ირაკლი ღარიბაშვილი: „ჩვენ მარნეულში რამდენიმე ობიექტი მოვინახულეთ და დავათვალიერეთ ახალაშენებული სკოლა, რომელიც შარშან გაიხსნა და დაახლოებით ოთხი მილიონი ლარი დაჯდა. მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრა, რომ მარნეულში რვა ახალი სკოლა აშენდა, ახლა შვიდი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს“...

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე

რეზიუმე: 2022 წლის აპრილის მდგომარეობით, მარნეულის მუნიციპალიტეტში ხუთი ახალი სკოლაა აშენებული, დანარჩენ სამ სკოლაში კი სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. განცხადების ის ნაწილი, რომელშიც საუბარი კიდევ შვიდი ახალი სკოლის მშენებლობაზეა, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მარნეულის მუნიციპალიტეტში კიდევ სამი ახალი სკოლა შენდება, ხოლო ოთხი სკოლის მშენებლობა გარდაბნის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

აქედან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

ანალიზი:

2022 წლის 8 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუთლიარს ესტუმრა, სადაც ახალი სკოლა დაათვალიერა. მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა: „ჩვენ მარნეულში რამდენიმე ობიექტი მოვინახულეთ და დავათვალიერეთ ახალაშენებული სკოლა, რომელიც შარშან გაიხსნა და დაახლოებით ოთხი მილიონი ლარი დაჯდა. მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრა, რომ მარნეულში რვა ახალი სკოლა აშენდა, ახლა შვიდი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს...“

ფაქტ-მეტრი“ აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა. ჩვენ შევისწავლეთ ყველა სკოლა, რომლებიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკვე აშენდა, ან მშენებლობის პროცესშია. როგორც გაირკვა, პრემიერის მიერ დასახელებული რვა სკოლიდან, ამ ეტაპზე მხოლოდ ხუთი სკოლაა აშენებული, ხოლო სამი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. ირაკლი ღარიბაშვილის მიერ განცხადებაში აღნიშნული კიდევ შვიდი მშენებარე სკოლიდან, მარნეულის მუნიციპალიტეტში სამი შენდება, ხოლო ოთხი პროექტი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხორციელდება.

ცოფის საჯარო სკოლა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მარნეულის მუნიციპალიტეტ სოფელ ცოფში, Design-Build მეთოდით (გულისხმობს ერთი კონტრაქტორის შერჩევას, რომელიც პასუხისმგებელი იქნება როგორც პროექტის შექმნაზე, ასევე სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე), 150 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის შენობის დეტალური პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი (NAT190002933) 2019 წლის 8 თებერვალს გამოაცხადა. გამარჯვებულ პრეტენდენტთან, ამხანაგობა შპს „ინ-სი“ და შპს „ქალაქპროექტთან“ 2 395 943 ლარის ღირებულების ხელშეკრულება 9 აპრილს გაფორმდა. მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო სამუშაოები ჩვიდმეტ თვეში უნდა დასრულებულიყო, შემსყიდველმა მიმწოდებელს ვადა არაერთხელ გაუხანგრძლივა. სკოლის მშენებლობა არ დასრულებულა. ამხანაგობისთვის გადახდილია მთლიანი ღირებულების 95%.

აღსანიშნავია, რომ ამხანაგობის თავმჯდომარე ზვიად თოიძეა, რომელმაც 2016 წელს „ქართულ ოცნებას“ 50 000 ლარი შესწირა.

კასუმლოს საჯარო სკოლა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. კასუმლოში, Design-Build მეთოდით, 450 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი (NAT190009208) 2019 წლის 8 მაისს გამოაცხადა. 5 ივლისს შპს „ბალავართან“ დადებული ხელშეკრულების ღირებულებამ 6 168 774 ლარი შეადგინა. სკოლის მშენებლობა დასრულებულია.

კუსუმლოს სკოლა. სურათი აღებულია კასუმლოს საჯარო სკოლის ფბ გვერდიდან

შულავერის საჯარო სკოლა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შპს „ბალავართან“ კიდევ ერთი 6 168 774-ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. შულავერში 450 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის შენობის დეტალური პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერის (NAT190009210) ფარგლებში ნაკისრი ვალდებულება კომპანიამ უკვე შეასრულა.

კუტლიარის საჯარო სკოლა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეისყიდა ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურტლიარში 300 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები. ტენდერი (NAT190016208) 2020 წლის 14 აგვისტოს გამოცხადდა. აღნიშნულ ტენდერშიც შპს „ბალავარმა“ გაიმარჯვა. 25 აგვისტოს დადებული ხელშეკრულების ღირებულებამ 3 860 780ლარი შეადგინა. ამ შემთხვევაშიც, სკოლის მშენებლობა დასრულებულია.

გამარჯვებული კომპანიის დირექტორი და სამივე მფლობელი „ქართული ოცნების“ ფინანსური მხარდამჭერები არიან. მათ, ჯამში, 320 000 ლარი აქვთ შეწირული. აქედან ილია მაღრაძეს 2017 წელს - 20 000 ლარი, დავით ძებნიაურს 2016 წელს - 40 000 ლარი, დავით ბაინდურაშვილს 2017-2021 წლებში - 160 000 ლარი და ნატალია შარაშიძეს 2016-2017 წლებში - 100 000 ლარი.

ხულდარას საჯარო სკოლა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2019 წელს შეისყიდა (ტენდერი NAT190012585) ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულდარას 240 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის შენობის დეტალური პროექტი და სამშენებლო სამუშაოები. შპს „იმპოსტთან“ 26 აგვისტოს დადებული ხელშეკრულების ღირებულებამ 3 391 202 ლარი შეადგინა. პროექტი განხორციელდა.

ჯანდარის საჯარო სკოლა

უკვე დასრულებულია მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარის 300 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები. მგფ-მა აღნიშნული სამუშაოებიც შპს „იმპოსტს“ დაუკვეთა. 2019 წლის 26 აგვისტოს დადებული ხელშეკრულების ღირებულება 3 391 202 ლარი იყო.

ჯანდარის სკოლა. სურათი აღებულია საინფორმაციო ფორტალი www. aktual.ge-ს გვერდიდან

ჩანახჩის საჯარო სკოლა

ჯერ არ დასრულებულა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანახჩის 60 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა. თუმცა 2019 წლის 2 აგვისტოს გამოცხადებული ტენდერის (NAT190015414) ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ამხანაგობა „ივერმშენს" სამუშაოები თოთხმეტ თვეში უნდა დაესრულებინა. ამ ეტაპზე მიმწოდებლისთვის გადახდილია მთლიანი ღირებულების (1 160 000 ლარი) 62%.

საბირკენდის საჯარო სკოლა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირკენდში 450 მოსწავლეზე გათვლილი №1 საჯარო სკოლის შენობის დეტალური პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, 6 264 667-ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა ტენდერში (NAT200008220) გამარჯვებულ ამხანაგობა შპს „ინ-სი“ და შპს „ქალაქპროექტთან“. სკოლის მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვეში უნდა დასრულდეს. სამუშაოები მიმდინარეობს.

ზემოთ ჩამოთვლილი პროექტების გარდა, მგფ-მა, მარნეულსა და გარდაბანში შვიდი საჯარო სკოლის რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით, ტენდერი (SPA190002832) 2019 წლის 23 მაისს გამოაცხადა. შპს „სამეცნიერო, საპროექტო-ტექნოლოგიურ საწარმო ინდუსტრიასთან“, რომელიც ერთადერთი მონაწილე იყო, ხელშეკრულება 16 ივლისს გაფორმდა. მისი ღირებულება 412 400 ლარია. აღნიშნული პროექტების საფუძველზე, მგფ-მა სამშენებლო სამუშაოები შეისყიდა.

ცხრილი 1: გამოცხადებული ტენდერები და მიმდინარე პროექტები

პროექტი კომპანია ტენდერი ხელშეკრულების ღირებულება (ლარი) შენიშვნა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია შპს „ბალავარი“ NAT200016098 2 598 960. თავდაპირველი ღირებულება გაიზარდა და შეადგენს 2 858 834 ლარს. ხელშეკრულებაში შესულია ოთხი ცვლილება

გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლის რეაბილიტაცია

შ.პ.ს. „ალიანსი" NAT200016959 4 113 067 შესულია ერთი ცვლილება
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია შ.პ.ს. „ალიანსი" NAT200016171 2 443 928.99 თავდაპირველი ღირებულება გაიზარდა და შეადგენს 2 664 696 ლარს. ხელშეკრულებაში შესულია სამი ცვლილება
გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფელ ნორიოში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია შ.პ.ს. „ალიანსი" NAT200016958 4 386 748 შესულია სამი ცვლილება
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულარის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია შ.პ.ს. „ალგეთი“ NAT200016096 1 700 000 ღირებულება შემცირდა და შეადგენს 1 579 472 ლარს. ხელშეკრულებაში შესულია ორი ცვლილება
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია შპს „ბალავარი“ NAT200016100 2 862 661 ღირებულება გაიზარდა, შეადგენს 3 148 823 ლარს. ხელშეკრულებაში შესულია ოთხი ცვლილება
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს საჯარო სკოლის რეაბილიტაცია შპს „ბალავარი“ NAT200016097 3 057 963 ღირებულება გაიზარდა, შეადგენს 3 363 597 ლარს. ხელშეკრულებაში შესულია სამი ცვლილება

წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

ინფორმაციისთვის, შპს „ალიანსი“, რომელმაც მგფ-ის მიერ გამოცხადებულ აღნიშნულ ტენდერებში ოთხჯერ გაიმარჯვა, ამ ეტაპზე, სამი შემსყიდველის განცხადებების საფუძველზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ „შავ სიაში“ სამჯერ შეიყვანა.

„ფაქტ-მეტრის“ კვლევამ აჩვენა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, არსებული მდგომარეობით, ხუთი ახალი სკოლაა (სოფლებში: ხულდარა, შულავერი, ქუთლიარი, კასუმლო, ჯანდარა) აშენებული, დანარჩენი სამი სკოლის (სოფლები: ჩანახჩი, ცოფი, და საბირკენდის საჯარო სკოლა) სამშენებლო სამუშაოები კი მიმდინარეობს. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის განცხადების იმ ნაწილს, რომ მარნეულში კიდევ შვიდი ახალი სკოლა შენდება, სიმართლეს არ შეესაბამება. სინამდვილეში, მარნეულში მხოლოდ სამი სკოლა შენდება (ყიზილაჯილო, ყულარი, კაპანახჩი) ოთხი პროექტი კი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (კუმისი, ჯანდარა, გამარჯვება, ნორიო) ხორციელდება. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5673 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია