იტვირთება

დიმიტრი ხუნდაძე: ქვეყანა საქართველოს მოქალაქეებმა ყველაზე მეტჯერ დატოვეს 2009, 2010 და 2011 წლებში

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, დიმიტრი ხუნდაძის განცხადება არის ტყუილი.

რეზიუმე: ემიგრანტიც და იმიგრანტიც შეიძლება იყოს როგორც საქართველოს მოქალაქე, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე. დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს მოქალაქეების მიგრაციაზე საუბრობს, თუმცა 2012 წლამდე პერიოდში ემიგრანტთა და იმიგრანტთა მოქალაქეობის მიხედვით აღრიცხვა საერთოდ არ ხდებოდა.

2012 წლამდე პერიოდში, შესაბამისი სისტემის არ არსებობის გამო, მიგრაციული ნაკადების ზუსტი აღრიცხვა ვერ ხდებოდა. საქსტატმა, მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებიდან გამომდინარე, მიგრაციული სალდოს (სხვაობა ემიგრანტებსა და იმიგრანტებს შორის) 2012 წლამდე არსებული მონაცემები რადიკალურად შეცვალა. ძველი მონაცემებით, მიგრაციული სალდოს ყველაზე მაღალი დადებითი მაჩვენებელი 2005 და 2009-2011 წლებში ფიქსირდებოდა. განახლებული მონაცემებით, ამავე წლებში ყველაზე მაღალი უარყოფითი მიგრაციული სალდო ფიქსირდება. ზოგადი ტენდენცია, რომ აღწერათაშორის პერიოდში მიგრაციული სალდო უარყოფითი იყო, სადავოდ არ მიიჩნევა. თუმცა ცალკეული წლების მონაცემები, 2012 წლამდე, ასახავს არა ობიექტურ რეალობას, არამედ ხელოვნურად მიღებულ მაჩვენებლებს, პერიოდის დასაწყისსა და ბოლოს არსებული მოსახლეობის რიცხოვნობის ტექნიკურად შესაბამისობაში მოსაყვანად. შესაბამისად, 2012 წლამდე მიგრაციის კონკრეტული წლების მაჩვენებლის განხილვა, მით უმეტეს, მისი 2012 წლის შემდგომ პერიოდთან შედარება, მანიპულაციურია და დამახინჯებულ სურათს ქმნის.

ანალიზი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ 10 მაისის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა: „სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ქვეყანა საქართველოს მოქალაქეებმა ყველაზე მეტჯერ დატოვეს 2009, 2010 და 2011 წლებში, იმ მოქალაქეებმა, რომლებიც უკან არ დაბრუნებულან“.

პირველ რიგში უნდა განიმარტოს, რომ ემიგრანტიც და იმიგრანტიც შეიძლება იყოს როგორც საქართველოს მოქალაქე, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე. საქსტატის მეთოდოლოგიით, ემიგრანტად მიიჩნევა პირი, რომელმაც დატოვა საქართველო ბოლო 12 თვეში და სულ მცირე 183 დღე იმყოფებოდა სხვა სახელმწიფოში, მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ქვეყნიდან გასვლამდე იყო საქართველო. იმიგრანტად მიიჩნევა პირი, რომელიც საზღვრის გადმოკვეთიდან სულ მცირე 183 დღე იმყოფებოდა საქართველოში და საზღვრის კვეთამდე საქართველო არ იყო მისი მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა. დიმიტრი ხუნდაძე ხაზგასმით საუბრობს საქართველოს მოქალაქეების მიგრაციაზე, თუმცა 2012 წლამდე პერიოდში ემიგრანტთა და იმიგრანტთა მოქალაქეობის მიხედვით აღრიცხვა საერთოდ არ ხდებოდა, შესაბამისად, არც სტატისტიკა არსებობს. მით უმეტეს. არ არსებობს მონაცემები - საქართველოს მოაქალაქეები, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში დატოვეს ქვეყანა, უკან დაბრუნდნენ, თუ - არა.

2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობის ოდენობა, ძველი აღწერის შესაბამისად დაანგარიშებულ მონაცემებთან შედარებით, 4.5 მლნ-დან 3.7 მლნ-მდე შემცირდა. მოსახლეობის რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირების მიზეზად 2002 წლის საყოველთაო აღწერაში არსებული უზუსტობები და გარე მიგრაციული ნაკადები დასახელდა. 2002 წლის საყოველთაო აღწერის შედეგები გადაიხედა და ალტერნატიულ მონაცემებზე (მათ შორის შინამეურნეობათა ინტეგრირებული გამოკვლევა) დაყრდნობით, მოსახლეობის რაოდენობა 2002 წლის მონაცემებით დაახლოებით 8.7%-ით, 3.9 მილიონამდე შემცირდა. 2002 წლის მოსახლეობის კორექტირებულ მაჩვენებელსა და 2014 წლის საყოველთაო აღწერიდან მიღებულ მონაცემებს შორის სხვაობა ძირითადად მიგრაციაზე გადანაწილდა. საქსტატის განახლებული მონაცემებით, ქვეყანაში გარე მიგრაციული სალდო (სხვაობა ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის) 1994 წლიდან უარყოფითია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველწლიურად უფრო მეტი ადამიანი გადის ქვეყნიდან, ვიდრე შემოდის. საქსტატმა მიგრაციული სალდოს 2012 წლამდე არსებული მონაცემები რადიკალურად შეცვალა. აღსანიშნავია, რომ ძველი მონაცემებით მიგრაციული სალდოს ყველაზე მაღალი დადებითი მაჩვენებელი 2005 და 2009-2011 წლებში ფიქსირდებოდა. განახლებული მონაცემებით, ამავე წლებში ყველაზე მაღალი უარყოფითი მიგრაციული სალდო დაფიქსირდა.

2012 წლამდე პერიოდში, მიგრაციული ნაკადების ზუსტი აღრიცხვა ვერ ხდებოდა. 2004 წლამდე მიგრაციული სალდო ძირითადად ე.წ. ექსპერტული შეფასებებით გამოიანგარიშებოდა. 2004 წლიდან საქსტატს საზღვრის კვეთის მონაცემები ჰქონდა, თუმცა იმიგრანტების და ემიგრანტების იდენტიფიცირება ვერ ხერხდებოდა და ამ მონაცემებში რეალურად ყველა ის პირი ხვდებოდა, ვინც ქვეყნის ტერიტორიაზე შემოვიდა ან გავიდა. ეს კი, ბუნებრივია, გამოიწვევდა არსებით აცდენას მიგრანტთა ოდენობის შესახებ ოფიციალურად დაფიქსირებულ სტატისტიკურ და რეალურ მონაცემებს შორის. 2012 წლიდან უკვე ახალი მეთოდოლოგია დაინერგა და იმიგრანტებისა და ემიგრანტების იდენტიფიცირება გახდა შესაძლებელი. ზოგადი ტენდენცია, რომ აღწერათაშორის პერიოდში მიგრაციული სალდო უარყოფითი იყო, სადავოდ არ მიიჩნევა. თუმცა ცალკეული პერიოდის მონაცემები, 2012 წლამდე, ასახავს არა ობიექტურ რეალობას, არამედ ხელოვნურად მიღებულ მაჩვენებლებს, პერიოდის დასაწყისსა და ბოლოს არსებული მოსახლეობის რიცხოვნობის ტექნიკურად შესაბამისობაში მოსაყვანად. შესაბამისად, 2012 წლამდე მიგრაციის კონკრეტული წლების მაჩვენებლის განხილვა, მით უმეტეს, მისი შედარება 2012 წლის შემდგომ პერიოდთან, არამართებულია და დამახინჯებულ სურათს ქმნის.

გრაფიკი 1: გარე მიგრაციული სალდო, ძველი და განახლებული მონაცემები (2002-2021 წლები)

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს საქართველოში დადებითი მიგრაციული სალდო პირველად დაფიქსირდა, ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის სხვაობამ 15,732 შეადგინა. აღნიშნული პანდემიით და საზღვრების ჩაკეტვით იყო განპირობებული. 2021 წელს, როდესაც საზღვრები უცხოეთში კვლავ გაიხსნა, ქვეყნიდან 25 966 ადამიანით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა. აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან (ანუ მას შემდეგ, რაც საქსტატმა ახალი მეთოდოლოგია დანერგა, რითაც ემიგრანტების და იმიგრანტების ზუსტი იდენტიფიცირება გახდა შესაძლებელია) უარყოფითი მიგრაციული სალდოს რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი 2021 წელს დაფიქსირდა.

დაზუსტებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ როგორც წინა, ასევე მოქმედი ხელისუფლების პერიოდში, მიგრაცია ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა და ყოველწლიურად უფრო მეტი ადამიანი გადის ქვეყნიდან, ვიდრე შემოდის. ვინაიდან, 2012 წლამდე მიგრაციული ნაკადების ზუსტი აღრიცხვა ვერ ხდებოდა და კონკრეტული წლების მონაცემები ობიექტურ რეალობას არ ასახავს, აღნიშნული მონაცემების გამოყენება მანიპულაციურია. გარდა ამისა, 2012 წლამდე პერიოდში ემიგრანტთა და იმიგრანტთა მოქალაქეობის მიხედვით აღრიცხვა საერთოდ არ ხდებოდა. შესაბამისად, დიმიტრი ხუნდაძის განცხადება, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, არის ტყუილი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4020 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
25%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი