გიორგი ვაშაძე: აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსით საქართველო არის მესამე ადგილზე, პირველზე არის უკრაინა, ჩვენ ვართ მესამეზე, სომხეთმა გაგვისწრო სასამართლოში, მედიათავისუფლებაში, კორუფციასთან ბრძოლაში

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი ვაშაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე

რეზიუმე:

პოლიტიკოსის მიერ დასახელებული ინდექსი ორ ქვე-ინდექსად - ევროპასთან დაახლოების (Approximation) და ურთიერთკავშირის (Linkages) ინდექსად, იყოფა. ხაზი უნდა გაესვას, რომ წარმოდგენილი ინდექსი, ცალკეული ექსპერტების შეფასებების აგრეგირებით და დამუშავებით დგინდება. გიორგი ვაშაძის განცხადება, ინდექსის ევროკავშირთან დაახლოების ნაწილს შეესაბამება, სადაც საქართველო მართლაც მესამე ადგილს იკავებს, უკრაინის და მოლდოვის შემდეგ. 2015 წლიდან, საქართველო მუდმივად მესამე ადგილს იკავებდა და აღნიშნული თვალსაზრისით, მისი რეიტინგი სხვა ქვეყნებთან შედარებით, არ გაუარესებულა. მეორე მხრივ, ევროპასთან დაახლოების ინდექსი მთლიანი ინდექსის მხოლოდ ნაწილს წარმოადგენს და ევროპასთან ურთიერთკავშირის თვალსაზრისით, ბოლო მონაცემებით (2018-2019 წ), საქართველო მოწინავე ადგილს იკავებდა.

გიორგი ვაშაძის მიერ დასახელებული კომპონენტებიდან, როგორიცაა: დამოუკიდებელი მედია, კორუფციასთან ბრძოლა და დამოუკიდებელი სასამართლო, სომხეთი საქართველოს მართლაც უსწრებს. კონკრეტულად კი, წინა რეიტინგებთან შედარებით, სომხეთმა საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლოს და კორუფციასთან ბრძოლის ნაწილებში გაასწრო, დამოუკიდებელი სასამართლოს ნაწილში კი სომხეთს საქართველოზე მაღალი პოზიცია ეკავა.

გიორგი ვაშაძის განცხადება სიმართლეს შეესაბამება, თუმცა ორი ქვე-ინდექსიდან მხოლოდ ერთზე ყურადღების გამახვილებისას, სრული სურათი არ იკვეთება და ცალსახაა, რომ განცხადებას დამატებითი კონკრეტიკა ესაჭიროება. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი ვაშაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე, რადგან განცხადება ზუსტია, მაგრამ დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას საჭიროებს.

ანალიზი:

საქართველოს პარლამენტის წევრმა, გიორგი ვაშაძემ, „TV პირველის“ ეთერში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსთან დაკავშირებით განაცხადა: „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსით საქართველო არის მესამე ადგილზე, პირველზე არის უკრაინა, ჩვენ ვართ მესამეზე, სომხეთმა გაგვისწრო სასამართლოში, მედიათავისუფლებაში, კორუფციასთან ბრძოლაში“.

.„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ (Eastern Partnership(EaP) არის ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში არსებული პროგრამა, რომელიც 2009 წელს შვედეთისა და პოლონეთის ინიციატივით შეიქმნა. ეს იყო მცდელობა, პოსტ-საბჭოთა სივრცისთვის შექმნილიყო განსხვავებული ფორმატი, თუმცა, დღეს ის სამეზობლო პოლიტიკის აღმოსავლეთის მიმართულებად მოიაზრება. აღმოსავლეთ პარტნიორობაში შედის 6 სახელმწიფო: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, აზერბაიჯანი, სომხეთი და ბელარუსი.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსები აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის ვითარებას დემოკრატიისა და ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით ასახავს. მეთოდოლოგიის მიხედვით, ინდექსის შემუშავება რამდენიმე ეტაპად ხდება, როგორებიცაა საბაზისო კვლევის ჩამოყალიბება, მონაცემთა შეგროვება, რაოდენობრივი და ხარისხობრივი ანალიზი და ვერიფიკაცია. კვლევაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყნიდან 50-ზე მეტი ექსპერტია ჩართული. პირველ ეტაპზე, ექსპერტები ინდიკატორების დეტალური ნაკრების მიხედვით ქულებს ანიჭებენ, რის შემდეგაც ფართო რეგიონულ პერსპექტივაში მიღებული შედეგების სინთეზი და გაანალიზება ხდება.

ინდექსი ორ ნაწილად იყოფა: დაახლოება (Approximation) და ურთიერთკავშირი (Linkages). დაახლოების ინდექსი, თავის მხრივ, დაყოფილია სამ სექციად: დემოკრატია, ევროინტეგრაცია და მდგრადი განვითარება. ურთიერთკავშირის ინდექსი კი მოიცავს საერთაშორისო უსაფრთხოებას, პოლიტიკურ დიალოგსა და თანამშრომლობას, სექტორული თანამშრომლობასა და სავაჭრო ურთიერთობებს და ევროპაში ქვეყნის მოქალაქეების ინტეგრირების კომპონენტებს.

აღსანიშნავია რომ როგორც 2015-2016 წლებისთვის (ერთიანი პერიოდი), ასევე 2017 წელს (ცალკე წლისთვის) გამოქვეყნდა როგორც დაახლოების (Approximation), ასევე ურთიერთკავშირის (Linkages) ინდექსები. თუმცა 2018-2019 წლებისთვის მხოლოდ ევროპასთან ურთიერთკავშირის, ხოლო 2020-2021 წლებისთვის მხოლოდ ევროპასთან დაახლოების ინდექსები გასაჯაროვდა.

გიორგი ვაშაძის მიერ დასახელებული რეიტინგი ინდექსის ევროკავშირთან დაახლოების ნაწილს შეესაბამება, სადაც საქართველო მართლაც მესამე ადგილს იკავებს, უკრაინის და მოლდოვის შემდეგ. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს რომ 2015 წლიდან, საქართველო მუდმივად მესამე ადგილს იკავებდა და აღნიშნული თვალსაზრისით, მისი რეიტინგი არ გაუარესებულა. თუმცა, მეორე მხრივ, ევროპასთან დაახლოების ინდექსი მთლიანი ინდექსის მხოლოდ ნაწილს წარმოადგენს და ევროპასთან ურთიერთკავშირის თვალსაზრისით (ინდექსის მეორე ნაწილი), ბოლო მონაცემებით, საქართველო მოწინავე ადგილს იკავებს.

ცხრილი 1: აღმოსავლეთ პარტნიორობის დაახლოების და ურთიერთკავშირის ინდექსები 2015-2021 წლებისთვის

წყარო: https://eap-csf.eu/

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ინდექსზე, გიორგი ვაშაძემ განცხადება ახლო წარსულშიც გააკეთა. ეს განცხადება „ფაქტ-მეტრმა“ გადაამოწმა და რადგან პოლიტიკოსმა ორი ქვეინდექსის მონაცემები ერთმანეთს არასწორად შეადარა, „ფაქტ-მეტრმა“ განცხადება როგორც მეტწილად მცდარი ისე შეაფასა. პოლიტიკოსი, პარალელს სომხეთთან წინა განცხადების შემთხვევაშიც ავლებდა. ევროპასთან დაახლოების ინდექსი 3 კომპონენტის და 18 ქვეკომპონენტისგან შედგება, რომლიდანაც სომხეთი საქართველოს 8 კომპონენტში უსწრებს. გიორგი ვაშაძის მიერ დასახელებული კომპონენტებში, რომლებიცაა დამოუკიდებელი მედია, კორუფციასთან ბრძოლა და დამოუკიდებელი სასამართლო, სომხეთი საქართველოს მართლაც უსწრებს. კონკრეტულად კი: დამოუკიდებელი მედიის კომპონენტში, 2015-2016 და 2017 წლის რეიტინგებში, საქართველოს სომხეთზე მაღალი ქულა ჰქონდა. შესაბამისად, პოზიცია გაუარესებულია. დამოუკიდებელი სასამართლოს ნაწილში, სომხეთი საქართველოს 2015-2016 და 2017 წლების მონაცემებითაც უსწრებდა, თუმცა, 2020-2021 წლებში, 2015-2016 წლის რეიტინგთან შედარებით, სომხეთის ქულა 0.03 პუნქტით გაუარესდა, ხოლო საქართველოს ქულა 0.06-ით. კორუფციის ბრძოლის ნაწილი 2015-2016 წლებში არ შეფასებულა, 2017 წელთან შედარებით კი საქართველოს სომხეთმა გადაასწრო.

ცხრილი 2:

წყარო: https://eap-csf.eu/

აღსანიშნავია, რომ 2020-2021 წლის ინდექსი, 2020 წლის შუა პერიოდიდან 2021 წლის შუა რიცხვებამდე მუშავდებოდა. შესაბამისად, მთელ რიგ მოვლენებს როგორც რეგიონში, ისევე საქართველოში, სადაც ვითარება გაუარესდა და რასაც შეეძლო მკვეთრად უარყოფითი გავლენა მოეხდინა ინდექსის კომპონენტებზე, ის არ ასახავს. ამასთან, უშუალოდ გიორგი ვაშაძის განცხადება სიმართლეს შეესაბამება, თუმცა ორ ქვე-ინდექსიდან მხოლოდ ერთზე ყურადღების გამახვილებისას სურათი სრულად არ ჩანს და ცალსახაა, რომ განცხადებას დამატებითი კონკრეტიკა ესაჭიროება. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი ვაშაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე, რადგან განცხადება ზუსტია, მაგრამ დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას საჭიროებს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5417 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი