სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. გამოვლენილი ნაკლოვანებების შესახებ საუბარია აუდიტის ანგარიშში, რომელიც უწყებამ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ მუნიციპალიტეტმა, რომელსაც უამრავი ინფრასტრუქტურული პრობლემა მოსაგვარებელი აქვს, საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად განხორციელება ვერ უზრუნველყო, რის გამოც არსებითი მოცულობის ნაშთი დააგროვა. აუდიტის დასკვნით, ეს მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვაზე მიუთითებს.

კერძოდ, 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტმა, ას თოთხმეტი ხელშეკრულების ფარგლებში, ჯამში 27 738 200 ლარის ღირებულების პროექტები განახორციელა. აუდიტის ჯგუფმა შესრულებული სამუშაოები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და დაზიანებული ობიექტები გამოავლინა. მათ შორის, სოფელ მაღლაკში, ჟორჟოლიანების უბნის გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა. აღნიშნული ტენდერი სხვა სამუშაოებს სხვა ლოკაციაზეც ითვალისწინებდა. ორ პრეტენდენტს შორის, დაბალი ფასით მონაწილეს დისკვალიფიკაცია მიენიჭა და 1 917 062 ლარის ღირებულების ხელშეკრულება შპს „მიმდემთან“ გაფორმდა. შემსყიდველმა კომპანიას თანხა სრულად გადაუხადა. თუმცა გაირკვა, რომ ბეტონის საფარი, რომლის ღირებულებაც 470 100 ლარს შეადგენს, დაზიანებულია და ბზარები აღენიშნება. აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაზიანებები არაერთ სასწავლო, საგზაო თუ სხვა დანიშნულების ობიექტზე ფიქსირდება. მუნიციპალიტეტმა სამუშაოები დადებითი საექსპერტო დასკვნების საფუძველზე ჩაიბარა. თუმცა გამოვლინდა, რომ კონტროლის პროცედურები, ზოგიერთ შემთხვევაში, ვერ უზრუნველყოფდა სათანადო რწმუნებას სამუშაოების ხარისხის მოქმედ სტანდარტებსა და ნორმებთან შესაბამისობაზე. შედეგად, ობიექტები დამატებით რეაბილიტაციას საჭიროებს. 50 000 ლარზე მეტი ღირებულების პროექტების შემთხვევაში, სამუშაოებს შპს „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი“ და შპს „ჯეოექსპერტი“ ამოწმებდნენ. ანგარიშის თანახმად, ექსპლუატაციის პროცესში გამოვლენილი უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, მოქმედი სამშენებლო წესებისა და ნორმების დარღვევის შედეგია. მათი გამოვლენა კი სწორედ საექსპერტო დაწესებულებებს ევალებოდა. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტს ორგანიზაციების პასუხისმგებლობაზე არ უმსჯელია და სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია. მნიშვნელოვანია, რომ აუდიტის პერიოდში საგარანტიო ვადები გასული არ იყო. უწყების დასკვნით, მუნიციპალიტეტმა 1 620 400 ლარის ღირებულების დაზიანებული ობიექტები ჩაიბარა.

არაერთ შემთხვევაში ინფრასტრუქტურული პროექტები დადგენილ ვადებში ვერ დასრულდა. საუბარია 5 553 700 ლარის ჯამური ღირებულების პროექტებზე. მუნიციპალიტეტმა გეგმა-გრაფიკის დაცულობის მექანიზმი არ გამოიყენა და მიმწოდებლებს ჯარიმა არ დააკისრა. როგორც ანგარიშში წერია, ჯარიმის ოდენობა 178 000 ლარი უნდა ყოფილიყო. გეგმა-გრაფიკის დარღვევის შესახებ შემსყიდველისთვის არც ზედამხედველ ორგანიზაციებს უცნობებიათ.

ცხრილი 1. ტენდერები, რომელთა ფარგლებშიც დარღვეულია გეგმა-გრაფიკი, 2019-2020 წლები

წყარო: სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით, სამუშაოების მიწოდების გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული პირობების დაცვა ფორმალურ ხასიათს ატარებდა და სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობის პრევენციას ვერ უზრუნველყოფდა. მუნიციპალიტეტს არც ერთი მიმწოდებელი არ დაუჯარიმებია და მუნიციპალურ ბიუჯეტში შესაბამისი ფინანსური რესურსი არ მიმართულა.

საანგარიშო პერიოდში, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის გაფორმებული ხელშეკრულებებიდან, მიწოდების ვადები ორმოცდაექვს შემთხვევაში დაირღვა. დოკუმენტაციის შესწავლით გამოვლინდა, რომ მუნიციპალიტეტმა შესყიდვის პროცესი არასათანადოდ წარმართა. ასევე სათანადოდ არ იყო განსაზღვრული ხელშეკრულების პირობები. მიმწოდებლებს შესაძლებლობა მიეცათ, მიწოდების ვადის მნიშვნელოვანი დარღვევის შემთხვევაშიც კი, სახელშეკრულებო პირობები მინიმალური დანახარჯებით შეესრულებინათ. საინტერესოა, რომ ხელშეკრულებებში არაერთი ცვლილება განხორციელდა. ზოგიერთ შემთხვევაში, კომპანიამ სახელშეკრულებო ვადას ასი და მეტი დღით გადააცილა.

მნიშვნელოვანი გარემოება გამოვლინდა წყალმომარაგების მიმართულებითაც. მუნიციპალიტეტის ჩვიდმეტი დასახლებული პუნქტიდან, ქ. წყალტუბოსა და ექვსი თემის (სოფლები: გვიშტიბი, ოფშკვითი, ფარცხანაყანები - სრულად. სოფლები: წყალტუბო, გუმბრა, ქვიტირი - ნაწილობრივ) მოსახლეობისთვის წყლის მიწოდებას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია უზრუნველყოფს. დანარჩენი თერთმეტი თემის მოსახლეობის წყალმომარაგება მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არც ერთ სუბიექტს ფუნქციურად არ ევალება. შპს „წყალი ანკარა“, რომელიც მუნიციპალიტეტის დაფუძნებულია, მხოლოდ სოფელ გეგუთის ერთი უბნის, ვარციხეჰესის 150 ოჯახს ემსახურება. ორგანიზაციას, რომელშიც ორი თანამშრომელია დასაქმებული, წყლის მიწოდების ლიცენზია არ აქვს. მისი მოვალეობა წყალგაყვანილობის ტექნიკური მომსახურება და აღნიშნული უბნის მოსახლეობისგან გადასახადის ამოღებაა.

მიუხედავად იმისა, რომ სასმელი წყლის სისტემების დაფინანსება პრიორიტეტადაა მიჩნეული, 2019 წელს მუნიციპალიტეტმა ამ მიმართულებით მხოლოდ 106 800 ლარი დახარჯა, ხოლო 2020 წელს - 970 900 ლარი. თანხის ნაწილი სათავე ნაგებობების მოწყობაზე, ავზებისა და წყლის მილების შეძენაზე დაიხარჯა. აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის მიზნით განხორციელებული პროექტები არასაკმარისია და სასმელ წყალზე მოსახლეობის ყოველდღიურ მოთხოვნას ვერ უზრუნველყოფს. მუნიციპალიტეტის ორმოცდაცხრა სოფელში მცხოვრები 17 272 ოჯახიდან, ცენტრალიზებულად წყალი მხოლოდ 14 335 ოჯახს მიეწოდება. დანარჩენი 6 530 ოჯახი წყალს გრაფიკით ან/და შეფერხებით იღებს. 2 937 ოჯახი კი ჭებითა და წყაროებით სარგებლობს.

ამ პრობლემას ემატება ისიც, რომ მუნიციპალიტეტი სასმელი წყლის ლაბორატორიულ კვლევას არ აწარმოებს. ჭები და სათავე ნაგებობები, საიდანაც მოსახლეობას წყალი მიეწოდება, წყლის დაქლორვის საშუალებებით აღჭურვილი არ არის. 2019 და 2021 წლებში, ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დაკვეთით, ბაღებში სასმელი წყლის ლაბორატორიული კვლევები ჩატარდა. 2019 წელს, 56 ნიმუშიდან, ნორმიდან გადახრა 11 შემთხვევაში გამოვლინდა, ხოლო 2021 წელს, 23 ნიმუშიდან, ხარვეზი 6 შემთხვევაში დაფიქსირდა. ეს ძირითადად იმ ნიმუშებს ეხება, რომლებიც ჭებიდან და ჭაბურღილებიდან მომარაგებულ საბავშვო ბაღებში აიღეს.

უწყება აღნიშნავს, რომ გამოვლენილი ხარვეზების ნაწილი წინა წლების აუდიტის ანგარიშშიც მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტს შესაბამისი რეკომენდაციები მიეცა, ზოგიერთი დარღვევა განმეორებით დაუშვა. კერძოდ: ვერ უზრუნველყო ბიუჯეტით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად განხორციელება; ზოგიერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დაუსრულებელი და უფუნქციოა; გამოვლინდა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, რომელთა საგარანტიო ვადა ამოწურული არ იყო და სხვა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მუნიციპალიტეტს დარღვევა-ნაკლოვანებების გამოსწორებისთვის საჭირო ქმედებების განხორციელების რეკომენდაციას აძლევს და აღნიშნავს, რომ ეს ღონისძიებები აუცილებელია საჯარო დაწესებულების ინტერესების დაცულობისა და საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვისთვის.

ფოტო:jam-news.net


მსგავსი სიახლეები

5364 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი