რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსეთის ოფიციალური პირები უკრაინაში სამოქალაქო პირებზე თავდასხმის ფაქტებს უარყოფენ და ირწმუნებიან, რომ მათი მხრიდან თავდასხმა მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე ხორციელდება. მაგალითად, ისეთ მასშტაბურ თავდასხმებს, როგორიც იყო: მარიუპოლის სამშობიაროზე, თეატრზე, კრამატორსკში რკინიგზაზე შეტევა, რუსულმა მხარემ დადგმული ან თავად უკრაინელების მიერ განხორციელებული უწოდა. ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივ მკვლელობებს რუსეთმა ასევე უკრაინის მხრიდან მოწყობილი პროვოკაცია და დადგმული სცენა უწოდა.

სინამდვილეში, საერთაშორისო საზოგადოების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საგამოძიებო ჟურნალისტების ინფორმაციითა და სხვა მტკიცებულებებით, დგინდება, რომ რუსეთი სამოქალაქო ობიექტებს, მშვიდობიან მოსახლეობას თავს ესხმის და შესაბამისად, მისი ქმედებები შესაძლო ომის დანაშაულებს წარმოადგენს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებასთან დაკავშირებით, ჰააგის სასამართლოს რუსეთის მიერ შესაძლო ომის დანაშაულებზე გამოძიების დაწყების მიზნით 39-მა ქვეყანამ მიმართა. აღნიშნულ მიმართვასთან დაკავშირებით, 2022 წლის 2 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, Karim Khan-ის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ: „შემთხვევების წინასწარი შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით, სასამართლოს აქვს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ უკრაინის ტერიტორიაზე სისხლის სამართლით გათვალისწინებული დანაშაულები იქნა ჩადენილი“. ომის პარალელურად, უკრაინაში ექსპერტები ომის დანაშაულების ჩადენის მტკიცებულებებს აგროვებენ.

24 მარტს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინის წინააღმდეგ მიმართული აგრესიის ჰუმანიტარული შედეგების შესახებ რეზოლუცია გამოაქვეყნა, სადაც გაერომ დაგმო „რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში, საჰაერო შეტაკებები, დაბომბვა და ბლოკადა, თავდასხმები მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით მარიუპოლში, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, სკოლებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, ჯანდაცვის ობიექტებზე, მშვიდობიან მოსახლეობასა და ჟურნალისტებზე“.

ამავდროულად, რუსეთის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით Human Rights Watch-მა განაცხადა, რომ რუსულმა სამხედრო ძალებმა დაარღვიეს ომის კანონები ჩერნიგოვში, ხარკოვსა და კიევში. ეს გულისხმობს გაუპატიურებას, ძალადობას და მუქარას მშვიდობიან მოსახლეობის მიმართ, რის გამოც ისინი პასუხისმგებელი არიან ომის დანაშაულებზე.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, გაეროს განცხადების თანახმად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჯანდაცვის ობიექტებზე 31 თავდასხმა დააფიქსირა. უკრაინაში ჯანდაცვის დაწესებულებებსა და ჯანდაცვის მუშაკებზე რუსული შეიარაღებული ძალების თავდასხმებს G7-ის ჯანდაცვის მინისტრები ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ - „მოქალაქეებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის - ჯანდაცვის დაწესებულებებზე და მუშაკებზე მიზანმიმართული თავდასხმები არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს“,- ვკითხულობთ განცხადებაში.

ამასთან, ეუთოს 12 აპრილს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, გამოძიება უნდა დაიწყოს ომის დანაშაულებზე, რადგან რუსეთმა უკრაინაში არაპროვოცირებული შეჭრისას ადამიანის უფლებები და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმები დაარღვია.

12 აპრილს რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გენოციდი უწოდა - „რუსეთის სისასტიკეს უკრაინაში გენოციდი ვუწოდე, რადგან უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ პუტინის მიზანი უკრაინელების განადგურებაა“. 3 აპრილს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, განაცხადა, რომ უკრაინელ უდანაშაულო მოქალაქეებზე „საზარელი თავდასხმები“ ბუჩასა და ირპინში იყო ომის დანაშაულების კიდევ ერთი მტკიცებულება.

5 აპრილს ევროკავშირმა დეკლარაცია გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ქალაქ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში მომხდარი მასობრივი ხოცვა-ჟლეტა ევროპის მიწაზე ჩადენილი სისასტიკეების სიაში ჩაიწერება. ბუჩაში მომხდარს „ხოცვა-ჟლეტა“ (Massacre) უწოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმაც. ასევე, შარლ მიშელმა კიევში 20 აპრილს ვიზიტის შემდეგ განაცხადა: „არ არსებობს სიტყვები იმის ასახსნელად, რასაც მე ვგრძნობ არა როგორც ევროსაბჭოს პრეზიდენტი, არამედ როგორც მამა, როგორც ადამიანი. ეს არის სისასტიკე. ეს არის ომის დანაშაული. ეს უნდა დაისაჯოს. ეს დაისჯება. მათ უნდა გადაიხადონ იმისთვის, რაც გააკეთეს აქ და უკრაინის ბევრ სხვა ქალაქსა და ადგილას“.

აღნიშნულ განცხადებებთან ერთად, არაერთი ღია წყარო და საერთაშორისო ორგანიზაცია მათ შორის - Bellingcat-ი, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი, OSCE (ეუთო), მოპოვებული ფოტო და ვიდეომასალებისა და მოწმეთა დაკითხვის საფუძველზე ადასტურებს, რომ რუსი სამხედროები თავს ესხმიან სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და მშვიდობიან მოქალაქეებს, მათ შორის ბავშვებს, ამასთან, იყენებენ მეთოდებს, რომლებიც ომის კანონებს არღვევს.

მიუხედავად რუსული მედიისა და რუსეთის ფედერაციის ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული მტკიცებისა, რომ რუსეთი სამოქალაქო ობიექტებს (საერთაშორისო სამართლის ნორმების თანახმად, სამოქალაქო ობიექტად ითვლება ყველა დაწესებულება, გარდა სამხედრო ობიექტებისა) არ ესხმის თავს, სინამდვილეში, 24 თებერვლიდან 24 მარტის ჩათვლით, რუსულმა სამხედრო ძალებმა შეტევა განახორციელეს და დააზიანეს/გაანადგურეს სულ მცირე 4 431 საცხოვრებელი შენობა, 378 საგანმანათლებლო დაწესებულება, 138 ჯანდაცვის დაწესებულება, 98 ქარხანა და საწყობი უკრაინაში. Bellingcat-ი გვთავაზობს ამ შემთხვევების ინტერაქციულ რუკას, სადაც ასახულია შემთხვევები, რომელთაც მშვიდობიან მოსახლეობას მიაყენეს ზიანი.

ამას გარდა, 2022 წლის 24 თებერვლიდან, დილის 4 საათიდან 2022 წლის 18 აპრილის შუაღამის 24:00 საათამდე (ადგილობრივი დროით), გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისიამ უკრაინაში ომის შედეგად დაღუპული 2,104 (აქედან 71 ბავშვი) და 2,862 დაშავებული (აქედან 155 ბავშვი) მშვიდობიანი მოქალაქე დააფიქსირა.

„ფაქტ-მეტრმა“ ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის შემთხვევებს თავი მოუყარა.

• ბუჩაში რუსული ძალების მიერ დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ კიევის რეგიონიდან 500-ზე მეტი მოკლული მოქალაქის სხეული გაიტანეს. რეგიონში, ბუჩას ჩათვლით, მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი სასაფლაოებიც იპოვეს.

• 8 აპრილს უკრაინის ქალაქ კრამატორსკზე რუსეთმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, რასაც მინიმუმ 57 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაახლოებით 100 ადამიანი დაშავდა. რუსეთის მიერ კრამატორსკის დაბომბვის შესახებ საუბრობს საერთაშორისო ავტორიტეტული მედიაც (მაგალითად, Politico, Aljazeera, Times of Israel, Telegraph, NY Post და ა.შ.).

• 17 მარტს რუსული შეიარაღებული ძალები თავს დაესხნენ მშვიდობიან მოსახლეობას მარიუპოლში და დაბომბეს სამოქალაქო ობიექტი. მარიუპოლის თეატრის შენობა, რომელსაც 1200-მდე ადამიანი აფარებდა თავს, რუსმა სამხედროებმა გაანადგურეს. შემთხვევას ემსხვერპლა 300 ადამიანის სიცოცხლე. თეატრის შენობის წინა და უკანა მხარეს იყო გამაფრთხილებელი წარწერა - „ბავშვები“ („дети“) - რუსულ ენაზე. მომხდარის ამსახველ ვიდეოკადრებს CNN აქვეყნებს.

• როგორც Amnesty International-ი იუწყება, 26 თებერვალს რუსეთის მიერ ქალაქ ჩერნიხოვის საბავშვო ბაღზე საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 47 მშვიდობიანი მოქალაქე.

• 9 მარტს საპორტო ქალაქ მარიუპოლში არსებულ სამშობიაროზე რუსეთმა საჰაერო თავდასხმა განახორციელა. დაშავდა სულ მცირე 17 ადამიანი და გარდაიცვალა 3, მათ შორის - ერთი ორსული ქალი ნაყოფთან ერთად. მომხდარს ადასტურებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ოფიციალური განცხადებებით.

• Amnesty International-ის თანახმად, 3 მარტს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 12:30 საათზე, რუსულმა მხარემ ხარკოვში თავდასხმა გარეთ წყლის ასაღებად გამოსულ მშვიდობიან მოქალაქეებზე განახორციელა. დაიღუპა მინიმუმ 4 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის - ერთი ბავშვი, დაშავდა კიდევ 16 ადამიანი. მომხდარი ვიდეო კადრებითა და მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება.

• 25 თებერვალს უკრაინის ქალაქ ოხტირკაში რუსეთის მიერ კასეტური ბომბების სკოლამდელი დაწესებულების შენობაზე გამოყენების შედეგად გარდაიცვალა უკრაინის სამი მოქალაქე, მათ შორის - ერთი ბავშვი.

• 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე საათში რუსმა სამხედროებმა სამჯერ განახორციელეს თავდასხმა მშვიდობიანი მოქალაქეებით მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე, მათ შორის - ვულედარში, ხარკოვსა და უმანში. დაიღუპა ოთხი და დაშავდა ათი მშვიდობიანი მოქალაქე. დაშავებულებს შორის იყო ექვსი ჯანდაცვის მუშაკი. რუსეთის მხრიდან განხორციელებული თავდასხმები დაადასტურა Human Rights Watch-მა.

Amnesty International-მა მოიპოვა დამატებითი 65 ფოტო და ვიდეომასალა, რომლებიც შემთხვევის ადგილებს, დაშავებულებსა და დაზიანებულ სკოლას უფრო დეტალურად ასახავს.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით, საგანმანათლებლო დაწესებულებებს სპეციალური დაცვის სტატუსი ენიჭებათ, თუ ისინი სამხედრო მიზნებისთვის არ გამოიყენება. კონფლიქტის მხარეებს მოეთხოვებათ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ, რომ ამ ტიპის დაწესებულებების დაზიანება არ მოხდეს. Amnesty International-ის გამოძიებული შემთხვევებიდან კი რუსეთის მიერ სკოლებზე განხორციელებული თავდასხმის დროს - სამხედრო მიზნებისთვის, არც ერთი მათგანი არ გამოიყენებოდა.

--------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი