იტვირთება

მამუკა მდინარაძე: [20 ივნისის] აქციის ორგანიზატორებს მოვიხსენიებდით „ნაცმოძრაობად“ და არა მონაწილეებს

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მამუკა მდინარაძის განცხადება არის ტყუილი.

რეზიუმე: 20 ივნისს გამართული აქციის (შესაბამისად, როგორც აქციის ორგანიზატორების, ისე მისი მონაწილეების) „შინ ევროპისკენ“, დისკრედიტაცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ჯერ კიდევ დემონსტრაციის გამართვამდე დაიწყეს.

ისინი ღონისძიებას მოიხსენიებდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ აქციად, ხოლო მოძრაობა „სირცხვილიას“ - „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ფრთად. მმართველი გუნდის წარმომადგენლები დაგეგმილ ღონისძიებას არა ევროკავშირთან დაახლოების, არამედ შტურმისა და არეულობის რეპეტიციად აფასებდნენ.

თავად მამუკა მდინარაძემ დაგეგმილი აქციის რუსეთიდან დაფინანსებაზეც „მიიტანა ეჭვი“.

მას შემდეგ კი, რაც მმართველმა გუნდმა ღონისძიებაზე მისული ადამიანების რაოდენობა შეაფასა, მათივე წინა დღის შეფასებებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებულ, „დესტრუქციულ“ და „ყველაზე არაევროპულ აქციას“ მათმა ზოგმა წარმომადგენელმა აპოლიტიკური უწოდა, ზოგი ღონისძიების „სულისკვეთებას შეუერთდა“, ზოგმა კი აქციის მონაწილეთა სიმრავლე „ქართული ოცნების“ დამსახურებად ჩათვალა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მამუკა მდინარაძის განცხადება, რომ მმართველი გუნდი მხოლოდ აქციის ორგანიზატორებს მოიხსენიებდა „ნაცმოძრაობად“ და არა მონაწილეებს, არის ტყუილი.

ანალიზი

2022 წლის 21 ივნისს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე, 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას - „შინ ევროპისკენ“ - გამოეხმაურა. მისი განცხადებით, მმართველი გუნდი აქციის ორგანიზატორებს მოიხსენიებდა „ნაცმოძრაობად“ და არა მონაწილეებს: „ეს გავმიჯნეთ აბსოლუტურად, [ორგანიზატორებად] მოვიხსენიებდით ნაცმოძრაობას და მის ახალგაზრდულ ფრთას“.

„ფაქტ-მეტრმა“ გადაამოწმა, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მმართველი გუნდის წარმომადგენლები როგორ მოიხსენიებდნენ.

20 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებული აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართა. მოქალაქეები თავიანთი მიზნის, ევროკავშირში გაწევრიანების სურვილისა და დასავლური ღირებულებებისადმი ერთგულების დეკლარირებისთვის შეიკრიბნენ. „ნეტგაზეთის“ მიერ დემონსტრანტების რაოდენობის მიახლოებითი დათვლით, მათი რაოდენობა მინიმუმ 120 ათასი, მაქსიმუმ კი - 160 000 იყო.

თბილისის გარდა აქციები საქართველოს და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართა, რომელთაც პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო ორგანიზაციები, სტუდენტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შეუერთდნენ.

აღნიშნული აქციების ორგანიზატორებისა და მონაწილეების დისკრედიტაცია, დეზინფორმაციის გამოყენებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ჯერ კიდევ დემონსტრაციის გამართვამდე დაიწყეს: მათ მოიხსენიებდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ აქციად, ხოლო მოძრაობა „სირცხვილიას“ – „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ფრთად. მმართველი გუნდის წარმომადგენლები დაგეგმილ ღონისძიებას არა ევროკავშირთან დაახლოების, არამედ ქვეყანაში კვლავ დესტაბილიზაციის შემოტანის მცდელობად აფასებდნენ.

გთავაზობთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეფასებებს 20 ივნისის აქციამდე.

20 ივნისს თბილისის მერმა, კახა კალაძემ აქციას ნაციონალების უწოდა: „ესაა ნაციონალების აქცია - ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი და ხალხი ყველაფერს ხედავს, ხალხი ყველაფერს ხვდება“.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აქციას „ნაციონალური მოძრაობის“, ოპოზიციის მიერ დაანონსებული შტურმისა და არეულობის რეპეტიცია უწოდა. „მათ აქვთ წარმოდგენილი არეულობის სცენარი, რაზეც პირდაპირ საუბრობენ, მათ შორის, 20 ივნისის გამეორებაზე საუბრობენ, პარლამენტში შეჭრაზეა პირდაპირი მინიშნებები და ა.შ. შესაბამისად, ეს 20 ივნისის აქცია არის ერთგვარი რეპეტიცია“, - აღნიშნა მან.

„ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგად შეაფასა: „პირდაპირ გეტყვით, მე არ ვიცნობ საქართველოს ერთ მოქალაქეს, ადამიანს, რომელსაც სჯერა, რომ 20 ივნისის აქცია არის ერთიანობის გამომხატველი და რომ 20 ივნისი აქცია არის ევროპაში ინტეგრაციისკენ მიმართული.

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა მოძრაობა „სირცხვილიას“ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთა უწოდა, რომელიც, მისი თქმით, ცნობილია ძალადობრივი აქციებით. მან ასევე დესტრუქციული უწოდა აქციას და აღნიშნა, რომ დაგეგმილი თავყრილობა პოლარიზაციას ემსახურებოდა. „რანაირად შეიძლება, რადგან ამბობენ, რომ 24 ივნისის ევროპული საბჭოს სხდომის წინ უნდათ, რომ გააგონონ თითქოს მზაობა ხალხის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც კომისია ამბობს, რომ შეეცადოს ყველა დეპოლარიზაციას, სწორედ პოლარიზაციის გაზრდის მიზანს ემსახურება ხვალინდელი თავყრილობა“.

თვითონ მამუკა მდინარაძემ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ „შინ ევროპისკენ“ პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მოწოდებას დეპოლარიზაციის შესახებ. ის ასევე დაეჭვდა, ხომ არ ფინანსდება აქცია რუსეთიდან: „ყველას უნდა გვაინტერესებდეს, ხომ არ აქვს ხოშტარიას რუსულ რუბლებს კავშირი რუსულ ინტერესებთან და დღევანდელ აქციასთანაც, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მოწოდებას დეპოლარიზაციის შესახებ და რომლის ორგანიზატორებიც ცდილობენ ქართველი ხალხის არჩეული ხელისუფლება რუსეთთან გააიგივონ“.

ასევე, „ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა ნინო წილოსანმა 20 ივნისს დაანონსებულ აქციას ყველაზე არაევროპული აქცია უწოდა. „20 ივნისს დაანონსებული აქცია, რა თქმა უნდა, ყველაზე არაევროპული იქნება, იმიტომ რომ ემსახურება „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს, იმ დესტრუქციულ ინტერესებს, რომელიც რადიკალური ოპოზიცია ატარებს“,- აღნიშნა მან.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებები 20 ივნისის აქციის შემდეგ

აქციის მომდევნო დღეს, პარლამენტის ვიცე- სპიკერის, დავით სერგეენკოს მიერ გაკეთებული განაცხადების თანახმად, აღნიშნული სახალხო შეკრება იყო იმის კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულება, რომ საქართველოს აბსოლუტურ მოსახლეობას ევროპის გზა აქვს არჩეული: „გუშინდელი სახალხო შეკრება იყო იმის კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულება, რომ საქართველოს აბსოლუტურ მოსახლეობას ევროპის გზა აქვს არჩეული და ამ გზიდან არ გადაუხვევს. რაც შეეხება პოლიტიკურ შემადგენელს, იყო ალბათ რაღაც პოლიტიკური ნაწილი, რომელიც უმცირესი იყო, დომინანტი იყო საზოგადოების გულწრფელი სურვილი, კიდევ ერთხელ დაეფიქსირებინა თავის ევროპული არჩევანი“.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა ღონისძიების ორგანიზატორებს „ნაციონალური მოძრაობისა“ და რადიკალური ოპოზიციის ფრთა უწოდა, თუმცა აქციაზე მრავალი ადამიანის მისვლა - „ქართული ოცნების“ დამსახურებად ჩათვალა. „იქ მისული საზოგადოება, რა თქმა უნდა, არ იყო ყველა ნაციონალური მოძრაობისა და რადიკალური ოპოზიციის მომხრე. იყო ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც დიდი სურვილი აქვს, რომ ევროპაში ინტეგრაცია განხორციელდეს“, - აღნიშნა მან.

„ქართული ოცნების“ მიერ მანამდე დესტრუქციულ და ყველაზე არაევროპულ აქციად შეფასებული შეკრების სულისკვეთებას მეორე დღესვე შეუერთდა მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ზარქუა. მისი თქმით, მთელი საზოგადოება, მათ შორის, „ქართული ოცნების“ მომხრეებიც, სხვა პარტიების მომხრეებიც, გაერთიანებული იყვნენ ერთი მოთხოვნით - „ევროპაში“. თუმცა, იქვე აღნიშნა, გუშინდელი აქცია ორგანიზებული იყო „ნაციონალური მოძრაობისა" და „სირცხვილიას“ მიერ.

20 ივნისს გამართულ აქციას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძეც. მან აქციის ორგანიზატორებად „ბაკურიანის გეგმის“ განმახორციელებლები დაასახელა, მონაწილეებად კი ხალხი, ვისაც ევროინტეგრაცია სურს.

აქციის მონაწილეთა სიმრავლე შეუმჩნეველი არ დარჩა „ქართული ოცნების“ დეპუტატ ალუდა ღუდუშაურსაც. „ძალიან ბევრი ხალხი იყო. კიდევ ერთხელ ვიძახით, აქ მთავარი ეს არ არის. ძალიან ბევრი იყო და რა თქმა უნდა, ბევრი იქნება ქართველი ხალხი იმ აქციაზე, სადაც არის მოწოდება, რომ ჩვენ ევროპისკენ. გულდასაწყვეტი აქ ის არის, რომ გასაგებია, ეს ნაციონალური მოძრაობისა და მისი ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ იყო მაინც ძირითადი ნაწილი ორგანიზებული“, - განაცხადა მან.

„ქართული ოცნების“ წევრის, დეპუტატ ბექა დავითულიანის თქმით, ენმ-სთან აფილირებული პირების მიერ ორგანიზებული 20 ივნისის აქცია აპოლიტიკური იყო და მას მმართველი პარტიის ამომრჩევლებიც ესწრებოდნენ.

მამუკა მდინარაძის მტკიცებით, 20 ივნისის აქცია იყო „ქართული ოცნების“ მომხრეებისგანაც შემდგარი ,,ნაცმოძრაობის“ აქცია, თუმცა, „ყველამ იცოდა, რომ მისი ორგანიზატორები იყვნენ „ნაცმოძრაობის“ და მისი ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები“.

აქციის შემდეგ მმართველი გუნდის სახეცვლილი მესიჯბოქსის ათვისება ვერ მოასწრო სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ, და აქციის მონაწილეებს საკუთარი ფეისბუქ-გვერდის საშუალებით აგინა: „ვინც იქ მივიდა, მაგარი სი*ები ხართ, ჩემს თაობას ვეუბნები“. ამ დროისთვის, აღნიშნული ფეისბუქ-პოსტი აღარ იძებნება.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავდაპირველად, ტრადიციისამებრ, დაიწყო როგორც აქციის ორგანიზატორების, ისე უშუალოდ აქციის დისკრედიტაციის კამპანია. დაგეგმილ ღონისძიებას ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ აქციას უწოდებდნენ, აქციის ორგანიზატორებს - „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ფრთას. მმართველი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენელი უფრო მძიმე, კონსპირაციულ თეორიებშიც გადაიჭრა და დაგეგმილი აქცია შტურმისა და არეულობის რეპეტიციად შეაფასა. თავად მამუკა მდინარაძემ კი აქციის რუსეთიდან დაფინანსებაზე „მიიტანა ეჭვი“.

მას შემდეგ კი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ღონისძიებაზე მისული ადამიანების რაოდენობა დაინახა, აქციის დისკრედიტაციისკენ მიმართული მესიჯბოქსი გარკვეულწილად შეცვალა, თუმცა გარკვევით მაინც ვერ ჩამოაყალიბა - როგორი აქცია იყო „შინ ევროპისკენ“, რა იყო მისი მიზანი, ვინ ესწრებოდა მას და ა.შ. მათივე წინა დღის შეფასებებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებულ, „დესტრუქციულ“ და „ყველაზე არაევროპულ აქციას“ მოგვიანებით ზოგმა მათგანმა აპოლიტიკური უწოდა, ზოგი ღონისძიებას „სულისკვეთებით შეუერთდა“, ზოგმა კი აქციის მონაწილეთა სიმრავლე „ქართული ოცნების“ დამსახურებად ჩათვალა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მამუკა მდინარაძის განცხადება, რომ მმართველი გუნდი 20 ივნისის აქციის ორგანიზატორებს მოიხსენიებდა „ნაცმოძრაობად“ და არა მონაწილეებს, არის ტყუილი. სინამდვილეში, „ქართულმა ოცნებამ“ მთლიანად აქციის დისკრედიტაცია ჯერ კიდევ მის გამართვამდე დაიწყო.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4163 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
25%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
მეტწილად მცდარი
6%

ყველაზე კითხვადი