იტვირთება

ირაკლი კობახიძე: კიდევ კარგი, მართლა მთავარსარდალი არ არის სალომე ზურაბიშვილი... ფორმალური მთავარსარდალია

ვერდიქტი: ,,ფაქტ-მეტრის’’ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის მანიპულირება

რეზიუმე:განსახილველი განცხადება ორი ნაწილისგან შედგება - ფაქტობრივი და კონტექსტური. განცხადების ფაქტობრივი ნაწილი, პოლიტიკოსის მიერ იმის მტკიცებას ემსახურება, რომ სალომე ზურაბიშვილის, როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის როლი ფორმალური ხასიათისაა. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ,,თავდაცვის ძალები მოქმედებენ თავდაცვის მინისტრის ბრძანებით კანონით დადგენილი წესით, ხოლო საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს − პრემიერ-მინისტრის ბრძანებით’’, აქედან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს, როგორც შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, მეტწილად ფორმალური უფლებამოსილებები გააჩნია. შესაბამისად, ირაკლი კობახიძის განცხადების აღნიშნული ნაწილი შეესაბამება სიმართლეს. რაც შეეხება განცხადების მეორე, კონტექსტურ ნაწილს, იგი „ქართული ოცნების“ იმ დეზინფორმაციული ნარატივის გაგრძელებას წარმოადგენს, რომლის თანახმადაც, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ნებისმიერი სუბიექტი ე.წ. ,,მეორე ფრონტის’’ გახსნის და საქართველოს ომში ჩაბმის მოსურნეა. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილში ე.წ. ,,მეორე ფრონტის’’ რისკების დანახვა და ამის საფუძველზე პრეზიდენტის, როგორც ,,ფორმალური მთავარსარდლის’’ ბუნების გამოკვეთა, მანიპულაციას წარმოადგენს.

ანალიზი

2022 წლის 14 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლეში ბრიფინგი გამართა. მან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხთან ერთად, ხელისუფლების ის ნაბიჯები განიხილა, რომლებმაც მისი შეფასებით, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე უარყოფითი გავლენა იქონიეს. განსაკუთრებული კრიტიკა ხელისუფლების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე გამოხატულ პოზიციას მიემართებოდა. პრეზიდენტმა იმის საილუსტრაციოდ, რომ სანქციებთან მიმართებით ხელისუფლების პოზიცია გაუმართლებელია, მოლდოვის ხელისუფლების მაგალითიც მოიყვანა და განაცხადა, რომ ,,მოლდოვამ შეძლო ის, რაც, როგორც ჩანს ჩვენ გვიჭირს - გაჩუმება და მუშაობა ევროპის ყველა დედაქალაქში. მაშინ, როდესაც მოლდოვისთვის, ისევე როგორც საქართველოსთვის არც სანქციები და მით უფრო, არც ომში ჩართვა არავის მოუთხოვია“.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იზოლაცია, რომელიც ჩვენ მიერ არის შექმნილი, ბევრად უფრო დიდი და რეალური საფრთხეა, ვიდრე ეგრეთ წოდებული „მეორე ფრონტის შექმნილი მითი!“ ,,მეორე ფრონტის’’ იდეასთან მიმართებით სალომე ზურაბიშვილმა დააკონკრეტა, რომ აშშ-იდან და ევროპიდან ამის შესახებ არანაირი მოწოდება არ ყოფილა. მისი თქმით, „ერთადერთი საიდანაც, გაისმა მეორე ფრონტის იდეა, მოდის უკრაინის ხელისუფლების რაღაც წრეებიდან, რასაც არც უნდა ვუპასუხოთ, არც პოლემიკაში შევიდეთ“.

სალომე ზურაბიშვილის აღნიშნულ განცხადებებს 15 ივნისს მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა და მათ ,,არაადეკვატური’’ უწოდა. „როდესაც პრეზიდენტი ამბობს, რომ მეორე ფრონტის რისკი არ არსებობს, ეს ღიმილის მომგვრელია. კიდევ კარგი, მართლა მთავარსარდალი არ არის სალომე ზურაბიშვილი... ფორმალური მთავარსარდალია“-, განაცხადა კობახიძემ და დააკონკრეტა, რომ მიუხედავად ზურაბიშვილის ,,მეორე ფრონტში’’ ჩართვის რისკებისა: ,,მას არ შეუძლია სამხედრო ძალების მართვა. კონსტიტუციაში წერია, რომ მშვიდობიან პერიოდში სამხედრო ძალებს მართავს თავდაცვის მინისტრი, ომის პერიოდში - პრემიერ-მინისტრი. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტი არის სიმბოლური მთავარსარდალი და არა ფაქტობრივი".

„ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება გადაამოწმა.

როგორც ვიცით, 2017 წელს საქართველოში საკონსტიტუციო რეფორმა განხორციელდა, რომელმაც დაასრულა ქვეყნის პოლიტიკური სისტემის საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გარდაქმნის პროცესი. ცხადია, აღნიშნულმა ცვლილებებმა საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტიც სახელმწიფო მმართველობის საპარლამენტო სისტემის არსის შესაბამისად შეცვალა, რამაც პრეზიდენტის უფლებამოსილებების მნიშვნელოვნად შეკვეცა გამოიწვია.

მოქმედი ფორმულირების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი შემდეგნაირად განისაზღვრება :

1. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი;

2.საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი;

3. საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში.

ერთი შეხედვით, ამ მუხლიდან პრეზიდენტის ინსტიტუტის ,,სიმბოლურ-ცერემონიული’’ ხასიათი არ იკითხება და არ ჩნდება წარმოდგენა, რომ ჩვენს სახელმწიფოში პრეზიდენტს ნომინალური ძალაუფლება გააჩნია. თუმცა თუკი პრეზიდენტის უფლებამოსილებათა შინაარსს ჩავუღრმავდებით და მათ სახელმწიფოს სხვა ინსტიტუტებთან კავშირში გავაანალიზებთ, ნამდვილად შევამჩნევთ, რომ ამ ინსტიტუტის სიმბოლურობის იდეა ახლოს არის რეალობასთან.

აღნიშნულის ერთ-ერთ მთავარ განმაპირობებელ ფაქტორად ე.წ. ,,კონტრასიგნაცია’’ შეგვიძლია მივიჩნიოთ. ,,კონტრასიგნაცია’’ პრემიერ-მინისტრის მიერ იმ აქტზე ხელმოწერას გულისხმობს, რომელიც სახელმწიფოს მეთაურის მიერ არის გამოსული, რითაც პრემიერ-მინისტრი ადასტურებს იმას, რომ ამ აქტის თაობაზე პოლიტიკურ და იურიდიულ პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, „საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი საჭიროებს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას. სამართლებრივი აქტი, რომელიც საჭიროებს თანახელმოწერას, ქვეყნდება და სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს მხოლოდ თანახელმოწერის შემდეგ. თანახელმოწერილ სამართლებრივ აქტზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას“.

აღსანიშნავია, რომ თვით ის უფლებამოსილებებიც კი, რომლებიც პრეზიდენტის სტატუსს განსაზღვრავენ მეტად შეზღუდულია. მაგალითად, მართალია საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს და სხვ. თუმცა, იგი ამ უფლებამოსილებებს მთავრობის თანხმობით ახორციელებს.

სტატიის მიზნებისთვის განსაკუთრებით ყურადსაღებია, პრეზიდენტის როგორც თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდლის როლიც, რადგან ირაკლი კობახიძე სწორედ ამ უფლებამოსილებასთან მიმართებით გამოკვეთს პრეზიდენტის ინსტიტუტის ფორმალურ ხასიათს.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, „თავდაცვის ძალები მოქმედებენ თავდაცვის მინისტრის ბრძანებით კანონით დადგენილი წესით, ხოლო საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს − პრემიერ-მინისტრის ბრძანებით“. საომარი მოქმედების გამოცხადება, ზავის დადება და სხვა ამგვარი უფლებამოსილებების განხორციელებაც პრემიერ მინისტრის წარდგინებით ხდება. აქედან გამომდინარე, ირაკლი კობახიძის ის მტკიცება, რომ სალომე ზურაბიშვილის, როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის როლი, ფორმალურია - შეესაბამება სიმართლეს, თუმცა, კონტექსტი, რომელშიც იგი ამგვარ მოსაზრებას ავითარებს, ცალსახად გვარწმუნებს იმაში, რომ პოლიტიკოსი საქართველოს კონსტიტუციური დებულებებით მანიპულირებს.

აღნიშნული განცხადების ფორმულირება ,,კიდევ კარგი მართლა მთავარსარდალი არ არის’’ აჩენს შთაბეჭდილებას, თითქოს სალომე ზურაბიშვილს, როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, ამ სტატუსთან დაკავშირებული უფლებამოსილებების განხორციელება მთავრობისა და თავდაცვის მინისტრის წარდგინებათა გარეშე რომ შეეძლოს, საქართველო ე.წ. ,,მეორე ფრონტის’’ რისკის ქვეშ აღმოჩნდებოდა. რეალურად, აღნიშნული განცხადება ,,ქართული ოცნების’’ იმ ნარატივის გაგრძელებას წარმოადგენს, სადაც განურჩევლად ყველა, ვინც სანქციებთან მიმართებით ხელისუფლების პოზიციასა და ,,მეორე ფრონტის’’ გამოგონილ იდეას აკრიტიკებს, საქართველოს ომში ჩართვის მსურველია.

მაგალითად, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა და მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ყოფილმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა, რომელმაც სხვათა შორის, პარტია იმ მისიით დატოვა, რომ, „საზოგადოება სიმართლით აღეჭურვა“, აშშ-ს ელჩს კელი დეგნანს შემდეგი შინაარსის წერილი მისწერა: ,,ნარატივი იმის შესახებ, რომ ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა უნდა, არა ეფესბეს სახელმძღვანელოებში, არამედ თქვენგან დაფინანსებული თუ თქვენთან აფილირებული ადამიანების განცხადებებსა და მათგან თქვენ არგამიჯვნაში უნდა ვეძებოთ. რატომ უწყობენ ხელს თქვენი დაფინანსებული თუ თქვენს მიერ მოწონებული ენჯეოები, პარტიები და ტელევიზიები საქართველოში ეფესბეს ნარატივის გამყარებას, ჩემთვის სრულიად გაუგებარია“.

მეტიც, ხელისუფლების წარმომადგენელთა ბოლოდროინდელი განცხადებებიდან აშკარად ჩანს, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების და ომში ჩაბმის თემების დაკავშირებას ცდილობენ. თავად ირაკლი კობახიძე ერთ-ერთ განცხადებაში განმარტავს, რომ სამხედრო კონფლიქტში ჩართვა საქართველოს გარანტირებულად მოუტანდა კანდიდატის სტატუსს დეკემბერში. ეს განცხადება ერთი მხრივ იმ მიზანს ემსახურება, რომ კანდიდატის სტატუსის ვერ მიღება საქართველოში საომარი მდგომარეობის არ არსებობით „დასაბუთდეს“, ხოლო მეორე მხრივ, ცხადია, იგი თითს ხელისუფლების გადადგმული თუ არ მთავარი მაკრიტიკებლების - ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მისამართით იშვერს და მათ საქართველოს ომში ჩართვის დაუსაბუთებელ რისკებს მიაწერს.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ირაკლი კობახიძის განცხადების ფაქტობრივი ნაწილი, რომელიც პრეზიდენტის სიმბოლურ უფლებამოსილებებს ეხება, არის სიმართლე. რაც შეეხება განცხადების კონტექსტს, იგი „ქართული ოცნების“ იმ დეზინფორმაციული ნარატივის გაგრძელებას წარმოადგენს, რომლის თანახმადაც, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ნებისმიერი სუბიექტი ე.წ. „მეორე ფრონტის“ გახსნის და საქართველოს ომში ჩაბმის მოსურნეა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის მანიპულირება.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4298 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
26%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
ტყუილი
6%

ყველაზე კითხვადი