2022 წლის 11 მაისს სოციალურ ქსელ Facebook-ში ჯონ კირბის Fox News-სთან მიცემული ინტერვიუ მანიპულაციურად გავრცელდა. Facebook-მომხმარებელმა ფოტო Fox News-ის ეთერიდან გამოაქვეყნა, რომელზეც შემდეგი ტექსტია მცემული: „Пресс-секретарь Пентагона Джон Кирби признал, что США и ряд западных стран готовили Украину к войне в течение 8 лет“ (პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ აღიარა, რომ შეერთებული შტატები და დასავლეთის რამდენიმე ქვეყანა უკრაინას ომისთვის 8 წელი ამზადებდნენ).

გავრცელებული ინფორმაცია მანიპულაციურია, რადგან პოსტში მოცემული წინადადების კონტექსტი დამახინჯებულია. ჯონ კირბის ნათქვამის ამგვარად ინტერპრეტირებამ მკითხველში შექმნა შთაბეჭდილება, თითქოს კირბმა აღიარა, რომ აშშ და სხვა დასავლური სახელმწიფოები უკრაინას ომის წარმოებისთვის ამზადებდნენ. სინამდვილეში, კირბმა განაცხადა, რომ წლების განმავლობაში მათი სადაზვერვო ინფორმაციის თანახმად, იცოდნენ, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავდა, აშშ და მოკავშირე ქვეყნები კი უკრაინას ფინანსურ და სამხედრო დახმარებას უწევდნენ, რათა რუსეთის აგრესიას მომზადებულები შეხვედროდნენ.

2022 წლის 10 მაისს, პენტაგონის პრეს-სპიკერი, ჯონ კირბი, Fox News-ის გადაცემაში - Your World - იმყოფებოდა. ინტერვიუს მე-5 წუთზე წამყვანი კირბს აშშ-ის დაზვერვის შესახებ უსვამს კითხვას: „დაზვერვის წარმომადგენლებს შორის მიმდინარეობს აზრთა გაცვლა-გამოცვლა, დღეს, ვაშინგტონში, სადაც კითხვის ნიშნის ქვეშაა დაყენებული აშშ-ის დაზვერვის საქმიანობა, არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ სირიაში. სირიაში გვჯეროდა, რომ ამერიკის მიერ მხარდაჭერილი მთავრობა თვეების მანძილზე გაძლებდა და ასე არ მოხდა. მოლოდინები გვქონდა, რომ რუსები უკრაინაში მარტივად გაიმარჯვებდნენ და ესეც არ მოხდა ასე. რაიმე სჭირს ჩვენს სამხედრო დაზვერვას? რაიმე ყურადღების მიღმა რჩება?

აღნიშნულ კითხვაზე კირბმა განაცხადა, რომ დაზვერვა არასდროს არ არის იდეალური, ის „მოზაიკურია“. რაც შეეხება უკრაინას, მან თქვა, რომ პენტაგონის ტრიბუნიდან და დედაქალაქიდან, ისევე როგორც სხვა ქვეყნის დედაქალაქებიდან უკრაინაში რუსეთის მიზნების შესახებ მთელ მსოფლიოს გარკვევით გააგებინეს: „და იმ დროს ყველას არ სჯეროდა ჩვენი, მაგრამ ძალიან მართალი ვიყავით იმასთან დაკავშირებით, რასაც რუსეთი აპირებდა. და ჩვენ ასევე ბევრი ვიმუშავეთ ამ შეჭრის წინა პერიოდში…გავასაჯაროვეთ დაზვერვის ინფორმაცია...ვფიქრობ, უკრაინასთან მიმართებით, დაზვერვა უფრო სწორი იყო, ვიდრე არასწორი“.

წამყვანმა მორიგი კითხვა ჯონ კირბს უკრაინის შეიარაღების შესახებ დაუსვა. მას კირბისგან აინტერესებდა, ამჟამინდელი მდგომარეობის და გამოცდილების გათვალისწინებით, ფიქრობდა, თუ - არა, რომ უკრაინისთვის იარაღი თვეების წინ უნდა მიეწოდებინათ.

ჯონ კირბმა აღნიშნულ კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას იარაღით შეჭრამდე ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე ამარაგებდა: „პირველი მილიონი დოლარი, რაც პრეზიდენტმა უკრაინისთვის გამოყო, ლეტალური იარაღით [lethal assistance]დახმარებასაც მოიცავდა. და ეს იყო მანამ, სანამ პუტინმა გადაწყვიტა, რომ შეჭრილიყო. ამას დამატებული, ჩვენ ვიყავით ძალიან ღია და გულწრფელები იმის შესახებ, რასაც ვხედავდით, რომ რუსები აკეთებდნენ. და ბოლო რამ, რასაც, ვფიქრობ, რომ იმაზე ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას, ვიდრე შეგვიძლია, არის წვრთნა და ძალისხმევა, რომელიც ბოლო რვა წლის განმავლობაში უკრაინელების ამ ტიპის ომისთვის მომზადებას მოხმარდა. აშშ, კანადა, ბრიტანეთი და სხვა მოკავშირეები ნამდვილად დაეხმარნენ უკრაინელებს წვრთნაში“.

ამრიგად, პოსტში მოცემული ინფორმაცია მანიპულაციურია. კირბმა განაცხადა, რომ აშშ და მოკავშირე სახელმწიფოები უკრაინას რვა წლის განმავლობაში არა ომის წარმოებისთვის, არამედ მისგან თავის დასაცავად ამზადებდნენ.

--------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5671 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია