ლაშა ხუციშვილი: პირველი ორი თვის მონაცემებით მნიშვნელოვანი ზრდაა დაფიქსირებული, 16.3% ზრდა იყო იანვარი და თებერვლის ჯამური მონაცემი. ეს არის მაღალი ეკონომიკური ზრდა. ბუნებრივია, ამას თავისი ფაქტორები აქვს, გარდა საბაზისო ეფექტისა. მაღალი ზრდაა ექსპორტის მიმართულებით

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლაშა ხუციშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

რეზიუმე:

2022 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 14.6% შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 16.3%-ია. უშუალოდ იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 18% ზრდა დაფიქსირდა. ცალსახაა, რომ 2022 წლის იანვარში და თებერვალში, ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლები, ნაწილობრივ, სწორედ საბაზო ეფექტიდან გამომდინარე დაფიქსირდა, რაზეც შესაბამისი განმარტება ფინანსთა მინისტრმაც გააკეთა. თუმცა, 2022 წლის თებერვალში, 2020 წლის თებერვალთან შედარებით, როდესაც პანდემია ჯერ კიდევ არ იყო გამოცხადებული და საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნად შეზღუდული არ ყოფილა, ეკონომიკა 8.7%-ით გაიზარდა, ხოლო 2022 წლის იანვარში, 2020 წლის იანვართან შედარებით, ეკონომიკა მხოლოდ 4.4%-ით გაიზარდა, რაც ზოგადად, 2 წლის კვალობაზე, მაღალ ზრდას ცალსახად არ წარმოადგენს და საუკეთესო შემთხვევაში, პანდემიური ფონის გათვალისწინებით, ზომიერად შეიძლება შეფასდეს.

ექსპორტის ზრდა, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე პირდაპირ მოქმედებს. 2022 წლის პირველი ორი თვის მონაცემებით, ექსპორტი მართლაც საგრძნობლად გაიზარდა. იანვარში, წინა წლის შესაბამის თვესთან ექსპორტი 47.6%-ით გაიზარდა, თებერვალში 60.3%-ით, ხოლო ჯამურად, იანვარ-თებერვალში 54.5%-ით. ორი თვის მონაცემებით, მსგავსი ზრდა მართლაც უპრეცედენტოა და ექსპორტის მონაცემები, პრეპანდემიურ მაჩვენებელსაც მკვეთრად აღემატება. მნიშვნელოვნად გაიზარდა ადგილობრივი წარმოების ექსპორტიც, რაც მშპ-ს ზრდასთან კავშირში უფრო საყურადღებო მაჩვენებელია. 2 თვის ჯამურ ი მონაცემებით, 2021 წელთან შედარებით, ზრდა 51.7%-ს შეადგენს, რაც მთლიანი ექსპორტის (რეექსპორტის ჩათვლით) ზრდის მაჩვენებელს მცირედით, დაახლოებით 3 პროცენტული პუნქტით ჩამოუვარდება, თუმცა, ზრდა მაინც მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია რომ პანდემიურ პერიოდში, მაჩვენებელი არ შემცირებულა და ე.წ საბაზო ეფექტის მიღმაც ზრდა არსებითია.

შესაბამისად, ლაშა ხუციშვილის განცხადება ექსპორტის ზრდისა და ეკონომიკურ ზრდაზე მისი დადებითი გავლენის ნაწილში სიმართლეს შეესაბამება, უშუალოდ ეკონომიკური ზრდის შეფასების ნაწილში კი ფინანსთა მინისტრის განცხადება მცდარია. მიუხედავად საბაზო ეფექტზე ვალიდური მითითებისა, ფინანსთა მინისტრმა დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდა მაინც „მნიშვნელოვან და მაღალ“ ზრდად მოიხსენია, ეს შეფასება კი რეალურ სურათს აცდენილია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ლაშა ხუციშვილის განცხადება ნახევრად სიმართლეა.

ანალიზი:

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, მშპ-ს ზრდის ტემპთან და ექსპორტის დინამიკასთან დაკავშირებით განაცხადა: (18წთ) „პირველი ორი თვის მონაცემებით მნიშვნელოვანი ზრდაა დაფიქსირებული, 16.3%-იანი ზრდა იყო იანვრისა და თებერვლის ჯამური მონაცემი. ეს არის მაღალი ეკონომიკური ზრდა. ბუნებრივია, ამას თავისი ფაქტორები აქვს, გარდა საბაზისო ეფექტისა. მაღალი ზრდაა ექსპორტის მიმართულებით“.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 14.6% შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 16.3%-ია. უშუალოდ იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 18%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

Covid-19-ის პანდემიის და შესაბამისი, შემზღუდავი ზომებიდან გამომდინარე, ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაზარალდა. ეკონომიკის აღდგენა და შემდგომი განვითარება ქვეყანას სასიცოცხლოდ ესაჭიროება. 2022 წლის დასაწყისში დაფიქსირებული 18%-იანი და 14.6%-იანი ეკონომიკური ზრდა, ერთი შეხედვით შთამბეჭდავი მაჩვენებლებია. თუმცა, მინისტრის განცხადების შესაბამისად, მაჩვენებლების ანალიზისას, აუცილებელია ე.წ საბაზო ეფექტის გათვალისწინება.

ცალსახაა, რომ 2022 წლის იანვარში და თებერვალში, ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლები, ნაწილობრივ, სწორედ საბაზო ეფექტიდან გამომდინარე დაფიქსირდა, რადგან 2021 წლის პირველ ორ თვეს იყო მეტად მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები იყო დაწესებული. მათ შორის, შეზღუდული იყო საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტი, შეზღუდული იყო მთელი რიგი ეკონომიკური საქმიანობა. შესაბამისად - 18%-იანი და 14.6%-იანი ზრდა, მკაცრი შეზღუდვების პირობებში შემცირებულ მონაცემებთან მიმართებით დაფიქსირდა, რაც ერთგვარი ტექნიკური ეფექტია და არა შინაარსობრივი.

გრაფიკი 1: ეკონომიკური ზრდის შეფასებები თვეების მიხედვით, 2020-2022 წლებში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2022 წლის თებერვალში, 2020 წლის თებერვალთან შედარებით, როდესაც პანდემია ჯერ კიდევ არ იყო გამოცხადებული და საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნად შეზღუდული არ ყოფილა. ეკონომიკა 8.7%-ით გაიზარდა, ხოლო 2022 წლის იანვარში, 2020 წლის იანვართან შედარებით, ეკონომიკა მხოლოდ 4.4%-ით გაიზარდა, რაც ზოგადად, 2 წლის კვალობაზე, მაღალ ზრდას არ წარმოადგენს. შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პანდემიურ ფონზე, ეკონომიკური ზრდა, საუკეთესო შემთხვევაში, ზომიერია. 2019 წელთან შედარებით, 3 წელიწადში, 2022 თებერვლის მდგომარეობით ეკონომიკა 11.1%-ით არის გაზრდილი, ხოლო იანვრის მონაცემებით, 9.7%-ით. აღნიშნულ შემთხვევაშიც, თუ გავითვალისწინებთ პანდემიურ კონტექსტს, ეკონომიკური ზრდა შეიძლება შეფასდეს როგორც ზომიერი, თუმცა, საქართველოს ეკონომიკის ზომიდან, ეკონომიკური ზრდის ზოგადი დინამიკიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, 3 წელიწადში 11.1%-იანი და 9.7%-იანი ზრდა დაბალი მაჩვენებელია.

2022 წლის პირველი ორი თვის მონაცემებით, ექსპორტი მართლაც საგრძნობლად გაიზარდა. იანვარში, წინა წლის შესაბამის თვესთან ექსპორტი 47.6%-ით გაიზარდა, თებერვალში 60.3%-ით, ხოლო ჯამურად, იანვარ-თებერვალში 54.5%-ით. ორი თვის მონაცემებით, მსგავსი ზრდა მართლაც უპრეცედენტოა და ექსპორტის მონაცემები, პრეპანდემიურ მაჩვენებელსაც მკვეთრად აღემატება.

ცხრილი 1: საქონლის ექსპორტის დინამიკა 2013-2022 წლების იანვარ თებერვალში, მლნ აშშ დოლარი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ექსპორტის ზრდა, სხვა თანაბარ პირობებში, მშპ-ს ზრდას იწვევს. მშპ-ს სტრუქტურა მისი გაანგარიშების ფორმულიდან ჩანს: GDP = C + G + I + NX. ამ ფორმულაში, C წარმოადგენს მოხმარებას, G - სახელმწიფო შესყიდვებს, I - ინვესტიციებს და NX - წმინდა ექსპორტს (ექსპორტს გამოკლებული იმპორტი). მშპ-ს განსაზღვრებიდან გამომდინარე, ექსპორტი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას იწვევს, რადგან საექსპორტო საქონელი ძირითადად ქვეყნის ტერიტორიაზე მზადდება, თუ საქმე არ გვაქვს რეექსპორტთან. რეექსპორტი იმპორტისა და ექსპორტის კომბინაციაა, შესაბამისად, იმპორტისას ამცირებს წმინდა ექსპორტს და მშპ-ს. ხოლო, ამ იმპორტირებული პროდუქციის ექსპორტისას ზრდის წმინდა ექსპორტს და მშპ-ს. წმინდა ეფექტი, როგორც წესი, დადებითია - რეექსპორტირებული საქონლის საექსპორტო ღირებულება მეტია მისსავე საიმპორტო ღირებულებაზე. სწორედ რეექსპორტის საექსპორტო და საიმპორტო ღირებულებას შორის სხვაობა წარმოადგენს ქვეყნის სარგებელს. შესაბამისად, ექსპორტზე მსჯელობისას, მნიშვნელოვანია განვიხილოთ ადგილობრივი ექსპორტის (ექსპორტის რეექსპორტის გარეშე) დინამიკა, რადგან სწორედ აღნიშნული განაპირობებს ეკონომიკის ზრდას.

ადგილობრივი წარმოების პროდუქციის დინამიკა წარმოდგენილია ცხრილ 2-ში. 2 თვის ჯამური მონაცემებით, 2021 წელთან შედარებით ზრდა 51.7%-ს შეადგენს, რაც მთლიანი ექსპორტის (რეექსპორტის ჩათვლით) ზრდის მაჩვენებელს მცირედით, დაახლოებით 3 პროცენტული პუნქტით ჩამოუვარდება, თუმცა, ზრდა მაინც მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია რომ პანდემიურ პერიოდში, მაჩვენებელი არ შემცირებულა, შესაბამისად, ზრდა არსებითია ე.წ საბაზო ეფექტის მიღმაც. მეორე მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი წარმოების ექსპორტის სტრუქტურა კვლავ სუსტია და ძირითადად პირველადი, დამატებული ღირებულების მქონდე საქონლისგან შედგება (სპილენძის მადნები, ფეროშენადნობები, მინერალური წყლები, ღვინოები, სასუქები)

ცხრილი 2: ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ექსპორტის დინამიკა 2013-2022 წლებში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

აღსანიშნავია რომ მთავრობის წარმომადგენლები, ხშირად საუბრობენ სავაჭრო დეფიციტის და იმპორტდამოკიდებულების შემცირების მნიშვნელობაზე, ქართული ექსპორტის ზრდის მეშვეობით, რა მიზნებსაც ემსახურება მაგალითად პროგრამა „აწარმოე საქართველოში“. ცხრილ 2-ზე, წარმოდგენილია სავაჭრო დეფიციტის მაჩვენებლები. იანვარ-თებერვლის მონაცემებით, სავაჭრო დეფიციტი დაახლოებით 300 მლნ აშშ დოლარით არის გაზრდილი და 1 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც ექსპორტთან შედარებით, იმპორტის მკვეთრ ზრდაზე მიუთითებს. შესაბამისად, სავაჭრო დეფიციტის შემცირების მიზნიდან გამომდინარე, შესაძლოა ვთქვათ, რომ ვითარება გაუარესებულია.

ცხრილი 3: საქონლით ვაჭრობის დეფიციტი 2013-2022 წლების იანვარ-თებერვალში, მლნ აშშ დოლარი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5366 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი