იტვირთება

2018 წლის ოქტომბერში ბათუმში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ჩატარდა. აჭარის ა/რ მთავრობამ ღონისძიებისთვის მზადება რამდენიმე წლით ადრე დაიწყო. 2018 წლის 6 თებერვალს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 100%-იანი მონაწილეობით დაფუძნებულმა შპს „სტადიონმა“ (ამჯერად - შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დირექტორს მისწერა, რომ მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საჭირო იყო ქალაქ ბათუმში ყინულის არენისა და საცურაო აუზის მშენებლობა (SMP180000399) და შესყიდვის გამარტივებული წესით განხორციელების ნებართვა ითხოვა.

2018 წლის 27 თებერვალს, ლადო ასათიანის ქ. №27-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (24 563 კვ.მ; ს/კ: 05.26.12.009) დახურული სპორტული კომპლექსის - ყინულის არენისა და საცურაო აუზის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და მშენებლობის მიზნით, შპს „სტადიონმა“ ხელშეკრულება შპს Westincor Limited-თან (CMR180064915) გააფორმა. სახელშეკრულებო ღირებულებამ 19 990 002 მლნ დოლარი შეადგინა.

რეგიონის მთავრობამ არაერთხელ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყინულის არენის მშენებლობა მიმდინარეობდა. 2018 წლის მარტში საკუთარ Facebook-გვერდზე მშენებლობის ამსახველი ფოტო ბათუმის მერიამაც გამოაქვეყნა. თუმცა ოლიმპიადა ისე ჩატარდა, რომ ობიექტი აშენებული არ იყო.

ამის შემდეგ, უკვე 2018 წლის 9 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ რეგიონში მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საიმიჯო ვიდეორგოლი მოამზადა, რომელშიც ნახსენებია ყინულის არენისა და საცურაო აუზის მშენებლობაც. სინამდვილეში, ამ დროს კომპანიას შემსყიდველთან საბოლოო ხარჯთაღრიცხვა შეთანხმებული ჯერაც არ ჰქონდა. ამას ადასტურებს 2020 წელს შემსრულებლისთვის შპს „სტადიონის“ მიერ გაგზავნილი წერილი, რომელშიც ის წერს, რომ Westincor Limited-მა შესასრულებელი სამუშაოების საბოლოო ხარჯთაღრიცხვა არათუ ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთ თვეში, არამედ დამატებით დროშიც ვერ წარადგინა. კერძოდ, კომპანიამ ხარჯთაღრიცხვა 24 892 408 აშშ დოლარზე შეადგინა და „სტადიონს“ ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად გაუგზავნა. შემსყიდველმა კონტრაქტორს აცნობა, რომ სახელშეკრულებო ღირებულებაზე მეტს ვერ გადაიხდიდა და ფასის დაკორექტირება და ახალი ფასების ადეკვატურობაზე ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა კიდევ ერთხელ სთხოვა. Westincor Limited-მა ფასი ამჯერად - 21 048 382 აშშ დოლარამდე დასწია, თუმცა შპს „სტადიონისთვის“ ესეც მიუღებელი აღმოჩნდა. საბოლოოდ, კონტრაქტორმა ღირებულება 19 990 002 აშშ დოლარამდე დაიყვანა, თუმცა შემსყიდველმა მხარემ ფასთა ადეკვატურობა არ გაიზიარა. საბოლოოდ, 2020 წლის აპრილში, შემსყიდველმა კონტრაქტი გაწყვიტა. იმ დროისთვის კომპანიისთვის გადახდილი იყო 3 998 000 მლნ ლარი. მოგვიანებით, შემსყიდველის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავანსად გაცემული თანხა ბიუჯეტში დაბრუნდა.

ყინულის არენისა და საცურაო აუზის მშენებლობის საკითხს ოპოზიცია დროდადრო ააქტიურებს. მაგალითად: 2021 წლის დეკემბერში აღნიშნული საკითხით „ლელო“ დაინტერესდა. მათ აჭარის მთავრობას საჯაროდ მიმართეს კითხვით, რატომ ვერ აშენდა ობიექტი.

''ლელოს'' წევრებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ უპასუხა, რომ 2022 წლის აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში, აღნიშნული პროექტისთვის, 100 000 ლარია განსაზღვრული. უწყების ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, მოწყობილია საძირკველი, ყინულის არენის ფოლადის დიდმალიანი მოდულური კონსტრუქცია, ე.წ ,,კაფსულა“, ასევე ვენტილაცია და განათების პროჟექტორები, რომლის საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

ვინაიდან 2022 წლის 1 ივნისის მდგომარეობით, ყინულის არენა და საცურაო აუზი აშენებული არ არის, საკითხში გარკვევა ფაქტ-მეტრმაც სცადა. ჩვენ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური წერილით მივმართეთ და ობიექტთან დაკავშირებით განხორციელებული შესყიდვების შესახებ, ინფორმაციის მოწოდება ვთხოვეთ. სამინისტრომ გვიპასუხა, რომ მას ყინულის სასახლის მშენებლობის მიზნით, არანაირი შესყიდვა არ განუხორციელებია.

ტენდერი მართლაც არა სამინისტრომ, არამედ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ დაფუძნებულმა შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“ გამოაცხადა. ხელშეკრულებაში სამინისტრო ერთ-ერთი მხარეა. ორგანიზაცია, რომელშიც ავტონომიური რესპუბლიკა 100% წილს ფლობს, 2012 წლის მაისში დარეგისტრირდა. კომპანიამ სახელწოდება არაერთხელ შეიცვალა. იმ პერიოდში, როცა მან ყინულის არენისა და საცურაო აუზის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და მშენებლობის შესყიდვის მიზნით, ხელშეკრულება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით გააფორმა, ჯერ კიდევ შპს „სტადიონი“ ერქვა. 2020 წლის ივლისიდან კი „აჭარის პროექტების მართვის კომპანიის“ სახელით ოპერირებს.

2018 წლის ოქტომბერში შპს „სტადიონმა“ დახურული სპორტული კომპლექსის - ყინულის არენისა და საცურაო აუზის სანებართვო პირობებით გათვალისწინებული მშენებლობის ეტაპების დასრულების დადასტურების საექსპერტო მომსახურებაც კი შეისყიდა. თუმცა 2020 წელს შეწყვიტა. დოკუმენტში განმარტებულია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, შპს „სტადიონსა“ და „Westincor Limited“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, ობიექტზე საექსპერტო მომსახურების გაწევა საჭირო აღარ არის.

საბოლოოდ, 2022 წლის მიმდინარე მდგომარეობით, ობიექტი არ გვაქვს, მაგრამ უკვე გვაქვს ტენდერი, რომელიც შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“ 2022 წლის 7 თებერვალს გამოაცხადა. გვყავს გამარჯვებული კომპანია შპს „BWC“-ც, რომელთანაც შემსყიდველმა 719 800-ლარიანი ხელშეკრულება მაისში გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, „BWC“-მ ლადო ასათიანის ქ. №27-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (24 563 კვ.მ; ს/კ: 05.26.12.009) დახურული სპორტული კომპლექსის - ყინულის არენის სამშენებლო სამუშაოების დასრულებისა და საცურაო აუზის მოწყობის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 180 კალენდარულ დღეში უნდა მოამზადოს.

რაც შეეხება „Westincor Limited“-ს, რომელთანაც შემსყიდველმა ხელშეკრულება გაწყვიტა, უცხოური საწარმოს ფილიალია. ის საქართველოში 2018 წლის 2 თებერვალს, ანუ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით ხელშეკრულების გაფორმებამდე რამდენიმე დღით ადრე დარეგისტრირდა.

ფოტო: adjara.gov.ge


მსგავსი სიახლეები

4557 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი