იტვირთება

რატი ბრეგაძე: [სააკაშვილი] უარს ამბობს საკვების სრულად მიღებაზე, რითაც საფრთხეს უქმნის საკუთარ ჯანმრთელობას

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, რატი ბრეგაძის განცხადება არის ტყუილი.

რეზიუმე: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისთვის, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის მეექვსე დასკვნის თანახმად, პაციენტი შერჩევითად ცილოვანი პროდუქტების მიღებაზე აუტანლობის მიზეზით უარს ამბობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე საჭირო დოზით საკვების მიღება არ შეუძლია.

ანალიზი:

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ, 2022 წლის 10 მაისს განაცხადა: „მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს დანიშნული აქვს მედიკამენტოზური მკურნალობა, თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ იგი შერჩევით იღებს მხოლოდ მედიკამენტების გარკვეულ ნაწილს, რითაც ფაქტობრივად უარს ამბობს, საკუთარი გადაწყვეტილებით, სრულფასოვან მკურნალობაზე. ასევე, საკვებსაც ის იღებს საკუთარი გადაწყვეტილებით, მხოლოდ შერჩევით და ბუნებრივია, ამით ის საფრთხეს უქმნის საკუთარ ჯანმრთელობას“.

„ფაქტ-მეტრმა“ რატი ბრეგაძის განცხადება გადაამოწმა.

როგორც ცნობილია, 2021 წლის 16 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილისთვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის შეფასების მიზნით ექსპერტთა ჯგუფი შექმნა. 2022 წლის 22 აპრილს აღნიშნულმა ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილი მეექვსედ მოინახულა და შეიმუშავა დასკვნა. აღნიშნული დასკვნის თანახმად, 19 იანვარს შემუშავებულ მეხუთე დასკვნასთან შედარებით, რომლის მიხედვით პაციენტის მდგომარეობა იყო საყურადღებო, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის გაუარესებული. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაციის საფუძველზე, შესაძლო გართულებების თავიდან არიდების მიზნით, 10 მაისს საქართველოს მთავრობამ მიხეილ სააკაშვილს გამოკვლევისთვის „ვივამედში“ გადაყვანა შესთავაზა, რასაც სააკაშვილი დათანხმდა და 12 მაისს იგი კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.

იმის გათვალისწინებით, რომ დანიშნული მედიკამენტების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურ ინფორმაციას წარმოადგენს, რომლის გასაჯაროებაზე მიხეილ სააკაშვილს თანხმობა არ გაუცია, „ფაქტ-მეტრი“ მოცემული ინფორმაციის სისწორეს ვერ ამოწმებს, რადგან სტატიაში განხილულ არცერთ სამედიცინო დასკვნაში რომელიმე მედიკამენტის მიღებაზე უარი არ დასტურდება. ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტთა ჯგუფის მიერ შემუშავებული მეოთხე დასკვნით დგინდება, რომ მიხეილ სააკაშვილი 9 სახის მედიკამენტს ან/და დანამატს იღებს. თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია საკმარისი არ არის იმის დასადგენად სრულად იღებს, თუ - არა სააკაშვილი მკურნალობის ფარგლებში დანიშნულ მედიკამენტებს. სწორედ ამიტომ, „ფაქტ- მეტრმა“ განცხადების ის ნაწილი გადაამოწმა, რომელიც სააკაშვილის მიერ საკვების მიღებაზე უარის თქმას ეხება.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის მეექვსე დასკვნის მიხედვით დასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილი საჭირო დოზით საკვებს, კერძოდ - ცილოვან პროდუქტებს, აუტანლობის მიზეზით ვერ იღებს და არა საკუთარი გადაწყვეტილებით. კონკრეტულად, პაციენტის ორგანიზმი მოიხმარს საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს, რაც ექსპერტთა შეფასებით წარმოადგენს ერთგვარი თვითმონელების პროცესს და ცილოვან შიმშილად არის შეფასებული. სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის მეექვსე დასკვნის თანახმად, საკვების მიღების შემცირება, კერძოდ დღე-ღამეში საჭირო კალორიებზე გაცილებით ნაკლებისა და დღიური დოზის 1/4-1/3-ის მიღება, ასევე შერჩევითად ცილოვან პროდუქტებზე უარის თქმა აუტანლობის მიზეზით არის გამოწვეული. მოცემული ინფორმაცია ფიქსირდება 2022 წლის 6 მაისს ცენტრი „ემპათიას“ ექსპერტთა ჯგუფის მიერ შემუშავებულ მეოთხე დასკვნაშიც.

გარდა ზემოაღნიშნულისა, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნის თანახმად, დანიშნულმა მედიკამენტოზურმა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო და მდგომარეობა დამძიმდა. ამავე დასკვნაში აღინიშნა, რომ არ/ვერ შესრულდა სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის მიერ დეკემბერ-იანვარში გაცემული რეკომენდაციები ფსიქოთერაპიისა და ფიზიკური რეაბილიტაციის ჩატარებასთან დაკავშირებით. ხოლო მხოლოდ არსებულმა მედიკამენტოზურმა მკურნალობამ დაამძიმა პატიმრის მდგომარეობა. მოცემული შეფასება ცენტრი „ემპათიას“ მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის მეოთხე დასკვნაშიც მეორდება. როგორც სახალხო დამცველის, ასევე ცენტრ „ემპათიას“ მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის დასკვნებიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილისთვის დანიშნული მკურნალობა არ შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რომელსაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საჭიროებს და მის მიმართ მიმდინარეობს არასათანადო/არასრული მკურნალობა, რამაც სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი არათუ უარს ამბობს საჭირო დოზით საკვების მიღებაზე, არამედ მას ამ საკვების მიღება აუტანლობის მიზეზით არ შეუძლია. შესაბამისად, რატი ბრეგაძის განცხადება არის ტყუილი. მისი მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი ნებაყოფლობით არ იღებს საკვებს, რაც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას აუარესებს. რეალურად კი, მას კონკრეტული საკვების მიღება არ შეუძლია.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4021 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
25%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი