ლევან ხაბეიშვილი: უკანასკნელი 5 თვის განმავლობაში რუსეთი გადავიდა, პირველ ადგილზე მიმწოდებელთა [ნავთობის] შორის, რაც აქამდე ასე არ იყო

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან ხაბეიშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე

რეზიუმე: მიმდინარე წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტი ყოველთვიურად იზრდება, ზრდა განსაკუთრებით თვალსაჩინო მარტის თვიდან ხდება და უკვე ივნისის თვისთვის მთლიანი იმპორტის ნახევარზე მეტს შეადგენს და შესაბამისად, ნავთობპროდუქტების იმპორტში რუსეთი პირველ ადგილს იკავებს.

თუ მონაცემებს გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს შევადარებთ, ზრდა აქაც თვალშისაცემია. თუმცა ნავთობპროდუქტების იმპორტში რუსეთი მოწინავე პოზიციას მიმდინარე წელს პირველად არ იკავებს. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით - 2019, 2020 წლებშიც რუსეთი ნავთობპროდუქტების იმპორტში პირველ ადგილზე იყო.

რუსეთის პირველ ადგილს განსაკუთრებული მნიშვნელობა იმ ფონზე ენიჭება, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის გამო, მთელი მსოფლიო ცდილობს, რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მინიმუმამდე დაიყვანოს. ამ დროს საქართველოში აბსოლუტურად საპირისპირო სურათი გვაქვს, რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტი იზრდება და უკვე ივნისის თვისთვის მთლიანი იმპორტის ნახევარზე მეტს შეადგენს.

რაც შეეხება სანქცირებული ნავთობის შემოტანას, სანქცირებული ტვირთის საქართველოში იმპორტის ფაქტი ოფიციალურად არ დადასტურებულა და მსგავსი მტკიცებულებები არც დეპუტატს წარმოუდგენია. ცალკეული გარიგებების დეტალები საჯარო ინფორმაციას არ განეკუთვნება და მათი ინდივიდუალური სამართლებრივი შეფასება სცდება „ფაქტ-მეტრი“-ს კომპეტენციას, შესაბამისად განცხადების ამ ნაწილს ვერდიქტზე გავლენის მატარებელ ფაქტორად არ განვიხილავთ. ზოგადად რუსული ნავთობპროდუქტების სანქცირების ნაწილში კი განვმარტავთ, რომ სანქციების არცერთი პაკეტი არ ეხება/კრძალავს მესამე ქვეყნების [1] მხრიდან რუსული ნავთობის იმპორტს, დაშვებით რომ კონკრეტული გარიგების ფარგლებში არ ირღვევა სანქციათა სხვა პაკეტის მოთხოვნები (მაგ. არ ხდება გარიგება პირთან, რომელზეც ვრცელდება პერსონალური საერთაშორისო სანქცია).

შესაბამისად, მტკიცება რომ რუსეთი ნავთობმომწოდებელ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა სიმართლეს შეესაბამება, ხოლო განცხადების ნაწილი, რომ აქამდე ასე არ ყოფილა, არაზუსტია. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან იმპორტის წილობრივი მაჩვენებლის ზრდა არსებითია და ამ მასშტაბისთვის წინა პერიოდებში არ მიუღწევია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ლევან ხაბეიშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

ანალიზი

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტის ზრდაზე ისაუბრა და განაცხადა: „უკანასკნელი 5 თვის განმავლობაში რუსეთი გადავიდა, სამწუხაროდ, პირველ ადგილზე მიმწოდებელთა შორის, რაც ცხადია, აქამდე ასე არ იყო. ამასობაში უკრაინაში გენოციდის დაწყების დღიდან დღემდე 124 მლნ დოლარის ნავთობი შემოიტანა საქართველოს ხელისუფლებამ და ოპერატორებმა... რამდენიმე კომპანიას ვაძლევთ რამდენიმე დღეს, რათა შეეშვან სანქცირებული, რუსული ნავთობის შემოტანას საქართველოში“.

განცხადების გადასამოწმებლად ნავთობპროდუქტების იმპორტის მიმდინარე წლის სტატისტიკურ მონაცემებს გავეცნოთ:

ცხრილი 1: ნავთობპროდუქტების იმპორტი მიმდინარე წლის 6 თვეში (ათასი დოლარი)

წყარო: საგარეო ვაჭრობის პორტალი

როგორც სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, მიმდინარე წელს რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტი ყოველთვიურად იზრდება. თუ 2022 წლის მონაცემებს წინა წლის ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ, ვნახავთ, რომ რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტის ზრდა მარტიდან იწყება და უკვე ივნისის თვისთვის 6-ჯერ არის გაზრდილი და მთლიანი იმპორტის ნახევარზე მეტს შეადგენს და შესაბამისად, ნავთობპროდუქტების იმპორტში რუსეთი პირველ ადგილს იკავებს.

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე (მარტი-ივნისი) სულ საქართველოში რუსეთიდან 161 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ნავთობის იმპორტი განხორციელდა. ლევან ხაბეიშვილის განცხადების პირველი ნაწილი სიმართლეა, რაც შეეხება განცხადების მეორე ნაწილს, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით - 2019, 2020 წლებშიც რუსეთი ნავთობპროდუქტების პირველი იმპორტიორი ქვეყანა იყო. შესაბამისად, ნომერ პირველი იმპორტიორი რუსეთი პირველად მიმდინარე წელს არ გამხდარა, თუმცა იმპორტში ხვედრითი წილი ბოლო თვეებში არსებითად არის გაზრდილი და როგორც აღვნიშნეთ, მიმდინარე წლის ივნისში ნავთობპროდუქტების ნახევარზე მეტი რუსეთიდან შემოვიდა.

აღნიშნულს განსაკუთრებული მნიშვნელობა იმ ფონზე ენიჭება, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის გამო, მთელი მსოფლიო ცდილობს, რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მინიმუმამდე დაიყვანოს. ამ დროს საქართველოში აბსოლუტურად საპირისპირო სურათი გვაქვს, რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტი იზრდება და უკვე ივნისის თვისთვის მთლიანი იმპორტის ნახევარზე მეტს შეადგენს.

რაც შეეხება წინა წლებს, ნავთობპროდუქტების იმპორტის სტატისტიკურ მონაცემებს ცხრილ 2-ში გთავაზობთ.

ცხრილი 2: ნავთობის და ნავთობპროდუქტების იმპორტი 2012-2021 წლებში (ათასი აშშ დოლარი)

წყარო: საგარეო ვაჭრობის პორტალი

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ბოლო წლებში ნავთობპროდუქტების რუსეთზე დამოკიდებულება ყველაზე მაღალი 2019 წელს იყო და მთლიანი იმპორტის 26.4% შეადგინა. 2021 წელს რუსეთის წილი ნავთობპროდუქტების იმპორტში 16.4% იყო. გასულ წელს ყველაზე მეტი ნავთობპროდუქტი თურქმენეთიდან შემოვიდა - 191 979.7 ათასი აშშ დოლარის, რაც მთლიანი იმპორტის 23.3%-ს შეადგენს. რუსეთის და თურქმენეთის შემდეგ, 2021 წელს ყველზე მეტი ნავთობპროდუქტები აზერბაიჯანიდან - 128 477.4 ათასი აშშ დოლარი (15.6%) და რუმინეთიდან - 133 805.3 ათასი აშშ დოლარი ( 16.3%) შემოვიდა. აქედან გამომდინარე, საქართველოში 2021 წელს რუსეთზე მეტი ნავთობპროდუქტების იმპორტი მხოლოდ თურქმენეთიდან განხორციელდა. შესაბამისად, 2021 წელს ნავთობპროდუქტების იმპორტში რუსეთს მეორე ადგილი ეკავა, განსხვავებით 2019, 2020 წლებისგან, როდესაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რუსეთი პირველ ადგილზე იყო.

რაც შეეხება სანქცირებული ნავთობის შემოტანას, ცალკეული გარიგებების დეტალები საჯარო ინფორმაციას არ განეკუთვნება და მათი ინდივიდუალური სამართლებრივი შეფასება სცდება „ფაქტ-მეტრი“-ს კომპეტენციას. სანქცირებული ტვირთის საქართველოში იმპორტის ფაქტი ოფიციალურად არ დადასტურებულა და მსგავსი მტკიცებულებები არც დეპუტატს წარმოუდგენია. ზოგადად რუსული ნავთობპროდუქტების სანქცირების ნაწილში განვმარტავთ, რომ სანქციების არცერთი პაკეტი არ ეხება/კრძალავს მესამე ქვეყნების მხრიდან რუსული ნავთობის იმპორტს, დაშვებით რომ კონკრეტული გარიგების ფარგლებში არ ირღვევა სანქციათა სხვა პაკეტის მოთხოვნები (მაგ. არ ხდება გარიგება პირთან, რომელზეც ვრცელდება პერსონალური საერთაშორისო სანქცია). სანქციათა მე-6 პაკეტის ფარგლებში ევროკავშირმა მხოლოდ საკუთარი მოხმარებისათვის განკუთვნილი რუსული ნავთობის მოცულობის შემცირების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, აკრძალვა სხვა სახელმწიფოებზე არ ვრცელდება.

რუსეთიდან შემოტანილ „სანქცირებული საწვავთან“ დაკავშირებით ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვანო მთვრალაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“, შემდეგი განაცხადა: „რუსეთში არსებობს სახელმწიფო კომპანიებიც, რომლებიც სანქცირებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. თუმცა, ამის გარდა, არსებობს კერძო, საკმაოდ დიდი კომპანიები, რომლებიც ამ სანქციების მიღმა არიან. ეს არის ობიექტური და რეალური მოცემულობა“. მან იმპორტში რუსული ნავთობის წილის ზრდაზეც ისაუბრა და აღნიშნული ფაქტი მოცემულ მომენტში რუსული ნავთობის (ევრო 5-ის ტიპის შესაბამისი პროდუქტი) დაბალი ფასით და მაღალი ხარისხით ახსნა.

განხილულიდან გამომდინარე, ლევან ხაბეიშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

[1] ქვეყნები რომლებიც არ არიან გადაწყვეტილების სუბიექტები ან ობიექტი - ქვეყნები მასანქცირებელი და სანქცირებული სახელმწიფოების გარდა


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი