სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მარნეულის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობა შეისწავლა. ანგარიშში საუბარია რამდენიმე მნიშვნელოვან ნაკლოვანებაზე, მათ შორის, მოსახლეობის წყალმომარაგებაში არსებულ ხარვეზებსა და უხარისხოდ შესრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

აუდიტის ჯგუფმა გამოავლინა, რომ ოცდაორი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულ 503 800 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტებს სხვადასხვა ხარვეზი აღენიშნება. მუნიციპალიტეტი პროექტებს საექსპერტო ორგანიზაციების დადებითი დასკვნების საფუძველზე იბარებდა. სამუშაოების კონტროლის პროცესში ასევე ჩართული იყო მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური. მიუხედავად ამისა, ობიექტები დაზიანებულია და დამატებით რეაბილიტაციას საჭიროებს. სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ ობიექტების ექსპლუატაციის პროცესში გამოვლენილი ხარვეზები, ძირითადად, სამუშაოების მიმდინარეობისას სამშენებლო წესებისა და ნორმების დარღვევის შედეგია. მათი გამოვლენა კი საზედამხედველო და საექსპერტო დაწესებულებების ვალდებულება იყო. დაზიანებული ობიექტების არსებობის მიუხედავად, მუნიციპალიტეტს აღნიშნული ორგანიზაციების პასუხისმგებლობის შესახებ არ უმსჯელია და სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია.

მარნეულის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგებაში არსებული ხარვეზები

მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ 2019-2020 წლებისათვის მომზადებული პრიორიტეტების დოკუმენტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ საზრუნავს წყლის სისტემების რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს 20 436 ოჯახი, საიდანაც წყალი მუდმივად მხოლოდ 1 040 ოჯახს მიეწოდება. 13 037 ოჯახი წყალს გრაფიკით იღებს, ხოლო 4 016 ოჯახი - შეფერხებით. დანარჩენ 2 343 ოჯახს მუნიციპალიტეტი საერთოდ არ ამარაგებს და მათ წყალზე ხელმისაწვდომობა შეზღუდული აქვთ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლისა და ქ. მარნეულის მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდებას შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ უზრუნველყოფს. ორმოცდათოთხმეტ სოფელს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შპს „მარნეულის სოფწყალი” ემსახურება, აქედან თოთხმეტ სოფელზე კანონით განსაზღვრულ ლიცენზიას არ ფლობს. შესაბამისად, მოსახლეობის ნაწილის წყალმომარაგებას არაუფლებამოსილი ორგანიზაცია ახორციელებს. დარჩენილია კიდევ ცხრამეტი სოფელი, სადაც წყლის სისტემები მოწყობილი საერთოდ არ არის. ამ სოფლებში ჭაბურღილები ქსელის გარეშე ფუნქციონირებს.

2019-2021 წლებში მუნიციპალიტეტის ოცდაცხრამეტ სოფელში, წყლის ხარისხის შემოწმების მიზნით, მერიამ ლაბორატორიული კვლევები ჩაატარა. დადგინდა, რომ ოცდაცამეტ სოფელში სასმელი წყლის ხარისხი სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.

ლაბორატორიულად გამოიკვლიეს წყლის ხარისხი მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებულ თოთხმეტ საბავშვო ბაღში. როგორც აღმოჩნდა, შვიდ მათგანში წყალის ხარისხი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მაჩვენებლებს არ შეესაბამება. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ზემოაღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად მარნეულის მუნიციპალიტეტს საჭირო ღონისძიებები არ გაუტარებია.

გარდა ამისა, მარნეულის მუნიციპალიტეტი სასმელი წყლის რესურსებს საჭირო დონეზე ვერ მართავს და ეკონომიურად და პროდუქტიულად ვერ იყენებს. კერძოდ, 2018 წლიდან შპს „მარნეულის სოფწყალს“, მუნიციპალიტეტის თოთხმეტი სოფლის სასმელი წყლით მომარაგების მიზნით, ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა შპს „რუსთავწყალთან“. ხელშეკრულების მიხედვით, შპს „რუსთავწყალი“ მუნიციპალიტეტს აწვდიდა საკუთრებაში არსებული ჭაბურღილებიდან მოპოვებულ წყალს და იჯარით გადასცემდა მილსადენებს. 2019-2020 წლებში შპს „რუსთავწყლისათვის“ გადახდილი იყო მოწოდებული წყლის საფასური 593 600 ლარის ოდენობით, ხოლო მოსახლეობისგან წყლის გადასახადის სახით მიღებულმა შემოსავალმა 76 800 ლარი შეადგინა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ მაგისტრალური მილმდენი და სოფლების შიდა გამანაწილებელი ქსელები, რომლითაც მოსახლეობას სასმელი წყალი მიეწოდებოდა, ამორტიზებული იყო, ხშირად ხდებოდა ავარიული დაზიანებები. წყლის დანაკარგმა, 2019-2020 წლებში, დაახლოებით 80% შეადგინა. ამასთანავე, შპს „მარნეულის სოფწყალი“ შეძენილი წყლის საფასურს შპს „რუსთავწყალს“ სრულად უხდის, ხოლო დაზიანებების გამო, მოსახლეობას შეძენილი წყლის მხოლოდ 20%-ს აწვდის. 2020 წლის ბოლოსთვის მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ მილმდენი ნაწილობრივ შეცვალა. შედეგად, წყლის დანაკარგი 80-დან 70%-მდე შემცირდა.


მარნეულის მუნიციპალიტეტის შპს „მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს“ საქმიანობაში არსებული ხარვეზები

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში, მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 25% ანუ 19 972 300 ლარი სუბსიდიაზე წარიმართა. ერთ-ერთი შპს, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტმა 2012 წელს დააფუძნა, არის შპს „მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო“. მის მშენებლობაზე 979 000 ლარი დაიხარჯა. საწარმო ფიზიკური და იურიდიული პირებისგან საკვებ ნარჩენებს იბარებს, ორგანულ სასუქად გარდაქმნის და მის რეალიზაციას ახდენს. 2019-2020 წლებში ორგანიზაციამ, სუბსიდიის სახით, მუნიციპალური ბიუჯეტიდან 302 000 ლარი მიიღო. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, აღნიშნულმა საწარმომ ფინანსური წელი ზარალით დაასრულა, კერძოდ, 2019 წელს ზარალმა 41 300 ლარი შეადგინა, ხოლო 2020 წელს − 42 100 ლარი. შპს „მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოს“ დაარსებიდან 2020 წლამდე მუნიციპალური ბიუჯეტიდან 913 500 ლარის დაფინანსება აქვს მიღებული, თუმცა ყველა ფინანსურ წელს ზარალით ხურავს.


ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავით გამართვასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები

მარნეულის მუნიციპალიტეტმა 2019-2020 წლებში ავტომანქანებზე სულ 664 800 ლარის ღირებულების 339.5 ტონა საწვავი გახარჯა. აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ საჯარო მოსამსახურეებმა 100 ტონამდე (30%-მდე) საწვავი ჩაასხეს ისეთი მიმართულებებით გადაადგილებისას (თბილისი, რუსთავი, ბოლნისი, თელავი, გორი, ზესტაფონი, მახინჯაური, ჩაქვი, ბათუმი და ა.შ.), რომელიც წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, არ უკავშირდებოდა სამსახურში გამოცხადებას ან სხვა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას (მივლინებას). აუდიტის ანგარიშში წერია, რომ 2019-2020 წლებში 8 800 ლიტრამდე საწვავი გახარჯულია თანამშრომლების შვებულებაში ყოფნის დროს, მათ შორის, 3 700 ლიტრამდე (42%) − მარნეულის მუნიციპალიტეტის გარეთ, სხვადასხვა მიმართულებით: თბილისში, რუსთავში, ბოლნისში, გორში, ზესტაფონში, ზუგდიდში, სენაკში, ფოთში და ა.შ. ასევე, გამოვლინდა გარემოებები, როდესაც ავტომობილებში ერთჯერადად ჩასხმულია ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავი, კერძოდ, ცხრამეტ შემთხვევაში, სულ თორმეტ ავტომობილში, რომელთა ავზების მოცულობა 45-95 ლიტრია, ერთჯერადად ჩასხმულია 80-100 ლიტრი საწვავი რაც, მანქანების ავზის მოცულობებიდან გამომდინარე, ფიზიკურად შეუძლებელია.

საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტისათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად რეკომენდებული იყო 7-8 სამორიგეო ავტომანქანა. მიუხედავად ამისა, გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას აღემატებოდა. მუნიციპალიტეტი ბალანსზე რიცხული 10 სამორიგეო მანქანით სარგებლობდა.

აუდიტის ჯგუფმა მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი საჭიროებისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებები დაათვალიერა. გამოვლინდა, რომ აგაი სისტემის ჩიპი მოხსნილი იყო 6 მუნიციპალურ და 9 კერძო საკუთრებაში მყოფ მანქანაზე. შესაბამისად, აგაი სისტემის ჩიპის გამოყენება შესაძლებელი იყო სხვა მანქანებზეც. აღნიშნული გარემოებები წარმოშობს არაავტორიზებულ ავტომანქანებში საწვავის ჩასხმისა და მისი არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების რისკებს.

აღნიშნული ფაქტი დაფიქსირებულია მარნეულის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშიც, თუმცა მდგომარეობა არ გამოსწორებულა.


მსგავსი სიახლეები

5673 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია