იტვირთება

2015-2020 წლების სახელმწიფო სტრატეგიის თანახმად, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის ხარისხიანი სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა უნდა ყოფილიყო. ეს გადაწყვეტილება ნიშნავდა, რომ სახელმწიფომ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემა აღიარა. 2021 წელს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო აპარატმა საზოგადოებას „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2015-2020 წწ. სამოქმედო გეგმის შესრულების დასკვნითი ანგარიში“ წარუდგინა.

აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, 2015-2020 წლებში, სკოლამდელი განათლების მიმართულებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივაა მიღებული: კანონი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ; სკოლამდელი აღზრდისა და განვითარების სტანდარტი; სასკოლო მზაობის პროგრამა; სკოლამდელი აღზრდის მასწავლებლის პროფესიული განვითარების სისტემა; სკოლამდელი განათლების მასწავლებლის/აღმზრდელის პროფესიული მახასიათებლების დამტკიცება. უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, ამ ინიციატივების საფუძველზე, როგორც ქართულენოვანი, ისე არაქართულენოვანი სკოლამდელი დაწესებულებებისთვის, სკოლამდელი განათლების სპეციალისტები უნდა მოამზადონ.

ამ ინიციატივების მიუხედავად, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში სკოლამდელი დაწესებულებების ხელმისაწვდომობა შეზღუდულია. „გაეროს ბავშვთა ფონდის“ (UNICEF) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა აღწერის მონაცემების მიხედვით, საქართველოში ადრეული ასაკის ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში ჩართულობის მაჩვენებელი (69,5%) ევროპულ სამიზნე ნიშნულს (95%) მნიშვნელოვნად ჩამორჩება. მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალია ეთნიკურ უმცირესობებში - 33%.

გრაფიკი 1. სკოლამდელ დაწესებულებებში ჩარიცხვის მაჩვენებელი სხვადასხვა კატეგორიის ბავშვებში, %

წყარო: გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF)

აღსანიშნავია, რომ „გაეროს ბავშვთა ფონდის“ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა აღწერის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მასშტაბით, სკოლამდელ დაწესებულებებში ჩართულობის მაჩვენებელი ყველაზე დაბალი ქვემო ქართლის რეგიონშია. კერძოდ, ჩარიცხვის მაჩვენებელი 50,1%-ს შეადგენს.

გრაფიკი 2. სკოლამდელი აღზრდის მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით

წყარო: გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF)

ზემოაღნიშნულის გარდა, ქვემო ქართლის ზოგ მუნიციპალიტეტში სკოლამდელი დაწესებულებების განლაგების საინტერესო ტენდენცია იკვეთება - დმანისის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ცხრა სკოლამდელი დაწესებულება, რომლებიც შემდეგი გეოგრაფიული განლაგებითაა წარმოდგენილი: ქ. დმანისი - ორი საბავშვო ბაღი; თითო საბავშვო ბაღი სოფლებში: ვარდისუბანი, მაშავერა, ჯავახი, ბოსლები, გომარეთი განთიადი, სარკინეთი. ამ კონკრეტულ სოფლებში თითქმის მთლიანად ეთნიკური ქართველები ცხოვრობენ, ან უმრავლესობით არიან წარმოდგენილი, ხოლო ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ ოცდაათზე მეტ დასახლებაში არც ერთი სკოლამდელი დაწესებულება არ არის. ასევე აღსანიშნავია, რომ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2014 წლის მონაცემებით, დმანისის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის 65%-ს ეთნიკური აზერბაიჯანელები წარმოადგენენ. მიუხედავად ამისა, სკოლამდელ დაწესებულებებში, აღსაზრდელთა მთლიანი რაოდენობიდან, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მხოლოდ 20%-ს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ დმანისში არსებულ საბავშვო ბაღებში, 337 ბავშვიდან, ეთნიკურ უმცირესობას მხოლოდ 63 მათგანი მიეკუთვნება.

ანალოგიური ვითარებაა ბოლნისის მუნიციპალიტეტშიც, სადაც თორმეტი საბავშვო ბაღი და ხუთი დღის ცენტრი ფუნქციონირებს. თორმეტივე საბავშვო ბაღი განლაგებულია ეთნიკური ქართველებით დასახლებულ სოფლებში, დღის ცენტრები კი - ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2015-2020 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ წალკის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ უდიდეს სოფელ ქოსოლარში, რომელიც მთლიანად ეთნიკური აზერბაიჯანელებითა დასახლებული, საბავშვო ბაღი არ არის. საბავშვო ბაღები ფუნქციონირებს ეთნიკური ქართველებით დასახლებულ, გაცილებით მცირერიცხოვან სოფლებში: ხაიში, გოლეთეთი, ჭივჭავი, ფარცხნისი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „ფაქტ-მეტრმა“ ინფორმაცია წალკის, დმანისისა და ბოლნისის თვითმმართველობებისგან 2022 წლის 15 აპრილსა და 8 ივნისს ოფიციალურად გამოითხოვა. ჩვენ დავინტერესდით, რომელი კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ აღნიშნული მუნიციპალიტეტების თვითმმართველი ორგანოები, როცა ამა თუ იმ სოფელში საბავშვო ბაღის აშენების გადაწყვეტილებას იღებენ. სამწუხაროდ, პასუხი ვერ მივიღეთ.

ზემოაღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, „ფაქტ-მეტრმა“ შეფასება „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორს სთხოვა. თამთა მიქელაძემ გვითხრა, რომ ეთნიკური უმცირესობებისთვის სკოლამდელი აღზრდის სერვისები მკვეთრად უთანასწოროა, რაც პირდაპირ ახდენს გავლენას ეთნიკური უმცირესობების განათლებასა და ქართული ენის შესწავლის პროცესზე. „სახელმწიფო აღიარებს რომ მას 3-ჯერ ნაკლები საბავშვო ბაღი აქვს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად და ტრადიციულად დასახლებულ რეგიონებში. ეს ასიმეტრია სახელმწიფოს მხრიდან ამ რეალობაში ჩარევისა და მისი გამოსწორების საჭიროებას აყენებს დღის წესრიგში. ეს ვერ მოხდება, თუ სახელმწიფო ამ პრობლემის პრიორიტეტიზაციას არ მოახდენს და დამატებითი რესურსებისა და ძალისხმევის მობილიზებას არ შეუწყობს ხელს... სახელმწიფო ენის სწავლებისა და განათლების ხელმისაწვდომობის გამოწვევები და უთანასწორობა, რომელიც, ჩემი აზრით, არსებითად სახელმწიფოს გულგრილობისა და ეთნიკური უმცირესობების უფლებებისა და ინტერესების გამოტოვების შედეგია და არა თავად ამ თემების ბრალი, თითქოს მათ არ უნდათ ენის სწავლა ან კარგი განათლების მიღება, ჩვენს რეალობაში ძირეული მიზეზია ეთნიკური უმცირესობების ინსტიტუციური დისკრიმინაციის და გაუცხოების. სწორედ ეთნიკური უმცირესობების განათლების პოლიტიკა უნდა გადაიაზროს სახელმწიფომ რადიკალურად და შეცვალოს ის“, - აღნიშნა თამთა მიქელაძემ.

მან ასევე განაცხადა, რომ არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებაში ადგილობრივ თვითმმართველობას დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება. „ცხადია, რომ ამ რეალობაში ეთნიკური უმცირესობების საჭიროებების, წუხილებისა და ინტერესების აქტიური დაყენება თუნდაც თვითმმართველობების დღის წესრიგში სუსტდება და ხშირად შეუძლებელი ხდება. ISSA-ს კვლევის მიხედვით, ეთნიკური უმცირესობების 70% არასდროს მიუმართავს თვითმმართველობისთვის საჯარო ან კერძო მიზნებისთვის. ეს მონაცემი პოლიტიკური გაუცხოებისა და უნდობლობის უმძიმესი მაჩვენებელია.

საინტერესოა, რომ ხშირად თვითმმართველობები ამბობენ, რომ თვითმმართველობა და დემოკრატია თვითინიციატივაზე დგას, უმცირესობები პასიურობით გამოირჩევიან და ეს პრობლემები, შეიძლება, მათი ბრალიც იყოს. თითქოს უმცირესობები არ ორგანიზდებიან და არ აქტიურობენ. მე არ ვიზიარებ ამ მოსაზრებას. ახლა ჩანს აქტივიზმის ძალიან საინტერესო გამოცდილებები რეგიონებში. მაგალითად, მარნეულში ვიხილეთ გლეხებისა და მშრომელების არაერთი გამოსვლა პანდემიის დროს (სოფლის მეურნეობის პროდუქციის გატანაზე, მშრომელთა უფლებების დარღვევაზე, პროტესტი მიწის გადანაწილების უსამართლობაზე ჯავახეთში). მაგრამ პოლიტიკის კარი ამ უკმაყოფილების ხმების მიმართ დაკეტილია. ამასთან, სახელმწიფომ დამატებითი ზომები უნდა მიიღოს უმცირესობების მონაწილეობის გასაძლიერებლად“,- გვითხრა თამთა მიქელაძემ.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს არაქართულენოვანი მოსახლეობის განათლების სპეციალური სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც, სკოლამდელი აღზრდიდან უმაღლეს განათლებამდე, განათლების ყველა საფეხურს მოიცავს. მისი თქმით, განათლების უფლება პირდაპირ უკავშირდება სიღარიბის დაძლევას, სოციალურ განვითარებას, ეკონომიკური უთანასწორობის აღმოფხვრას, პოლიტიკურ აქტივობებს, ინკლუზიური და სამართლიანი საზოგადოების მშენებლობას. „უმცირესობების განათლების პოლიტიკის პრიორიტეტიზაცია, სპეციალური სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის, მისი შესრულების ყოველწლიური მონიტორინგისა და ანგარიშვალდებულების პროცედურების შექმნა, ამ პროცესში საკონსულტაციო მექანიზმების გაძლიერება და განათლების სამინისტროში სპეციალური სამსახურის გაჩენა, რომელიც ამ რეფორმის გატარებაზე იქნება პასუხისმგებელი, მნიშვნელოვანია. ამ რეფორმის ნაწილი უნდა იყოს სკოლამდელ განათლებაზე მუშაობა, რომელიც თვითმმართველობების სპეციალური საბიუჯეტო რესურსების გამოყოფას უნდა გულისხმობდეს საბავშვო ბაღების ასაშენებლად და ბილინგვური ხარისხიანი პროგრამების დასანერგად“,- განაცხადა თამთა მიქელაძემ.

„ფაქტ-მეტრი” რეგიონებში სკოლამდელ დაწესებულებებთან დაკავშირებულ მდგომარეობასა და ამ მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებს მომავალშიც დააკვირდება.


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4163 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
25%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
მეტწილად მცდარი
6%

ყველაზე კითხვადი