საქართველოსთვის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (პუი), მუდმივად აქტუალური თემაა. უცხოური ინვესტიციები, საქართველოს მსგავსი განვითარებადი ეკონომიკის მქონე და გარდამავალი ქვეყნებისთვის, რომლებსაც ინვესტორთა სახსრები და გამოცდილება, საერთაშორისო ბაზარზე პოზიციების გასაფართოებლად და ეკონომიკის განვითარებისთვის ესაჭიროებათ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია. პუი ქვეყანაში არა მხოლოდ უშუალოდ უცხოური კაპიტალის შემოდინებას უწყობს ხელს, არამედ ცოდნის, ჰუმანიტარული კავშირების, ტექნოლოგიების დონის და გამოცდილების გაღრმავებასაც, რაც ქვეყნის განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ერთი ქვეყნის რეზიდენტის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში წილის ფლობასა და საწარმოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა ეკონომიკური ხასიათის ოპერაციების წარმოებას გულისხმობს. პირდაპირია ინვესტორი, რომელიც საწარმოს აქციების არანაკლებ 10 პროცენტს ან ასეთი მონაწილეობის ეკვივალენტს ფლობს.

Covid-19 პანდემიისა და შესაბამისი შეზღუდვების გამო, ეკონომიკური ვითარება, მათ შორის ინვესტორების მხრივ, 2020-2021 წლებში მნიშვნელოვან განუსაზღვრელობასთან იყო დაკავშირებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოში, ინვესტიციების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა, განსაკუთრებით 2020 წელს. თუმცა პანდემიამდე პერიოდშიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მკვეთრი კლების ტენდენცია გამოკვეთილი იყო და მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა. სამწუხარო ფაქტია, რომ ქვეყანამ ვერ შეძლო განეხორციელებინა მთელი რიგი საინვესტიციო პროექტები, მათ შორის, ანაკლიის პორტი, ნამახვანჰესი, სტრატეგიული მნიშვნელობის ჰესები. აღნიშნულმა, გარდა აშკარა ეკონომიკური დანაკარგისა, ქვეყნის საინვესტიციო იმიჯი და კლიმატიც დააზარალა.

2021 წელს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1.152 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წელთან შედარებით 101.5% ზრდას წარმოადგენდა, ხოლო 2019 წელთან შედარებით 13.6% კლებას. 2020 წელს, პუი-ს მოცულობამ 572 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით, 57.1%-ით ნაკლები იყო. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის IV კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უარყოფითი მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინვესტიციების გამავალი ნაკადები შემომავალ ნაკადებს აჭარბებდა. კვარტალურ ჭრილში, უარყოფითი პუი 1995 წლის შემდეგ (არსებული სტატისტიკის ფარგლებში) პირველად დაფიქსირდა.

ცხრილი 1: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა 2013-2021 წლებში, კვარტლების მიხედვით

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

აბსოლუტურთან ერთად, მნიშვნელოვანია ინვესტიციების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობითი მაჩვენებლის განხილვაც, ვინაიდან კონკრეტული აბსოლუტური სიდიდე შესაძლებელია იყოს ძალიან დიდი, როდესაც საქმე გვაქვს მცირე ეკონომიკასთან და იყოს ძალიან მცირე შედარებით დიდი ეკონომიკის პირობებში. 2020 წელს, ინვესტიციების მშპ-თან ფარდობა 3.6% იყო, რაც 2001 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 2021 წლის მეოთხე კვარტალში, შედარებით მაღალი ზრდა დაფიქსირდა, რის ხარჯზეც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მშპ-თან ფარდობის მაჩვენებელმა 6.2%-ს მიაღწია. ზრდა, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, მით უფრო პანდემიის ფონზე, თუმცა 6.2% - 2013 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 3 ძირითადი კომპონენტისგან შედგება, ესენია: ინვესტორების სააქციო კაპიტალი, განხორციელებული რეინვესტიციები და სავალო ვალდებულებები. 2020 წლის განმავლობაში, სააქციო კაპიტალის მოცულობა, მინიმუმამდე დაეცა და მხოლოდ 28.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (მთლიანი ინვესტიციების 5%). 2021 წლის სტატისტიკაში რეინვესტირების მოცულობა კიდევ უფრო გაიზარდა და 760 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ინვესტიციების 66% იყო, ხოლო სააქციო კაპიტალის მოცულობამ იმავე პერიოდში 174.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (პუი-ს 15.1%). რეინვესტირების მაჩვენებელი მაღალი იყო 2019 წელსაც და მთლიანი ინვესტიციების 47.5%-ს შეადგენდა. რეინვესტირება, ბუნებრივია, ცალკე აღებულად დადებითი მოვლენაა, თუმცა, ისედაც შემცირებული ინვესტიციების პირობებში, რეინვესტირების მაღალი წილი პუი-ს სტრუქტურაში მიანიშნებს ახალი ინვესტიციების შემოსვლის დაბალ მაჩვენებელზე, რაც საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის უარყოფით მოვლენას წარმოადგენს.

ცხრილი 2: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კომპონენტების მიხედვით, 2019-2021 წლებში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2020 წელს, მთლიანი ინვესტიციების 70% საფინანსო სექტორზე მოდიოდა (404 მლნ აშშ დოლარი). შემდგომი ორი მსხვილი სექტორი იყო სამთომომპოვებელი მრეწველობა (98.7 მლნ აშშ დოლარი, მთლიანი პუი-ს 17.2%) და უძრავი ქონება (90.3 მლნ აშშ დოლარი, მთლიანი პუი-ს 15.8%).

2021 წლისთვის, ინვესტიციები საფინანსო სექტორში დაახლოებით 39 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა, თუმცა, ამჯერად, ინვესტიციებმა დარგში მთლიანი პუი-ს მხოლოდ 39% შეადგინა. მნიშვნელოვნად გაიზარდა ინვესტიციები ენერგეტიკის დარგში და 157 მლნ დოლარს მიაღწია. 2020 წელთან შედარებით, 107 მლნ აშშ დოლარით - 143 მლნ აშშ დოლარამდე, გაიზარდა ინვესტიციები დამამუშავებელი მრეწველობის დარგში.

2020 წელს, უარყოფითი ინვესტიციები დაფიქსირდა სოფლის მეურნეობის და თევზჭერის, ენერგეტიკის, და სასტუმროების და რესტორნების სფეროებში, ხოლო 2021 წელს სამთომომპოვებელი მრეწველობის და კავშირგაბმულობის დარგებში.

2021 წელს, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა გაერთიანებული სამეფო იყო (596 მლნ აშშ დოლარი), ხოლო მეორე ადგილს ნიდერლანდები იკავებდა (125 მლნ აშშ დოლარი). მსგავსი სურათი იყო 2020 წელსაც, როდესაც გაერთიანებული სამეფოდან 302 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, ხოლო ნიდერლანდებიდან 200.6 მლნ აშშ დოლარის.

ასევე, ხაზი იმ ფაქტს უნდა გაესვას, რომ ბოლო წლებში, პუი-ს შემოდინება ე.წ ოფშორული ზონებიდან ფიქსირდებოდა, როგორებიცაა მაგალითად პანამა, მარშლის კუნძულები, და ა.შ. აღნიშნული ქვეყნები, შეღავათიანი დაბეგვრით სარგებლობენ. ზოგადად, მსოფლიოში, ხშირია პრაქტიკა, როდესაც ბიზნესის წარმომადგენლები საქმიანობას ოფშორებში დარეგისტრირებული სამეწარმეო სუბიექტების საშუალებით ეწევიან, რაც მათთვის მთელ რიგ სარგებელთან არის დაკავშირებული, როგორიც არის გადასახადებისგან თავის არიდება, საჯაროობის შემცირება (ოფშორულ ზონებზე დარეგისტრირებული კომპანიების მფლობელებზე ინფორმაცია საჯარო რეესტრში ვერ ხვდება) და ა.შ. არსებობს ვარაუდი, რომ ოფშორებიდან საქართველოსკენ მომავალი საინვესტიციო ნაკადების უკან ასევე საქართველოს მოქალაქეები დგანან, ე.ი ტექნიკურად, მათი კლასიფიკაცია უცხოელ ინვესტორებად ხდება, რაც ბუნებრივია, რეალობას არ შეესაბამება. 2020 წელს, მხოლოდ პანამის შემთხვევაში 209 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის გასვლა დაფიქსირდა, რამაც მაჩვენებელზე საკმაოდ დიდი გავლენა იქონია. 2021 წელს, პანამიდან გატანილი იქნა 7 მლნ აშშ დოლარის პუი.


მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი