იტვირთება

უკვე წლებია, რაც ბათუმში ბაგრატიონის ქუჩის მოწესრიგება მოქალაქეების აუხდენელ ოცნებად რჩება. მიუხედავად არაერთი დაპირებისა, სიტუაცია არ იცვლება. კომპანიამ, რომელმაც შარშან ტენდერში გაიმარჯვა, პროექტის განხორციელება ვერ შეძლო. ახალი ტენდერი NAT220009337 2022 წლის 13 მაისს გამოცხადდა. მასში ხუთი პრეტენდენტი მონაწილეობდა. ყველაზე დაბალი ფასი შემსყიდველს შპს „ნიუპოვერმა“ შესთავაზა. მან სავარაუდო ღირებულება თითქმის 27%-ით გააიაფა. მხარეებს შორის 6 688 876-ლარიანი ხელშეკრულება 29 ივნისს გაფორმდა. კონტრაქტორმა ბაგრატიონის ქუჩის (შარტავას წრიულიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე) რეაბილიტაცია 2023 წლის 29 ივნისამდე უნდა დაასრულოს.

„ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნულ საკითხზე სტატია მიმდინარე წლის მარტში გამოაქვეყნა. ჩვენ ვწერდით, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულმა ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ შპს „ზიმო 7-თან“ ხელშეკრულება 2021 წლის 26 მარტს გააფორმა. მიმწოდებელმა შემსყიდველს სამუშაოების შესრულება 8 646 624 ლარად შესთავაზა. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ სავარაუდო ღირებულება სწორედ 27%-ით გააიაფა. საბოლოოდ, მან სახელშეკრულებო პირობები ვერ შეასრულა. როგორც ბათუმის მერია აცხადებდა, მიმწოდებელმა თერთმეტ თვეში პროექტის მხოლოდ 30% განახორციელა. შემსყიდველმა მას 2 569 600 ლარი გადაურიცხა. სამუშაოები მიმდინარე წლის 15 ივნისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა 28 თებერვალს კონტრაქტი შეწყდა.

ვინაიდან ახალი ტენდერის ფარგლებში 6 688 876 ლარი უნდა დაიხარჯოს, თან იმ ფონზე, როცა პროექტის 30%, როგორც ამას მერია აცხადებს და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზეც ფიქსირდება, უკვე შესრულებულია, ჩვენ პირველ და მეორე ხელშეკრულებებში გაწერილი სამუშაოების მოცულობა და ღირებულება დეტალურად შევისწავლეთ.

როგორც ირკვევა, მთელი რიგი სამუშაოები, რომელთა შესრულებაც 2021 წლის 26 მარტის ხელშეკრულებით, ნაკლებ ფასად იყო შესაძლებელი, ახლა გაცილებით ძვირი ღირს. მაგალითად, თუ 5 სმ სისქის წვრილმარცვლოვანი ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობაში შემსყიდველი ადრე 518 366 ლარს გადაიხდიდა, ახალი ხელშეკრულებით, იმავე მოცულობის სამუშაოში, 822 236 ლარი უნდა გადაიხადოს. რამდენიმე შემთხვევაში კი კონკრეტული სამუშაოს ღირებულება ოდნავ შემცირებულია.

ცხრილი 1. იმ სამუშაოების მოცულობა და ღირებულება (ლარი), რომელთა მოცულობაც, 2021 წლის 26 მარტისა და 2022 წლის 29 ივნისის ხელშეკრულებებით, ერთი და იგივეა

წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, ტენდერი NAT210001554 და ტენდერი NAT220009337

გარდა ცხრილში მოცემული სამუშაოებისა, გათვალისწინებულია ასევე გარე განათების მოწყობა, რისთვისაც შეწყვეტილ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იყო 126 958 ლარი. ახალ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით კი, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სამუშაოების მოცულობა ნაკლებია, ღირებულება იზრდება და ჯამში 204 394 ლარს შეადგენს.

ხელშეკრულებების შედარებისას აღმოვაჩინეთ, რომ ახალი ტენდერის ფარგლებში გაფორმებულ ხელშეკრულებაში რამდენიმე კონკრეტული დეტალი დამატებულია. კერძოდ: 2021 წელს „ზიმო 7-ს“ ევალებოდა რკინა/ბეტონის ოთხკუთხა სანიაღვრე კოლექტორის მოწყობა კვეთით 3*1,4 მ. 12 გრძ/მ და 1*1,6 მ. 28 გრძ/მ. შპს „ნიუპოვერმა“ კი, აღნიშნულთან ერთად, უნდა მოაწყოს კოლექტორი კვეთით 1.2*1.6*488.9 გრძ/მ, რისთვისაც, დამატებით, 27 597 ლარია გათვალისწინებული. ასევე, რკინა/ბეტონის სანიაღვრე კოლექტორის ბითუმის მასტიკით დამუშავების საპროექტო მონაცემი იყო 0.227 (განზომილების ერთეული 1000 მ2), ღირებულება - 1 816 ლარი. ამჟამინდელი ხელშეკრულებით კი მოცულობა გაზრდილია 2.698-მდე (განზომილების ერთეული 1000 მ2), შესაბამისად, იზრდება ღირებულებაც და 17 834 ლარს შეადგენს (თუმცა ერთეულის ღირებულება ნაკლებია, ვიდრე 2021 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაში იყო).

საბოლოოდ, თუ შპს „ზიმო 7-თან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი თანხით ვიმსჯელებთ, კომპანიას შეუსრულებელი დარჩა 6 077 024 ლარის სამუშაოები. თუმცა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას ახლა უფრო მეტის გადახდა მოუწევს. პროექტის ღირებულების გაზრდა რამდენიმე კონკრეტული სამუშაოს მოცულობის ზრდას უკავშირდება. არის, თუ - არა ეს საპროექტო დოკუმენტაციის შედგენისას ამ სამუშაოების გაუთვალისწინებლობის შედეგი, სავარაუდოდ, ამაზე მომავალში ყურადღებას სახელმწიფო აუდიტის სამსახური გაამახვილებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ წელს გარკვეულ საქონელსა და მომსახურებაზე ფასები გაზრდილია, რის გამოც მერია იმაზე მეტს დახარჯავს, ვიდრე 2021 წელს დახარჯავდა.


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4298 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
26%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
ტყუილი
6%

ყველაზე კითხვადი