტყვარჩელში ბავშვების მასობრივი მოწამვლა, ისევე როგორც ღორის გრიპის შემთხვევების დაფიქსირება, ლაბორატორიის საქმიანობას უკავშირდება.

2018 წელს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, იგორ გიორგაძემ, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოში, ლუგარის ლაბორატორიაში, ადამიანებზე ფარული ექსპერიმენტები ტარდებოდა. მისი თქმით, შეერთებული შტატების სამხედრო სამედიცინო ჯგუფის ბიოლოგები და ამერიკელი კერძო კონტრაქტორები შესაძლოა ჩართულნი იყვნენ დანაშაულებში. აღნიშნულ განცხადების შემდეგ რუსული მედია კიდევ უფრო გააქტიურდა ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ. თუმცა, როდესაც BBC News-მა გიორგაძეს მტკიცებულებების მიწოდება სთხოვა, მან განაცხადა, რომ დამადასტურებელი ფაქტები არ გააჩნდა. გიორგაძის თქმით, ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია მას არ ეკუთვნოდა - ანალიზი თავად არ ჩაუტარებია და დასკვნები შეჯამება იყო იმ ინფორმაციებისა, რასაც სხვა წყაროები ავრცელებდნენ. ამასთან , ლუგარის ცენტრში კლინიკური ცდები არასდროს ჩატარებულა, შესაბამისად, „ფარული ექსპერიმენტების“ მსხვერპლიც ვერ დაფიქსირდებოდა. საქართველოს „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის" დირექტორის, ამირან გამყრელიძის, განცხადებით, ლუგარის ცენტრს არაფერი აქვს საერთო ადამიანების მკურნალობასთან და ცდების ჩატარებასთან, როგორც ამას იგორ გიორგაძე აცხადებს და ეს არც მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით დასტურდება.

რუსეთის და პრორუსი სახელმწიფო მოხელეების ყალბი განცხადებების პარალელურად, დეზინფორმაციას ბიოლაბორატორიების შესახებ კრემლის მიერ კონტროლირებადი მედია და მასთან დაახლოებული ჟურნალისტები ავრცელებენ. სწორედ იგორ გიორგაძის 2018 წელს გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა ბულგარელი ჟურნალისტის, დილიანა გაიტანჯიევას, ე.წ. საგამოძიებო მასალების გამოქვეყნება, სათაურით - „პენტაგონის ბიო ომები“. პერიოდულად გაიტანჯიევა უკრაინისა და საქართველოს ლაბორატორიების შესახებ სხვადასხვა დეზინფორმაციას ავრცელებს, მათ შორისაა პროექტი GG-21, ჯარისკაცებზე საიდუმლო ექსპერიმენტების ჩატარება და საშიში პათოგენების შექმნა. ჟურნალისტს მტკიცებულებებად არაერთი არაავთენტური „დოკუმენტი“ მოჰყავს, მათ შორის, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გაყალბებული დოკუმენტებიც, რომლებიც, სავარაუდოდ, 2020 წელს სამინისტროზე კიბერშეტევის შედეგად მოპოვებული და დამახინჯებული იყო. კიდევ ერთი კრემლთან დაახლოებული ჟურნალისტი, რომელიც ლუგარის ლაბორატორიების შესახებ დეზინფორმაციებს სხვადასხვა პლატფორმაზე ავრცელებს, ჯეფრი სილვერმანია. მისი მთავარი მტკიცება ლუგარის ლაბორატორიებში ადამიანების გარდაცვალებებს და კოვიდის წარმოშობას ეხება. არცერთი მათგანის შესახებ სილვერმანს ფაქტობრივი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

ლაბორატორიების რეალური საქმიანობა

სინამდვილეში, საქართველოსა და უკრაინაში არსებული ლაბორატორიები არა ბიოლოგიური იარაღის შექმნას და გავრცელებას, არამედ, პირიქით მის პრევენციას ემსახურება. ლაბორატორიების საქმიანობა ინფექციურ და არაინფექციურ დაავადებებზე ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული ზედამხედველობის განხორციელებას, დაავადებათა შემთხვევების, ეპიდემიური აფეთქებებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სხვა საფრთხეების დროულ აღმოჩენასა და კვლევას მოიცავს. აღნიშნული ლაბორატორიების ერთ-ერთი მიზანია, დაადგინოს ეპიდაფეთქებების წარმომავლობა - ბუნებრივი გავრცელებაა თუ ბიოტერორიზმის შედეგი.

როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში, ბიოლოგიური ლაბორატორიები „ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენების და გამოცდილების გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ არსებული შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. აღნიშნული შეთანხმება კი, თავის მხრივ, ბიოლოგიური იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ დადებული ხელშეკრულების (NPT) ფარგლებში დაიდო.

როგორც საქართველო, ასევე უკრაინა პირნათლად ასრულებენ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის შესაბამისად, მათ შორის ბიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობის წარმართვაზე კონვენციის მოთხოვნებისა და დებულებების შესაბამისად. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მე-7 გადასახედი კონფერენციის ფარგლებში წევრ-სახელმწიფოების მიერ შემუშავდა გამჭვირვალობისა და ნდობის ამაღლების მექანიზმი, რომელიც გვევლინება ტრანსპარენტულობის ერთადერთ ინსტრუმენტად.

კრემლის მიერ აგორებული დეზინფორმაციული კამპანიის საპასუხოდ, 2018 წელს, თბილისის თხოვნით, საქართველოში ექსპერტთა ჯგუფი ეწვია, რომელშიც 17 ქვეყნის 22 ექსპერტი და დამკვირვებელი შედიოდა. თბილისმა რუსი ექსპერტებიც მოიწვია, თუმცა მოსკოვმა შემოთავაზება „კატეგორიულად უარყო“, რაც ნათლად ცხადყოფს რუსეთის მოჩვენებით დაინტერესებას ლაბორატორიის ფუნქციონირებით. ვიზიტი ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციასთან შესაბამისობის საკითხის დადგენას მიეძღვნა. მისიის ანგარიშის თანახმად, ექსპერტებმა ცენტრის ყველა ობიექტი მოინახულეს და აღნიშნეს, რომ „ლაბორატორია თავის საქმიანობებში მნიშვნელოვან გამჭვირვალობას ავლენს. ვიზიტით მყოფმა ჯგუფმა ვერაფერი გამოავლინა, რაც შეუსაბამო იქნებოდა პროფილაქტიკურ, დამცავ და სხვა მშვიდობიან მიზნებთან“. ამასთან, „ყველა დათვალიერებული აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა შეესაბამებოდა იმ პროფილაქტიკურ, დამცავ და სხვა მშვიდობიან კვლევით და დიაგნოსტიკურ მიზნებს, რაც ცენტრს აქვს გაცხადებული“- ვკითხულობთ ანგარიშში.იმავე წლის 4-7 დეკემბერს, გაერო-ს ჟენევის ოფისში გაიმართა ბიოლოგიური იარაღის კონვენციის წევრი სახელმწიფოების შეხვედრა, სადაც ლუგარის სახელობის ცენტრის შესახებ საერთაშორისო ექსპერტთა დასკვნამ სრული მოწონება და მხარდაჭერა დაიმსახურა.

ყალბი მტკიცებები

დეზინფორმაცია #1: უკრაინასა და საქართველოში საიდუმლო ლაბორატორიებია, რომელთა არსებობა ამერიკის სენატშიც აღიარეს

მტკიცება, რომ უკრაინასა და საქართველოში ბიოლოგიური ლაბორატორიები საიდუმლოდ ფუნქციონირებდა, ყალბია. საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის მშენებლობა 2004 წელს აშშ-ქართველოს მთავრობებს შორის 1997 წელს ხელმოწერილი ჩარჩო ხელშეკრულებისა და 2002 წელს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე დაიწყო. აღნიშნული შეთანხმება გულისხმობს „ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენების და გამოცდილების გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობს“. ანალოგიური ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე 2005 წელს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს შორისაც გაფორმდა შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც უკრაინაში ბიოლოგიური ლაბორატორიები და კვლევითი ცენტრები აშენდა. ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროსა და უკრაინის სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა დაცვის სახელმწიფო სამსახურის განახლდა მრავალი ლაბორატორია და მიიღწა ბიოუსაფრთხოების მე-2 დონე. 2019 წელს ამ პროგრამის ფარგლებში უკრაინის სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა დაცვის სახელმწიფო სამსახურის ორი ლაბორატორია აშენდა - ერთი კიევში, ერთიც - ოდესაში.

დოკუმენტები საიდუმლო არასდროს ყოფილა და ისინი დადების დღიდან საზოგადოებისთვის საჯაროა:

როგორც უკვე აღინიშნა, ლაბორატორიები არა ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის შექმნას და გავრცელებას, არამედ, პირიქით მის პრევენციას ემსახურება.

რაც შეეხება მტკიცებას, რომ ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა უკრაინის ტერიტორიაზე აშშ-ის მიერ დაფინანსებული საიდუმლო ბიოლაბორატორიების არსებობა აღიარეს, რომლებიც მასობრივი განადგურების იარაღის შექმნაზე მუშაობენ, ყალბია. აღნიშნული დეზინფორმაცია 2022 წლის 8 მარტს აშშ-ის სენატში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის, მოსმენას მოჰყვა, რა დროსაც სენატორმა მარკო რუბიომ დაუსვა კითხვა: „აქვს თუ არა უკრაინას ბიოლოგიური ან ქიმიური იარაღი?“

პასუხად ვიქტორია ნულანდს არ დაუდასტურებია, რომ უკრაინაში ბიოლაბორატორიები არსებობს, სადაც ბიოლოგიურ იარაღს ქმნიან. სინამდვილეში, ნულანდმა აღნიშნა, რომ „უკრაინას აქვს ბიოლოგიური კვლევითი დაწესებულებები“, რაც საიდუმლო არასდროს ყოფილა. აღნიშნული დაწესებულებები არა ბიოლოგიური იარაღის შექმნას და გავრცელებას, არამედ, პირიქით მის პრევენციას ემსახურება. ნულანდმა ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული ბრალდებები შესაძლოა რუსეთმა თავისი მომავალი ქმედებების - უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის გამოყენების, საბაბად გამოიყენოს და ამაში ბრალი უკრაინას დასდოს. ვრცლად ნულანდის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

დეზინფორმაცია #2: უკრაინასა და საქართველოში არსებულ ბიოლაბორატორიებს ამერიკელები აკონტროლებენ

უკრაინაში ლაბორატორიები აშშ-ის მხარდაჭერით შეიქმნა, თუმცა მტკიცება, რომ მათ ამერიკელები აკონტროლებენ, ყალბია.

2005 წლიდან შეერთებული შტატები ხელს უწყობს უკრაინის ლაბორატორიების მოდერნიზებას, კვლევების ჩატარებასა და უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესებას საშიში ინფექციური დაავადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად. თანამშრომლობის მთელი პერიოდის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 46 ლაბორატორიისა და სამედიცინო დაწესებულების განვითარებისთვის 200 მილიონი დოლარის ინვესტიცია გაიღო. მიუხედავად იმისა, რომ ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამა მხარს უჭერს არაერთ გაერთიანებულ კვლევით პროექტებს აშშ-სა და უკრაინის მეცნიერებს შორის, ლაბორატორიები სრულად უკრაინის დაქვემდებარებაშია. აღნიშნული პროგრამის ამჟამინდელი აღმასრულებლები არიან ჯანდაცვის სამინისტრო, უკრაინის სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა დაცვის სახელმწიფო სამსახური, აგრარულ მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და თავდაცვის სამინისტრო.

ანალოგიურად, ლუგარის ცენტრი, მთელი აღჭურვილობით, სრულად გადმოცემულია საქართველოს მთავრობის საკუთრებაში, ხოლო 2018 წლიდან ლუგარის ცენტრის და ლაბორატორიული ქსელის სრულ დაფინანსებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა. სტრუქტურულად, ლუგარის ცენტრი წარმოადგენს დავადებათა ცენტრის ქვედანაყოფს და შედის საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ინსტიტუციებში. ცენტრის ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერ კვლევას თუ საქმიანობას ახორციელებენ შესაბამისი ექსპერტები მხოლოდ საქართველოს კომპეტენტური უწყებების კოორდინაციით. ცენტრის ამოცანების დასახვაში ამერიკელ პარტნიორებს არანაირი როლი და ფუნქცია არ გააჩნიათ. მათ რამე სახის დამოუკიდებელი კვლევის ჩატარების საშუალება არ აქვთ.

დეზინფორმაცია#3: უკრაინასა და საქართველოში არსებულ ბიოლაბორატორიებში საშიშ პათოგენებს, ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღს ქმნიან

როგორც უკვე აღინიშნა, მტკიცება, რომ საქართველოსა და უკრაინაში არსებულ ბიოლაბორატორიებში საშიშ პათოგენებს, ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღს ქმნიან, ყალბია. რუსეთს არ წარუდგენია არცერთი მტკიცებულება, რომელიც აღნიშნულ ბრალდებას დაადასტურებდა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ბრალდებას აშკარა ტყუილი უწოდა და აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინაში თავისი „საზარელი ქმედებების“ გასამართლებლად ამგვარ ცრუ საბაბებს იყენებს.

ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამის პროექტები, რომლებზეც ამჟამად უკრაინელი და ამერიკელი მეცნიერები ერთობლივად მუშაობენ არის შემდეგი:

- „ფრინველის გრიპის ზოგიერთი განსაკუთრებით საშიში პათოგენის გავრცელების რისკების შეფასება, რომელიც უკრაინაში პოტენციურად გადამფრენი ფრინველებით ვრცელდება“

- „ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ვირუსისა და ჰანტავირუსების გავრცელების კვლევა უკრაინაში, ისევე როგორც ლეპტოსპიროზის მქონე პაციენტების დიფერენციალური დიაგნოზის პოტენციური საჭიროება"

- "ღორის აფრიკული ჭირის ვირუსის (ASFV) გავრცელება შინაურ ღორებსა და გარეულ ღორებს შორის უკრაინაში - აყალიბებს შესაძლებლობებს, შესწავლილ იქნას, თუ როგორ გადაეცემა აღნიშნული ვირუსი“

- "ღორის აფრიკული ჭირის ვირუსის ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა და რეგიონალური რისკის შეფასება: საველე კვლევა"

ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღზე მუშაობისა და კორონავირუსის შექმნის ბრალდებებს საქართველოს სახელისუფლებო უწყებები არაერთხელ გამოეხმაურნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადების მიხედვით, რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები მიზანმიმართულად გაააქტიურა და პროპაგანდისტული მითების შეთხზვით გამუდმებით ესხმის თავს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი ლაბორატორიას - რიჩარდ ლუგარის ცენტრს.

ცენტრში ფუნქციონირებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული 3 ვირუსოლოგიური ლაბორატორია (პოლიომიელიტის, გრიპის, წითელა–წითურას), გარდა ამისა, საერთაშორისო ხარისხის კონტროლით ფუნქციონირებს შემდეგი ლაბორატორიები: როტა ვირუსების, ინვაზიური მენინგიტების, მალარიის, ანტიბიოტიკორეზისტენტობის, დიფთერიისა და სალმონელოზების დიაგნოსტიკაში. ცენტრს გააჩნია საერთაშორისო ISO აკრედიტაცია კლინიკურ ლაბორატორიულ კვლევებში.

ბოლო წლებში ლუგარის ცენტრში მიმდინარე პროგრამების არასრული ჩამონათვალია:

- საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში არადიფერენცირებული მწვავე ფებრილური დაავადებების გამომწვევთა დახასიათება

- ნოროვირუსის (NoV) და ენტოროტოქსიგენური ნაწლავის ჩხირის (ETEC) პრევალენტობის განსაზღვრა აშშ-ს მოქალაქეებში, საქართველოში და ETEC-ის იზოლატების ანტიმიკრობული რეზისტენტობის განსაზღვრა.

- მწვავე რესპირატორული ინფექციების (ARI) გამომწვევების შესწავლა ქართულ კონტიგენტში.

- აივ ინფიცირების ინციდენტობის შეფასების ზუსტი და პრაქტიკული ბიოლოგიური ინსტრუმენტების განსაზღვრა, საქართველოში ახლად დიაგნოზირებულ 1/2/ აივ შემთხვევებთან მიმართებაში.

- საქართველოში არსებული კოღოების (ინვაზიური კოღოების ჩათვლით), ქვიშის რწყილებისა და ტკიპების იდენტიფიცირება და მათი გავრცელების არეალის დადგენა

უკრაინასა და საქართველოში არსებული ლაბორატორიები კოვიდ-19-თან ბრძოლის პროცესში - ეპიდზედამხედველობაში, კონტაქტების გამოკვლევაში, ლაბორატორიულ დიაგნოსტირებაში, კოორდინაციაში საკვანძო როლს ასრულებდნენენ.

დეზინფორმაცია #4: „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყებისთანავე გაიცა საშიშ პათოგენების განადგურების ბრძანება, რათა უკრაინაში აშშ-ის საიდუმლო საქმიანობა არ გამჟღავნებულიყო

რუსეთმა გამოაქვეყნა ფოტომასალა, რომლითაც ამტკიცებს, რომ უკრაინამ ბიოლაბორატორიებში არსებული პათოგენები გაანადგურა, რათა მათი საიდუმლო საქმიანობა არ გამჟღავნებულიყო. სინამდვილეში, მათ მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის ვერიფიცირება შეუძლებელია, თუმცა ასეთის არსებობის შემთხვევაშიც, მტკიცება, რომ ეს დანაშაულის დასაფარად გააკეთეს, ყალბია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) BBC News-ს განუცხადა, რომ მან უკრაინას ურჩია მაღალი საფრთხის შემცველი პათოგენები გაენადგურებინა, რომლებიც ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაბორატორიებში ინახება. აღნიშნულის მიზანია, თავიდან იქნას აცილებული „ნებისმიერი პოტენციური გაჟონვა“, რომელიც მოსახლეობაში დაავადების გავრცელებას გამოიწვევს. ჯანმო-მ ასევე განაცხადა, რომ ის უკრაინის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაბორატორიებთან რამდენიმე წლის განმავლობაში ბიოუსაფრთხოების გასაძლიერებლად და „პათოგენების შემთხვევითი ან განზრახ გავრცელების“ თავიდან ასაცილებლად თანამშრომლობდა.

ჯანმო-ს არ უთქვამს, თუ როდის იყო გაცემული რეკომენდაცია და შესრულდა თუ არა ის. თუმცა, აშშ-მა განაცხადა, რომ უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ რუსეთის შეჭრის შემდეგ გასცა ბრძანება "ნიმუშების უსაფრთხო განკარგვის“ შესახებ. აღნიშნული ქმედების მიზანია, თავიდან აიცილონ პათოგენების გავრცელება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი თავს დაესხა ლაბორატორიებს. საფრთხე კი რეალური გახდა მას შემდეგ, რაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებს და კვლევით დაწესებულებებს.

ამრიგად, რუსეთის უსაფუძვლო მტკიცებები უკრაინულ ლაბორატორიებში ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის წარმოების შესახებ არაფრით დასტურდება. წლების განმავლობაში კრემლი მხოლოდ სიტყვიერი ბრალდებებით და ყალბი დოკუმენტების გავრცელებით შემოიფარგლება. ბიოლაბორატორიების საქმიანობა სრულად თანხვედრაშია ბიოლოგიური იარაღის გაუვრცელებლობის კონვენციებთან. ლაბორატორიებში შენახული პათოგენები უბრალოდ ბაქტერიები და ვირუსებია, რომლებიც მხოლოდ კვლევის ობიექტია და არა ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელი კომპონენტები.

2022 წლის 18 მარტს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის ბრალდებებს აბსურდული (nonsense) უწოდეს. განიარაღების საკითხთა ხელმძღვანელმა, იზუმი ნაკამიცუმ, განაცხადა, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია, რომ უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის რაიმე პროგრამა არსებობს.

-----------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4145 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
25%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
მეტწილად მცდარი
6%

ყველაზე კითხვადი