იტვირთება

21 აპრილს „ქართული ოცნების“ დაარსებიდან 10 წელი შესრულდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი შეაჯამა. შალვა პაპუაშვილის მტკიცებები, რომელსაც ის „ქართული ოცნების“ მთავარ მიღწევებად წარმოაჩენს, „ფაქტ-მეტრმა“ გადაამოწმა.

განცხადება: შევამცირეთ სიღარიბე 30%-დან 19.5%-მდე, 350 000 მოქალაქემ დაძლია სიღარიბე

ვერდიქტი: მანიპულირება

2020 წლის მონაცემებით, 2012 წელთან შედარებით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 30%-დან 21.3%-მდე შემცირდა, რაც მოსახლეობის რაოდენობაზე გადაანგარიშებით, 321.3 ათასი ადამიანით ნაკლებია. აბსოლუტური სიღარიბის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (19.5%) 2019 წელს დაფიქსირდა.

შალვა პაპუაშვილი გრძელვადიანი პერიოდის ჯამურ მაჩვენებელზე ამახვილებს ყურადღებას, რითაც იმ რეალობას ფარავს, რომ მიღწეული შედეგი ძირითადად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის საწყის წლებზე მოდის, შემდგომ წლებში კი აღნიშნული დადებითი ტენდენცია არ შენარჩუნებულა. საქართველოში სიღარიბის შემცირების ტენდენცია, წინა ხელისუფლების პერიოდში, 2011 წელს დაიწყო და დადებითი დინამიკა 2015 წლის ჩათვლით შენარჩუნდა. 2016-2017 წლებში ქვეყანაში სიღარიბის დონე გაიზარდა, შემდგომ პერიოდში კი ცხოვრების დონის გაუმჯობესების ტემპი არსებითად შენელდა (იხილეთ ამ თემაზე „ფაქტ-მეტრის“ სტატია). 2020 წელს კი სიღარიბის დონე 1.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ დამატებით 69 ათასზე მეტი ადამიანი აბსოლუტურ სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდა. პანდემიის პერიოდში სოციალურ გამოწვევები უმეტესწილად მთავრობის პოლიტიკით - მკაცრი და ხანგრძლივი ეკონომიკური შეზღუდვებით იყო განპირობებული. კრიზისის პერიოდში სოციალური დაცვის მექანიზმები არ იყო საკმარისი. შესაბამისად, სიღარიბის დონის მკვეთრი მატება გარდაუვალი იყო.

გრაფიკი 1: სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა და მათი წილი მთლიან მოსახლეობასთან მიმართებით

წყარო: საქსტატი; ავტორის გამოთვლები

განცხადება: შევქმენით საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა

ვერდიქტის გარეშე

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ერთ-ერთ მთავარ მიღწევად „საყოველთაო ჯანდაცვის“ პროგრამას ხშირად ასახელებენ, თუმცა ვერც საყოველთაობის შენარჩუნება შეძლეს და ამასთან, პროგრამის ხარჯების შეკავება ხელისუფლების მთავარ გამოწვევად იქცა. ქვეყანაში „საყოველთაო ჯანდაცვის“ პროგრამის ამოქმედების შემდეგ სამედიცინო სერვისებზე მოსახლეობის ფინანსური ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდა, თუმცა მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე გაწეული დანახარჯები [ჯიბიდან გადახდები] კვლავ მკვეთრად მაღალია, რაც ძირითადად მედიკამენტებზე მაღალ დანახარჯებს უკავშირდება. დღემდე საყოველთაო ჯანდაცვის მთავარ გამოწვევად მედიკამენტების დაფინანსების კომპონენტი რჩება.

2013 წელს, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის შემოღებით, ჯანდაცვის სისტემაში ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, სახელმწიფომ მიზნობრიობის პრინციპი საყოველთაოთი ჩაანაცვლა და ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა ყველა იმ მოქალაქეზე გავრცელდა, ვინც დაზღვევის სხვა პაკეტით არ სარგებლობდა. პროგრამის ამოქმედებიდან 4 წლის შემდეგ, სახელმწიფომ საყოველთაობის პრინციპი მიზნობრივ მიდგომით ჩაანაცვლა - 2017 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა. შეიცვალა დაფინანსების წესიც - კერძო სადაზღვევო კომპანიებზე დამყარებული დაფინანსების სისტემა გაუქმდა. საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირი გადახდის წესით ფინანსდება. სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსების წესის ცვლილება თავიდანვე უარყოფითად შეფასდა. ერთი შემსყიდველის პრინციპზე გადასვლით დაზღვევასთან დაკავშირებული ფინანსური რისკები სახელმწიფო ბიუჯეტზე მოდის. მსგავსი პრაქტიკა კი ხარჯების მართვის ეფექტიან მექანიზმად ვერ ჩაითვლება. გასული წლების სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯების მართვას ვერ ახერხებს. პროგრამის გეგმური ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება, თუმცა ის ყოველ წელს დეფიციტურია (იხილეთ ვრცლად „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

2012 წლის შემდეგ ქვეყანაში ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე საკუთარი ჯიბიდან გაწეული ხარჯები კვლავ მკვეთრად მაღალია, რაც სახელმწიფოს მხრიდან ხარჯების არაეფექტიან მართვაზე მიუთითებს. 2019 წლის მონაცემებით, ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებში მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდების წილი თითქმის 47%-ს შეადგენს, რაც ჯანმოს ევროპული რეგიონის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს (30%) მნიშვნელოვნად აღემატება. 2013-2019 წლებში, სახელმწიფო დანახარჯების ზრდის შედეგად, ჯიბიდან გადახდების წილი (პროცენტული მაჩვენებელი) ყოველწლიურად მცირდებოდა, თუმცა ნომინალურ მაჩვენებლებში მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე გაწეული დანახარჯების მოცულობა პრაქტიკულად არ შემცირებულა (იხილეთ ვრცლად „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

განცხადება: ქვეყანა გადავიყვანეთ საპარლამენტო რესპუბლიკის წყობაზე

ვერდიქტი: სიმართლე

2010 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით საქართველო ე.წ. „სუპერსაპრეზიდენტო სისტემიდან“ ფორმალურად საპარლამენტო სისტემაზე გადავიდა. 2010 წლის ცვლილებებით ჩამოყალიბებული მოდელი 2013 წელის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდა. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ახალი მმართველობის სისტემა საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელის მსგავსი იყო, იგი კლასიკურ საპარლამენტო მმართველობის მოდელს არ წარმოადგენდა. 2010 წელს მიღებული მოდელის მიხედვით, პრეზიდენტი კვლავ ფართო უფლებამოსილებებით სარგებლობდა. პარლამენტს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ეფექტური კონტროლის მექანიზმები არ გააჩნდა. ასევე, პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურები გართულებული იყო. შესაბამისად, 2010 წლის მმართველობის მოდელი ე.წ. „კვაზი საპარლამენტო სისტემა“ იყო.

2016 წელს „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებების ახალ პაკეტზე დაიწყო მუშაობა. ახალი, მოქმედი რედაქცია 2018 წელს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებასთან ერთად ამოქმედდა. კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით, საქართველო კლასიკური საპარლამენტო რესპუბლიკა გახდა. კერძოდ, მოქმედმა რედაქციამ შეზღუდა პრეზიდენტის უფლებამოსილებები, აღმასრულებელ ხელისუფლებაზე გაძლიერდა საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები, შეიქმნა დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოები, რომელთა ზედამხედველობასაც პარლამენტი ახორციელებს. ასევე, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნისა და მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურები გამარტივდა.

ჯამში, კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით, საქართველო საბოლოოდ კლასიკური საპარლამენტო რესპუბლიკა გახდა. შესაბამისად, შალვა პაპუაშვილი ეს განცხადება არის სიმართლე.

განცხადება: შევათანხმეთ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა და შევიტანეთ განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე. ნატომ საქართველო ყველაზე თავსებად პარტნიორად აღიარა და „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის“ სტატუსი მიანიჭა.

ვერდიქტი: მანიპულირება

შალვა პაპუაშვილი განსახილველ განცხადებაში 21 აპრილს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს მიერ გავრცელებული განცხადების პათოსს იმეორებს. „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „პრაგმატული საგარეო პოლიტიკით, „ქართულმა ოცნებამ“ განამტკიცა მშვიდობა და თვისებრივად აამაღლა ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხარისხი. საქართველომ მიაღწია უპრეცედენტო წინსვლას დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. თვისებრივად გაიზარდა ნატოსთან თავსებადობის ხარისხი, ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროკავშირთან, მივიღეთ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ევროკავშირის მიმართულებით ჩვენი თანმიმდევრული წინსვლის ლოგიკური გაგრძელებაა ოფიციალური განაცხადის წარდგენა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად“.

საქართველოს დასავლურ სამყაროსთან დაახლოებაზე საუბრისას, პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში მიღწეული წარმატებები 30- წლიანი პროცესის, სხვადასხვა მთავრობების მიერ უწყვეტი მუშაობისა და საქართველოს მოქალაქეთა მიერ მრავალჯერ გამოხატული ნების შედეგია. შესაბამისად, საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები არ უკავშირდება კონკრეტულ პარტიებს და იგი ვიწროპარტიულ ინტერესებსა თუ მიღწევებზე მაღლა დგას. აღნიშნულის გათვალისწინებით, შალვა პაპუაშვილისა და „ქართული ოცნების“ განცხადებები მმართველი პარტიის სახელმწიფოსთან გაიგივებისა და ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატებების დასაკუთრების შთაბეჭდილებას ქმნის. მარტივად რომ ვთქვათ, ევროკავშირთან ასოცირების პროცესის დაწყება, უვიზო მიმოსვლის შემოღება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, ნატოსთან პარტნიორობის გაღრმავება და ა.შ. ცალკე აღებული არცერთი მმართველი ძალის („მოქალაქეთა კავშირი“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ქართული ოცნება“) დამსახურება არაა. ამავეს მოწმობს დასავლურ სტრუქტურებთან დაახლოების გრძელვადიანი პროცესი, რომელიც მმართველი პარტიების ცვლილების მიუხედავად, გრძელდებოდა.

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა

2010 წლის 17 ივნისს ქ. ბრიუსელში ხელი მოეწერა „საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების შესახებ“ შეთანხმებას. 2012 წლის 4 ივნისს გაიხსნა საქართველო-ევროკავშირის დიალოგი უვიზო მიმოსვლის შესახებ. 2016 წლის 9 მარტს, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული საბოლოო მეოთხე ანგარიშის საფუძველზე, ევროკომისიის მიერ ინიციირებულ იქნა საკანონმდებლო პროცედურები და ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურად წარედგინა საკანონმდებლო წინადადება 539/2001 რეგულაციაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის სივრცეში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს. 2017 წლის 28 მარტს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა.

ასოცირების შეთანხმება და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება

2010 წლის 15 ივლისს დაიწყო მოლაპარაკებები საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ასოცირების შეთანხმებაზე“, (AA) რომლის ნაწილიცაა „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაც“ (DCFTA). 2012 წლის 28 თებერვალს ოფიციალურად გაიხსნა მოლაპარაკებები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე. 2013 წლის 28-29 ნოემბერს ვილნიუსის სამიტის ფარგლებში, მოხდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების პარაფირება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტის ჩათვლით. 2014 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით. 2016 წლის 23 მაისის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ევროკავშირმა დაასრულა საქართველოსთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციისთვის საჭირო ყველა პროცედურა. 16 ივნისს, ქ. ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომა. 1 ივლისს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება, ძალაში შევიდა.

„გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის“ სტატუსი

საქართველომ ნატოსთან ურთიერთობა 1992 წელს დაიწყო. საქართველოს მიერ ნატო-ს წინაშე აღებული ვალდებულებების წარმატებით განხორციელების საფუძველზე, 2008 წელს ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ „საქართველო გახდება ნატო-ს წევრი“. აღნიშნული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ გზავნილს წარმოადგენს, რაც ნატო-ს მომდევნო სამიტებზე მრავალჯერ დადასტურდა. საქართველოს ნატოსთან დაახლოების გაძლიერებული პროცესი სწორედ ბუქარესტის სამიტიდან იწყება.

2008 წლის 19 აგვისტოს ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრაზე ალიანსმა ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) დაარსების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. 2014 წლის ნატო-ს უელსის სამიტზე ალიანსის წევრმა ქვეყნებმა საქართველო ერთ-ერთ ყველაზე თავსებად პარტნიორად (the most interoperable partner) აღიარეს და სხვა ოთხ ქვეყანასთან (ავსტრალია, იორდანია, ფინეთი, შვედეთი) ერთად „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის“ (Enhanced Opportunity Partners, EOP) სტატუსი მიანიჭეს, რაც ნატო-სთან თანამშრომლობის გაფართოებული შესაძლებლობების მიღებას გულისხმობს. ალიანსის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებით, 2014 წლის უელსის სამიტზე ნატო-ს თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის ინიციატივის (DCB) ფარგლებში საქართველომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (Substantial NATO-Georgia Package, SNGP) მიიღო, რომლის მთავარი მიზანია საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება, ნატო-სთან ურთიერთთავსებადობის ამაღლება და ნატო-ში გაწევრიანების პროცესის ხელშეწყობა. „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის“ ოფიციალურად საქართველომ მოგვიანებით, 2020 წელს უკრაინასთან ერთად მიიღო.

საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთობის მოკლე ქრონოლოგია მოწმობს, რომ მიღწევები, რომელსაც „ქართული ოცნება“ პირად წარმატებად წარმოაჩენს, წლების განმავლობაში სხვადასხვა მთავრობის უწყვეტი მუშაობის შედეგია. რაც შეეხება ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანას, იგი საერთაშორისო გეოპოლიტიკურმა პროცესებმა გამოიწვია და ცალკე აღებული არცერთი პოლიტიკური ჯგუფის დამსახურება არ არის. ამავეს მოწმობს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები განცხადებები, რომელთა მიხედვითაც „ქართული ოცნება“ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანას 2024 წელს აპირებდა. ეს გეგმა მმართველმა პარტიამ ჯერ კიდევ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გააჟღერა.

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ პროცესების დაჩქარება გამოიწვია. 28 თებერვალს, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი რუსეთთან სრულმასშტაბიან ომში მყოფმა უკრაინამ შეიტანა. უკრაინის ქმედებამ მოლოდინი გააჩინა, რომ საქართველოც შეიტანდა განაცხადს, თუმცა როგორც გაირკვა „ქართული ოცნება“ არ აპირებდა განაცხადის შეტანას. 1 მარტს ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა კონსულტაციები ევროკავშირის წარმომადგენლებთან, რომლებმაც უთხრეს, რომ ევროპული პერსპექტივის შეთავაზება „რელევანტურია უკრაინისთვის და არა საქართველოსთვის და მოლდოვისთვის“.

განცხადების გაკეთებიდან მცირე ხანში მმართველმა პარტიამ პოზიცია შეიცვალა. კობახიძის სიტყვებით, განაცხადის დაჩქარებული წესით მომზადების გადაწყვეტილება „საერთო პოლიტიკური კონტექსტისა და ახალი რეალობის გათვალისწინებით“ მიიღეს და 2 მარტს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანება ოფიციალურად მოითხოვა.

საქართველოს მიერ ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთობაში მიღწეულ წარმატებებთან ერთად, მნიშვნელოვანია, ის პრობლემებიც აღინიშნოს, რომელიც წარმატებებისგან განსხვავებით უშუალოდ „ქართული ოცნების“ მმართველობას უკავშირდება და ევროკავშირის გაწევრიანების პროცესში საქართველოს დამაბრკოლებელ ფაქტორად შეიძლება იქცეს. ამ მხრივ, განსაკუთრებით საყურადღებოა სასამართლო ხელისუფლების საკითხი და 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმება (ე.წ. „შარლ მიშელის შეთანხმება“).

2021 წლის 19 აპრილს ხელისუფლებასა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის, ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებები დასრულდა. პარტიებმა ხელი მოაწერეს შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ 5-პუნქტიან გეგმას, რომლის მიზანიც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზის დასრულება და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება იყო. 19 აპრილის შეთანხმება მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: კანონის უზენაესობა და სასამართლო რეფორმა; ამბიციური საარჩევნო რეფორმა; პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება და პარლამენტში ძალაუფლების განაწილება. ამასთან, დოკუმენტის პრეამბულაშივე ვკითხულობთ, რომ შეთანხმების გაფორმების ერთ-ერთი მიზანი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების განსახორციელებლად მიზანდასახული მოქმედებაა.

2021 წლის 28 ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. შეთანხმებიდან გასვლის ოფიციალურ მიზეზად მმართველმა პარტიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეთანხმებაზე ხელის არ მოწერა დაასახელა.

მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეთანხმება ჯერ დაარღვია, ხოლო მერე ანულირებულად გამოაცხადა, საქართველოს პარტნიორები დოკუმენტს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტად დღემდე მიიჩნევენ. საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის თანახმად, 19 აპრილის შეთანხმება არის გზამკვლევი ევროკავშირში ინტეგრაციისა. „ეს ერთ-ერთი გზაა და არა ერთადერთი, რომელიც ამ მიმართულებით წინსვლისთვის არის განკუთვნილი და ძალიან ლეგიტიმური კითხვა ისმის, თუ ეს გზა არა, მაშინ რომელი?“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა 9 თებერვალს.

ცხადია, აღნიშნული შეთანხმება არ არის ისეთი ტიპის, როგორიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაა, (რომელიც სამართლებრივად განსხვავებული, საერთაშორისო ხელშეკრულებაა), თუმცა მისი როლის დაკნინება ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, გაუმართლებელია. მით უფრო - იმის გათვალისწინებით, რომ თავად ევროპელი პარტნიორების თანახმად, შეთანხმება მოიცავს ისეთ რეფორმებს და პოლიტიკურ ცვლილებებს, რაც საქართველოს მმართველობის გაუმჯობესებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით წინსვლისკენ სჭირდება.

ასევე, საქართველოს კვლავ პრობლემური რჩება დამოუკიდებელი მართლმსაჯულების საკითხი, რომელიც ევროინტეგრაციისთვის ფუნდამენტურ საკითხს წარმოადგენს. ბოლო წლებში, ევროკავშირი საქართველოს მიმართ მართლმსაჯულების რეფორმირების საკითხს ურთიერთობის გაღრმავების ერთგვარ წინაპირობად ასახელებს. ამაზე მიუთითებს როგორც19 აპრილის შეთანხმება, ასევე ევროკავშირსა და საქართველოს შორის, მიკრო-საფინანსო დახმარების შესახებ გაფორმებული მემორანდუმი. ეს შეთანხმებები, ადასტურებს, რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის საკითხი, საქართველოს დასავლელი პარტნიორებისთვის ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენს. ამაზე მეტყველებს თავად ის ფაქტიც, რომ სასამართლო სისტემის რეფორმირება, ფინანსური დახმარების წინაპირობად განისაზღვრა (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია 1; სტატია 2 ).

შალვა პაპუაშვილი თავის განცხადებაში ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ წარმატებებს „ქართული ოცნების“ დამსახურებად წარმოაჩენს. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ოცნებას, მართლაც აქვს თავისი, მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი დასავლურ და ჩრდილო-ატლანტიკურ ორგანიზაციებთან ინტეგრაციის პროცესში, პარლამენტის თავმჯდომარე კონტექსტს მიღმა ტოვებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს წინა ხელისუფლებებმა ამ გზაზე ასევე უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადადგეს. ამგვარი ზეპარტიული საკითხის მმართველი ძალის მიღწევად წარმოჩენა არამარტო მანიპულაციურია და არასრულად წარმოაჩენს კონტექსტს, არამედ აუფასურებს იმ მიღწევებს, რომლებიც ქართველი ხალხის დაკვეთით საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლებას ჰქონდა.

განცხადება: გავაორმაგეთ ეკონომიკა და ბიუჯეტი

ვერდიქტი: მანიპულირება

ეკონომიკის განვითარების დინამიკის ყველაზე გავრცელებული მაჩვენებელი მთლიანი შიდა პროდუქტია, რომელიც კონკრეტულ პერიოდში, ქვეყანაში წარმოებული საქონლისა და მომსახურების ღირებულებას ასახავს. თუმცა, მთლიანი შიდა პროდუქტის ღირებულება ინფლაციასაც მოიცავს, რადგან როგორც წესი, იზრდება როგორც წარმოებული საქონლის და მომსახურების რაოდენობა/მოცულობა, ასევე მათი ფასებიც. აღნიშნულ მაჩვენებელს, ნომინალურ მთლიან შიდა პროდუქტს უწოდებენ.

იმისთვის რომ მთლიანმა შიდა პროდუქტმა ეკონომიკის რეალური ზრდა, ანუ საქონლის და მომსახურების ზრდის რეალური მოცულობა ასახოს, ხდება ფასების დაფიქსირება რომელიმე კონკრეტულ წელს და სხვა წლებისთვის, წარმოებული საქონელი/მომსახურების ამ ფასებში გამოთვლა, რაც ინფლაციის გავლენას გამორიცხავს. მაგალითად, თუ 2020 წელს ქვეყანაში აწარმოვეს 100 პური და ერთი პურის ღირებულება 1 ლარი იყო, ხოლო 2021-ში აწარმოვეს 200 პური და ერთი პურის ღირებულება 2 ლარი იყო, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 300 ლარით იზრდება, ხოლო რეალური მთიანი შიდა პროდუქტი (2020 წლის ფასებში, როდესაც პურის ფასი 1 ლარია) 100 ლარით, ანუ რეალურად, წარმოებული საქონლის რაოდენობა და შესაბამისად, რეალური მშპ გაორმაგდა ხოლო ნომინალური მაჩვენებელი, ეკონომიკას გაზრდილად - გაბერილი ფასების გამო, ზედმეტად წარმოაჩენს.

2021 წელს, 2012 წელთან შედარებით, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2.2-ჯერ გაიზარდა. რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი კი, რომელიც ეკონომიკის რეალურ ზრდას ასახავს, 1.36-ჯერ გაიზარდა და არა ორჯერ. 2019 წელს, პრეპანდემიურ პერიოდში, 2012 წელთან შედარებით მშპ 32.3%-ით იყო გაზრდილი. პოლიტიკოსი ეკონომიკური დინამიკის აღსაწერად არასწორ მაჩვენებელს იყენებს.

ცხრილი 1: ნომინალური და რეალური მშპ-ს დინამიკა 2012-2021 წლებში, მლრდ ლარი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ბიუჯეტთან დაკავშირებით, უნდა აღინიშნოს რომ როგორც ასეთი, ბიუჯეტის გარკვეული მოცულობით გაზრდა თუ შემცირება მთავრობის წარმატებისა თუ წარუმატებლობის საზომად ვერ გამოდგება. ბიუჯეტის შემოსულობების და ასიგნებების სტრუქტურის თუ მოცულობის ცვლილებას შესაძლოა მრავალი სხვადასხვა ხარისხობრივი/თვისობრივი ფაქტორი განაპირობებდეს. არსებობს განსხვავებული შეხედულებები, რომლის მიხედვითაც, კონკრეტულ ვითარებაში, ბიუჯეტი უფრო მეტად, ან უფრო ნაკლებად უნდა გაზრდილიყო.

ბიუჯეტის შემოსულობები წარმოადგენს საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში მიღებული ფულადი სახსრების ერთობლიობას. შემოსულობები შემოსავლებისგან, არაფინანსური აქტივების კლებისგან (პრივატიზაცია), ფინანსური აქტივების კლებისა და ვალდებულებების ზრდისგან შედგება. თავის მხრივ, შემოსავლები შედგება საგადასახადო შემოსავლებისგან, გრანტებისგან და სხვა შემოსავლებისგან.

2021 წლის ფაქტით, 2012 წელთან შედარებით, ბიუჯეტის შემოსულობები 2.3-ჯერ გაიზარდა. აღნიშნული მკვეთრი ზრდა ძირითადად დიდი რაოდენობით ვალის აღებას უკავშირდებოდა. 2019 წელს, 2012 წელთან შედარებით, ბიუჯეტის შემოსულობები 65.5%-ით იყო გაზრდილი, ხოლო 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, ბიუჯეტის შემოსულობები ერთბაშად 36.1%-ით გაიზარდა. რომ არა პანდემია, 2020 წლისთვის ბიუჯეტის შემოსულობები14 მლრდ ლარზე იყო დაგეგმილი, რაც დამდგარ ფაქტთან შედარებით დაახლოებით 4 მლრდ ლარით ნაკლებია. ამ თვალსაზრისით, ბიუჯეტის მკვეთრი ზრდა კრიზისით გამოწვეული, უარყოფითი მოვლენა გამოდის და არა დადებითი, რადგან 2020-2021 წლებში, ბიუჯეტის შემოსულობები ფორს-მაჟორულ ვითარებაში, ვალდებულებების მკვეთრი მატების ხარჯზე გაიზარდა. უფრო მეტიც, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, შემოსავლების მუხლის მოცულობა 185 მლნ ლარით შემცირდა, რაც ეკონომიკის კლებით იყო გამოწვეული.

ცხრილი 2: სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 2012-2022 წლებში, მლნ ლარი

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

უშუალოდ შემოსავლების მუხლი, რომელიც ვალდებულებებს არ მოიცავს, ძირითადად საგადასახადო შემოსავლებისგან შედგება და შესაბამისად, ეკონომიკის ნომინალურ (რაც ნაწილობრივ რეალურ ზრდასაც მოიცავს) ზრდასთან არის დაკავშირებული. 2021 წლის ფაქტობრივი მონაცემებით, 2012 წელთან შედარებით, შემოსავლები 79%-ით არის გაზრდილი. 2022 წლის გეგმური შემოსავალი 14.5 მლრდ ლარია, რომლის მიღწევის შემთხვევაშიც, ბიუჯეტის შემოსავლები 2012 წელთან შედარებით მართლაც გაორმაგდება. თუმცა, 2021-2022 წლებში, ინფლაცია კრიტიკულ პრობლემას წარმოადგენს. როგორც მშპ-ს, ასევე ბიუჯეტის შემთხვევაშიც, ბიუჯეტის ზრდის ნაწილი ნომინალურია და ინფლაციის გათვალისწინებით, პირობითად, 2021 წელს, ბიუჯეტიდან ერთი მილიონი ლარით ნაკლები საქონლის თუ მომსახურების შეძენა იყო შესაძლებელი, ვიდრე 2012 წელს იმავე თანხით. შესაბამისად, „რეალური ბიუჯეტი“ კიდევ უფრო ნაკლებად გაიზარდა. ამ თვალსაზრისით, ფასების ზრდას საბიუჯეტო შემოსავლებზე ორმაგი ეფექტი აქვს, ერთი მხრივ, ბიუჯეტის ნომინალური საგადასახადო შემოსავალი იზრდება და მეორე მხრივ, ბიუჯეტის რეალური მსყიდველუნარიანობა მცირდება.

ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებიდან გამომდინარე, ბიუჯეტის გაორმაგების განხილვა მშრალად, შესაბამისი კონტექსტის წარმოდგენის და საჭირო განმარტებების გარეშე, მანიპულაციურია.

განცხადება: შევქმენით საყოველთაო დაგროვებითი პენსიის სისტემა

ვერდიქტი: სიმართლე

საქართველოში, საბაზისო ასაკობრივი პენსია დაბალია და პენსიონერების საჭიროებების დაკმაყოფილებას ვერ უზრუნველყოფს. პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ გზად, სწორედ სპეციალისტების და სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ - როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში, საპენსიო ფონდის შექმნა სახელდებოდა.

საქართველოში საპენსიო ფონდის რეფორმა ძალაში 2019 წლის 1 იანვრიდან შევიდა. რეფორმა ფინანსური დანაზოგების შექმნას ისახავს მიზნად და მასში მონაწილეობა 40-წლამდე დასაქმებულებისთვის სავალდებულოა, ხოლო 40 წლის ზემოთ დასაქმებულებისთვის - ნებაყოფლობითი. საპენსიო დანაზოგების მუშაობის პრინციპი შემდეგნაირად გამოიყურება: დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო, ხელფასის 2%-ს საპენსიო ფონდში რიცხავენ. საერთო ჯამში, თითოეული დასაქმებული ხელფასის 6%-ს ზოგავს. რეფორმის ფარგლებში ადამიანები თავიანთი დანაზოგების გამოყენებას საპენსიო ასაკის მიღწევისთანავე შეძლებენ.

მიმდინარე მონაცემებით, ფონდში დაახლოებით 2.4 მლრდ ლარია აკუმულირებული. თანხის 60% განთავსებულია სადეპოზიტო სერტიფიკატებში, 34% სარგებლიან ანგარიშებში, 1.3% ვადიან დეპოზიტებში, დანარჩენი ნაწილი კი უცხოურ კორპორაციულ აქციებში და სახაზინო ობლიგაციებში.

აღსანიშნავია, რომ საყოველთაო დაგროვებითი პენსიის სისტემის შემოღებას, როგორც მრავალი მომხრე, ასევე მრავალი მოწინააღმდეგე ჰყავს. სისტემის მომხრეთა ძირითადი არგუმენტები, გარდა საპენსიო უზრუნველყოფისა, ეხება გრძელვადიანი საინვესტიციო კაპიტალის შექმნას, კაპიტალის ბაზრის განვითარებას, დანაზოგების დონის ზრდას, რამაც სესხებზე საპროცენტო განაკვეთის დაბალანსებას, აქტივების მართვის ინდუსტრიის ჩამოყალიბებას და რეალური ინვესტიციების დინამიკის განვითარებას, უნდა შეუწყოს ხელი. მოწინააღმდეგეთა აზრით, არსებობს მნიშვნელოვანი რისკები მომავალში, საპენსიო ფონდის სტაბილურ განვითარებასთან და ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. ასევე, საპენსიო სისტემა, შესაძლოა, განვიხილოთ როგორც დამატებითი საგადასახადო ტვირთი მოსახლეობისთვის (უფრო ვრცლად, იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

განსხვავებული აზრების მიუხედავად, საპენსიო ფონდის შემოღება, თავის მხრივ, საკმაოდ მნიშვნელოვანი და რადიკალური რეფორმაა. რეფორმის შედეგები, მათ შორის - სხვადასხვა დადებითი და უარყოფითი მხარეები, წლების შემდეგ გამოვლინდება. როგორც აღინიშნა, რეფორმის განხორციელება ბევრი სხვადასხვა გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაცია იყო, მათ შორის, აღნიშნული წარმოადგენდა პირდაპირ ვალდებულებას, რომელიც საქართველომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ პროგრამის ფარგლებში აიღო. ორგანიზაციამ, საპენსიო ფონდის შემოღებას, ისევე როგორც შემდგომ ოპერირებას, მხარი არაერთხელ დაუჭირა.


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4021 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
25%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი