იტვირთება

დავით სონღულაშვილი: 2007-2012 წლებში განხორციელდა 68 კმ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა, 2013-2020 წლებში კი - 190 კილომეტრის

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, დავით სონღულაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე

რეზიუმე: ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა 2006 წლის მარტში დაიწყო და ის E-60 (ფოთი-თბილისი-წითელი ხიდი) და E-70 (ფოთი-ბათუმი-სარფი) მაგისტრალებისგან შედგება. დღემდე მოძრაობა ავტობანის 266.5 კილომეტრ გზაზეა გახსნილი. აქედან, 2007-2012 წლებში მოძრაობა ავტომაგისტრალის 68.15 კილომეტრზე, 2013 წლიდან დღემდე კი, 198 კილომეტრ გზაზე გაიხსნა. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ავტობანზე უფრო მეტი სიგრძის გზის მონაკვეთი აშენდა, ვიდრე წინა ხელისუფლების პირობებში და ავტობანის მშენებლობის ტემპი 2.9-ჯერ გაიზარდა.

თუმცა დავით სონღულაშვილი განცხადებაში წინა და მოქმედი ხელისუფლების პერიოდში წლიურად აშენებული გზების საშუალო მაჩვენებლებს უზუსტოდ ასახელებს - „ნაციონალების შემთხვევაში“ ნაკლებს (10 კილომეტრს - 11.4 კმ-ს ნაცვლად), „ქართული ოცნების“ პირობებში კი გადაჭარბებულად - 25 კილომეტრს 23.8 კილომეტრის ნაცვლად.

ისიც აღსანიშნავია, რომ ავტობანის 42 კილომეტრ გზაზე მშენებლობა 2012 წლამდე იყო დაწყებული, რამაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდში ავტობანის მშენებლობის ტემპის დაჩქარებას შეუწყო ხელი. ასევე, ავტობანის გზის რამდენიმე მონაკვეთის მშენებლობის ვადები რამდენჯერმე შეიცვალა, ყველაზე რთული სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთი კი 6 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა. მთლიანად ავტობანის დასრულების ვადამაც გადაიწია და 2024 წლამდე გახანგრძლივდა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, დავით სონღულაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

ანალიზი

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა დავით სონღულაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში სხვადასხვა მიმართულებით მიღწეული შედეგები „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდს შეადარა, მათ შორის - ჩქაროსნული ავტობანის მშენებლობის სტატისტიკურ მონაცემებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „2007-2012 წლებში განხორციელდა 68 კმ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა, 2013-2020 წლებში კი -190 კილომეტრის. 2006-2012 წლებში ავტობანზე ყოველწლიურად შენდებოდა საშუალოდ 10 კმ გზა, ხოლო ჩვენი გუნდის ძალისხმევით, სამუშაოების ტემპი 2.5-ჯერ გაიზარდა და 2013-2019 წლებში საშუალოდ ყოველწლიურად შენდებოდა 25 კმ გზა“.

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა 2006 წლის მარტში დაიწყო და ის E-60 (ფოთი-თბილისი-წითელი ხიდი) და E-70 (ფოთი-ბათუმი-სარფი) მაგისტრალებისგან შედგება. მისი საერთო სიგრძე 390 კილომეტრია. 2007 წლიდან (2006 წელი გათვალისწინებული არ არის, რადგან ამ წელს მაგისტრალის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა. კერძოდ, თანხების მოძიება, კერძო ნაკვეთების მოსახლეობისგან გამოსყიდვის პროცესი) დღემდე მოძრაობა ავტობანის 266.5 კილომეტრ გზაზეა გახსნილი. აქედან, 2007-2012 წლებში მოძრაობა ავტომაგისტრალის 68.15 კილომეტრზე, 2013 წლიდან დღემდე კი, 198 კილომეტრ გზაზე გაიხსნა. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს უფრო ნაკლები სიგრძის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი აშენდა, ვიდრე ხელისუფლების ცვლილების შემდეგ. კონკრეტულად, ნაციონალების“ დროს ავტობანზე წელიწადში საშუალოდ 11.4 კმ სიგრძის გზა შენდებოდა, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კი, წელიწადში, საშუალოდ, 23.8 კმ სიგრძის გზა იხსნება და საერთო ჯამში ავტობანის მშენებლობის ტემპი 2.9-ჯერ გაიზარდა.

გრაფიკი 1: ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა 2007-2020 წლებში (კმ)

წყარო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი

დავით სონღულაშვილი განცხადებაში წინა და მოქმედი ხელისუფლების პერიოდში წლიურად აშენებული გზების საშუალო მაჩვენებლებს უზუსტოდ ასახელებს - „ნაციონალების შემთხვევაში“ ნაკლებს (10 კილომეტრს - 11.4 კმ-ს ნაცვლად), „ქართული ოცნების“ პირობებში კი გადაჭარბებულად - 25 კილომეტრს 23.8 კილომეტრის ნაცვლად.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მონაკვეთების ნაწილის მშენებლობა 2012 წლის ოქტომბრამდე - ხელისუფლების ცვლილებამდე დაიწყო, რამაც ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის ტემპის დაჩქარებას შეუწყო ხელი. კერძოდ, 2012 წლამდე დაწყებული იყო სვენეთი-რუისის გზის (ლოტი II, III - 9.8 კმ), ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთის ქუთაისის შემოვლითი გზის (17.5 კმ), ქობულეთის შემოვლითი გზის (12 კმ) მშენებლობა და ჩაქვი-მახინჯაურის მონაკვეთზე უკვე არსებული ორზოლიანი გზის 4-ზოლიანამდე გაფართოება (3 კმ). ამდენად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დროს, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 42.3 კმ გზაზე მშენებლობა უკვე მიმდინარეობდა.

ასევე აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზოგიერთი მონაკვეთის მშენებლობის სახელშეკრულებო ვადები შეიცვალა და გარკვეული დროით გადაიწია. კონკრეტულად, სამტრედია გრიგოლეთის გზის მონაკვეთის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და ექვსი წლის მანძილზე მისი დასრულება ვერ მოხერხდა (იხილე: სტატია). შეიცვალა ავტომაგისტრალის მთლიანად დასრულების ვადაც, დაანონსებული 2020 წლის ნაცვლად 2024 წლამდე გახანგრძლივდა.

ამჟამად ავტომაგისტრალზე რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს. რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, საერთო ჯამში 51.6 კმ სიგრძის გზის მშენებლობაა დაგეგმილი, რომელიც 96 ხიდს და 53 გვირაბს მოიცავს.

გაანალიზებული მასალიდან გამომდინარე, დავით სონღულაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4021 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
25%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი