იტვირთება

სოციალურ ქსელში ვრცელდება მტკიცება, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი, კორონავირუსის პანდემიის მსგავსად, გლობალური ელიტების მიერ დაწერილი სცენარის ნაწილია. რეალურად, აღნიშნული მტკიცება, საფუძველს მოკლებულია და შეთქმულების თეორიას წარმოადგენს. მისი მიზანი საზოგადოების დარწმუნებაა, თითქოს COVID-19-ის პანდემია და უკრაინაში მიმდინარე ომი მსოფლიოს მოსახლეობის წინააღმდეგ წარმოებული „ჰიბრიდული ომის“ ნაწილია, რათა ახალი მსოფლიო გადანაწილება მოხდეს.

კორონავირუსის პანდემიის დაწყებისთანავე, 2020 წელს, შეთქმულების თეორეტიკოსებმა აქტიურად დაიწყეს ყალბი და კონსპირაციული თეორიების გავრცელება, რომ თითქოს პანდემია გლობალური ელიტების მიერ წინასწარ გაწერილი სცენარის ნაწილს წარმოადგენდა. აღნიშნული გლობალური გეგმის მთავარ მიზნებად კი მსოფლიო მოსახლეობის შემცირებასა და ახალი დღის წესრიგის ჩამოყალიბებას ასახელებდნენ. შეთქმულების თეორიების მორიგი ტალღა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნასაც მოჰყვა. გავრცელებული მტკიცებებით, ვაქცინები ადამიანებს გენეტიკურ კოდს შეუცვლიდნენ და სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემას შეუქმნიდა, რის შედეგადაც რამდენიმე წელიწადში მოსახლეობის დიდი ნაწილი გარდაიცვლებოდა. ბუნებრივია, ზემოთ აღნიშნული მტკიცებები, ყალბია და მათ არც ფაქტობრივი და არც მეცნიერული საფუძველი არ გააჩნია.

შეთქმულების თეორეტიკოსებმა, 2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყება, გლობალური ელიტებისა და მმართველი ძალების მიერ შედგენილი გეგმის ნაწილად და კორონავირუსის პანდემიის გაგრძელებად მოიხსენიეს. გაჟღერდა თეორიაც, რომ COVID-19-ის პანდემია და უკრაინაში მიმდინარე ომი მსოფლიო მოსახლეობის წინააღმდეგ წარმოებული „ჰიბრიდული ომის“ ნაწილია. რეალურად, დღეს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს არავითარი კავშირი არ აქვს „გლობალისტების“ მიერ წინასწარ გაწერილ გეგმასთან, რომელიც COVID-19-ის პანდემიით დაიწყო. უკრაინაში მიმდინარე მოვლენები არის შედეგი რუსეთის და კონკრეტულად, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებისა, საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებებისა და გაფრთხილებების (მაგალითად, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ევროკავშირი) მიუხედავად დაეწყო არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომი უკრაინის წინააღმდეგ, „დემილიტარიზაციისა“ და „დენაციფიკაციის“ ყალბი საბაბით.

ხშირად ამტკიცებენ იმასაც, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებმა უკრაინის მოსახლეობა ომისთვის შეგნებულად გაწირეს. სინამდვილეში კი, უკრაინა-რუსეთის ომში აგრესორ მხარეს რუსეთი წარმოადგენს, სწორედ ის დაესხა თავს უკრაინას, წამოიწყო არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომი და მშვიდობიან მოსახლეობასაც სწორედ რუსული არმია ხოცავს.

გაეროს ცნობით, 11 აპრილის მონაცემებით, ომის შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობაში მსხვერპლს 4335 ადამიანი შეადგენს, მათ შორის 1842 გარდაცვლილი და 2493 დაშავებულია. ამდენად, უკრაინის მთავრობისთვის რუსეთის მიერ წამოწყებული არაპროვოცირებული ომის დაბრალება არასწორია. ზელენსკის და უკრაინის მთავრობას უკრაინა და უკრაინელი ხალხი ომის პირობებში არ მიუტოვებია. პირიქით, ზელენსკი რუსეთისადმი წინააღმდეგობის გაწევის, არდანებების და ბოლომდე ბრძოლის შესახებ განცხადებებს ომის დაწყების დღიდან აქტიურად აკეთებს.

ხაზგასასმელია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დანაშაულების ჩადენაზე, მათ შორის - სამოქალაქო ობიექტებსა და მოქალაქეებზე თავდასხმაში, საერთაშორისო საზოგადოება, დამოუკიდებელი ორგანიზაციები (Bellingcat, Amnesty International, Human Rights Watch), აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, ხმამაღლა საუბრობს. რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სასტიკი ქმედებების შესახებ ყურადღება გამახვილებულია, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 24 მარტს მიღებულ რეზოლუციაში „უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ჰუმანიტარული შედეგები“, რომელშიც ნათქვამია: „ვგმობთ, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებს, მათ შორის - უკრაინის მჭიდროდ დასახლებული ქალაქების, კერძოდ მარიუპოლის, ალყაში მოქცევას, დაბომბვასა და საჰაერო თავდასხმებს“. ამავე პოზიციაზეა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, მიშელ ბაჩელეტი, რომელმაც რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში სავარაუდო ომის დანაშაული უწოდა. რუსული ძალების მიერ უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას ადასტურებს უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, მატილდა ბოგნერი, რომელიც CNN-თან ინტერვიუში ამბობს: „მარიუპოლის no.3 საავადმყოფოს დაბომბვა, ჩვენი შეფასებით, მოხდა რუსეთის მხრიდან“. ამასთან, აღსანიშნავია, რომ უკრაინა რუსეთს, მას შემდეგ, რაც გათავისუფლებულ ქალაქ ბუჩაში, ქუჩებში ადამიანების ცხედრები და მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი სასაფლაოები იხილეს, გენოციდშიც ადანაშაულებს.

ამდენად, მტკიცება, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი, კორონავირუსის პანდემიის გაგრძელებას და საერთო ჯამში გლობალისტების მიერ წინასწარ გაწერილი გეგმის ნაწილია, შეთქმულების თეორიას წარმოადგენს. მისი მიზანი კი საზოგადოების დარწმუნებაა, რომ თითქოს COVID-19-ის პანდემია და უკრაინაში მიმდინარე ომი მსოფლიოს მოსახლეობის წინააღმდეგ წარმოებული „ჰიბრიდული ომის“ ნაწილია, რათა ახალი მსოფლიო გადანაწილება მოხდეს.

-----------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4021 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
25%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი