ირაკლი ქადაგიშვილი: [სასამართლოზე] მიმდინარეობს დაუსაბუთებელი და პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა მას შემდეგ რაც ... [სასამართლომ] დაიწყო დამოუკიდებელი და კანონიერი გადაწყვეტილებების მიღება

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადება არის ტყუილი.

რეზიუმე: ირაკლი ქადაგიშვილის განცხადება ორი ნაწილისგან შედგება. განცხადების ერთი ნაწილი ხელისუფლების ცვლილების შედეგად სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით მიღწეულ პროგრესს ეხება. ამ ნაწილში ქადაგიშვილის განცხადება მანიპულაციურია. იგი კონტექსტს მიღმა ტოვებს იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში 2013-2022 წლებში გატარებულმა რეფორმებმა სასამართლო სისტემის მომწესრიგებელი ჩარჩო ფორმალურად გააუმჯობესა, თუმცა ისეთი მთავარი პრობლემები, როგორიც „კლანისა“ და სასამართლოზე შესაძლო პოლიტიკური ზემოქმედების არსებობაა, ვერ აღმოფხვრა. სასამართლოში არსებულ სისტემურ პრობლემებზე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე ქვეყნის უცხოელი პარტნიორები, წლებია საუბრობენ. არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის, „კლანის“ გაძლიერებაზე, არაერთი კვლევა, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის თუ საერთაშორისო პარტნიორების ზეპირი თუ წერილობითი განცხადებები, მიუთითებს. სასამართლოში არსებულ პრობლემებზე მეტყველებს ისიც, რომ 2020-21 წლებში დასავლელი პარტნიორების მონაწილეობით შექმნილ/გაფორმებულ შეთანხმებებში მნიშვნელოვანი ადგილი, სწორედ სასამართლოს რეფორმირებას ეთმობა.

ამასთან, განცხადების პათოსს წარმოადგენს ის, რომ ირაკლი ქადაგიშვილი ცდილობს სასამართლოს მიმართ კრიტიკული ანგარიშებისა თუ განცხადებების ავტორები „სასამართლოზე პოლიტიკურ ზეწოლასა და დაუსაბუთებელ ბრალდებებში დაადანაშაულოს“ და მართლმსაჯულების პრობლემებიდან აქცენტი კრიტიკის ავტორების მტრულ განზრახვებსა თუ მათ არაკვალიფიციურობაზე გადაიტანოს. იმის გათვალისწინებით, რომ მართლმსაჯულების საკითხი საქართველოს ევროპასთან დაახლოების ერთგვარი წინაპირობაა, ადგილობრივი აქტორებისა და საქართველოს დასავლელი პარტნიორების სასამართლოზე ზეწოლაში დადანაშაულება ანტიდასავლურ გზავნილად შეიძლება შეფასდეს. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ეს განცხადება არის ტყუილი.

ანალიზი:

2022 წლის 16 მაისს, ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია სასამართლომ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დამნაშავედ ცნო. პროკურატურა გვარამიას ტელეკომპანია „რუსთავი-2-თვის“ 6 763 509 ლარის ზიანის მიყენებაში სდებდა ბრალს. დასახელებულ საქმეზე მოსამართლემ გვარამიას 50 000 ლარის ჯარიმა შეუფარდა. ხოლო ე.წ. „ავტომობილის საქმეზე“ გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებული განცხადებები, რომლებიც მედიაზე ზეწოლას და პოლიტიკურ მოტივებს ეხებოდა, იმ განცხადებებს ჰგავს, რაც თავის დროზე ე.წ. „რუსთავი 2-ის საქმის“ ირგვლივ კეთდებოდა. თუმცა, როგორც მაშინ სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილების სისწორე და კანონიერება დაადასტურა და პოლიტიკური ნიშნით ქმედება გამორიცხა, ახლაც სასამართლო კანონის და ობიექტური მოცემულობიდან იხელმძღვანელებს. ასევე, იგი გამოეხამურა ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს და აღნიშნა, რომ „სასამართლო ხელისუფლებაზე დაუსაბუთებელი და პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა მიმდინარეობს სწორედ მას შემდეგ რაც დაინახეს, რომ სასამართლო გამოვიდა სააკაშვილ- ადეიშვილის ზეგავლენიდან და დაიწყო დამოუკიდებელი და კანონიერი გადაწყვეტილებების მიღება“.

„ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი ქადაგიშვილის განცხადების ის ნაწილი გადაამოწმა, სადაც იგი ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სასამართლოს სისტემის პოლიტიკური ზეწოლისგან გათავისუფლებაზე საუბრობს.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ წინა ხელისუფლების დროს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა იყო. წინა ხელისუფლების პერიოდში არაერთმა გახმაურებულმა საქმემ გამოაჩინა, რომ კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სასამართლო, ფაქტობრივად, არ არსებობდა. აღნიშნულის ნათელ მაგალითს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება საქმეზე „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ”, სადაც სტრასბურგის სასამართლო პირდაპირ წერს, რომ ქართულმა სასამართლომ ვერ უზრუნველყო ხსენებული საქმის ჯეროვნად გამოძიება. გადაწყვეტილება, შეიძლება ითქვას, საუბრობს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც ამტკიცებს, რომ ქართულმა სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმის პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, დამნაშავეთათვის არასრულფასოვანი სასჯელის შეფარდებას ხელი შეუწყო.

მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის არჩევნებისთვის დამოუკიდებელი მართლმსაჯულება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი დაპირება[1] იყო, ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ მათ დამოუკიდებელ სასამართლო ხელისუფლებაზე ეტაპობრივად უარი თქვეს. მმართველობის პირველ ეტაპზე, „ქართულმა ოცნებამ“ სასამართლო სისტემის ფართომასშტაბიანი ინსტიტუციური რეფორმა დაიწყო, რომელიც „ტალღების“ სახელითაა ცნობილი და სასამართლო საქმიანობის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფას ისახავდა მიზნად. ე.წ. ტალღების ფარგლებში, სასამართლო სისტემაში, არაერთი ცვლილება განხორციელდა, რომლებიც ფორმალურ დონეზე წინგადადგმულ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს. ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში 2013-2022 წლებში გატარებულმა რეფორმებმა სასამართლო სისტემის მომწესრიგებელი ჩარჩო ფორმალურად გააუმჯობესა, თუმცა ისეთი მთავარი პრობლემები, როგორიც სასამართლოს დამოუკიდებლობა და სასამართლოზე შესაძლო პოლიტიკური ზემოქმედების არსებობაა, ვერ აღმოფხვრა. აღნიშნულს სხვადასხვა დროს მომზადებული არაერთი ანგარიში მოწმობს (იხ „ფაქტ-მეტრის“ სტატია 1; სტატია 2).

აღსანიშნავია ისიც, რომ დროთა განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ წინა ხელისუფლების დროს მიკერძოებული მართლმსაჯულების შემოქმედი მოსამართლეები არათუ გაათავისუფლა, არამედ პირიქით, მათთან თანამშრომლობა დაიწყო და სასამართლო ხელისუფლებაში მათი გავლენების ზრდას, ეწ. „მოსამართლეთა კლანის“ ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. სასამართლო სისტემაში მოქმედ გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფს ხშირად „ჩინჩალაძე-მურუსიძის“ კლანადაც მოიხსენიებენ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან მათი თანამშრომლობის გამოკვეთა 2015 წელს დაიწყო. ამის ერთ-ერთი ნათელი გამოვლინება ბიძინა ივანიშვილის მიერ მოსამართლე ლევან მურუსიძისთვის მხარდაჭერის გამოცხადება იყო.

კიდევ ერთი გავლენიანი მოსამართლისა და ყოფილი პროკურორის, მიხეილ ჩინჩალაძის ხელისუფლებასთან კავშირზე ეჭვები 2016 წელს გაჩნდა, როდესაც ჩინჩალაძის ნათესავი და მეგობარი ვანო ზარდიაშვილი „ქართული ოცნების” სიით დეპუტატი გახდა და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა დაიკავა.

მიხეილ ჩინჩალაძისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ათწლიანი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე, „მესამე ტალღის“ კანონპროექტის საბოლოოდ მიღებამდე, მასში პროცედურული ხარვეზებით შესწორება შევიდა. შესწორებით უზენაესი სასამართლოს მოქმედი და ყოფილი მოსამართლეების გამოსაცდელი პერიოდის გარეშე, უვადოდ განმწესების შესაძლებლობა განისაზღვრა. ამ ფაქტმა ეჭვები კიდევ უფრო გაამყარა.

შეგახსენებთ, რომ „მესამე ტალღის“ ფარგლებში სისტემაში დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი პრობლემები გამოვლინდა. კანონპროექტი, რისი მიღებაც 2017 წლამდე გაჭიანურდა, საჯარო განხილვების გარეშე რამდენჯერმე შეიცვალა და საბოლოოდ იმ რეკომენდაციათა დიდი ნაწილი ვერ ასახა, რასაც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და ვენეციის კომისია იძლეოდა. რეფორმის განხორციელებას წინ „კარს მიღმა“ მოლაპარაკებები და შესაძლო გარიგებები უძღოდა. ხელისუფლების მხრიდან მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის, ე.წ. კლანის წევრებისადმი მხარდაჭერა გამოიკვეთა, რომელთა ინტერესების სასარგებლოდაც კანონპროექტიდან გარკვეული პოზიტიური ცვლილებები საბოლოოდ ამოღებული იქნა.

ათეულობით მოსამართლის დანიშვნის პროცესი ბუნდოვანი და გაუმჭვირვალე იყო. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველოს შეფასებით, თითქმის ყველა ცვლილება მხოლოდ გავლენიანი ჯგუფის ინტერესებს ემსახურებოდა. მიხელ ჩინჩალაძე 2017 წელს დახურული გასაუბრების შედეგად სააპელაციო სასამართლოში უვადოდ დაინიშნა, რასაც საზოგადოების ნაწილისა და მესამე სექტორის პროტესტი მოჰყვა. მოგვიანებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ჩინჩალაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის გამოთავისუფლებულ პოზიციაზე დანიშნა. რაც შეეხება ლევან მურუსიძეს, ის 2018 წელს უვადო მოსამართლედ დაინიშნა.

საყურადღებოა, რომ სასამართლო ხელისუფლებაში ე.წ „კლანის“ გაძლიერებასთან ერთად, საერთაშორისო რეიტინგებში ქართული მართლმსაჯულების შეფასებების კლების ტენდენცია გამოიკვეთა.

„FreedomHouse”

გავლენიანი ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია, „Freedom House“ ქვეყნებს, თავისუფლების კუთხით, ყოველწლიურად აფასებს. „Freedom House - ის“ ყოველწლიური ანგარიშები წინა წლის მოვლენებს ასახავს. ორგანიზაცია ქვეყნის თავისუფლების დონეს, ორი კატეგორიით - პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების მიხედვით, 100-ქულიანი სკალიდან აფასებს, სადაც 100 ქულა საუკეთესო შედეგია. შეფასებაში პოლიტიკურ უფლებებს 40, სამოქალაქო უფლებებს კი 60 ქულა ეთმობა. 2022 წლის ანგარიშში, „თავისუფლება მსოფლიოში 2022“, საქართველო 100-დან 58 ქულით შეფასდა და ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნების რიცხვში მოხვდა. პოლიტიკური უფლებების კუთხით საქართველომ 22, ხოლო სამოქალაქო უფლებების კუთხით 36 ქულა მიიღო. საქართველოს საერთო რეიტინგი, შარშანდელთან შედარებით, 2 ქულით შემცირდა.

გრაფიკი 1: „Freedom House -ის“ ყოველწლიური ანგარიშების მიხედვით, საქართველოს შეფასება 2014-2022 წლებში.

წყარო: Freedom House

ანგარიშში საქართველოს დახასიათებისას აღნიშნულია, რომ „ საქართველოში რეგულარული და კონკურენტული არჩევნები იმართება. მისმა დემოკრატიულმა ტრაექტორიამ 2012-13 წლებში ხელისუფლების ცვლილების პერიოდში, გაუმჯობესების ნიშნები აჩვენა, თუმცა ბოლო წლებში უკუსვლა დაიწყო. ქვეყნის პოლიტიკურ საქმეებზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და მედია გარემოზე არსებობს ოლიგარქიული ზეგავლენები. ეს იწვევს საკითხების პოლიტიზებას, რაც თავის მხრივ, კანონის უზენაესობას უთხრის ძირს. ქვეყანაში სამოქალაქო თავისუფლებები არათანმიმდევრულად არის დაცული“.

„მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები”

„მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები“ მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ მონაცემთა კვლევით ბაზას წარმოადგენს. „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნისა და ტერიტორიული ერთეულის მმართველობას 6 ძირითადი კრიტერიუმით აფასებს. ესენია: კორუფციასთან ბრძოლა და მისი კონტროლი; კანონის უზენაესობა; რეგულირების ხარისხი; სახელმწიფოს ეფექტიანობა; პოლიტიკური სტაბილურობა და არაძალადობრივი გარემოს არსებობა; მოქალაქეების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის, გამოხატვისა და მედიის თავისუფლების ხარისხი. რეიტინგების შედგენისას მსოფლიო ბანკი 30-ზე მეტ, სხვადასხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის, არასამთავრობო ორგანიზაციის, კვლევითი ცენტრის და ინსტიტუტის შეფასებებსა და ანგარიშებს ეყრდნობა. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე, მსოფლიო ბანკი ქვეყნების რეიტინგს თითოეული ზემოთ ხსენებული კრიტერიუმის მიხედვით ქმნის.

„კანონის უზენაესობის” ინდიკატორი ქვეყნებს საკუთრების უფლების დაცულობის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის, პოლიციის სანდოობის, კრიმინოგენური ვითარებისა და ძალადობრივი გარემოს კრიტერიუმების მიხედვით აფასებს. 2021 წლის შეფასებაში საქართველომ 61.06 % მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით, 0.96 %-ით ნაკლებია. საყურადღებოა, რომ 2018 წლიდან საქართველოს შეფასება მუდმივად იკლებს.

გრაფიკი 2: საქართველოს შეფასება „კანონის უზენაესობის“ ინდიკატორის მიხედვით 2012-21 წლებში

წყარო: მსოფლიო ბანკი

„კანონის უზენაესობის“ კუთხით, საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელი 2014 და 2016 წლებში ჰქონდა. კანონის უზენაესობის ინდიკატორის მიხედვით, საქართველოს შეფასება ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების შეფასებების საშუალო მაჩვენებელზე 5.23 ქულით ნაკლებია. „კანონის უზენაესობის“ ინდიკატორის მიხედვით, საქართველო ევროკავშირის მხოლოდ 3 ქვეყანას, იტალიასა და ბულგარეთს უსწრებს.

„კანონის უზენაესობის ინდექსი“ ( Rule of Law index - WJP)

„კანონის უზენაესობის ინდექსი“ საერთაშორისო ორგანიზაციის, „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი“ (WJP) ყოველწლიურ რეიტინგს წარმოადგენს. რეიტინგში ქვეყნები 8 ძირითადი კრიტერიუმისა და 44 ქვეკრიტერიუმის მიხედვით ფასდება. ესენია: ხელისუფლების ძალაუფლების შეზღუდვა, კორუფციის არარსებობა, მთავრობის ღიაობა, ძირითადი უფლებები, წესრიგი და უსაფრთხოება, რეგულაციების აღსრულება, სამოქალაქო სამართალი და სისხლის სამართალი. რეიტინგი ქვეყნებს სკალაზე 0-დან 1-მდე აფასებს, სადაც 1 საუკეთესო მაჩვენებელია. ინდექსის შესადგენად, WJP ადგილობრივი კომპანიის საშუალებით საზოგადოებრივი აზრის კვლევას ატარებს, რომელშიც ყოველი ქვეყნიდან 1000 რესპოდენტი მონაწილეობს. გამოკითხვისთვის, კითხვარს კონკრეტული ქვეყნის ადგილობრივი ექსპერტები და შესაბამის სფეროში მოღვაწე პირები ადგენენ.

ცხრილი 1: საქართველოს შეფასება „კანონის უზენაესობის ინდექსის“ მიხედვით 2014-2021 წლებში

წყარო: მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი.

„კანონის უზენაესობის ინდექსის“ მიხედვით, საქართველომ 2021 წელს 0.61 ქულა დაიმსახურა და მსოფლიო რეიტინგში 49-ე ადგილი დაიკავა. წინა წელთან შედარებით საქართველოს შეფასება 0.01- ით ქულით გაუმჯობესდა, ხოლო პოზიცია 7 ადგილით გაუარესდა. 2021 წლის შეფასებით, საქართველო ევროკავშირის, მხოლოდ 2 ქვეყანას, ბულგარეთსა და უნგრეთს უსწრებს. ასევე, აღსანიშნავია, რომ შეფასების უმნიშვნელოდ გაუმჯობესების მიუხედავად, პოზიციურად საქართველო 7 საფეხურით დაქვეითდა. ამასთან, 2021 წლის შეფასებით საქართველოს 2017-2019 წლების შეფასებას დაუბრუნდა. საუკეთესო შედეგი საქართველოს 2015 და 2016 წლებში ჰქონდა.

მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საერთაშორისო რეიტინგები აჩვენებს, რომ საქართველოს საუკეთესო შეფასებები ძირითადად 2017-2018 წლებში ჰქონდა, ხოლო მას შემდეგ საქართველოს მდგომარეობა რეიტინგებში მუდმივად უარესდება. შეფასების გაუარესებაზე ზეგავლენა ე.წ. „კლანის“ გაძლიერებასთან ერთად, ბოლო წლებში მართლმსაჯულების სფეროში გატარებულმა არასრულმა რეფორმებმაც იქონია. 2018 წლიდან მოყოლებული მმართველი გუნდი სასამართლო სისტემის რეფორმირებისას საერთაშორისო პრაქტიკას და რეკომენდაციებს მხოლოდ ნაწილობრივ ითვალისწინებდა. აღნიშნული, ნათლად ჩანს ბოლო წლებში ვენეციის კომისიის მიერ მომზადებულ რეკომენდაციებში, სადაც თითქმის ყოველთვის ყურადღება გამახვილებულია ნაწილობრივ მიღწეულ პროგრესზე და ჯერ კიდევ გადაუჭრელ პრობლემებზე. ცვლილებებს ისეთ მთავარ გამოწვევებზე, როგორიც „კლანი“ და სასამართლოზე შესაძლო პოლიტიკური ზემოქმედების არსებობაა, არათუ გავლენა არ მოუხდენია, არამედ მეტიც - განხორციელებულმა არასრულფასოვანმა რეფორმებმა სისტემაში გავლენიანი ჯგუფები კიდევ უფრო გააძლიერა, რაც დღეისთვის სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. ამაზე მეტყველებს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მიუკერძოებელი ორგანიზაციების დასკვნები და ზემოთ განხილული რეიტინგები.

ასევე, საქართველოსთვის დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობის პრობლემაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ ბოლო წლებში, ევროკავშირი საქართველოს მიმართ მართლმსაჯულების რეფორმირების საკითხს ურთიერთობის გაღრმავების ერთგვარ წინაპირობად ასახელებს. ამაზე მიუთითებს როგორც 19 აპრილის შეთანხმება, ასევე ევროკავშირსა და საქართველოს შორის, მიკრო-საფინანსო დახმარების შესახებ გაფორმებული მემორანდუმი. ეს შეთანხმებები ადასტურებს, რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის საკითხი, საქართველოს დასავლელი პარტნიორებისთვის ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენს. ამაზე მეტყველებს თავად ის ფაქტიც, რომ სასამართლო სისტემის რეფორმირება, ფინანსური დახმარების წინაპირობად განისაზღვრა (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია 1; სტატია 2 ).

დასკვნა

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადება ორი ნაწილისგან შედგება. განცხადების ერთი ნაწილი ხელისუფლების ცვლილების შედეგად სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით მიღწეულ პროგრესს ეხება. ამ ნაწილში ქადაგიშვილის განცხადება მანიპულაციურია. იგი კონტექსტს მიღმა ტოვებს იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში დამოუკიდებელი მართლმსაჯულების საკითხი კვლავაც პრობლემად დარჩა. 2013-2021 წლებში საერთო სასამართლოების სისტემაში გატარებულმა რეფორმებმა ისეთი მთავარი პრობლემები, როგორიც „კლანისა“ და სასამართლოზე შესაძლო პოლიტიკური ზემოქმედების არსებობაა, ვერ აღმოფხვრა. სასამართლოში არსებულ სისტემურ პრობლემებზე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე ქვეყნის უცხოელი პარტნიორები, წლებია საუბრობენ. არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის, „კლანის“ გაძლიერებაზე, არაერთი კვლევა, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის თუ საერთაშორისო პარტნიორების ზეპირი თუ წერილობითი განცხადებები, მიუთითებს.სასამართლოში არსებულ პრობლემებზე მეტყველებს ისიც, რომ 2020-21 წლებში დასავლელი პარტნიორების მონაწილეობით შექმნილ/გაფორმებულ შეთანხმებებში მნიშვნელოვანი ადგილი, სწორედ სასამართლოს რეფორმირებას ეთმობა.

ამასთან, განცხადების პათოსს წარმოადგენს ის, რომ ირაკლი ქადაგიშვილი ცდილობს სასამართლოს მიმართ კრიტიკული ანგარიშებისა თუ განცხადებების ავტორები „სასამართლოზე პოლიტიკურ ზეწოლასა და დაუსაბუთებელ ბრალდებებში დაადანაშაულოს“ და მართლმსაჯულების პრობლემებიდან აქცენტი კრიტიკის ავტორების მტრულ განზრახვებსა თუ მათ არაკვალიფიციურობაზე გადაიტანოს. იმის გათვალისწინებით, რომ მართლმსაჯულების საკითხი საქართველოს ევროპასთან დაახლოების ერთგვარი წინაპირობაა, ადგილობრივი აქტორებისა და საქართველოს დასავლელი პარტნიორების სასამართლოზე ზეწოლაში დადანაშაულება ანტიდასავლურ გზავნილად შეიძლება შეფასდეს. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ეს ნაწილი არის ტყუილი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5671 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია