იტვირთება

მიშა ბოლქვაძე: ზარზეიმით გახსნილი [ახალშენის] საბავშვო ბაღი და მინიმოედანი, რომლებშიც 2 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა, უკვე გამოსულია მწყობრიდან

ვერდიქტი: მიშა ბოლქვაძის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში საბავშვო ბაღის მშენებლობისა და მინისტადიონის მოწყობის სამუშაოები 2020 წლის სექტემბერში დაიწყო. 2022 წლის 29 აპრილს ობიექტის გახსნას აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი და სხვა პირები ესწრებოდნენ. პროექტი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს „მტმ-მ“ განახორციელა, რომელსაც შემსყიდველმა 2 201 212 ლარი გადაუხადა.

რადენიმე თვეში საბავშვო ბაღის სახურავი დაზიანდა და შენობაში წყალი ჩაედინება. ასევე დაზიანებულია მინისტადიონიც. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ „ფაქტ-მეტრს“ უთხრა, რომ აღნიშნული დაზიანებების თაობაზე მიმწოდებელ კომპანიას, ხარვეზების გამოსწორების მიზნით, მანამდე მიმართეს, სანამ ოპოზიცია ამაზე განცხადებას გააკეთებდა. მისივე თქმით, შესაძლოა სახურავი მწყობრიდან ძლიერი წვიმების დროს გამოვიდა. რაც შეეხება მინისტადიონს, ზაზა დიასამიძის განმარტებით, დასადგენია, ხომ არ არის დაზიანება გარეფაქტორებით გამოწვეული.

ჩვენს კითხვაზე, რა მოხდება, თუ დადგინდა, რომ დაზიანება კომპანიის ბრალი არაა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა გვიპასუხა, რომ პროცედურები კანონთან შესაბამისად განხორციელდება. დიასამიძე ამბობს, რომ ახალშენის საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი არა - დაზიანების, არამედ, ზოგადად, ყველა საბავშვო ბაღში წლის დასრულების გამო, შეწყდა. მისივე თქმით, დაზიანებები უახლოეს მომავალში აღმოიფხვრება.

ფაქტია, რომ რამდენიმე თვის წინ გახსნილი ობიექტი დაზიანებულია. ხელშეკრულების თანახმად, შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა სამი წელია, ხოლო სახურავზე ექვსწლიანი საგარანტიო ვადა მოქმედებს. აქედან გამომდინარე, მიმწოდებელმა ხარვეზები საკუთარი სახსრებით უნდა აღმოფხვრას. აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე სამუშაოებისა და მასალის ხარისხი დაქირავებული კომპანიის მიერ მოწმდებოდა. მშენებლობის პროცესზე ზედამხედველობას მერიის შესაბამისი სამსახური ასევე ახორციელებდა. მიმწოდებელი კომპანია თვლის, რომ დაზიანებები მისი ბრალი არაა, თუმცა, რადგან საკითხი საბავშვო ბაღს ეხება, მზადაა, ისინი საკუთარი ხარჯით აღმოფხვრას.

ანალიზი:

პოლიტიკოსმა მიშა ბოლქვაძემ განაცხადა: „ზარზეიმით გახსნილი [ახალშენის] საბავშვო ბაღი და მინისტადიონი, რომლებშიც 2 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა, უკვე გამოსულია მწყობრიდან.“

„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა. მით უმეტეს, რომ ჩვენ ამ საკითხზე სტატია 2020 წელსაც გამოვაქვეყნეთ, როცა ობიექტის მშენებლობაზე ტენდერი ახალი გამოცხადებული იყო. მაშინ ჩვენ ვწერდით, რომ საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 2017 წლიდან ცხადდებოდა. აქედან პირველ შემთხვევაში, გამარჯვებულ კომპანიას მშენებლობა დაწყებული ჰქონდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ პროექტის განხორციელება მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე დაიწყო და ხელშეკრულება შეწყდა. ამის შემდეგ არაერთი ტენდერი ჩავარდა.

საბოლოოდ, გამარჯვებული 2020 წლის 2 ივლისს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამოვლინდა. შესყიდვით სულ სამი კომპანია დაინტერესდა, თუმცა ყველაზე დაბალი ფასის შემთავაზებელ პრეტენდენტს სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მიანიჭა და გამარჯვებულად შპს „მტმ“ გამოაცხადა, რომელთანაც, იმავე წლის 15 სექტემბერს, 2 222 222-ლარიანი ხელშეკრულება გაფორმდა. საბავშვო ბაღის მშენებლობასთან ერთად, ამავე ხელშეკრულებით, მინისტადიონის მოწყობაც იყო გათვალისწინებული. სამუშაოები 2021 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულებულიყო.

მიუხედავად იმისა, რომ წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, სამშენებლო ადგილიც მაქსიმალურად კარგად უნდა შეესწავლათ და სამშენებლო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაც მეტი სიზუსტით დაემუშავებინათ, მშენებლობის პროცესში მაინც მთელი რიგი უზუსტობები გამოიკვეთა. აღნიშნულ ნიადაგზე, მხარეებს შორის გარკვეული შეუთანხმებლობა წარმოიშვა და სამუშაოები შეჩერდა. ამის შემდეგ, სატენდერო კომისიამ გეგმა-გრაფიკი დააკორექტირა, თუმცა საბოლოო ვადა უცვლელი დარჩა. მოგვიანებით სამუშაოების დასრულების ვადა 31 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა, შემდეგ - 30 ნოემბრამდე, ხოლო 21 ნოემბერს ხელშეკრულებაში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა და ამჯერად კომპანიას პროექტის დასამთავრებლად დრო 20 დეკემბრამდე განესაზღვრა.

საბოლოოდ, 250 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი 2022 წლის 29 აპრილს გაიხსნა. ობიექტის გახსნას აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი და სხვა თანამდებობის პირები ესწრებოდნენ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ კომპანიას 2 201 212 ლარი გადაუხადა. სამუშაოების ინსპექტირებას შპს „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინი“ ახორციელებდა. საბავშვო ბაღისა და მინისტადიონის მშენებლობის ინსპექტირების ანგარიშებში წერია, რომ შესრულებული სამუშაოები შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას და დამაკმაყოფილებელია.

მიუხედავად ამისა, გახსნიდან რამდენიმე თვეში ობიექტი, როგორც საბავშვო ბაღი, ისე - მინისტადიონი, დაზიანებულია. „ფაქტ-მეტრი“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორს ტელეფონით დაუკავშირდა. მას შემდეგ, რაც გაიგო, ვინ ვიყავით და ჩვენი კითხვებიც მოისმინა, კონტაქტი ყოველგვარი განმარტების გარეშე გაწყვიტა. ორგანიზაციის დირექტორმა ასევე უპასუხოდ დატოვა განმეორებითი ზარი და ტექსტური შეტყობინება.

სამაგიეროდ ჩვენს სატელეფონო ზარს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა უპასუხა. ზაზა დიასამიძემ განმარტა, რომ აღნიშნული დაზიანების აღმოფხვრის მიზნით, მერიამ მიმწოდებელ კომპანიას მანამდე მიმართა, სანამ ოპიზიციონერი პოლიტიკოსი მედიასთან განცხადებას გააკეთებდა. ის ადასტურებს, რომ საბავშვო ბაღის შენობაში წვიმა ჩაედინება, რაც, მისი განმარტებით, შესაძლოა სახურავის ძლიერი წვიმებით დაზიანების შედეგი იყოს. რაც შეეხება მინისტადიონს, მერი არ გამორიცხავს, რომ ინფრასტრუქტურის დაზიანება გარეფაქტორებით იყოს გამოწვეული. ნებისმიერ შემთხვევაში, ზაზა დიასამიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნულ პრობლემებს მიმწოდებელი კომპანია უახლოეს მომავალში საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრის, როგორც ეს საგარანტიო პირობებით არის განსაზღვრული.

„ფაქტ-მეტრი“ შპს „მტმ-ს“ დირექტორსაც დაუკავშირდა. მევლუდ გეწაძის განმარტებით, კომპანიამ სამუშაოები ხარისხიანად შეასრულა და დაზიანება მათი ბრალი არაა. ის დარწმუნებულია, რომ შენობაში წყალი ძლიერი წვიმის შედეგად ჩავიდა და იატაკიც დააზიანა. მიუხედავად ამისა, მევლუდ გეწაძე მზადაა, პრობლემა გამოასწოროს, რადგან საკითხი საბავშვო ბაღს ეხება. თუმცა ის ხელვაჩაურის მერიას სხვა საკითხზე სასამართლოში ედავება, მიაჩნია, რომ მუნიციპალიტეტმა, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, 80 ათასი ლარით უსამართლოდ დააჯარიმა. მისივე თქმით, მერიამ, ხარვეზის გამოსწორების მიზნით, კომპანიას 6 ივლისს მიმართა. მიშა ბოლქვაძემ კი აღნიშნულ თემაზე განცხადება 8 ივლისს გააკეთა. თუმცა, ვინაიდან ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ რამდენიმე თვის წინ ექსპლუატაციაში მიღებული საბავშვო ბაღის შენობა და მინისტადიონი უკვე დაზიანებულია, მიშა ბოლქვაძის განცხადება არის სიმართლე. დაზიანების მიზეზების გარკვევა კი შესაბამისი უწყებების კომპეტენციაა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

4546 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი