ირაკლი ღარიბაშვილი: 13 000 დევნილი ოჯახი მიიღებს ბინებს 3-4 წელიწადში

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, პრემიერის დაპირება ვერ შესრულდება.

რეზიუმე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში საცხოვრებელი ფართით ჯამში 21 000 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა, საიდანაც „სოფლად სახლის პროექტის“ ფარგლებში და ახალ საცხოვრებელ კორპუსში ფართი 14 921 ოჯახს გადაეცა (13 000 ოჯახის ბინებით დაკმაყოფილებაში პრემიერი სწორედ „სოფლად სახლს“ და ახალ კორპუსებში ბინებს გულისხმობს). შესაბამისად, ამ პროექტების ფარგლებში, ბინა წელიწადში საშუალოდ 1657 ოჯახს გადაეცემოდა. პრემიერის დაპირებით, 13 000 ოჯახმა ბინა 3-4 წელიწადში უნდა მიიღოს. შესაბამისად, 3-წლიან პერიოდში - წელიწადში 4 300-მა, 4-წლიან პერიოდში კი - 3250-მა ოჯახმა, რაც წინა წლების პრაქტიკას - ერთ შემთხვევაში 2,6-ჯერ, მეორე შემთხვევაში - 2-ჯერ აღემატება. თანაც აღნიშნულს თუ პანდემიას, რუსეთ-უკრაინის ომს და ინფლაციას დავუმატებთ, პრემიერის მიერ გაჟღერებული დაპირება საკმაოდ ამბიციურია. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, დევნილთა განსახლების პროგრამისთვის 93 მლნ ლარია გათვალისწინებული - იმაზე უფრო მცირე თანხა, რაც გასულ წლებში საშუალოდ გამოიყოფოდა ( დევნილთა განსახლების პროგრამისთვის წინა წლებში საშუალოდ წლიურად 107 მლნ ლარი იყო გათვალისწინებული), პრემიერის დაპირების შესრულება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრი“ მიიჩნევს, რომ პრემიერის დაპირება - 3-4 წელიწადში 13 000 დევნილი ოჯახის ახალ კორპუსებში ბინით და სოფლად სახლით უზრუნველყოფის შესახებ, ვერ შესრულდება.

ანალიზი

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ხელისუფლების მიერ შემდგომ სამ წელში განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა და ცალკეული მიმართულებით დაპირებებიც გასცა.

პრემიერის დაპირებით, 3-4 წელიწადში 13 000 დევნილი ოჯახი უნდა იყოს საცხოვრებლით უზრუნველყოფილი. „13 000 დევნილი ოჯახი მიიღებს ბინებს 3-4 წელიწადში, 6000 ოჯახი მიიღებს „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, 7 000 ოჯახისთვის აშენდება ახალი კორპუსები. ეს არის მასშტაბური პროექტი რომელიც სამ წელიწადში უნდა დასრულდეს, მაქსიმუმ 4 წელიწადში“, -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ჩვენ დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფის წინა წლების სტატისტიკური მონაცემების გაანალიზებით, შევეცდებით, განვსაზღვროთ, პრემიერის დაპირება რამდენად შესრულებადია.

დღეის მონაცემით, დევნილთა ერთიან ბაზაში 92 079 დევნილი ოჯახია რეგისტრირებული, რაც რაოდენობრივად 286 442 პირს შეადგენს.

ბოლო მონაცემით, საცხოვრებელი ფართით დევნილთა 43 826 ოჯახია დაკმაყოფილებული, რაც ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების 47.6%-ია (დაახლოებით 136 346 პირი). შესაბამისად, საცხოვრებელი ფართის გარეშე ჯერ კიდევ დევნილი ოჯახების 52.4%-ია დარჩენილი (48 253 ოჯახი).

2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, განსახლების პროგრამების ფარგლებში საცხოვრებელი ფართი 21 000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა, მათგან 10 804 დევნილი ოჯახი ახალაშენებულ კორპუსში შესახლდა, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში სახელმწიფომ სახლი 4 117 ოჯახისთვის შეისყიდა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართობი კი მასში მცხოვრებ 5 334 დევნილ ოჯახს დაუკანონდა. შესაბამისად, 9 წლის განმავლობაში, საცხოვრებელი ფართით წელიწადში საშუალოდ 2 333 დევნილი ოჯახი კმაყოფილდებოდა. არსებული ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, დევნილთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას კიდევ 21 წელი მაინც დასჭირდება. ცნობისთვის, 2012 წლამდე საცხოვრებელი ფართი წელიწადში საშუალოდ 1480 ოჯახს გადაეცემოდა.

როგორც აღვნიშნეთ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის მანძილზე წელიწადში საცხოვრებელი ფართი საშუალოდ 2 333 ოჯახს გადაეცემოდა. პრეზიდენტის დაპირების მიხედვით, საცხოვრებლით 13 000 დევნილი ოჯახი 3-4 წელიწადში უნდა უზრუნველყონ. თუ დაპირების შესრულების ვადად სამწლიან პერიოდს ავიღებთ, მაშინ წელიწადში 4 300 ოჯახი უნდა დაკმაყოფილდეს ბინით, 4-წლიან ჭრილში იგივე მონაცემი 3 250 ოჯახს შეადგენს. წინა წლების მონაცემები აღნიშნულს - ერთ შემთხვევაში 1967 ოჯახით, მეორე შემთხვევაში - 917-ით ჩამოუვარდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პრემიერი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაში მხოლოდ „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში და ახალ კორპუსებში ფართის გადაცემას გულისხმობს. ასეთ შემთხვევაში სტატისტიკური მონაცემები მკვეთრად იცვლება.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ,„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ბინა 21 000 დევნილ ოჯახს გადაეცა. აქედან, ახალ საცხოვრებელ კორპუსსა და სოფლად საცხოვრებელი ფართით ჯამში 14 921 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა. ამ სტატისტიკის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში წელიწადში საშუალოდ 1657 ოჯახი იქნა დაკმაყოფილებული. ამ ფონზე პრემიერის დაპირება 3-წლიან პერიოდში წელიწადში - 4 300, 4-წლიან პერიოდში წელიწადში - 3250 ოჯახის ბინით უზრუნველყოფის შესახებ, საკმაოდ ამბიციურად და ძნელად შესასრულებელი ჩანს. თანაც განვლილ ცხრა წელში დევნილთა განსახლების ბიუჯეტმა ჯამში 983 მლნ ლარი შეადგინა - წელიწადში საშუალოდ 109 მილიონი. პრემიერის ამბიციური გეგმა წელიწადში 2.6-ჯერ ან 2-ჯერ მეტი ბინის გამოსყიდვას და აშენებას გულისხმობს, აღნიშნულს კი, სავარაუდოდ, დაახლოებით 2-3-ჯერ მეტი ფინანსები დასჭირდება. შესაბამისად, წელიწადში სულ მცირე 218 მლნ. თუ არსებულ ინფლაციას გავითვალისწინებთ, ახალი კორპუსების ასაშენებელი ხარჯები გაცილებით მეტი იქნება. მიმდინარე წელს კი იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების, სოციალური და საცხოვრებელი პირობების შექმნისთვის (პროგრამული კოდი 27 06 03) ბიუჯეტის გეგმის მიხედვით 93 მლნ ლარია გათვალისწინებული.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვა, რომ პრემიერის დაპირება - 3-4 წელიწადში 13 000 დევნილი ოჯახის ახალაშენებულ კორპუსში ბინით ან „სოფლად სახლის პროექტის ფარგლებში“ საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ, საკმაოდ ამბიციურად ჟღერს და წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, თითქმის შეუსრულებელია.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5346 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი