იტვირთება

ირაკლი ღარიბაშვილი: სიღარიბე შემცირდა, უმუშევრობა შემცირებულია. საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის ფარგლებში, 2 თვეში თითქმის 15 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შევქმენით

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მანიპულირება.

რეზიუმე: 2021 წელს წინა წელთან შედარებით საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 17.5% შეადგინა. ქვეყანაში უკიდურესი სიღარიბის სტატისტიკური მაჩვენებლის შემცირება სოციალური დახმარებების მიმღებთა რეკორდულ ზრდას და სხვა სოციალურ ტრანსფერებს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტური სიღარიბის დონე შემცირდა, 2020-2022 წლებში სოციალურ დახმარების დანიშვნაზე მიმართვიანობა რეკორდულად გაიზარდა, რაც პანდემიის პერიოდში მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუარესებაზე მიუთითებს.

2022 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის პარამეტრები [უმუშევრობის დონე, დასაქმება] 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა, თუმცა წინა წლების ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით, გაუარესებულია.

საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ქვეპროგრამა 2022 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა და 2022 ივნისის მდგომარეობით, 10 272 სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირია დასაქმებული, 4 505 მოქალაქემ კი არსებული სამუშაოს ფორმალიზება ან/და შრომის ბაზარზე არსებული სხვა ვაკანსია აირჩია. დასაქმების პროგრამა სოციალურად დაუცველებისთვის საზოგადოებრივი სამუშაოს ან შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიის შეთავაზებას გულისხმობს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარგებლე დასაქმებულია არაფორმალურ სექტორში − დასაქმების ფორმალიზებას. შესაბამისად, პრემიერის მტკიცება, რომ 15 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, არის მანიპულირება.

ანალიზი

22 ივნისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: „სიღარიბე შემცირდა, უმუშევრობა შემცირებულია. მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდა. საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამა დავიწყეთ. 35 ათასი აპლიკაციაა შემოსული, ამის ნახევარი უკვე დასაქმებულია, ანუ სულ რაღაც 2 თვეში თითქმის 15 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შევქმენით... ყველაფერს აკეთებენ, რომ ეკონომიკური ზრდა ჩავარდეს, მაგრამ ამის უფლებას არავის მივცემთ“.

„ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

სიღარიბის დონე

2021 წელს წინა წელთან შედარებით საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 17.5% შეადგინა. 2021 წელს სიღარიბის დონე პანდემიამდე პერიოდთან, 2019 წელთან შედარებითაც შემცირდა, 2 პროცენტული პუნქტით. სიღარიბის შემცირება უმეტესწილად სოციალური ტრანსფერების ზრდით იყო განპირობებული და არა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით. ამაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ 2021 წელს დასაქმების პარამეტრები არ გაუმჯობესებულა, პირიქით - უმუშევრობის დონე მკვეთრად გაიზარდა. ამასთან, გასულ წელს ქვეყანაში რეალური საშუალო თვიური ხელფასი შემცირდა. მიუხედავად ამისა, სიღარიბის დონე მაინც მკვეთრად შემცირდა.

ამრიგად, სოციალური დახმარებების მიმღებთა რეკორდულად ზრდამ და სხვა სოციალურმა ტრანსფერებმა, ქვეყანაში უკიდურესი სიღარიბის სტატისტიკური მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შეამცირა. თუმცა მოსახლეობის ის ნაწილი, ვინც ამგვარად დააღწია თავი უკიდურეს სიღარიბეს, ზოგად სიღარიბეში კვლავ რჩება (იხილეთ ვრცლად „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

უმუშევრობის დონე

პანდემიის პერიოდში [2020-2021] უმუშევრობა/დასაქმების მაჩვენებლები მკვეთრად გაუარესდა. 2022 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის პარამეტრები - 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა, თუმცა წინა წლების ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით, გაუარესებულია.

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის I კვარტალში უმუშევრობის დონემ 19.4% შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი კვარტლის მაჩვენებელზე 2.5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, ხოლო 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.1 პროცენტული პუნქტით მეტია. რაც შეეხება დასაქმების მაჩვენებელს, 2022 წლის პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა 2021 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, გაზრდილია, თუმცა წინა წლების [2019-2020] ანალოგიური კვარტლის მაჩვენებლებთან შედარებით, შემცირებულია. ამრიგად, ქვეყანაში დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესება დაიწყო, თუმცა პანდემიის პერიოდში დაკარგული სამუშაო ადგილები ჯერჯერობით სრულად აღდგენილი არ არის (ამ თემაზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმება

მიმდინარე წლის 1 მარტიდან საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის განხორციელება დაიწყო, რომელიც მიზნად სოციალური შემწეობის მიმღები, შრომისუნარიანი პირების დასაქმებას ისახავს.

საზოგადოებრივი სამუშაო ისეთ ვაკანტურ ადგილზე დასაქმებას გულისხმობს, რომლის შესრულება ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია. სამუშაოს მომწოდებლები კი სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობები არიან. დასაქმების პროგრამაში ჩასართავად, ბენეფიციარებს შეუძლიათ სოციალური მომსახურების ან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვის ცენტრებს მიმართონ.

დასაქმების პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს სთავაზობს - საზოგადოებრივ სამუშაოს, ასევე შრომის ბაზარზე არსებულ ვაკანსიას. ამასთან, საარსებო შემწეობის მიმღებ პირებს, რომლებიც არაფორმალურ სექტორში არიან დასაქმებულები, შეუძლიათ დასაქმების ფორმალიზება მოითხოვონ.

დასაქმების პროგრამაში ჩართულ პირს, 4 წლის განმავლობაში, სოციალურად დაუცველის სტატუსი, მასთან მიბმული ფულადი და არაფულადი ბენეფიტები, გარანტირებულად უნარჩუნდება. შესაბამისად, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მათი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის გადამოწმება არ მოხდება.

საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართული ბენეფიციარების შრომის ანაზღაურება თვეში 300 ლარს (ან პროპორციულად განსაზღვრულ დღიურ გასაცემელს) შეადგენს. საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულებისთვის გაცემული თანხა სოციალურ გასაცემელს წარმოადგენს, რომელიც არ იბეგრება.

13 ივნისის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს ჯამში 31 647-მა მოქალაქემ მიმართა, აქედან - 14 024 ადამიანი, საზოგადოებრივი სამუშაოების ვაკანსიაზე გადამისამართდა, საიდანაც 10 272 ადამიანი დასაქმდა. გარდა ამისა, მიმართვის საფუძველზე, ღია შრომის ბაზარი ან/და არსებული საქმიანობის ფორმალიზება 4 505 მოქალაქემ აირჩია.

სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. „საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის დაფინანსება 14,531,250 ლარით განისაზღვრა. სახელმწიფო ხაზინის ოპერატიული ინფორმაციით, ქვეპროგრამის ხარჯებმა 6 ივლისის მონაცემებით 4.3 მლნ ლარი შეადგინა.

პრემიერს მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს, როდესაც „ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე“ საუბრობს. როგორც ვხედავთ, პროგრამის მიზანი სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირების დასაქმების წახალისებაა, რაც ძირითადად არსებული საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების მობილიზებას და ბენეფიციარებისთვის შეთავაზებას გულისხმობს. ამასთან, აღნიშნული წახალისება სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოლიდურ ხარჯებს საჭიროებს.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სიღარიბისა და უმუშევრობის მხრივ არსებულ ტენდენციას გადაჭარბებულად წარმოაჩენს და მას ეკონომიკურ ზრდას უკავშირებს. რეალურად, აბსოლუტური სიღარიბე ძირითადად სოციალურად დაუცველთა და სხვა სოციალური ტრანსფერების ზრდის ხარჯზე შემცირდა. რაც შეეხება უმუშევრობის დონეს, 2020-2021 წლებში დასაქმება/უმუშევრობის მაჩვენებლები მკვეთრად გაუარესდა, 2021 წლის I კვარტალში კი დასაქმების პარამეტრების გაუმჯობესება დაიწყო, თუმცა პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებლების აღდგენა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. პრემიერი ასევე მანიპულირებს, როდესაც სოციალურად დაუცველი მოაქალაქეების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებას „ახალ სამუშაო ადგილებად“ წარმოაჩენს. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მანიპულირება.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4298 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
26%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
ტყუილი
6%

ყველაზე კითხვადი