იტვირთება

უკრაინის რადას ყოფილმა დეპუტატმა, ილია კივამ, რომელმაც რუსეთში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა და რუსეთის მოქალაქეობის მიღებაც სურს, საკუთარ ტელეგრამის არხში დაწერა: „უკრაინის თავდაცვის დასავლური ხაზის ფორმირება დაიწყო. გადაწყდა, რომ ევროპიდან მოწოდებული შეიარაღება და ამუნიცია ქვეყნის დასავლურ რეგიონებში დარჩება. ეს არის პირველი ნაწილი, სანამ მოხდება სეცესია და „პროდასავლური უკრაინის“ შექმნა დედაქალაქით ლვოვში. რასაც შემდგომ რეფერენდუმის გზით პოლონეთთან შეერთება მოჰყვება“.

აღნიშნული ინფორმაცია lenta.ru-მ გაავრცელა და ის სხვა ონლაინ მედიებსა და სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა (მაგალითად, იხილეთ ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4, ბმული 5, ბმული 6 და ა.შ.).

მსგავსი ტიპის დეზინფორმაციები, რომლის თანახმადაც პოლონეთი უკრაინის დასავლეთ ნაწილის მიერთებას აპირებს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდანვე ვრცელდება. 29 აპრილს პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა უარყო ინფორმაცია, თითქოს ვარშავა დასავლეთ უკრაინის ანექსიის გეგმას ამზადებს. პოლონური მხარის განცხადება რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის, სერგეი ნარიშკინის განცხადებაზე პასუხად გაკეთდა. ნარიშკინი ამტკიცებდა, რომ აშშ და პოლონეთი ემზადებიან, რომ ვარშავამ უკრაინაში მის ისტორიულ ტერიტორიაზე სამხედრო და პოლიტიკური კონტროლი დაამყარონ. ნარიშკინს პოლონეთის სპეციალური სამსახურების კოორდინაციის მინისტრის პრესსპიკერმა (Spokesperson of the Minister-Special Services Coordinator), სტანისლავ ზარინმაც უპასუხა. მის თანახმად, ნარიშკინი პოლონეთისა და აშშ-ს წინააღმდეგ საინფორმაციო ოპერაციას განაგრძობს და მცდარ მტკიცებას ავრცელებს. მისი თქმით, დასავლეთ უკრაინის პოლონეთის მიერ ანექსიის შესახებ ტყუილი უკვე წლებია ვრცელდება და კამპანია განსაკუთრებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაძლიერდა.

ასევე, პოლონეთის მთავრობა მის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში კრემლის პროპაგანდის ტყუილს უწოდებს მტკიცებას, თითქოს პოლონეთს უკრაინისადმი მტრული დამოკიდებულებები აქვს და მისი დასავლური ტერიტორიების ოკუპაცია სურს.

საინტერესოა, რომ 2014 წელს რუსეთის დუმის აწ უკვე გარდაცვლილმა წევრმა, ვლადიმერ ჟირინოვსკიმ პოლონეთს, უნგრეთსა და რუმინეთს უკრაინის ტერიტორიის დანაწილების შესახებ წერილით მიმართა. თუმცა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მის წერილს „სიგიჟე“ უწოდა.

რაც შეეხება ევროპის მიერ მიწოდებული იარაღის დასავლეთ უკრაინაში დატოვებას და იქ თავდაცვითი ხაზის მოწყობას, აღნიშნული ინფორმაცია არანაირი წყაროთი არ დასტურდება. ბუნებრივია, უკრაინა ევროპიდან შეიარაღებას სწორედ დასავლეთის რეგიონებიდან იღებს, რადგან პოლონეთსა და სლოვაკეთს სწორედ უკრაინის დასავლური რეგიონები ესაზღვრება. თუმცა არ არსებობს ინფორმაცია, რომ იარაღს დასავლეთის რეგიონებში ტოვებენ და დონბასში, სადაც ყველაზე აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, არ გზავნიან. თუმცა საპირისპირო შინაარსის ინფორმაცია, რომ უკრაინა აღმოსავლეთში საბრძოლო ოპერაციებში ევროპის მიწოდებულ შეიარაღებას იყენებს, ღია წყაროებში მოიპოვება. მაგალითად, 13 აპრილს გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ჩეხეთის მიერ უკრაინისთვის მიწოდებულ თვითმავალ 152მმ-იან ჰაუბიცას უკრაინული არმია უკვე იყენებს (ვიდეოში ჰაუბიციდან გასროლის კადრი ჩანს; რადგან სახმელეთო ბრძოლა დასავლეთ უკრაინაში არ მიმდინარეობს, შესაძლებელია, ვივარაუდოთ, რომ ის უკვე საბრძოლო ოპერაციების მიმდინარეობის არეალშია). ასევე 23 აპრილს გამოქვეყნდა ვიდეო, თუ როგორ მიემართებიან სლოვაკეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემული T-72 ტიპის ტანკები ლუჰანკის რეგიონში ბრძოლის წინა ხაზებზე. აგრეთვე 2 მაისს გამოქვეყნდა უკრაინაში პოლონური T-72M1 და T-72M1R ტანკების მოქმედების ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ისინი დონბასის ბრძოლის წინა ხაზებისკენ მიემართებიან. ხოლო 5 მაისს გამოქვეყნდა უკრაინის მიერ აშშ-ის მიერ გადაცემული ჰაუბიცა M777-ის სამხედრო ოპერაციებში გამოყენების ამსახველი რამდენიმე ვიდეო, რომელთა ზუსტი ლოკაცია უცნობია, თუმცა ისინი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილშია გადაღებული.

ამდენად, ილია კივას მტკიცება, თითქოს პოლონეთი უკრაინის დასავლური ნაწილის მიერთებას აპირებს და ევროპიდან მოწოდებული შეიარაღება და ამუნიცია ქვეყნის დასავლურ რეგიონებში დარჩება, შეთქმულების თეორიასა და ყალბ ამბავს წარმოადგენს, რომელსაც ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია.

----------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

4557 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი