2016 წელს მარნეულის მერია მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მიუსაფარი ცხოველების საკითხს მოაგვარებდა

ვერდიქტი: დაპირება არ შესრულდა.

რეზიუმე: მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ მერიას მიუსაფარი ძაღლების პრობლემის მოგვარება არაერთხელ სთხოვა. ჯერ კიდევ 2016 წელს გამართულ შეხვედრაზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პრობლემის დაძლევის რამდენიმე ვარიანტი უკვე შემუშავებული ჰქონდა და ოპტიმალურ ვარიანტს არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით შეარჩევდა. თითქმის ექვსი წლის შემდეგ, პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. სტატისტიკის თანახმად, 2021 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძაღლის კბენის 878 შემთხვევა დაფიქსირდა.

თვითმმართველობამ, აღნიშნული მომსახურების მიღების მიზნით, არაერთი ტენდერი გამოაცხადა, თუმცა მიუსაფარი ცხოველების საკითხი გადაუჭრელია. როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა გვითხრა, საკითხის მოგვარება მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს მოითხოვს, რაც თვითმმართველობას არ გააჩნია. მისივე განმარტებით, პრობლემა ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა მოაგვაროს. ამ ეტაპზე მარნეულის მუნიციპალიტეტს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 325 მიუსაფარი ცხოველი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ თავშესაფარში უნდა გადაიყვანოს. დღევანდელი მდგომარეობით, 32 ცხოველი უკვე გადაყვანილია.

ანალიზი:

უკვე წლებია, რაც მარნეულის მუნიციპალიტეტში მიუსაფარი ძაღლების საკითხი მოსახლეობისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. ჯერ კიდევ 2016 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სხდომა გაიმართა. მარნეულის თვითმმართველობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, თვითმმართველობა მოსახლეობას პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა. „ადგილობრივ ხელისუფლებას პრობლემის დაძლევის რამდენიმე ვარიანტი აქვს შემუშავებული, რომლიდანაც, ოპტიმალური მოდელის შერჩევის მიზნით რეკომენდაციის მისაღებად, ამ მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობს“, - წერია აღნიშნულ ინფორმაციაში.

მიუხედავად იმისა, რომ თვითმმართველობა წლებია, აღნიშნული მიმართულებით მუშაობს, პრობლემა ვერ გვარდება და მიუსაფარი ცხოველის მიერ მოქალაქის დაკბენის არაერთი შემთხვევა გვაქვს.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, 2021 წლის განმავლობაში, ძაღლის კბენის 878 შემთხვევა დაფიქსირდა. დაახლოებით 1 წლის წინ, მარნეულში მომუშავე ორგანიზაცია „ახალგაზრდულმა კავშირმა იბრაჰიმმა“, პრობლემის მოგვარების მოთხოვნით, მარნეულის თვითმმართველობის კანცელარიაში განცხადება შეიტანა.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თემის საჭიროებების, წუხილების, ინტერესების იდენტიფიცირების მიზნით, კვლევა ჩაატარა. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ სამ ძირითად გამოწვევას შორის, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს, მიუსაფარი ძაღლების პრობლემა დასახელდა. კვლევის მიხედვით, დაახლოებით 10 წლის წინ, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოს ერთ-ერთი მაცხოვრებელი მიუსაფარმა ძაღლმა დაკბინა, რის შედეგადაც ეს ადამიანი და მისი ოჯახის წევრები ცოფით დაიხოცნენ.

აღსანიშნავია, რომ „სურსათის ეროვნულმა სააგენტომ“ მარნეულის მუნიციპალიტეტში 2016 წელს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 3 896 ცხოველს (კატა და ძაღლი) ჩაუტარა, 2017 წელს - 3 887-ს ხოლო 2018 წელს ვაქცინა 3 195 კატასა და ძაღლს გაუკეთდა.

მარნეულის თვითმმართველობამ, მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების დაჭერა / თავშესაფარში გადაყვანის (საჭიროების შემთხვევაში ევთანაზიისა და ცხოველთა სამარხში გადაყვანის) მომსახურების შესყიდვის მიზნით, ბოლო ტენდერი (SPA210003372) 2021 წლის 8 დეკემბერს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება (დღგ-ის გარეშე) 42 250 ლარი იყო. მსურველებს წინადადების წარსადგენად მხოლოდ ორი დღე ჰქონდათ. მონაწილეობა ერთადერთმა პრეტენდენტმა მიიღო. გამარჯვებულ ი/მ გელა ნაცლიშვილთან 29 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების ღირებულებამ, საბოლოოდ, 49 885 ლარი შეადგინა. აღნიშნული თანხიდან, ავანსის სახით, ჯამში 7 228 ლარი უკვე გადახდილია. 2022 წლის განმავლობაში მომსახურება 325 ძაღლს გაეწევა. აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში ცხოველთა თავშესაფარი არ არის. ამიტომ, საჭიროების შემთხვევაში, მიუსაფარი ცხოველები ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფარში გადაჰყავთ.

2017 წლიდან, მარნეულის თვითმმართველობის მიერ ცხოველთა დაჭერის, თავშესაფარში გადაყვანის, ქუჩის ძაღლების მონიტორინგისა და მათი სტერილიზაციის მიზნით, სულ 5 სატენდერო პროექტი განხორციელდა. გაფორმებული ხელშეკრულებების საერთო ღირებულება 149 904,8 ლარს შეადგენს. ეს თანხა კი მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოსაგვარებლად ძალიან მცირეა და რეალურად პრობლემა არც გვარდება.

ცხრილი 1. მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაციის, თავშესაფარში გადაყვანის, მონიტორინგის მომსახურების მიზნით განხორციელებული შესყიდვები

კომპანია/ი/მ პერიოდი ტენდერი ღირებულება, ლ
1 გიორგი მაღლაფერიძე 13.10.2017 - 31.12.2017 NAT170011096 12 065
2 შპს „ვექტრა“ 5.12.2018 - 32.12.2018 SPA180008267 16 900
3 შპს „ვექტრა“ 06.01.2020 – 31.12.2020 SPA210000800 21 100
4 გელა ნაცვლიშვილი 02.04.2021 – 31.12.2021 SPA210000800 49 984.8
5 გელა ნაცვლიშვილი 29.12.2021 – 31.12.2022 SPA210003372 49 855

წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

მარნეულის საკრებულოს წევრმა ადილ ალიევმა („ქართული ოცნება“) „ფაქტ-მეტრთან“ ამ მიმართულებით მერიის მუშაობა დადებითად შეაფასა. მისი განცხადებით, მერია მის ხელთ არსებული რესურსების ფარგლებში მოქმედებს. მისივე თქმით, მარნეულის თვითმმართველობამ, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, 2-5-მილიონიანი ტენდერები არ უნდა გამოაცხადოს, რადგან მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრი სხვა პრობლემაა. „საქართველოს მუნიციპალიტეტებში მიუსაფარი ძაღლების საკითხი ცენტრალური მთავრობის მხრიდან უნდა მოგვარდეს. მაგალითად, შვედეთში მიღებულია კანონი, რომლის მიხედვითაც, ვინც ძაღლს ინახავს, უნდა გადაიხადოს გარკვეული ოდენობის გადასახადი. ამით მოსახლეობა უფრო პასუხისმგებელი ხდება ამ საკითხის მიმართ“, - გვითხრა ალიევმა.

შეგახსენებთ, რომ მიუსაფარი ცხოველების პრობლემის შესახებ „ფაქტ-მეტრმა“ 2021 წელს დაწერა. მაშინ ჩვენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობას გავეცანით. როგორც გაირკვა, ამ მუნიციპალიტეტში დაჭერილი მიუსაფარი ცხოველებიც ოზურგეთის თავშესაფარში გადაჰყავთ. მიუხედავად იმისა, რომ ტრანსპორტირება დამატებით ხარჯებს მოითხოვს, პრობლემის მოსაგვარებლად მუნიციპალიტეტებმა ალტერნატიული გზა დღემდე ვერ გამონახეს.


მსგავსი სიახლეები

5668 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია