იტვირთება

2022 წლის 4 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა, უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე, რუსეთში მორიგი შეხვედრა გამართეს. არსებული ინფორმაციით, შეხვედრა ერთ-ერთი სეპარატისტული ორგანიზაციის პრეზიდენტის, აღასი არაბიანის ორგანიზებით გაიმართა. როგორც ცნობილია, შეხვედრაზე „რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დარეგულირების“ საკითხი განიხილეს. საყურადღებოა, რომ აღას არაბიანი საქართველოს მიერ პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული.

„პატრიოტთა ალიანსის“ მონაწილეობით გამართული ერთ-ერთი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია რუსეთის სახელმწიფო დუმის ზედა პალატის, ფედერალური საბჭოს გვერდზეც. „ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - ვლადიმერ ჯაბაროვი, პოლიტიკურ პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დელეგაციას შეხვდა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელი - დავით თარხან-მოურავი, ედგა სათავეში”,- აღნიშნულია მათ განცხადებაში.

რაც ყველაზე თვალშისაცემია, ეს შეხვედრები რუსეთში სეპარატისტული მიდგომებით ცნობილი ორგანიზაციის - „რუსეთის ჯავახკური დიასპორის“ და მისი პრეზიდენტის აღასი არაბიანის მიერ იყო ორგანიზებული. „ფაქტ-მეტრმა“ შეისწავლა კონკრეტული ორგანიზაციის საქმიანობა და მათი კავშირი პატრიოტთა ალიანსთან.

4 აპრილს, „რუსეთის ჯავახკურმა დიასპორამ“ შეხვედრის ორგანიზების შესახებ პუბლიკაციაც კი გამოაქვეყნა, რომელსაც თან სურათებიც ახლდა. აღასი არაბიანმა, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, თავის ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ თხოვნით შეხვედრა რუსეთის ფედერალურ საბჭოსთან დააორგანიზეს. „შეხვედრის მიზანი იყო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესება, რუსეთ-საქართველოს ავიაკავშირების განახლება, ასევე სავიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოს მოქალაქეებისთვის“,-წერს არაბიანი.

აღსანიშნავია, რომ აქამდე პრორუსმა აღასი არაბიანმა „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერი პუბლიკაცია თავის ფეიქსბუქის გვერდზე არაერთხელ გამოაქვეყნა. შესაბამისად, ის იზიარებს პარტიის დამოკიდებულებას საქართველოს საგარეო პოლიტიკურ მიმართულებასთან დაკავშირებით. მეტიც, არაბიანი ასევე არაოფიციალურად შეუერთდა თვეების წინ, პრორუსული ორგანიზაციებისა და პირების მიერ პუტინისადმი მიძღვნილ წერილს, თუმცა მისივე თქმით, წერილს ოფიციალურად ვერ მოაწერა ხელი, რადგან ორგანიზაცია დე იურედ რუსეთში აქვს დარეგისტრირებული.

ამასთან ერთად, არაბიანი აქტიურად უჭერდა მხარს ირმა ინაშვილის ანტითურქულ განცხადებებს და აზიარებდა სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ გამართული აქციის ვიდეოებს.

ორგანიზაცია „რუსეთის ჯავახკური დიასპორის“ შესახებ ბევრი ინფორმაცია არ იძებნება. ცნობილია, რომ ორგანიზაცია არაერთხელ ჩაერია საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურად სომხური თემის საკითხებში და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკურად სომხების სახელით, არაერთი უსაფუძვლო და სეპარატისტული შინაარსის განცხადება გაავრცელა, მიუხედავად იმისა, რომ მას თემის სახელით საუბრის ლეგიტიმაცია არ ჰქონია.

ადგილობრივი თემის წარმომადგენლები არაბიანის სეპარატისტულ განწყობებს არ იზიარებენ. მაგალითად, პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი, ახალქალაქის მაცხოვრებელი არსენ კარაპეტიანი ამბობს, რომ მისთვის დიდად ცნობილი არ არის კონკრეტული ორგანიზაციის საქმიანობა, თუმცა „თუ ამ ორგანიზაციის წევრებს გააჩნიათ რუსული იმპერიული დამოკიდებულებები, ეს უკვე სეპარატიზმია. თუ ვინმე ფიქრობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობიდან რომელიმე რეგიონის გამოყოფაზე, ის არის სეპარატისტი. შესაბამისად, სამცხე-ჯავახეთის ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა არ მისცემს მათ ნებას, მათი სახელით ილაპარაკონ“.

მეტიც, ზემოაღნიშნული ორგანიზაცია ცდილობს, შთაბეჭდილება შექმნას, რომ თავად სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკურად სომხების პოზიციას გამოხატავს, ამით კი ამყარებს სტერეოტიპულ მიდგომას - თითქოს სამცხე-ჯავახეთის სომხები სეპარატისტები არიან.

ამასთან ერთად, ორგანიზაციის საქმიანობა საეჭვოა 2021 წლის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიშის შედგენაში აზრის დაფიქსირების კუთხით, სადაც საქართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობას ცალკე ადგილი დაეთმო. ანგარიშში აღნიშნულია, რომ სომხურ თემს სამცხე-ჯავახეთში ავტონომიის შექმნის სურვილი აქვს.

„ადამიანის უფლებათა ანგარიშში“ ნათქვამია, რომ ეთნიკური სომხები „სამცხე-ჯავახეთისთვის ავტონომიის საკითხს დიდი ხანია აყენებენ“, ხოლო ქვემო ქართლის რეგიონის ეთნიკური აზერბაიჯანელები „ადგილობრივ მთავრობებში, სადაც ძირითადი პოსტები ქართველებს უკავიათ, უფრო ფართო წარმომადგენლობას ითხოვენ“.

2021 წლის 8 ივლისს გამოქვეყნებულ ანგარიშში ასევე მითითებულია, რომ საქართველოს ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი მოქალაქეების მონაწილეობა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში „ძალიან დაბალ დონეზე რჩება“, რის გამოც „ეთნიკური დიასპორების წარმომადგენლები მეტი დამოუკიდებლობის სურვილს გამოთქვამენ“. ანგარიში საქართველოში „მცირე ეთნიკური ჯგუფების იზოლაციას და საქართველოს უმრავლესობისგან მათ განცალკევებას“ ერთ-ერთ მთავარ საკითხად განიხილავს.

საყურადღებოა, რომ ეს ნარატივი ახალი არ არის და წლების წინ სწორედ „რუსეთის ჯავახკური დიასპორის“ მიერ იყო გამოყენებული. მსგავსი შინაარსის წერილი არაბიანმა პუტინს 2012 წელს - სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, კინორეჟისორ სტანისლავ გოვორუხინის მეშვეობით, გადასცა. ფაქტობრივად, წერილში არაბიანი პუტინს ჯავახეთის მოსახლეობის სახელით დახმარებას სთხოვს. წერილში ის წერს: „საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ეროვნული უმცირესობის, კერძოდ კი, სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ძირძველი სომხური მოსახლეობის უფლებების შელახვას. ვსარგებლობთ რა შემთხვევით, მოგმართავთ თხოვნით, გადაეცით ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინს, რომ ჩვენ მას დახმარებას და ხელშეწყობას ვთხოვთ“.

შემდგომ პერიოდში არაბიანმა ერთ-ერთ ქართულ პრორუსულ მედიაპორტალ - „საქართველო და მსოფლიოს“, ინტერვიუც მისცა, სადაც განაცხადა, რომ სამცე-ჯავახეთის მოსახლეობას უამრავი შესაძლებლობა ჰქონდა, ეს რეგიონი ჩამოეშორებინა საქართველოს, შემდეგ კი განაცხადა, რომ მიუხედავად ამისა, საქართველო უყვარს.

„ჩვენ არაერთხელ გვქონდა შესაძლებლობა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონი ჩამოგვეშორებინა საქართველოსთვის. დამიჯერეთ, ახლაც არსებობს ასეთი შესაძლებლობა, მაგრამ ვიმეორებ - ჩვენ არ გვაქვს ასეთი ამოცანა და გარწმუნებთ, რომ ამ მიზნისკენ არ ვისწრაფვით“.

მოცემულ ინტერვიუში მან ასევე განიხილა საქართველოს ნატოში გაწევრიანების სურვილი და განაცხადა, რომ თუ საქართველო ნატოში სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის აზრის გაუთვალისწინებლად გაწევრიანდება, ისინი იძულებულნი იქნებიან, მოსახლეობას სეცესიისკენ მოუწოდონ.

აღსანიშნავია, რომ 2008 წელს საქართველოში ჩატარდა პლებისციტი, რომელზეც დასმული იყო შეკითხვა - „უჭერთ, თუ - არა მხარს საქართველოს გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში“? პლებისციტი მონაწილეობა მიიღო 1 982 318-მა ადამიანმა, რომელთაგან 77%-მა მხარი დაუჭირა ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას. შესაბამისად, არაბიანის გაცხადება არც მეტი არც ნაკლები - ტყუილია და წარმოადგენს ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობას, რომლის უკან, ცხადია, რუსეთი დგას.

ზემოაღნიშნულთან ერთად, „საქართველო და მსოფლიოსთან“ ინტერვიუში, არაბიანმა განაცხადა, რომ საქართველომ თავის ტერიტორიაზე არ შეუშვა და პერსონა ნონ გრატად ჩათვალა.

გარდა ზემოაღნიშნული ინფორმაციისა, საჭიროა ასევე ხაზგასმა, რომ „რუსეთის ჯავახკური დიასპორა“ აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს და ავრცელებს კრემლისტურ განცხადებებს, მხარს უჭერს რუსეთის შეჭრას უკრაინის ტერიტორიაზე და იქ განხორციელებულ აგრესიას და რუსული პროპაგანდის შემცველ სხვა ნარატივებს ავრცელებს.

ამასთან ერთად, ორგანიზაცია და მისი პრეზიდენტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებითაც რუსულ პოზიციას იზიარებენ. არაბიანი სოციალურ ქსელში აღნიშნულ თემას აქტიურად ეხმიანება და მათ „ლიდერებს“ დაბადების დღეებს ულოცავს.

რაც შეეხება ორგანიზაციის ძირითად საქმიანობასა და მიზნებს, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია იძებნება ერთ-ერთ ვებგვერდზე. ინფორმაციის მიხედვით, ორგანიზაცია რუსეთის ფედერაციაში, 2011 წელს დაარეგისტრირეს.

„2008 წელს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სომეხი აქტივისტების მასობრივი პოლიტიკური დაპატიმრების შემდეგ, სამცხე-ჯავახეთის მკვიდრებმა შექმნეს არარეგისტრირებული ორგანიზაცია „რუსეთის ჯავახური დიასპორა“ მოსკოვში, რომელიც პერიოდულად ავრცელებს თავის განცხადებებს, თხოვნებს, მიმართვებსა. მედიაში გამოქვეყნებული პუბლიკაციების გარდა, „რუსეთის ჯავახკური დიასპორა“ ასევე აგზავნის თავის მიმართვებს უშუალოდ მათ, ვისაც ეხება ეს მიმართვები. პარალელურად, „რუსეთის ჯავახკური დიასპორა“ ეწევა რეგიონში ინვესტიციების მოზიდვას ეკონომიკის შენარჩუნებისა და მოსახლეობის დასაქმების მიზნით“,- წერია ვებგვერდზე.

ცნობილია, რომ ორგანიზაციის პრეზიდენტი არის აღასი არაბიანი, ხოლო ორგანიზაციის დანარჩენ წევრებზე ან საბჭოს წევრებზე ღია წყაროებში ინფორმაცია არ იძებნება.

ამდენად, რუსეთში მოქმედი ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობას, წინააღმდეგია საქართველოს ნატოში გაწევრიანების, ამასთან იმუქრება სამცხე-ჯავახეთის სეცესიით, შეხვედრებს მართავს პატრიოტთა ალიანსის წევრებთან და თანამშრომლობს მათთან. შესაბამისად, გარდა აგრესორთან ურთიერთობების დარეგულირების სურვილისა, „პატრიოტთა ალიანსი“ ასევე თანამშრომლობს სეპარატისტულ ორგანიზაციასთან, რაც საგანგაშოა და კიდევ ერთხელ ადასტურებს ფაქტს, რომ ეს პარტია პრორუსულია და მეტიც, ქვეყნის მთლიანობას საფრთხეს უქმნის.


მსგავსი სიახლეები

4557 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი